მასწავლებელთა სერტიფიცირება, რომელიც საქართველოში 2010 წლიდან ტარდება, პედაგოგის პროფესიის რეგულირებასა და მასწავლებლის პროფესიონალიზმის ამაღლებას გულისხმობს. უფრო კონკრეტულად კი, პედაგოგის ავტორიტეტის გაზრდასა და ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის, როგორც საზოგადოებრივი ინსტიტუტის უმნიშვნელოვანესი რგოლის წარმატებულ განვითარებას.
ამავდროულად, საჯარო სკოლების პედაგოგთა დიდი ნაწილი სხვადასხვა ტრენინგს ესწრება, რომელიც მათ კვალიფიკაციას უმაღლებს და ახალ უნარებს მატებს.
Etaloni.ge დაინტერესდა, ასწავლიან თუ არა უკეთესად სერტიფიცირებული და დატრენინგებული პედაგოგები? - ამის შესახებ საჯარო სკოლების დირექტორები გვესაუბრებიან.
ჩუნჩხის საჯარო სკოლის დირექტორი ემზარ პაპიძე: ამ ეტაპზე სერტიფიცირებული პედაგოგები არ გვყავს, თუმცა უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, გამოცდებს გაივლიან. მასწავლებლები ყველა ტრენინგს ესწრებიან და ახალ უნარებს ითვისებენ. რა თქმა უნდა, ამის შედეგად მათ მიერ ჩატარებული გაკვეთილები უფრო საინტერესოა.
ჯოლევის საჯარო სკოლის დირექტორი პლატონ ძიძიგური: ჯერჯერობით არცერთ ჩვენ პედაგოგს სერტიფიცირება არ აქვთ. თუმცა ისინი მონაწილეობას სხვადასხვა ტრენინგში იღებენ. ყველაფერს, რასაც ითვისებენ, საგაკვეთილო პროცესში იყენებენ და ნერგავენ. შესაბამისად, გაკვეთილები ჩვენთან ახალი, თანამედროვე სტილით ტარდება და უფრო საინტერესოა. მანამდე ბავშვი რომ შესაძლებელი იყო ჩუმად მჯდარიყო გაკვეთილზე და არაფერი გაეკეთებინა, ახალი მიდგომით ეს გამორიცხულია.
ხიხანის საჯარო სკოლის დირექტორი ამირან გაბიძე: ერთი სერტიფიცირებული მასწავლებელი გვყავს. 8 მასწავლებელი კი გამოცდების პასუხს ელის. ჩვენი სერტიფიცირებული პედაგოგის გაკვეთილები ნამდვილად საინტერესოა - ახალ მეთოდებს იყენებს. ინტეგრირებულ, გაერთიანებულ გაკვეთილებს ატარებს და მოსწავლეების ჩართულობაც მაღალია.
ნორიოს საჯარო სკოლის დირექტორი შორენა მამუკაშვილი: ამ ეტაპზე 23 სერტიფიცირებული პედაგოგი გვყავს და მათი რაოდენობის მატებას კიდევ ველით. ვერ ვიტყვი რომ სერტიფიცირებული პედაგოგი უკეთესად ასწავლის, ვიდრე-არასერტიფიცირებული, რადგან ხშირ შემთხვევაში, სერტიფიცირების გარეშე დარჩენილი პედაგოგები მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებიან საქმეს. პედაგოგს გაკვეთილის უკეთ ჩატარებაში ტრენინგები ეხმარება და არა-გამოცდა. ამავდროულად, მასწავლებლად ან იბადები, ან-არა.
ბათუმის N3 საჯარო სკოლის დირექტორი იანა ჩადუნელი: გვყავს 26 სერტიფიცირებული პედაგოგი, აქედან ერთი არის წამყვანი, ხოლო დანარჩენი 25-უფროსი მასწავლებელი. თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სერტიფიცირებული და არასერტიფიცრებული პედაგოგების მიერ ჩატარებულ გაკვეთილებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავება არ არსებობს. ამავდროულად, ახალი მიდგომით სწავლება, რაც ჯგუფურ მუშაობას გულისხმობს, არცთუ ისე ეფექტურია, რადგან გარკვეულ ქაოსს ქმნის. პედაგოგი მოწოდებით უნდა იყოს მასწავლებელი და ცალსახად, გამოცდილება აუცილებელია, რაც დროსთან ერთად მოდის. მასწავლებელი თავად უნდა იყოს ინოვატორი.
ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის დირექტორი ნათია ფუტკარძე: ხუთი სერტიფიცირებული პედაგოგი გვყავს და ველით კიდევ სხვების დაწინაურებას. ამით პედაგოგები ახალ უნარებს იძენენ, სწავლის თანამედროვე მეთოდიკას სწავლობენ და შესაბამისად, მათ მიერ ჩატარებული გაკვეთილი განსხვავებულია. თუმცა იმ მასწავლებლებს უფრო უკეთესი შედეგი აქვთ, ვისაც პროფესიული უნარები აქვთ ჩაბარებული, მაგრამ სერთიფიცირებულნი არ არიან. ეს პედაგოგები უფრო საინტერესო გაკვეთილებს ატარებენ.
ბათუმის N2 საჯარო სკოლის დირექტორი მარიზა აბაშიძე: სკოლაში 44 სერტიფიცირებული პედაგოგი გვყავს. რა თქმა უნდა, ამ პედაგოგების მიდგომა სასწავლო პროცესის მიმართ განსხვავებულია. შესაბამისად, მოწადინებულები ვართ, რომ რაც შეიძლება მეტი სერტიფიცირებული პედაგოგი გვყავდეს. ჩვენი სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებაზე ზრუნავენ, სხვადასხვა ტრენინგს ესწრებიან და მიღებულ ცოდნას საგაკვეთილო პროცესზე იყენებენ.
თამარისის N1 საჯარო სკოლის დირექტორი მაყვალა ხარაიშვილი: ამ ეტაპზე 5 სერტიფიცირებული პედაგოგი გვყავს. სავარაუდოდ, წელს მათი რაოდენობა გაიზრდება. რა თქმა უნდა, განსხვავებაა მათი სწავლების მეთოდიკას შორის, რადგან თანამედროვე მოთხოვნებს უფრო კარგად იცნობენ და შესაბამისად იყენებენ. დავაკვირდი, რომ მოსწავლეებიც ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელ საგნებად იმას ირჩევდნენ, რაშიც სერტიფიცირებული პედაგოგები ამეცადინებდნენ. მაგალითად, ქიმიას, ბიოლოგიას და სხვა.
ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ოძელაშვილი: ამ ეტაპზე სკოლაში ათამდე სერტიფიცირებული პედაგოგი გვყავს. რა თქმა უნდა, სერტიფიცირებული პედაგოგები უკეთესად ასწავლიან. განსხვავება თვალსაჩინოა, რადგან ამ პედაგოგებს მეტი მიდგომები აქვთ, მეტი მეთოდები აქვთ გამოსაყენებლად, უფრო მრავალფეროვან და საინტერესო გაკვეთილებს ატარებენ. შესაბამისად, ეს მოსწავლეების შედეგებზეც აისახება. ჩვენი ნომერი პირველი ამოცანაა, რომ მეტი სერტიფიცირებული პედაგოგი გვყავდეს და მასწავლებლებმა სხვადასხვა ტრენინგები გაიარონ.
აფნიის საჯარო სკოლის დირექტორი ბადრი კოჩალაძე: ამ ეტაპზე არცერთი სერტიფიცირებული პედაგოგი არ გვყავს და მხოლოდ მე ვარ ამგვარი მასწავლებელი ჩვენ სკოლაში. ბუნებრივია, პედაგოგები სხვადასხვა ტრენინგებს ესწრებიან და იქ ახალ უნარებს იძენენ, რაც გაკვეთილის ჩატარებისას ადგებათ. მასწავლებლები, რომელიც თანამედროვე მეთოდიკას იყენებენ, ბავშვებს ფაქტობრივად თამაშ-თამაშით ასწავლიან, რაც მოსწავლეთა შედეგებზეც აისახება.
ბარალეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ნინელი ანანიაშვილი: გვყავს 4 სერტიფიცირებული პედაგოგი. ვერ ვიტყვი, რომ სერტიფიცირებული პედაგოგები გაკვეთილებს უფრო საინტერესოდ წარმართავენ. ჩვენი მასწავლებლები სხვადასხვა ტრენინგზე დადიან. ამით მეტ ახალ თვისებას და უნარს იძენენ. შესაბამისად ტრენინგები აუცლებელია.
გოგაშენის საჯარო სკოლის დირექტორი ეთერი ნადირაძე: ერთი სერტიფიცირებული პედაგოგი გვყავს, დანარჩენები გადამზადებას გადიან. ჩემთვის პირადად ამ მხრივ ტრენინგები უფრო ეფექტურია, ვიდრე სერტიფიცირება, ანუ-პედაგოგების გამოცდა. ტრენინგებით მასწავლებლები ახალ უნარებს ნამდვილად იძენენ.
სამების საჯარო სკოლის დირექტორი მზექალა მინაძე: ამ ეტაპზე არცერთი სერტიფიცირებული პედაგოგი არ გვყავს, თუმცა უახლოეს მომავალში ველით, რომ პედაგოგთა ნაწილი კომპეტენციას დაადასტურებს. ამავდროულად, ჩვენი მასწავლებლები სხვადასხვა ტრენინგებზე დადიან. ბუნებრივია ამით მეტ ცოდნას იღებენ და საგაკვეთილო პროცესშიც იყენებენ. დატრენინგებული პედაგოგები საინტერესო სასწავლო პროცესს მართავენ.
ქარცეფის საჯარო სკოლის დირექტორი მალხაზ მალხაზიანი: არცერთი სერტიფიცირებული მასწავლებელი არ გვყავს ჯერ. თუმცა პედაგოგების ნაწილი ტრენინგებს ესწრება. ისინი გაკვეთილებს ნამდვილად განსხვავებულად ატარებენ. პედაგოგებისთვის ახალი უნარების შეთვისება აუცილებელია და ის სასწავლო პროცესზე ყოველთვის აისახება.
ჯიგრაშენის საჯარო სკოლის დირექტორი შავარშ ქუქურჩიანი: სერტიფიცირებული პედაგოგები არ გვყავს, თუმცა ამაზე აქტიურად მუშაობენ და შედეგებიც ექნებათ. რაც შეეხება ტრენინგებს, აქტიურად ესწრებიან და ბუნებრივია, ახალ უნარებსაც იძენენ.
დილითის საჯარო სკოლის დირექტორი ტიგრან სარახანიანი: 4 სერტიფიცირებული პედაგოგი გვყავს. რა საკვირველია იმ პედაგოგებს შორის, რომელთაც გამოცდები ჩააბარეს, განსხვავება ჩანს. მათ მოსწავლეებთან განსხვავებული მიდგომები აქვთ და გაკვეთილებს თანამედროვე სტილით ატარებენ.
აგანის საჯარო სკოლის დირექტორი სურენ არაქელიანი: ერთი სერტიფიცირებული პედაგოგია ჩვენ სკოლაში და ის მე გახლავართ. გამოცდების ჩაბარების შედეგად ახალი უნარები და თვისებები შევიძინე, პასუხისმგებლობაც მომემატა. ამ ეტაპზე მასწავლებლები ჩემს გაკვეთილებს ესწრებიან და მაგალითს იღებენ, თავად კი სერტიფიცირებისთვის ემზადებიან.
ბუღაშენის საჯარო სკოლის დირექტორი თათევოს პალიანი: ერთი სერტიფიცირებული მასწავლებელი გვყავს. მის და სხვა მასწავლებლებს მიერ ჩატარებულ გაკვეთილებს შორის დიდი განსხვავება არ არის. თუმცა აღსანიშნია, რომ მან საინტერესო ღია გაკვეთილი ჩაატარა და შესაბამისად, სწავლების ახალი მეთოდი გამოიყენა. თუმცა ჩვენი არასერტიფიცირებული პედაგოგების გაკვეთილებიც ძალიან საინტერესოა.