სიახლეები
სამასწავლებლო

რამდენი მოსწავლე უნდა იყოს კლასში ხარისხიანი და ეფექტური სწავლებისთვის?
14-08-2018
-
+


კლასში მოსწავლეთა რაოდენობა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა როგორც მშობლებში, ისე პედაგოგებში. მშობლები ბავშვის სკოლაში დარეგისტრირებისას ხშირად თავისუფალი ადგილების არარსებობის პრობლემას აწყდებიან. მცირეკონტიგენტიანი სკოლები კი მოსწავლეთა სიმცირეს უჩივიან.

სკოლის დირექტორები კი აღნიშნავენ, რომ კლასში ბავშვების რაოდენობა ხარისხიან და ეფექტურ სწავლებასთან არის დაკავშირებული.

საქართველოს სხვადასხვა სკოლის დირექტორები Etaloni.ge-სთან საუბრობენ თუ რამდენი მოსწავლე უნდა ირიცხებოდეს კლასში ხარისხიანი და ეფექტური სწავლებისთვის.

გავაზის საჯარო სკოლის დირექტორი ლია კაპანაძე:

„ჩვენისთანა დიდი სკოლებისთვის იმის ფუფუნება არ არის, რომ კლასში 20 მოსწავლე ირიცხებოდეს, თორემ 20 მოსწავლის შემთხვევაში სწავლის ხარისხი უკეთესი იქნება. ჩვენს სკოლაში ყველაზე მრავალრიცხოვან კლასებში 32 და 29 მოსწავლე ირიცხება, 20 ძალიან იშვიათად. მრავალრიცხოვანი კლასის სირთულე არის ის, რომ 45-წუთიან გაკვეთილზე 32 ბავშვთან რთულია ინდივიდუალურად მუშაობა, მაგრამ მაინც არ ვიტყოდი, რომ ცუდი შედეგები გვაქვს. ჩვენი ბავშვები ყოველთვის გამოირჩევიან სხვადასხვა აქტივობებში - როგორც სასკოლო, რაიონულ თუ რესპუბლიკურ, ისე საერთაშორისო კონკურსებშიც კი გვყავს გამარჯვებულები. როდესაც ბავშვი დაინტერესებულია და მშობელიც მეტად არის ჩართული ყოველთვის მეტი შედეგი გვაქვს“. 

ჩიბათის საჯარო სკოლის დირექტორი მამუკა იმნაიშვილი:

„იმისთვის რომ ხარისხიანი სწავლება იყოს, კლასში 20 ბავშვზე მეტი არ უნდა ირიცხებოდეს. ამ შემთხვევაში უფრო გამართული იქნება აქტივობები. საგაკვეთილო პროცესში აუცილებელია მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინება.

ასევე რთულია აქტივობების გაკეთება თუ ჯგუფში ხუთი მოსწავლეა, ასეთ შემთხვევაში აქტივობების გაკეთება, ჯგუფური მუშაობა ჭირს. ვფიქრობ, 5 მოსწავლე მცირეა, მაგრამ ასეთი შემთხვევებიც არის ბევრ სკოლაში“.

თელავის №2 საჯარო სკოლის დირექტორი ნათელა ბოჭორიძე:

„20-ზე მეტი მოსწავლე ნამდვილად არ უნდა იყოს კლასში, მაგრამ მარტო მოსწავლეთა რაოდენობაც არ განსაზღვრავს სწავლების ხარისხს. თუმცა სად 20 ბავშვთან მუშაობა და სად ვთქვათ, 32 მოსწავლესთან. ჩვენს სკოლაში ყველაზე მრავალრიცხოვან კლასში 32 მოსწავლე ირიცხება. როდესაც 32 ბავშვია კლასში პედაგოგი თავისთავად ისე ხშირად ვერ გამოკითხავს და შეაფასებს მოსწავლეს“. 

თელის საჯარო სკოლის დირექტორი ლალი ალადაშვილი:

„ვფიქრობთ და მე მგონი ყველა მასწავლებლის აზრია, ხარისხიანი სწავლებისთვის, კლასში 10-დან 15-მდე მოსწავლე ირიცხებოდეს. არასაკმარისი მოსწავლე კლასში კი არ არსებობს. ჩვენ მცირეკონტიგენტიანი სკოლა ვართ და ერთ კლასში 2 მოსწავლეც კი გვყავს, ყველაზე მეტი კი - ერთ კლასში 23 ბავშვი ირიცხება. 

ასეთ შემთხვევაში სწავლება უფრო ეფექტურია, მასწავლებელი თითოეულ მოსწავლეზე ინდივიდუალურად მუშაობს, ითვალისწინებს ფსიქოლოგიურ მომენტს, სოციალურ მდგომარეობასაც.“

საგარეჯოს N3 საჯარო სკოლის დირექტორი ნატალია კურდღელაშვილი:

„ვფიქრობ, ყველაზე ხარისხიანი და ეფექტური სწავლებისთვის კლასში საშუალოდ 20 მოსწავლე უნდა ირიცხებოდეს. ყველაზე მრავალრიცხოვან კლასში 27 მოსწავლე გვყავს, აღვნიშნავ, რომ 27 მოსწავლეც არ არის ცუდი სამუშაო ჯგუფი. თუ პედაგოგს აქვს ინოვატორის მონაცემები, შეუძლია 3 მოსწავლესთანაც ჩაატაროს არაჩვეულებრივი გაკვეთილი და ოცთანაც. მოსწავლეთა სიმცირე კი სწავლების ხარისხის ხელისშემშლელ ფაქტორს არ უნდა წარმოადგენდეს.“ 

მინაძის საჯარო სკოლის დირექტორი დონარი ზედგინიძე:

„დაბალ კლასებში, ხარისხიანი სწავლებისთვის, მაქსიმუმ 15 მოსწავლე უნდა ირიცხებოდეს, ესეც ჯგუფური მუშაობისთვის და სოციალური უნარების განვითარებისთვის. 1-ელ - მე-6 კლასში ეფექტური სწავლებისთვის 15-ზე მეტი მოსწავლე არ უნდა იყოს. 

საბაზო კლასებში, შესაძლებელია კლასში 20 მოსწავლე იყოს, საშუალო კლასებში კი მხოლოდდამხოლდ სურვილით უნდა იყვნენ ის ბავშვები, რომლებიც რაოდენობას აღარ აკვირდებიან და თითოეული თავისი მიზნების მიხედვით მუშაობს. ამ ყველაფერს ჩემი გამოცდილებით, დაკვირვებით და დიდი ანალიზით გეუბნებით. კვლევაც კი მაქვს ამ თემაზე გაკეთებული“. 

საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ჭყონია:

„ვფიქრობ, საშუალოდ 20 მოსწავლემდე რომ იყოს კლასში, სწავლება მეტად ხარისხიანი იქნება. იმიტომ რომ მასწავლებელი აბსოლუტურად ყველას მიაქცევს ყურადღებას. მეტი მოსწავლე კი ძნელია, არც ნაკლებია სასურველი, ბევრს ურჩევნია რაც შეიძლება ნაკლები მოსწავლე იყოს კლასში რომ მოსწავლე ხშირად მონაწილეობდეს სხვადასხვა აქტივობაში, მაგრამ აქ მერე სხვა უნარები რჩება გვერდით, მათ შორის თანამშრომლობით უნარები, სოციალური უნარები. 20 მოსწავლემდე რომ იყოს კლასში, სწავლება უფრო მეტად ხარისხიანი იქნება, ბავშვიც ამხანაგებს მიეჩვევა და თანამშრომლობითი უნარებიც განუვითარდება“.

ბალღოჯიანის საჯარო სკოლის დირექტორი ნაირა მარტიაშვილი:

„15 ბავშვი რომ იყოს სასურველია, კლასში მოსწავლეთა არასაკმარისი რაოდენობაა 5-6 ბავშვი. ჩვენს სკოლაში ყველაზე მეტი ბავშვი კლასში 13 მოსწავლე ირიცხება. ასეთ შემთხვევაში დაინტერესება არის, შეჯიბრობითობის პრინციპია და მოტივაციაც მაღლდება. 

მცირერიცხოვან კლასებში პირიქით, მოტივაცია და კონკურენცია არ არის. ბავშვებსაც ვრცელი სამეგობრო წრე უფრო მოსწონთ. მიუხედავად იმისა, რომ ხუთბავშვიან და ექვსბავშვიან კლასებში მასწავლებელი რეპეტიტორივითაა, ჩემი აზრით, მაინც მეტი კონკურენცია უკეთესია. ექსკურსიები გინდა თუ სხვა კლასგარეშე აქტივობები მრავალრიცხოვან კლასში უკეთესია.“

ახალციხის №5 საჯარო სკოლის დირექტორი ინგა ვარდიძე:

„ხარისხის ამაღლებისთვის, ვფიქრობ, კლასში 15-დან 20-მდე მოსწავლე უნდა ირიცხებოდეს, 10-ზე ნაკლები კი არასაკმარისია, იმისთვის რომ სოციალური ურთიერთობები განუვითარდეთ ბავშვებს“.

გურკელის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ზაზაძე:

„ვფიქრობ, კლასში 25 და ნაკლები მოსწავლე უნდა ირიცხებოდეს, ყველაზე ცოტა კი 4 მოსწავლე, რომ ერთი ჯგუფი მაინც შეკრა. მცირერიცხოვან კლასებში ჯგუფში ვერ ამუშავებ მოსწავლეებს, სხვა მხრივ კი ვფიქრობ უკეთესია, ბავშვები ინდივიდუალურად მუშაობენ“. 

ლანჩხუთის №3 საჯარო სკოლის დირექტორი მაია ჯიმშელეიშვილი:

„კარგი იქნება 15-20 ბავშვის მეტი თუ არ იქნება კლასში. ჩვენს სკოლაში ერთ-ერთ კლასში 32 ბავშვი ირიცხება და რთულია ამხელა კლასის მართვა და მოსწავლეთა გამოკითხვა. კლასში როცა უფრო ნაკლებია ბავშვთა რაოდენობა უფრო მეტად მოუწევს ბავშვებს აქტიურობა, სასწავლო პროცესში ჩართულობა და სწავლებაც მეტად ეფექტური იქნება. ეროვნული სასწავლო გეგმაც ითვალისწინებს რომ, თუ სკოლას საშუალება აქვს,  მაგალითად, ქართულში, უცხო ენაში, რუსულში კლასი გაყოფილი იყოს, იგივე შეიძლება გაკეთდეს ტექნიკური და საბუნებისმეტყველო საგნების შემთხვევაშიც“. 

თელავის №5 საჯარო სკოლის დირექტორი ლია ლეშკაშელი:

„ჩემი აზრით, ხარისხიანი და ეფექტური სწავლებისთვის კლასში 15-20 მოსწავლე უნდა იყოს, არასაკმარისია 7-8 ბავშვი. ჩვენს სკოლაში ყველაზე მეტი მოსწავლე მე-11 კლასში გვყავს, სადაც 28 მოსწავლე ირიცხება“. 

თელავის №7 საჯარო სკოლის დირექტორი მაია სილაგაძე:

„ვფიქრობ, კლასში 20-დან 25-მდე მოსწავლე უნდა ირიცხებოდეს. 10-ზე ქვემოთ კი არ უნდა იყოს. მრავალრიცხოვან კლასში ინდივიდუალური მიდგომა ძალიან ძნელია“. 

დაბა ლენტეხის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ნატო ჯანხოთელი:

„12-15 მოსწავლე მართლაც რომ კარგია, კლასში 2 და 3 კი სწავლებისთვის არაეფექტურია, ჯგუფური მუშაობისთვის კლასში 10 ბავშვი მაინც უნდა იყოს, მინიმუმ 10, მაქსიმუმ 15 კარგი იქნებოდა. მრავალრიცხოვან კლასებში მასწავლებლისთვის ინდივიდუალური მუშაობა რთულია და მასწავლებელი დროის განაწილებას ეფექტურად ვერ ახერხებს. ყველაზე მეტი მოსწავლე გვყავს მე-12 კლასში, სადაც 21 მოსწავლე ირიცხება“. 

ნაქალაქარის საჯარო სკოლის დირექტორი ელზა ჯავარაშვილი:

„მაქსიმუმ 20-25 მოსწავლე უნდა იყოს, უფრო მეტად ხარისხიანი და ეფექტური რომ იყოს სწავლება, არ უნდა იყოს 10 მოსწავლეზე ნაკლები, რომ ორი, სამი ჯგუფი მაინც შეიქმნას, ჯგუფური მუშაობისთვის“. 

ღულელების საჯარო სკოლის დირექტორი თინა ზარიძე:

„ვფიქრობ, ხარისხიანი სწავლებისთვის კლასში მაქსიმუმ 20 და მინიმუმ 15 მოსწავლე უნდა ირიცხებოდეს. 15-ზე ნაკლები უკვე ცოტაა, რადგან ბავშვები ვერ მუშაობენ ჯგუფურად. კლასში 10 ბავშვი გვყავს და 10 ბავშვთან ასე თუ ისე შეიძლება მუშაობა, მაგრამ სჯობს იყოს 3 ჯგუფი მაინც“. 

სიმონიანთხევის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო ბუჯიაშვილი:

„მართალია, ჩვენთან ეგ პრობლემა არასდროს არ არის, იმიტომ რომ კლასში მაქსიმუმ 12 ბავშვი გვყავს. შესაბამისად არასდროს არ გვაქვს დროის გადანაწილების პრობლემა და ა.შ. თუმცა ვფიქრობ რომ 30 ბავშვი კლასში გადაჭარბებულია და ზედმეტია. ჩვენს სკოლაში, პირიქით, გვაქვს კლასი, სადაც 2 ბავშვი ირიცხება. აქ უკვე აღარ ხერხდება წყვილებსა და ჯგუფებში მუშაობა. ვფიქრობ, 10 ბავშვი მაინც უნდა იყოს კლასში“. 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ადგილების რაოდენობა და უმაღლესების მოთხოვნა პროგრამაზე ჩასარიცხად

მასწავლებელთა გამოცდაზე მოსული კიდევ ერთი საგნის ტესტები გამოქვეყნდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სტატისტიკას ასაჯაროებს

„ვინც ხვალ აბარებს ისტორიას, ვეტყოდი...“ - აბიტურიენტები ისტორიის ტესტზე საუბრობენ და თანატოლებს რჩევებს აძლევენ

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს კორტოხის საჯარო სკოლის დირექტორი არჩილ პაქსაძე პასუხობს

სკოლები

ვახტანგისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის 2023-2024 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა

საინტერესო

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

იმ საგამოცდო ცენტრებთან, სადაც აბიტურიენტები აბარებენ, უცხო თვალიც კი შეამჩნევს მარაოებითა და ქოლგებით „შეიარაღებულ“ გულშემატკივრებს

„აბიტურიენტებს ვეტყვი, რომ არ მომბაძონ, არ ინერვიულონ, კარგად გამოიძინონ და ისე გავიდნენ გამოცდაზე“

საკუთარი კალმის, როგორც შეტანა, ასევე გამოტანა შესაძლებელია 

სიახლეები
საზოგადოება