15 სექტემბრიდან მეტროში მოცდის დრო 3 წუთამდე შემცირდება
22-08-2018
დაკოპირებულია
-
+
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 15 სექტემბრიდან მეტროში, პიკის საათებისას მოცდის დრო 3 წუთამდე შემცირდება.
ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მერის თქმით, თბილისის მერიის გეგმაში მეტროს ახალი ვაგონების დამატება და მოდერნიზებაც შედის.
„ტაქსების მოწესრიგება მნიშვნელოვანია, მაგრამ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება და გაუმჯობესება არის ერთ-ერთი უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. ჩვენ ამ მიმართულებით უკვე გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები. 15 სექტემბრიდან მგზავრთა ნაკადები კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ხალხი შვებულებიდან დედაქალაქში ბრუნდება და ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. მინდა, მეტროს თემას შევეხო, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ეს მიმართულება, იმიტომ რომ ყველაზე მეტი მგზავრი გადაყავს. ჩვენ მიმდინარე წელს დავამატეთ მეტროს ახალი შემადგენლობა, ასევე განვახორციელეთ ცალკეული ხაზების, მონაკვეთების რეაბილიტაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. კერძოდ, ისეთი მონაკვეთების, რომელიც სიჩქარის შეზღუდვებს განაპირობებდა. გადავამზადეთ მემანქანეები, ახალი ნაკადი მივიღეთ მემანქანეების, რომლებიც თბილისის მეტროს დაემატება და ყოველივე ამის შედეგად 15 სექტემბრიდან უკვე შესაძლებელი იქნება მოცდის პერიოდის შემცირება განსაკუთრებით პიკის საათებში. თუ ადამიანებს პიკის საათებში 4-5 წუთით ლოდინი უწევდათ, შესაძლებელი იქნება, ეს დრო ამ ცვლილებებით და მოდერნიზაციით 3 წუთამდე დავიდეს. რა თქმა უნდა, ამით არ უნდა დავკმაყოფილდეთ, ვაგრძელებთ მუშაობას, ჩვენი მიმართულება არის ის, რომ მეტროს ახალი ვაგონები დავამატოთ, მოდერნიზება გავუკეთოთ, რომ მოცდის დრო 2 წუთამდე შევამციროთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.