სიახლეები
რჩევები, ინტერვიუ

რა იწვევს ბავშვებში ყურის ტკივილს და როგორ ვუშველოთ
30-08-2018
-
+


ყურის ტკივილს, რომელმაც ბავშვი შეიძლება უეცრად შეაწუხოს, თავისი გამომწვევი მიზეზები აქვს. რა იწვევს ამ ტკივილს და რა დანიშნულება აქვს ბებიების რეცეპტს – ატკიებულ ყურთან ნაჭერში გახვეული გაცხელებული მარილის დადებას – ამ და სხვა კითხვებზე „ეტალონს“ ოტორინოლარინგოლოგმა ზაზა ხუციშვილმა უპასუხა.

– ბატონო ზაზა, რა არის ბავშვებში ყურის ტკივილის გამომწვევი მიზეზი?

–  ყურის ტკივილის მიზეზი შეიძლება იყოს როგორც უშუალოდ ყურის პრობლემა, ასევე – ზემო სასუნთქი გზების ინფექციები. ბავშვებში ძალიან ხშირია სურდოთი ანუ ქრონიკული რინიტით, ცხვირ–ხახის ადენოიდით გამოწვეული ანთებითი დაავადებები, რაც შემდგომში იწვევს ესტაქის, ანუ ცხვირ–ხახა–ყურის დამაკავშირებელი მილის ანთებას, შეშუპებას და აერაციის დაქვეითებას ყურში. ხდება სითხის დაგროვება, რაც შემდგომში გადადის შუა ყურის მწვავე ანთებაში.

მეორე ფართოდ გავრცელებული მიზეზი გახლავთ გარეთა სასმენი მილის ანთება, რომელსაც ხშირად იქვევს წყლის ინფექციები. თუ აუზებში, ზღვაზე ბინძური წყალი მოხვდა ყურში, მერე უმნიშვნელო მექანიკური ტრამვის შედეგადაც ძალიან ადვილად იჭრება ინფექცია ეპიდერმისში, რაც იწვევს დიფუზურ ყურის ანთებას. წყალში კი ბაქტერიები მარტივად მრავლდებიან.

შეიძლება ორპირი ქარის გამო განვითარდეს ყურის ანთება, მანქანით მგზავრობისას ფანჯარასთან ჯდომის დროს... ამ დროს ხდება უშუალოდ ცივი ნაკადის ზემოქმედება ყურზე და მის დაფის აპკზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ანთება.

–  როგორ ვუმკურნალოთ ყურის ტკივილს? მაგალითად, ჩვენი ბებიების თაობა, ასეთ დროს, ყურთან მისადებად, ნაჭერში გამოკრულ ცხელ მარილს იყენებდა.

– დიახ, ეს მეთოდი მისაღებია ამ დროს. სითბო იწვევს ტკივილის გაყუჩებასაც და ასევე, ანთებითი სეკრეტის მობილიზებას ერთ წერტილში. თბილი მარილის მიდების შედეგად ანთებითი სითხე, ექსუდატი ერთად გროვდება და გარეთ უფრო სწრაფად გამოდის.

– მარილი რა როლს თამაშობს ამ ყოველივეში?

– ამ შემთხვევაში, მთავარი სითბოა. მარილი დიდხანს ინარჩუნებს სითბოს და მხოლოდ ეს დანიშნულება აქვს. სითბო ნებისმიერი ორგანოს ტკივილის დროს გარკვეულწილად შვებას იძლევა. რასაკვირველია, მაინცდამაინც მარილი  არ არის სამკურნალო მეთოდი.

ხალხურ მედიცინაში მიღებულია ასევე შემთბარი სპირტის ჩაწვეთება, თუ დაფის აპკის მთლიანობა არ არის დარღვეული. შეგვიძლია ბამბა დავასველოთ შემთბარ სპირტში, გავწუროთ და ჩავიდოთ მტკივან ყურში.

თუ ბავშვს სურდო აქვს და ამას თან ერთვის ყურის ტკივილი, პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ცხვირში გამხსნელი წვეთები უნდა ჩავაწვეთოთ. ცხვირი უნდა გაიხსნას აუცილებლად, რომ შუა ყურში ვენტილაცია იყოს აღდგენილი. მოზარდის შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება, ცხვირით სუნთქავს თუ არა. შეიძლება ეს ხდებოდეს ადენოიდების, ძგიდის გამრუდების, თუ ცხვირის  ანომალიური განვითარების გამო, მაგრამ, როცა არის გამონადენი, რომელიც გადადის უკან, ხახაში, ამ დროს, პირველ რიგში, ცხვირს უნდა ვუმკურნალოთ. ეს არის პირველი პრევენცია – ცხვირი აუცილებლად უნდა იყოს ჯანმრთელი.

– დაფის აპკს რა აზიანებს?

– დაფის აპკი არის ყურის ბარიერი გარე და შუა ყურს შორის. სასმენი მილი მთავრდება დაფის აპკით, რომელიც არის სამშრიანი თხელი მემბრანა და შუა ყურს იცავს გარე ფაქტორებისგან და, ასევე, გადასცემს ბგერით რხევებს შუა ყურს. ეს აპკი ზიანდება ტრამვის დროს და ჩირქოვანი ანთებისას. თუ არაჩირქოვანი დაზიანებაა, აპკი რამოდენიმე თვეში თვითონ ხორცდება. თუ ჩირქოვანია, მკურნალობის შემდეგ, თუ პროცესი ალაგდა და აღარ განმეორდა, მაშინაც არის იმის ალბათობა, რომ აღდგეს, თუ არადა, ქირურგიული ჩარევა სჭირდება. მექანიკური დაზიანის დროს კი დაზიანების ფართობს გააჩნია. არის შემთხვევები, როცა თავისით ხორცდება, მაგრამ ზოგ შემთხვევაში, ქირურგიული გზით შეიძლება დაიფაროს ალტერნატიული ქსოვილით.

დაფის აპკის დაზიანება იწვევს სმენის დაქვეითებას და ინფექციის მოხვედრას შუა ყურში. სმენა ავტომატიურად აკლდება, თუ ამ აპკის მთლიანობა ირღვევა. სმენის დაქვეითებას იწვევს ასევე გოგირდის საცობი, ყურის ანთება, ექსუდატი შუა ყურში, სასმენი მილის ანომალია...

– სმენის დაქვეითება ბავშვის განვითარებაზე მოქმედებს...

– რასაკვირველია! ბავშვებს, რომლებსაც კარგად გამოხატული სმენის დაქვეითება აქვთ, მეტყველებაც დარღვეული აქვთ და შედარებით ხმამაღლაც საუბრობენ.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ არ არის სასურველი, ე.წ. ყურის ჩხირებით მილში შეძრომა და მისი შიგნით ტრიალი. ყურის გაწმენდის ერთადერთი დანიშნულება ვიზუალური სისუფთავეა. შიგნით რომ გამოფხიკო და აღარაფერი გქონდეს, გამორიცხულია. გოგირდი ყოველდღიურად გამოიყოფა ერთი და იგივე რაოდენობით. მხოლოდ გარედან უნდა გავისუფთაოთ, რომ ყვითელი მასები არ გვქონდეს გამოჩრილი, თორემ ყურს გაპრიალება არაფერში სჭირდება, მაინც გამოიყოფა იმდენი გოგირდი, რამდენიც საჭიროა ორგანიზმისთვის. შიგნით ყურში ძრომიალი იწვევს გარეთა სასმენი მილის ქრონიკულ გაღიზიანებას ანუ დერმატიტებს – კანის ანთებას. ყურში ღრმად ძრომიალმა კი შეიძლება დაფის აპკი დააზიანოს და სმენაც დააქვეითოს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

ლაპარაკობენ, აღზრდა არ იყო სკოლის ნაწილი და აღზრდისთვის დაგვჭირდება დამატებითი პროექტების განხორციელება...

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება