სიახლეები
საინტერესო

„ჩანაცვლება“ - დღევანდელობის ერთი მთლიანი სურათი
31-08-2018
-
+


რამდენი თქვენგანისთვის დაუვალებია მასწავლებელს, რომ პირველივე დღეს დაგეწერათ ეპიზოდი იმის შესახებ, თუ რას იტყოდნენ თქვენი ახლობლები თქვენს დაკრძალვაზე? „თქვენ მოკვდით, ეს მარტივია. წარმოიდგინეთ, ვინ მოვა თქვენს დაკრძალვაზე და როგორ გამოიყურებიან ისინი. ისიც წარმოიდგინეთ, თუ რას იტყვიან ისინი თქვენზე და დამიწერეთ“ - ასე დაიწყო ჰენრი ბართსმა თავისი პირველი დღე სკოლაში, სადაც მასწავლებლის შემცვლელად მივიდა. 

ჰენრის კლასში მხოლოდ ერთი წესი აქვს - ვისაც არ უნდა მის გაკვეთილებზე დასწრება, აღარ მოვიდეს. ახალგაზრდა მასწავლებელი სკოლაში ინგლისურ ლიტერატურას ასწავლის. სწორედ ლიტერატურაა მისთვის გადარჩენის სიმბოლო ამ სასტიკ სამყაროში. 

საკუთარი ცხოვრებისეული პრობლემებით დატვირთული ჰენრის თვალით დანახული სკოლა, მოსწავლეები, ადმინისტრაცია, მასწავლებლები, დირექტორი და საზოგადოება ქმნიან დღევანდელობის ერთ მძიმე სურათს, რომელშიც ფილმის მთავარი გმირი დაუღალავად ეძებს მშვენიერებას. 

ფილმი, რომელზეც დღეს უნდა გესაუბროთ, 2011 წელს გამოვიდა. „ჩანაცვლება“ (ინგლ. „detachment“) ბრიტანელი რეჟისორის ტონი კეის დრამაა, რომელშიც მთავარ როლს ედრიენ ბროუდი ასრულებს. ესეც ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ უნდა უყუროთ მას. 



სწორედ ამ სამყაროში მშვენიერების პოვნის სურვილია ედრიენ ბროუდის გმირის მთავარი აზრი, რომელსაც რეჟისორი ყველაზე რთული და პრობლემური საზოგადოების - მოსწავლეების ფონზე გვიჩვენებს. ადამიანებს, რომლებიც ახლა იწყებენ ჩამოყალიბებას და ცხოვრებაში თავის დამკვიდრებას, სჭირდებათ მეორე ადამიანი, რომელიც მათ ამ რთული გზის გადალახვაში დაეხმარებათ. ფილმში ეს მეორე ადამიანი სწორედ ჰენრი ბართსია, რომელმაც ცდილობს, რომ საკუთარი მოსწავლეები უკეთესობისკენ შეცვალოს. 

მისი მოსწავლეები ერთმანეთისგან რადიკალურად არ განსხვავდებიან. აგრესია, რომელიც მათშია, მეტწილად ასაკითაა გამოწვეული, მაგრამ ამაში წვლილი მშობლებსა და საზოგადოებასაც მიუძღვის, ვისთან ერთადაც მათ უწევთ ცხოვრება. გულგრილობა და გულცივი დამოკიდებულება საკუთარი კლასელებისადმი მათთვის ჩვეული მოვლენაა. ისინი იმ საზოგადოებას წარმოადგენენ, რომლებსაც გამუდებით ქაოსის შექმნისკენ აქვთ მიდრეკილება და შედეგებს ნაკლებად აკვირდებიან. ქაოსის ცენტრში კი დგას მათი მასწავლებლის შემცვლელი, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს სურვილი რაღაცეები უკეთესობისკენ შეცვალოს. 

ამ დროის მანძილზე ჰენრის ცხოვრებაში რამდენიმე ქალი გამოჩნდა. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია მისი მოსწავლე მერედითი და გოგონა, რომელსაც ჰენრი სახლში შეიფარებს. მერედითი ის გოგოა სკოლაში, რომელიც კარგად სწავლობს, ჩუმია, აქვს ჰობი და არ ჰყავს მეგობრები. ახალი მასწავლებელი მასში სიმპატიებს იწვევს და მერედითი მას უმეგობრდება. 

გოგონა, რომელიც ჰენრიმ სახლში მიიყვანა, არც ისე სახარბიელო ცხოვრების წესით გამოირჩევა. ავტობუსში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ის მოულოდნელად ჩნდება ჰენრის ცხოვრებაში და საბოლოოდ, მასზე დიდი ზეგავლენას ახდენს. ფილმის ბოლოს მათი შეხვედრა იძლევა იმედს, რომ შეიძლება ყველაფერი ისე ცუდადაც არ იყოს, როგორც ჩანს. 

ფილმი თავის სათქმელს გზადაგზა გვეუბნება. ჰენრის მონოლოგები, სხვადასხვა რაკურსით დაჭერილი კადრები, შავ-თეთრი ფონი, მუსიკა, პერსონაჟების სხეულის ენა - ეს ერთიანად ქმნის ფილმს, რომელსაც ნამდვილად აქვს პრეტენზია, ერქვას სერიოზული ფილმი. ფილმი რაზე? 

ესაა ფილმი, რომელიც მშობლებს პირდაპირ ეუბნება, რომ არაა აუცილებელი მხოლოდ სამუშაოზე ფიქრით დაკავდნენ და შვილებს იმაზე მეტი ყურადღება სჭირდებათ, ვიდრე წარმოუდგენიათ. ესაა ფილმი მასწავლებლებზე, რომლებიც არაფერს აკეთებენ სიტუაციის გამოსასწორებლად და ყოველდღიურ რუტინას შეგუებულები არიან და პირიქით, მასწავლებლებზე, რომლებსაც აქვთ განსხვავებული მიდგომები და მეთოდები მათთან სამუშაოდ.  ესაა ფილმი მასწავლებლებზე, ვინც დაარიგებს მოსწავლეებს და დაეხმარება ცხოვრების სირთულეების გაცნობიერებაში. ესაა ფილმი, რომელიც გვეუბნება, რომ მასწავლებლობა ადვილი არაა, ეს უნდა იყოს არჩევანი და არა აუცილებლობიდან გამომდინარე გადაწყვეტილება და ბოლოს, ესაა ფილმი საგანმანათლებლო სისტემაზე, მოკლედ რომ ვთქვათ, მის კოშმარულ საშინელებაზე. 

და ვინაა ამ ფილმში ჰენრი ბართსი? რა ადგილი უჭირავს მას, როცა მან თავისი საყვარელი მოსწავლის გადარჩენაც კი ვერ შეძლო? ნუთუ ის მართლა გადამრჩენელია? 

ამის გასაგებად მხოლოდ ერთი გზა არსებობს, ამ უქმეებზე უყუროთ „ჩანაცვლებას“ და ჰენრი ბართსისთან ერთად შეცვალოთ თქვენი და თქვენი შვილების სამყარო უკეთესობისკენ. 

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება