მიხეილ ბატიაშვილი 51-ე და პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორებზე განმარტებას აკეთებს
05-09-2018
დაკოპირებულია
-
+
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორის, ხათუნა ბარამაძის მიერ პოსტის დატოვებასა და ხორავას ქუჩის საქმეზე საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც 51-ე სკოლის დირექტორის მანანა თურქაძის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, კომენტარი გააკეთა:
„პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორი ხათუნა ბარაბაძე მორალურ პასუხისმგებლობას გრძნობდა ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით. იმდენად კვალიფიციური კადრია, მოხარული ვარ, რომ ჩვენთან - „მასწავლებლის სახლში“ გააგრძელებს საქმიანობას.
რაც შეეხება 51-ე სკოლის დირექტორის თანამდებობაზე დარჩენის საკითხს, ეს დამოკიდებულია გარკვეულ დასკვნებსა და პიროვნულ გადაწყვეტილებაზე. ჩვენ დაველოდებით გამოძიების დასრულებას და სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიიღებს გადაწყვეტილებას“ - განაცხადა ჟურნალისტებთან მიხეილ ბატიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორი ხათუნა ბარაბაძე თანამდებობიდან გადადგა. მისი თქმით, განათლების სისტემაში დარჩება, თუმცა სკოლის დირექტორობას აღარ გეგმავს.
პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში ის მოზარდები სწავლობდნენ, რომლებიც ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეში ფიგურირებდნენ, მათ შორის ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული გ.ბ. და დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებული გ.ჯ.
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის რეკომენდაციების ნაწილში კი საუბარია იმაზე, რომ უნდა დადგეს 51-ე სკოლის დირექტორისა და მოადგილის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი.
საგამოძიებო კომისიის ერთ-ერთმა წევრმა სერგო რატიანმა მოხსენებისას განაცხადა, რომ რადგან ინციდენტის დღეს სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თინათინ ყენიამ და მანდატურებმა ჯეროვნად არ შეასრულეს მათზე დაკისრებული მოვალეობები, ხოლო სკოლის დირექტორს მანანა თურქაძეს ევალებოდა მოკვლევა ჩაეტარებინა, რაც დღემდე არ მომხდარა, უნდა დადგეს მათი პასუხისმგებლობების საკითხი.