ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
„საქართველო სტუმართმოყვარე და სიცოცხლის მოყვარული ქვეყანაა. თანამედროვეა და ამავდროულად მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, პოლიტიკურად და კულტურულად აქტუალურია და მომავლისაკენ იყურება. ეს ყველაფერი საკუთარ თავზე უნდა გამოსცადოთ ანდა წაიკითხოთ: მაგალითად, 11 წიგნი საქართველოდან და საქართველოს შესახებ“, - წერს VOGUE-ს ჟურნალისტი ბერნ სკუპინი, რომელიც საქართველოს ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის და შემოქმედებითი საქართველოს მიერ ორგანიზებული პრესტურის ფარგლებში სტუმრობდა.
ჟურნალისტი, რომელიც საქართველოს საპატიო სტუმარი გახლავთ, VOGUE-ში ქართული ლიტერატურის, კულტურისა და ზოგადად ქვეყნის პროექტის შესახებ 9-გვერდიან ბეჭდურ და ონლაინ სხვადასხვა ვერსიებს აქვეყნებს.
ცნობისთვის, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო 9 ოქტომბერს საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით განსაკუთრებული პროგრამით წარდგება. მოეწყობა პავილიონი და არაერთი სხვადასხვა შინაარსისა და თემატიკის სტენდი, გაიმართება 70-ზე მეტი ქართველი მწერლის ლიტერატურული ღონისძიება და გამოიფინება ქართული ლიტერატურის 200-მდე გერმანულენოვანი თარგმანი-გამოცემა.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო ღონისძიებაა როგორც ლიტერატურულ და საგამომცემლო, ასევე კულტურულ სფეროში. ყოველწლიურად ბაზრობა 300 000-მდე ვიზიტორს მასპინძლობს და 400 000-მდე წიგნს გამოფენს.
წიგნის ბაზრობას 500 წლიანი ისტორია აქვს და ყოველი წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში ფრანკფურტის საგამოფენო სივრცეში ტარდება. პირველი სამი დღე მას მხოლოდ საქმიანი ვიზიტორები სტუმრობენ, ხოლო ბოლო ორი დღის განმავლობაში ბაზრობა ფართო საზოგადოებისთვისაც იხსნება.
საპატიო სტუმარი ქვეყნები, რომელიც წიგნის ბაზრობას 1976 წლიდან ჰყავს, საერთაშორისო დონეზე საკუთარ ლიტერატურასა და კულტურას წარმოაჩენენ. სტუმარი ქვეყანის პროგრამას სხვა მონაწილეებთან შედარებით ბევრად მეტი დრო ეთმობა. ქართველ ავტორთა ნაწარმოებები განიხილება სადისკუსიო პანელზე, ეწყობა მათი საჯარო კითხვა, იმართება თეატრალური წარმოდგენები და სხვა.