სიახლეები
ინტერვიუ

დაჩი იოსელიანი: „ოტია უმკაცრესი მამა იყო, მსგავსი ხასიათის ადამიანი ძნელად წარმოსადგენია“
07-09-2018
-
+


„ამ მდუღარე გადასხმულ ჩემს ბიოგრაფიაში ვერც ერთი ნათელი დღე ვერ გამოვძებნე. რაც არ იყო, რას გამოძებნი... ყურმოკრული მაქვს, თითქოს ჰემინგუეის უთქვამს, მწერლის აკადემია უბედური ბავშვობააო. ჩინებულად მაქვს დამთავრებული ეს აკადემია“ – ეს სიტყვები ცნობილ ქართველ მწერალს, ოტია იოსელიანს ეკუთვნის.

ოტია იოსელიანი წლისა და სამი თვის იყო, მამა რომ გარდაეცვალა. 10 წლისას დედა გაუთხოვდა. მამიდა ზრდიდა... 20 წლის ასაკში ქეთევან ფარცხავაზე დაქორწინდა. სამი შვილი შეეძინათ – ბაჩო, მანანა და დაჩი. ცნობილი „დაჩის ზღაპრები“ სწორედ უმცროს შვილს, დაჩის მიუძღვნა.

დაჩი იოსელიანმა„ეტალონთან“ მამა და თავისი ბავშვობა გაიხსენა. ამბობს, რომ ოტიას რთული ხასიათის გამო, მამასთან ურთიერთობა უჭირდა.

– მამა საერთოდ არ ერეოდა ჩვენი სწავლის საკითხებში. დედაჩემი უფრო განაგებდა ამ საკითხს, მაგრამ ჩვენ არც მისი ჩარევა გვჭირდებოდა, რადგან ვიცოდით, რომ აუცილებლად უნდა გვესწავლა. „არ წამიკითხავს“ და „ვერ ვისწავლე“ სამარცხვინოდ ითვლებოდა და ასეთ რამეს არც დავუშვებდით.

მამაჩემს სად ეცალა ჩვენთვის?! ხშირად ვერც ვნახულობდით, სულ წასვლა–წამოსვლაში იყო, დედაქალაქში დადიოდა, რაღაც შეხვედრებზე იწვევდნენ... ჩვენ კი წყალტუბოს რაიონში ვსწავლობდით. მამას თუ ვხვდებოდით, უფრო სხვა რამეებზე ვსაუბრობდით, და არა სკოლაში სწავლის საკითხებზე. ჩემი და-ძმა ჩემზე ბევრად კარგად სწავლობდნენ, მაგრამ არც მე ვიყავი ცუდი მოსწავლე. ჩემი და-ძმა ბევრად უფროსები არიან ჩემზე. ერთი 13 წლითაა ჩემზე უფროსი და მეორე – 11-ით. იმდენად პატარა ვიყავი, საერთო ენის პოვნაც კი გვიჭირდა. დედაჩემის გარდა, და-ძმაც მაკონტროლებდა და დიდი შემოტევის ქვეშ ვიყავი ხოლმე. იძულებული გახლდით, მესწავლა, მაგრამ მაინც ისინი უფრო მჯობდნენ.

დღევანდელი გადასახედიდან რომ ვუყურებ, როგორ სწავლობენ ბავშვები, შედარებაც მიჭირს, ისე კარგად ვსწავლობდით ჩვენ. დღეს ბავშვებს მაინცდამაინც აღარ სთხოვენ სწავლას, არც ბავშვები იკლავენ თავს და ყველა ბედნიერია. ჩვენ კი აუცილებლად უნდა გვესწავლა.

– ბევრი ბავშვი „დაჩის ზღაპრებით“ გაიზარდა. მამამ ეს ზღაპრები თქვენ მოგიძღვნათ. თავად თუ გიკითხავდნენ ამ ზღაპრებს?

– მამა წერს ავტობიოგრაფიაში, ჩემი უმცროსი შვილი რომ დაიბადა, მაშინ დავიწყე „დაჩის ზღაპრების“ წერაო. მე 1964 წელს დავიბადე. ჩემთვის არ წაუკითხავთ ეს ზღაპრები, რადგან, მახსოვს, როცა დაიბეჭდა, მე თვითონ წავიკითხე. სხვა ზღაპრებს, რა თქმა უნდა, მიკითხავდნენ და ეს ძალიან მომწონდა. ასეთი ბედნიერი წლები კი დიდხანს არ გაგრძელდა, რადგან მე  ადრე ვისწავლე კითხვა და 5 წლის ასაკში უკვე თავისუფლად ვკითხულობდი. რომ მიხვდნენ, შემეძლო კითხვა, ვიღა წამიკითხავდა?!  შენ თვითონ მიხედე შენს თავსო, მითხრეს... 5 წლის ასაკში მხოლოდ ქართულად კი არა, რუსულადაც ვკითხულობდი.

– სხვა ზღაპრებს მამაც გიკითხავდათ?

– არა, დედაჩემი და ჩემი და მიკითხავდა. ოტია მერე, მოგვიანებით გვიკითხავდა თავის ნაწერებს. დაწერდა ხოლმე რაღაცას და წაგვიკითხავდა – აინტერესებდა ჩვენი აზრი. მოგვაჩერდებოდა... ჩვენ ზოგი რამ მოგვწონდა, ზოგ რამეზე კი საკმაოდ ცხარე შეხლა–შემოხლა გვქონდა, სერიოზულად ვკამათობდით, რადგან ჩვენი აზრი არ ემთხვეოდა  ერთმანეთს. ბოლოს ჩვენს ნათქვამს მაინც ითვალისწინებდა.

– მამასგან ნასწავლი რა გახსოვთ? 

– მახსოვს, სულ პატარას როგორ მასწავლიდა კალათის დაწვნას. ალბათ 7–8 წლის ვიქნებოდი მაშინ. ხატვასაც მასწავლიდა. თვითონ ძალიან კარგად ხატავდა და დიდი სურვილი ჰქონდა, ისე ეხატა, რომ როგორც მხატვარი, ეღიარებინათ. იმასაც ცდილობდა, მეც მხატვარი ვყოფილიყავი, მაგრამ არ გამოვიდა არაფერი. ცდილობდა, ყველაფერი ესწავლებინა ჩვენთვის და მართლაც ბევრი რამ გვასწავლა. მე ქვაზეც ვმუშაობ,  ხეზეც და რკინაზეც. თვითონაც იცოდა ეს ყველაფერი და ჩვენც გვასწავლიდა. იმდენი რამე იცოდა... დრო არ ჰქონდა, თორემ უამრავ რამეს გააკეთებდა. სულ ამბობდა,  მასწავლებელი მძიმე ბავშვობაა, მე კი ისეთი მძიმე ბავშვობა მქონდა, მაშინ ვისწავლე ყველაფერიო.  

– თავისაავე აგებულ სახლში ცხოვრობდა...

– კი, ამბობდა, 7 სახლი მაქვს აშენებულიო.

– შვილებს აგიშენათ?

– სოფელში ააშენა ორი სახლი. თბილისთან ახლოს პატარა ბაღი ჰქონდა და იქაც ააშენა. მერე ვიღაცას დაეხმარა აშენებაში... 7 სახლი ავაშენეო, კი ამბობდა, მაგრამ ვითვლით და 7 არ გამოდის. ალბათ კიდევ ვინმეს ააშენებინა  ან დაეხმარა ისე, რომ ჩვენ არ ვიცით, თორემ ტყუილს არაფრით იტყოდა. ბრწყინვალედ ხატავდა და არქიტექტურაც მისი იქნებოდა, პროექტს სხვას არ გააკეთებინებდა.

– როგორი იყო ოტია იოსელიანის შვილების ბავშვობა? 

– ხან გვიჭირდა და ხან გვილხინდა. მე ბავშვობაში საშინელი თავის ტკივილები მქონდა და ამიტომ იმ წლების გახსენებაც არ მინდა. მატარეს გამოკვლევებზე, მაგრამ ვერ დამიდგინეს, რა მჭირდა. მერე ალბათ რაღაც შეიცვალა ორგანიზმში და გადამიარა. დღესაც მახსენებს ხოლმე თავს ეს ტკივილი, მაგრამ იშვიათად. ადრე სულ მტკიოდა და თან ძალიან ძლიერად.

– ყურადღებიანი მამა იყო ბატონი ოტია?

– საშინელი ხასიათი ჰქონდა! უმკაცრესი მამა იყო. მსგავსი ხასიათის ადამიანი ძალიან ძნელად წარმოსადგენია. ასეთ ადამიანთან სიახლოვეც კი რთული იყო ყველასთვის და, მით უმეტეს, შვილებისთვის.  უკიდურესად მომთხოვნი იყო – რას ჰქვია, რაღაც არ იციო... იმაზე ბევრს გვთხოვდა, ვიდრე ბავშვს შეეძლო სცოდნოდა. ვერ იტანდა უცოდინრობას. „არ ვიცი“ მისთვის არ არსებობდა. ყველაფერი უნდა გცოდნოდა და თან – ძალიან კარგად. გვეუბნებოდა, ყველაფერს მე ხომ არ გასწავლით, არსებობს წიგნები, მოიძიეთ და ისწავლეთო. დღეს ცოცხალი აღარ არის, მაგრამ თითქოს ისევ მთხოვს, ყველაფერი ვიცოდე, იმდენი ახალი რამის გაკეთება მიწევს.

– მაგალითად?

– მაგალითად, ოტია იოსელიანის საფლავის ქვა გავაკეთე. ამ ქვის სანახავად ხალხი დადის. ავიღე ქვა და გავთალე. თან ძალიან მძიმე და ცუდი ქვა იყო და მისი გამოთლა გამიჭირდა... ყველა მეუბნებოდა, ვერ გააკეთებ, არ გამოვა მაგ ქვიდან არაფერიო, მაგრამ გავაკეთე. ფურცლის გრაგნილზე ოტია იოსელიანის სიტყვებია გამოსახული –  „ადამიანისგან რაც რჩება, მისი სიცოცხლეც ესაა. ოტია იოსელიანი.“ ეს რომ შევძელი, ოტია იოსელიანის დამსახურებაა და არა ჩემი.

– თქვენი პროფესია რა არის?

– ისტორიული ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული, მაგრამ ამ პროფესიით არასდროს მიმუშავია. უამრავი რამის კეთება ვიცი და მივედ–მოვედები.

– მისეულ სახლში რომელი ცხოვრობთ ახლა?

– მე ვცხოვრობ იქ, სადაც სიცოცხლის ბოლოს ცხოვრობდა. მეორე სახლი რომ გვაქვს გვიშტიბში, იქ ჩემი ძმა ცხოვრობს.

– რომელიმე შვილი ან შვილიშვილი თუ წერს?

– არა, არც ერთი. ოტია ყველაფერზე ბრაზდებოდა და ესეც აბრაზებდა – არაფერი შეგიძლიათო. ხანდახან კი იყო ხოლმე კარგ ხასიათზე, მაგრამ იშვიათად. ვერავინ გაბედავდა, ეკითხა, რატომ ხარ ცუდ ხასიათზეო, რადგან ამას რა მოყვებოდა, ღმერთმა იცის... ცუდ ხასიათზე რომ ვხედავდით, ლამის მიწაში ჩავმძვრალიყავით. ურთულესი ადამიანი იყო. თუ ვინმეს შეატყობდა, რომ ძალიან განათლებული იყო, სიხარულით გიჟდებოდა, მაგრამ ასეთიც იშვიათად ხვდებოდა. ყველას წერა-კითხვის უცოდინარს უძახდა. მისი მოსაწონი ადამიანი ფაქტობრივად არ არსებობდა და ჩვენგან ბევრად მეტს ითხოვდა. ამიტომაც, არასოდეს გვაქებდა. ამის გამო დიდ მადლობასაც ვუხდი, რადგან დღეს ბევრი რამ ვიცი.

– ოტია იოსელიანის შვილობა და მისი სახელი ალბათ გამოგადგათ ცხოვრებაში...

– პირიქით, ოტია იოსელიანის შვილობა ყველანაირ დისკომფორტს უდრიდა. ჯერ მასთან ურთიერთობა იყო რთული და მერე, ჩვენ ამით თავს არ ვიწონებდით.  ბევრმა, ვინც ჩვენ გარშემო ტრიალებდა, არც იცოდა, რომ მისი შვილები ვიყავით. დღესაც ასეა – არ ვამხელთ, რომ მისი შვილები ვართ. არც სკოლაში გვქონია რაიმე პრივილეგია და შეღავათი. პირიქით,  ყველა უფრო მკაცრად გვეპყრობოდა.

– რომელი საგანი გიყვარდათ?

– გამორჩეულად არც ერთი არ მიყვარდა, ალბათ უფრო – ფიზიკა.

– არც ისტორია?

– ისტორიის გაკვეთილი არ მიყვარდა, რადგან  მასწავლებელთან მქონდა კონფლიქტური სიტუაცია. ამ საგანს ჩვენი ხელისუფლება საბჭოთა წყობის აგიტაცია–პროპაგანდისთვის იყენებდა. ამიტომ, გამუდმებით კონფლიქტში ვიყავი მასწავლებელთან, რომელიც კომუნიზმის იდეებისადმი ერთგულად იყო განწყობილი. მე კი ბავშვობიდანვე სერიოზული ანტიკომუნისტი ვიყავი. ამის გამო, მოგვიანებით, ლამის ციხეშიც მოვხვდი.ისტორიის ფაკულტეტი ყველაზე დიდ განათლებას იძლეოდა და ამიტომაც ჩავაბარე და არა იმიტომ, რომ ცხოვრებაში გამომდგომოდა და ამით მერჩინა თავი.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

ანაზღაურება 2640 ლარია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ცნობილია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნისთვის ბოლო ვადა დღეს არის

საქართველოში მოსწავლეთა 11.3%, ელექტრონულ სიგარეტს, 11.6% კი თამბაქოს მოიხმარს - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

განათლებული მასწავლებელი ინვესტიციაა განათლებულ მომავალში

რა ცვლილებები შეეხება ადგილობრივ სკოლამდელ დაწესებულებებს ცნობილია

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

როგორც სკოლაში გვითხრეს, პროექტი ტრადიციად იქვევა 

16 დეკემბერს კი, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის სოფიო ალფაიძის ორგანიზებით ჩაატარეს ინგლისურენოვანი ღონისძიება 

მოსწავლეებმა თავიანთი ნიჭიერების წყალობით, სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს

ეს დღე კი, მოსწავლეებისთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცა

საინტერესო

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

სიახლეები
საზოგადოება