სამშაბათი. დაახლოებით დილის რვა საათი. მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობაში სამუშაო დღე ჩვეულებრივად დაიწყო. მანჰეტენზე დოკუმენტურ ფილმს იღებენ. ხალხი ქუჩებში დასეირნობს. არავითარი ნიშანი იმისა, რომ სულ ცოტა ხანში აქ მსოფლიოში ყველა მასშტაბური ტერორისტული აქტი მოხდება.
ადგილობრივი დროით რვა საათსა და 45 წუთზე სავაჭრო ცენტრის სამხრეთ კოშკს გატაცებული სამგზავრო თვითმფრინავი „ბოინგი 757“ დაეჯახა. „ბოინგში“ ოთხ თანამზრახველთან ერთად, ტერაქტების მთავარი ორგანიზატორი, მოჰამედ ატა და 94 ადამიანი - მგზავრები და ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ.
დაახლოებით 18 წუთის შემდეგ ამერიკის მოსახლეობამ პირდაპირ ეთერში იხილა, თუ როგორ დაეჯახა მეორე თვითმფრინავი სავაჭრო ცენტრის ჩრდილოეთ კოშკს. იმ დროს, როცა ეთერში ცეცხლის ალში გახვეულ სამხრეთის შენობას უჩვენებდნენ, გატაცებული თვითმფრინავი ტერორისტებით, 54 მგზავრითა და ეკიპაჟის წევრებით მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ჩრდილოეთ ცათამბჯენს შეასკდა.
„ო, ღმერთო ჩემო“ - ამ ფრაზით შეწყვიტა ტელეკომპანია ABC-ის რეპორტაჟი კორესპოდენტმა დონ დალერმა და ამით ცხადი გახდა, რომ ამერიკას და მსოფლიოს საქმე არა უბედურ შემთხვევასთან, არამედ ტერორისტულ აქტთან ჰქონდა.
თუმცა ყველაფერი ამით არ დამთავრებულა. კოშკებზე თავდასხმების შემდეგ, 9 საათსა და 53 წუთზე, მესამე გატაცებული თვითმფრინავი ვაშინგტონში, თავდაცვის სამინისტროს, „პენტაგონის“ შენობას დაეცა. ხუთი თვითმკვლელი ტერორისტის გარდა მასში კიდევ 63 ადამიანი იმყოფებოდა. მათთან ერთად დაიღუპა შენობაში მყოფი 125 ადამიანი.
პრეზიდენტი ბუში ფლორიდაში, ერთ-ერთ სკოლას სტუმრობდა, როცა პირველი შეჯახების შესახებ მოახსენეს. იმის გამო, რომ ეს ყველას უბედური შემთხვევა ეგონა, ვიზიტი არ შეწყვეტილა. დაახლოებით ოცი წუთის შემდეგ პრეზიდენტთან კანცელარიის უფროსი ენდრიუ კადრი მივიდა და ჩუმად უთხრა: „ბატონო პრეზიდენტო, მეორე შენობასაც დაეჯახნენ. ამერიკას თავს დაესხნენ“.
ამასობაში „ტყუპების“ ცათამბჯენში ასობით მეხანძრე და მაშველი ცეცხლის ჩაქრობას და ხალხის გამოყვანას ცდილობდა. 417-მეტრიანი შენობების მაღალ სართულებზე გამომწყვდეულ ხალხს აუტანელმა სიცხემ და კვამლმა შანსი არ დაუტოვა და გადმოხტომა დაიწყეს.
ორი საათის მანძილზე იწვოდა მსოფლიო სავაჭრო ცენტრი. ამ დროის მანძილზე, როგორც ერთი, ისე მეორე კოშკი ნანგრევებად იქცა. პირველი კოშკის ჩამონგრევისთანავე, ტერორისტებმა მეოთხე თვითმფრინავი გაიტაცეს, რომელიც ქალაქ შენკსვილის მახლობლად, ტყეში ჩამოვარდა. ამბობდნენ, რომ თვითმფრინავის მგზავრებმა ტერორისტებს წინააღმდეგობა გაუწიეს და ამით ტერორისტული აქტისგან თეთრი სახლი იხსნეს.
თავდასხმიდან რამდენიმე საათის მერე გაჩნდა მოსაზრება, რომ ტერორისტული აქტის უკან „ალ-ქაიდა“ და ოსამა ბინ ლადენი იდგა. მაშინ თალიბანმა ეს აზრი კატეგორიულად უარყო, თუმცა 2004 წელს ბინ ლადენმა აღიარა, რომ 11 სექტემბრის ტერაქტზე პასუხისმგებელი იყო.
2011 წელს ნიუ-იორკში 11 სექტემბრის მსხვერპლთა მემორიალი გაიხსნა, რომელიც ფორმით ზუსტად იმეორებს ტყუპი კოშკების ფუნდამენტის პერიმეტრს. მემორიალზე ტრაგედიის მსხვერპლთა გვარებია ამოტვიფრული.
11 სექტემბრის ტერაქტის შედეგად მიყენებული ზარალის ზუსტი ციფრი უცნობია. 2006 წელს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ ზარალმა ყველაზე დაბალი შეფასებით, 500 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია
მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ნანგრევების ქვეშ 2 800 ადამიანზე მეტი დაიღუპა მსოფლიოს 86 ქვეყნიდან. საერთო ჯამში, თვითმფრინავის მგზავრებიანად, 11 სექტემბერის ტერაქტებმა, დაახლოებით, 3000 ადამიანი შეიწირა, ათობით ათასი ადამიანი კი დაშავდა.
ამ დღემ ამერიკის ისტორია ორ ნაწილად გაყო - ამერიკა 11 სექტემბრამდე და 11 სექტემბრის შემდეგ.