21 წლის ლიკა ტორიკაშვილი - გაიცანით გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი და უკვე საერთაშორისო ორგანიზაციის დამფუძნებელი
ატლანტის და ბენინგტონის კოლეჯების სტუდენტი (100%-იანი გრანტით), საერთაშორისო ორგანიზაცია „გაუფერადე სამყაროს“ დამფუძნებელი და გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელის ტიტულის მფლობელი ლიკა ტორიკაშვილი სულ 21 წლის გახლავთ, მისი ცხოვრების გზა კი უკვე ამგვარ შთამბეჭდავ შედეგებს მოიცავს.
როგორც ლიკა Etaloni.ge-სთან ინტერვიუში აღნიშნავს, სამოქალაქო აქტივიზმით მცირე ასაკიდან დაინტერესდა და საკუთარ თავს სამომავლოდაც ამ სფეროში ხედავს. ამ ეტაპზე გაეროს სათაო ოფისში გენერალური ასამბლეის ღონისძიებებში სიტყვით გამოსვლისთვის ემზადება, პარალელურად კი დაწყებულ თუ მომავალ პროექტებს კურირებს და გეგმავს.
-ლიკა, გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გახდით. რა გზა გაიარეთ ამ წარმატებამდე, რომელმაც საპასუხისმგებლო ტიტულისთვის კონკურსში ჩაბმისკენ გიბიძგათ? -ბავშვობიდან აქტივისტი ვარ. კერძოდ, 14 წლის ასაკში მეგობრებთან ერთად არასამთავრობო ორგანზიაცია - „გაუფერადე სამყარო“ ჩამოვაყალიბე. ამ ორგანიზაციის მთავარი მიზანი ზუსტად იმ ადამიანებისთვის ცხოვრების გაფერადება გახლავთ, რომელთაც დახმარება სჭირდებათ. „გაუფერადე სამყაროს“ წევრი ახალგაზრდები და სკოლის მოსწავლეები ჯანმრთელობის მდგომარეობის პრობლემების მქონე ბავშვებისთვის, მზრუნველობამოკლებული მოზარდებისთვის და აუტიზმის მქონე არასრულწლოვანებისთვის ღონისძიებებს ატარებენ. მთელი საქართველოს მასშტაბით სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების დასახმარებლად სხვადასხვა ღონისძიება იმართება. როცა ატლანტის კოლეჯში გავემგზავრე და ახალგაზრდები მთელი მსოფლიოდან გავიცანი, ამ ორგანიზაციის შესახებ მათაც ვუამბე. შედეგად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ფილიალები ჩამოვაყალიბეთ. ჩვენ ამჟამად გვაქვს ფილიალი მალაიზიასა და ფილიპინებზე, ხოლო ღონისძიებები და პროექტები უკვე ჩავატარეთ საფრანგეთში, ბრიუსელში, ნიდერლანდებში, მოზამბიკაში, სამხრეთ აფრიკასა და სხვა ქვეყნებში. ასე, მე და ჩემი კოლეგები, ნელ-ნელა, მთელ მსოფლიოს ვაფერადებთ.
განათლებასთან და განვითარებასთან დაკავშირებული პროექტები ყოველთვის მაინტერესებდა. შესაბამისად, გაეროს ახალგაზრდულ კონკურსში მონაწილეობა ჩემთვის საინტერესო და ლოგიკური იყო. როგორც გაეროს ახალგაზრდობის წარმომადგენელი, პოპულარობას ვუწევ განვითარების 17 მიზანს, ვხვდები ახალგაზრდებს, ვეცნობი მათ პრობლემებს და საინტერესო პროექტებს ვატარებ.
- რა ეტაპები გაიარეთ ტიტულამდე - „ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში“ და რა ვალდებულებები დაგეკისრათ მისი მიღების შემდეგ? - ამ კონკურსში მონაწილეობის მიღება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს 18-დან 25 წლამდე შეუძლია. პროექტი-„საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში“, 2012 წლიდან ტარდება. კონკურსს სამი ეტაპი აქვს: თემის წერა, რეზიუმესა და სამოქმედო გეგმის შედგენა, შემდეგ კომისიასთან პირისპირ გასაუბრება და ბოლოს-საჯარო გამოსვლა, რომელიც იმის პროტოტიპი უნდა იყოს, რასაც აშშ-ში, გენრალური ასამბელის მესამე კომიტეტის სხდომაზე დაგეგმავ.
გაეროში ახალგაზრდობის წარმომადგენლებს 40-მდე ქვეყანა აგზავნის და აღსანიშნავია, რომ ჩვენ რეგიონში წარმომადგენელი მხოლოდ საქართველოს ჰყავს, რაც ჩემთვის განსაკუთრებით საამაყოა. თავად ეს პროგრამა 1981 წლიდან ტარდება. გაეროს უშიშროების საბჭოს კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ ახალგაზრდებს მსოფლიო მშვიდობის დამკვიდრებაში უდიდესი წვლილის შეტანა შეუძლიათ, ამიტომ გენერალურმა მდივანმა წევრ ქვეყნებს მოუწოდა, რომ დელეგაციის სრულფასოვან წევრებად ახალგაზრდა დელეგატები ჩასვან და თითოეულ ქვეყანას წარმომადგენელი ჰყავდეს, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე ყველას ხმას გააჟღერებს.
ოქტომბრის დასაწყისში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ჩემი ერთ-ერთი მთავარი ვალდებულებაც ეს იქნება. წარმომადგენლის მანდატი ერთი წელი გრძელდება, რა პერიოდშიც საქართველოს მასშტაბით ახალგაზრდებს შევხვდები და მოსაზრებებს მოვისმენ იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის მათთვის ყველაზე აქტუალური თემები. შესაბამისად, ახალგაზრდებსა და სამთავრობო პირებს შორის დამაკავშირებელი რგოლი ვიქნები.
- ამ სტატუსის ფარგლებში სხვადასხვა პროექტისა და ინიციატივის წარდგენა დაგეკისრებათ. გაგვიზიარეთ თქვენი იდეები. - მაქვს საინტერესო პროექტებისა და კამპანიების იდეა. ჩემი პროექტები დაუკავშირდება მდგრადი განვითარების მიზნებიდან რამდენიმეს, მათ შორის გენდერსა და თანასწორობას, მშვიდობას, ჯანმრთელი ცხოვრების წესის დანერგვასა და ყველასთვის განათლების მიღების საშუალებას. ასევე, საქართველოს სახელმწიფო აპარატის მიხედვით ყურადღებას მივაქცევ სპეციალური საჭიროების მქონე ახალგაზრდებს, რომელთა ხმის გაჟღერებასაც აუცილებლად ვაპირებ. მნიშვნელოვანია ჩვენი აფხაზი და ოსი მეგობრების ჩართულობა იმ პროექტებსა და ღონისძიებებში, რასაც საქართველოში ჩავატარებთ.
აღვნიშნავ, რომ ძალიან საინტერესო ინიციატივა ჰქონდა გაეროს წინა წარმომადგენელს, გიორგი ტუმასიანს. „დიალოგი მომავალ თაობებთან“-ასეთი პროექტი შექმნა მან, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ყველაზე აქტიური და გამოჩენილი ახალგაზრდები საქართველოს პრეზიდენტს შეხვდნენ და ახალგაზრდობაში არსებულ პრობლემებსა და მიღწევებზე დისკუსია გამართეს. ამ ინიციატივას აუცილებლად გავაგრძელებ, რადგან ზუსტად ის არის, რაც ახალგაზრდობის წარმომადგენელმა უნდა გააკეთოს.
- ცოტა ხანში ნიუ-იორკში, გაეროს ასამბლეაზე წარსდგებით. 21 წლის ასაკში ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტრამპლინი იქნება თქვენთვის. რა საკითხებს გააჟღერებთ? - ასამბლეაზე წარმომადგენლები თავისი ქვეყნის ახალგაზრდობისთვის მნიშვნელოვან და ყველაზე აქტუალურ თემებზე საუბრობენ. მეც ასევე მოვიქცევი. ფეისბუქ გვერდიდან-„საქართველოს წარმომადგენელი გაეროში“, ახალგაზრდებს მთელი საქართველოს მასშტაბით მივმართე, რომ დამკავშირებოდნენ და მოეწერათ, რა პრობლემები აქვთ და რისი გაჟღერება სურთ. ამ ეტაპზე უკვე არსებობს კონკრეტული მონახაზი, რომელშიც განათლების საკითხი განსაკუთრებულად აქტუალურია.
- და ბოლოს, სად წარმოგიდგენიათ თავი 10 წლის შემდეგ? - გამომდინარე იქიდან, რომ პოლიტიკასაც და ფსიქოლოგიასაც ვსწავლობ, ორივე ეს დარგი ძალიან მაინტერესებს. ამ ერთი წლის განმავლობაში მექნება საშუალება, რომ უფრო კარგად გავეცნო იმას, თუ რას ნიშნავს იყო დიპლომატი და რას ნიშნავს, თუნდაც, გაეროში გამოსვლა. სახელმწიფოს ლიდერებს შევხვდები მთელი მსოფლიოდან. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის, რომ ვკითხო ჩემ თავს-რა იქცევს ჩემ ყურადღებას.
თუმცა, რაც ზუსტად ვიცი არის ის, რომ ყოველთვის დამაინტერესებს აქტივიზმი, პროექტების ჩატარება, განვითარება და განათლება. აუცილებლად ვხედავ ჩემ თავს „გაუფერადე სამყაროს“ დამაარსებლად და აქტივობების ფუძემდებლად, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციის ლიდერად და პოლიტიკოსადაც. თუმცა, ამ ეტაპზე ზუსტად ერთი სფერო არ მაქვს არჩეული და არც მიმაჩნია საჭიროდ, რომ მხოლოდ ერთი სფეროთი შემოვიფარგლო.