რა სიურპრიზები დახვდებათ 17 სექტემბერს პირველკლასელებს
13-09-2018
დაკოპირებულია
-
+
რამდენიმე დღეში ყველა საჯარო სკოლაში ზარი აწკრიალდება, რაც მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ამცნობს.
წელს, სკოლაში მისულ პირველკლასელებს ბევრი სიახლე დახვდებათ, რომელთა შორისაც განახლებული სახელმძღვანელოებია შემცირებული წონით. უცხო ენის შესწავლასაც ისინი მხოლოდ მეორე სემესტრიდან დაიწყებენ და ფიზკულტურის გაკვეთილსაც უფრო მეტ დროს დაუთმობენ.
საკითხის შესახებ დეტალურად Etaloni.ge-სთან სოფიკო ჭიაურელის სახელობის თბილისის N54 საჯარო სკოლის დირექტორმა ქეთევან ჩოქურმა ისაუბრა:
„როგორც ჩემთვის ცნობილია, პირველკლასელებისთვის ბუკებზე დასაკრობი სტიკერებიც მზადდება. ასევე, ახალი სახელმძღვანელოები, პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით.
პირადად ჩვენ სკოლაში ბავშვებს პერანგებზე დასამაგრებელ ემბლემებს დავურიგებთ. ბუკებზე ჩატვირთულია თითოეული საგნის პროგრამა, რასაც ბავშვები პირველ კლასში გადიან. აღსანიშნავია, რომ სახელმძღვანელოთა წონა შემცირდა და თითოეული მათგანი 200 გრამს არ აღემატება.
პირველკლასელები უცხო ენას მეორე სემესტრიდან ისწავლიან. ეს ძალიან კარგი სიახლეა. მომწონს ის სიახლეც, რომ მე-5 კლასის პირველ სემესტრშიც მოსწავლეების შეფასება მხოლოდ განმავითარებელი იქნება, ანუ ქულებით არ შეფასდებიან, რათა ადაპტაცია გაიარონ.
პირველი კლასიდან მე-4 კლასის ჩათვლით განმავითარებელი შეფასება, ანუ კომენტარები და რეკომენდაციები გამოიყენება. და ბოლოს, ფიზკულტურის გაკვეთილს საათები დაემატა - თუ ადრე კვირაში 2 საათი იყო, ახლა უკვე 3 საათი იქნება“-განაცხადა ქეთევან ჩოქურმა.