„5 წლის მიმიყვანეს სკოლაში, მაგრამ გამომაგდეს“ - როგორ იხსენებენ პირველ სექტემბერს ცნობილი ქართველები
1-ლი სექტემბერი საქართველოში მრავალი წლის განმავლობაში სწავლის დაწყების თარიღად იყო მიჩნეული. ამ დღეს იწყებოდა სწავლა ყველა საბავშვო ბაღში, სკოლასა თუ უმაღლეს სასწავლებელში. შესაბამისად, ამ დღეს ყველა გულის ფანცქალით ელოდა. ამ განცდის შესახებ „ეტალონს“ მოგონენები ცნობილმა ადამიანებმა გაუზიარეს.
ბესიკ ხარანაული – მწერალი: - თიანეთში ვიზრდებოდი. მთელი ზაფხული გარეთ ვიყავით. საქონელს დავდევდით, ვთამაშობდით და სახლში გვიან შევდიოდით. ვერთობოდით, მაგრამ მაინც რაღაცნაირი ერთფეროვანი ხდებოდა ცხოვრება და 1-ლი სექტემბერი რაღაც ახალი დღე იყო – თითქოს ერთი სივრციდან მეორეში გადავდიოდით. ამიტომ, ამ დღეს მუდამ ველოდებოდით. ახლა მიკვრის, რომ არ ელოდებიან ასე გულის ფანცქალით ბავშვები სწავლის დაწყებას.
1-ელ სექტემბერს აღარ იწყება ახლა სწავლა, მაგრამ ამ დღეს მე მაინც რაღაცნაირად ვიცავ გულში. - სულ პატარა ვიყავი, წერაც რომ ვიცოდი, კითხვაც, ანგარიშიც და, როგორც მეუბნებოდნენ, 5 წლისა მესამე კლასელის დონის ვიყავი. 5 წლის მიმიყვანეს სკოლაში და სწავლაც დავიწყე, მაგრამ გამომაგდეს. ავიღე ჩემი აბგა – ასე ვუძახდით მაშინ ჩანთას და წამოვედი სახლში.რატომ გამოგაგდეს?6 წლის არ ხარო. ამის გამო, 1 წელი ისევ საბავშვო ბაღის გაუნათლებელ ბავშვებში ყოფნამ მომიწია. ნოემბერში ვარ დაბადებული... ეს ამბავი ძალიან შეურაცხმყოფელი იყო მაშინ ჩემთვის. მეორე დღეს მაინც მივედი, მაგრამ კლასელებმაც აღარ შემიშვეს – სკოლის ადმინისტრაციას დაუდგნენ მხარში და კარს აწვებოდნენ... რას ვიზამდი, დაველოდე მეორე წელს და დავიწყე სწავლა. მას მერე მიყვარს 1-ლი სექტემბერი. სულ სხვაგვარი იყო ეს დღე. თითქოს ამინდი, ჰაერიც კი იცვლებოდა. ფერისცვალება დღესავით იყო. ახლა იმ დროის სიტკბო ვიგრძენი... მაგრამ რა შორია... გაიხედავდი და გადავსებული იყო 1-ელ სექტემბერს მთელი ქუჩა. თიანეთში მაშინ ერთი სკოლა იყო მხოლოდ...
ეკა ბესელია – პარლამენტის წევრი: 1-ლი სექტემბერი საოცრად ემოციური დღე იყო. მიყვარდა ძალიან. სკოლის გამორჩეული ფორმა გვეცვა, რომელსაც დედა მიმზადებდა. ყვავილებით და თეთრი ბაფთით მივდიოდი... ვულოცავდი ჩემს დამრიგებელს... მიყვარდა ჩემი სკოლა და სწავლის დაწყების დღე... ახლაც თვალწინ მიდგას, ისეთი ემოციური იყო ეს ყველაფერი.სკოლაში რომ შევედი, ჯერ 6 წლის არ ვიყავი. 5 წლის გახლდით და უკვე კითხვა ვიცოდი. ლექსს ვკითხულობდი კლასში შესვლამდე და ეს მახარებდა. ის ზეიმიც მახსოვს სკოლის ეზოში. მახსოვს, რაც მეცვა - თეთრი წინსაფარი და შავი სკოლის ფორმის კაბა. თეთრი ბაფთები თავზე…
მაკა ზამბახიძე – მომღერალი: 1-ლი სექტემბერი მუდამ ახალ ემოციებთან იყო დაკავშირებული და ყოველთვის განსაკუთრებულად აღვიქვამდით. საზაფხულო არდადეგების განცდების მეგობრებისთვის მოსაყოლად ვემზადებოდით ხოლმე. სასწავლო წლის დასაწყისი მუდამ კარგი იყო. მერე ჭირდა, როცა სწავლა იწყებოდა... ამ დღეს ემოციებს ვუზიარებდით ერთმანეთს და ვცდილობდით, შემართებით დაგვეწყო ახალი სასწავლო წელი. – პირველ კლასში მისვლა გახსოვთ?საერთოდ არ მახსოვს. თუმცა ფოტოები მაქვს შემორჩენილი და ვიცი, როგორ გამოვიყურებოდი. ჩემ დროს, თავიდან, ფორმები იყო. ცოტა მოგვიანებით კი თავისუფლად გვეცვა.
გიორგი კეკელიძე – პუბლიცისტი: 1990 წელს შევედი სკოლაში და ეს იყო გარდამავალი პერიოდი, ფაქტობრივად ქვეყანა იყო გაჩხერილი საბჭოთა კავშირსა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვას შორის. ანუ საბჭოთა სკოლაში შევედი, მაგრამ იქ საბჭოთა კავშირისა აღარაფერი იყო დარჩენილი. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ეს იგრძნობოდა იმ გარემოზე და ყოველდღიურობაზე, რომელსაც მე სკოლაში ვატარებდი. ყველაფრის მიუხედავად, სკოლაში შესვლა მახსენდება, როგორც რაღაც დიდისა და მნიშვნელოვანის დასაწყისი. მახსოვს, ჩანთა, თეთრი პერანგი და ფორმის შარვალი რომ მიყიდეს... მახსოვს, როცა სკოლაში მივედი, ვიღაცები ტიროდნენ, ვიღაცები იცინოდნენ, მაგრამ ორივე შემთხვევა ნიშნავდა იმას, რომ რაღაც დიდი და მნიშვნელოვანი იწყებოდა. ჩემი სკოლა ცოტა მოშორებით იყო ჩემი სახლიდან და რაღაც ხანი, სანამ ელექტროენერგია ჯერ კიდევ არსებობდა, ტროლეიბუსით დავდიოდი. მერე ფეხით მიწევდა სკოლამდე მისვლა და დაახლოებით 3 კილომეტრს გავდიოდი. გარდა იმისა, რომ ვიღლებოდით, კარგადაც ვერთობოდით გზაში, უამრავ ადამიანს ვხვდებოდით... პირველ ეტაპზე მშობლები მაცილებდნენ სკოლამდე, მერე დამოუკიდებლად დავიწყე სიარული და რეალურად ცხოვრებას ვსწავლობდით მთელი თავისი თავის ნიუანსებით. მძიმე პერიოდი იყო, ეს ყველაფერი ისახებოდა სწავლის პროცესზეც და სხვა ყველაფერზე. მასწავლებლებს პატივს ვცემდი, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ისევე როგორც ყველა ბავშვს, გაკვეთილზე ჯდომას ფეხბურთის თამაში ან სხვა სახის გართობა მერჩივნა.
დიდი არდადეგები გვქონდა ხოლმე და თითქოს ვვარდებოდით იმ სისტემიდან, რასაც სკოლაში შესვლა ერქვა. ყოველი 1-ლი სექტემბერი კი თავიდან იწყებდა ამ რიტუალს. არ მგონია, რომ ასეთი ტიპის თარიღები მაინცდამაინც საკრალურია. რა დროსაც მომზადებული იქნება საგანმანათლებლო სისტემა სკოლისთვის, მაშინ ჯობს სწავლის დაწყება. ჩემი თაობისთვის სწავლის დაწყება მაინც 1-ელ სექტემბერთან ასოცირდება, მაგრამ ახალი თაობისთვის ის უკვე სხვა თარიღია. მთავარია, კარგად ისწავლონ და ის 15 დღე, არა მგონია, გადამწყვეტი იყოს.
ნანა ფაჩუაშვილი – მსახიობი: 1-ლი სექტემბერი ჩემთვის მოლოდინის დღე იყო, რადგან მეგობრებთან შესახვედრად ვემზადებოდი. მაშინ სკოლის ფორმები გვეცვა, რომელიც აუცილებელი იყო. 1-ელ სექტემბერს კი შეგვეძლო იმ სამოსით მივსულიყავით, რომელიც ჩვენ მოგვწონდა. ამიტომ, ამ დღისთვის ვიკერავდი კაბას. ჩვენ კარგი განწყობით მივდიოდით სკოლაში და პედაგოგებთანაც კარგი ურთიერთობა გვქონდა. მათემატიკა, ფიზიკა და ქიმია მეჯავრებოდა და ამ საგნების მასწავლებლებიც არ მეხატებოდა გულზე, მაგრამ დანარჩენი საგნები, ჰუმანიტარულები, კი მიყვარდა. 1-ლი სექტემბერი ჩემთვის მაინც სასიხარულო დღე იყო. არც ვიცნობ ვინმეს, ვისაც 1-ლი სექტემბერი არ უხაროდა. ჩემი შვილიშვილი მომავალ წელს მიდის სკოლაში და ჩანთას დაინახავს თუ ფანქარს, უნდა, რომ ვუყიდოთ. მგონი, სკოლის დაწყებას საზეიმო განწყობა მუდამ ახლავს თან. თქვენი პირველი 1-ლი სექტემბერი თუ გახსოვთ?მართალი გითხრათ, ბუნდოვნად მახსოვს. ალბათ იმიტომაც, რომ ეს ძალიან დიდი ხნის წინ იყო... მერე კი მახსოვს, როგორ ვუვლიდი ჩემი სკოლის ფორმას. ყელსახვევებს ვატარებდით მაშინ. სანამ პიონერი გავხდებოდი, ერთი სული მქონდა...
ყველას ერთნაირად გვეცვა სკოლაში – შალის კაბები, თეთრი წინსაფარი და თეთრი ბაფთა. გრძელი ნაწნავები მქონდა და... მგონია, რომ კარგი იყო უნიფორმები. სულ ვაუთოვებდი... ხშირად ვიცვლიდი ყელსახვევს, რადგან ვწვავდი ხოლმე უთოთი. არ მომწონს, 1-ლი სექტემბერი რომ შეცვალეს. ამ დღეს თავისი დატვირთვა ჰქონდა და კარგად ჟღერდა. სკოლაში დამრიგებელს აქვს დიდი მნიშვნელობა და კარგ პედაგოგებს. პედაგოგმა უნდა შეგაყვაროს საგანი. მასწავლებელს მოსწავლე უნდა უყვარდეს და მოსწავლეს მასწავლებელი.
უსიყვარულოდ არაფერი გამოვა... მე–7 კლასში ვიყავი, ფრიადოსანი ბიჭი რომ შემიყვარდა და ის მიწერდა მათემატიკის მაგალითებს. ამის გამო, პირველი სასიყვარულო წერილი მე მივწერე. არ მომწონდა, მაგრამ ვიყენებდი – მიჰქონდა ჩემი რვეული და მიწერდა. ასე გრძელდებოდა მთელი წლები სკოლის დამთავრებამდე. მერე გაიყარა ჩვენი გზები. მე მსახიობი გავხდი, მას კი არ უნდოდა, რომ მსახიობი ვყოფილიყავი. ახლა ვფიქრობ, სწორად მოვიქეცი, რომ არ ავყევი ვნებათა ღელვას!