კიდევ 6 მოწამლული ბავშვი წყალტუბოში-მოკვლევის შედეგები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი
წყალტუბოდან ქუთაისის კლინიკაში მოწამვლის გამო კიდევ 6 ბავშვი გადაიყვანეს.
როგორც კლინიკის ინფექციურ დაავადებათა განყოფილების ხელმძღვანელი ნუგზარ მაღლაკელიძე აცხადებს, ჯერ მხოლოდ ვარაუდია შიგელოზზე, ანუ ნაწლავური ინფექციაზე, რომლის გამომწვევი მიზეზი, შესაძლოა, ბოსტნეული ან რძის ნაწარმი იყოს.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში ბავშვები მოიწამლნენ. შედეგად, 11 მცირეწლოვანი კლინიკაში მოხვდა, რომელთაგან 4 უკვე გაეწერა, 7 კი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, 6 საბავშვო ბაღში ბავშვების ინტოქსიკაციის ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა დაწყებულია. დასკვნის შედეგები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
„ეს არის ტიპიური ნაწლავური ინფექცია, საქმე გვაქვს „შიგელოსთან“. რაც შეეხება რაოდენობას, ჰოსიპიტალიზირებული სულ იყო, ბოლო დღეების მაძილზე, 26 ბავშვი, დღეს უკვე გაციებით ნაკლებია. გარდა ამისა მიმდინარეობს საკარდაკარო ჩამოვლა. რაც შეეხება მიზეზებს, ჯერ-ჯერობით ადრეა ლაპარაკი, მიმდინარეობს კვლევა, აქ არიან სურსათის ერვოვნული სააგენტოს წარმომადგენლები. ისინი იკვლევენ ყველა იმ პროდუქტს, რომლებიც იყო მიწოდებული ამ საბავშვო ბაღებში“ - აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის, გრიგოლ იოსელიანის განმარტებით, უახლოეს დღეებში აღნიშნულთან დაკავშირებით დაწყებული მოკვლევის შედეგები გახდება ცნობილი:
„ჩვენ ფაქტის დაფიქსირებისთანავე მოვახდინეთ რეაგირება, ჩაერთვნენ შესაბამისი სამსახურები და უკვე 2-3 დღეში გვექნება კვლევის შედეგები. ბავშვების მდგომარეობა, როგორც სტაციონარში, ასევე, ბინაზე დამაკმაყოფილებელია. სწავლა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 22-ვე ბაღში მას შემდეგ განახლდება, რაც ყველა საჭირო კვლევა დასრულდება“ - აღნიშნა მერმა.
საბავშვო ბაღების გაერთიანების გადაწყვეტილებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ყველა ბაღში, პრევენციის მიზნით, დროებით შეჩერებულია სწავლა. პროცესის გაგრძელების გადაწყვეტილება დასკვნის შედეგების შემდეგ იქნება მიღებული.