მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მშობლები პირველკლასელ შვილებს ხშირად ისეთ სკოლებში არეგისტრირებენ, რომლებიც მათი საცხოვრებელი ადგილიდან მოშორებით მდებარეობს. უმეტესობა აღნიშნულ გადაწყვეტილებას უკეთესი განათლების მიღების შესაძლებლობას უკავშირებს.
მშობლების ნაწილი სკოლებს მათი სამსახურის ადგილმდებარეობიდან გამომდინარეც ირჩევს. თუმცა, არსებობენ ისეთი კატეგორიის მშობლებიც, რომლებსაც თბილისში არსებული გადატვირთული სატრანსპორტო მოძრაობის მიუხედავად, ბავშვები გარეუბნებიდან დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში დაჰყავთ. მათი აზრით, თბილისის ცენტრალური უბნების სკოლები გარეუბნის სკოლებთან შედარებით უფრო განვითარებულია და შესაბამისად, მათი შვილები უკეთეს გარემოში მიიღებენ განათლებას.
Etaloni.ge აღნიშნულ საკითხზე მშობლებს და სკოლის დირექტორებს ესაუბრა.
მშობელი ნინო კიკნაძე, რომელიც გლდანში ცხოვრობს და შვილი საბურთალოს ერთ-ერთ სკოლაში დაჰყავს, ამბობს, რომ გადაწყვეტილება შვილის უკეთესი მომავლისთვის მიიღო. ნინო კიკნაძის განმარტებით, შვილს უკეთეს საზოგადოებასთან მოუწევს ურთიერთობა და უკეთეს განათლებასაც მიიღებს.
„ვფიქრობ, ჩემს შვილს უკეთეს საზოგადოებასთან ექნება ურთიერთობა, უკეთესი მეგობრები ეყოლება და ასევე ვფიქრობ, რომ უკეთეს განათლებას მიიღებს. მართალია, ქალაქში გადატვირთული მოძრაობის გამო ხშირად ვნერვიულობ, სანამ ჩემი შვილი სახლში დაბრუნდება, მაგრამ ვახერხებთ, რომ უსაფრთხოდ იაროს სკოლაში“, - განაცხადა ნინო კიკნაძემ.
ნათია მშვილდაძე კი იმ მშობელთაგანია, რომელმაც პირველკლასელი შვილი საცხოვრებელ სახლთან ახლოს მდებარე სკოლაში ვერ დაარეგისტრირა და უწევს, საცხოვრებელი სახლიდან მოშორებით მდებარე სკოლაში ატაროს ბავშვი.
„სამწუხაროდ, ვერ დავარეგისტრირე შვილი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სკოლაში და მიწევს მოშორებით ვატარო. კარგი იქნება ყველა უბნის მცხოვრებელს ევალებოდეს თავისი უბნის სკოლაში სიარული, ეს ნაკლებ პრობლემებს წარმოშობდა. უფრო კომფორტულია, როცა შვილი სახლთან ახლოს დადის სკოლაში - მშობელს არ უწევს არც ნერვიულობა და არც დროის კარგვა“,-განაცხადა მშვილდაძემ.
თბილისის 54-ე საჯარო სკოლის დირექტორის, ქეთევან ჩოქურის ცნობით, წელს პირველკლასელთა რეგისტრაციის დროს, ვაკის ადგილობრივ მოსახლეობას პრობლემები შეექმნა, თუმცა, უმეტესმა მათგანმა მაინც მოახერხა სკოლაში ჩარიცხვა.
ქეთევან ჩოქური ფიქრობს, რომ უკეთესი იქნება, თუ მშობლები სკოლების არჩევისას საცხოვრებელ ადგილს გაითვალისწინებენ. მისივე თქმით, 54-ე სკოლაში სხვადასხვა უბნებიდან სკოლის მოსწავლეების დაახლოებით 15% სწავლობს.
„ჩვენს სკოლაში დადიან სხვადასხვა უბნებიდან ბავშვები, მათ შორის, გარეუბნებიდან. პრობლემები შექმნა პირველკლასელთა რეგისტრაციის დროს ადგილობრივ მოსახლეობას, ალბათ, სიმრავლემ განაპირობა და მოთხოვნაც ძალიან გაიზარდა ჩვენს სკოლაზე. მგონია, რომ მშობლებმა სკოლების ტერიტორიული სიახლოვე უნდა გაითვალისწინონ.
გამოკითხვა ჩავატარე თუ რა განაპირობებს მოთხოვნას ჩვენს სკოლაზე და ბევრი მშობელი სხვა მშობლების რეკომენდაციას ითვალისწინებს. ისინი ამ რეკომენდაციას აძლევენ ალბათ იმიტომ, რომ აკადემიური კუთხით, ჩვენი პედაგოგები ძალიან კეთილსინდისიერად, მაქსიმალური ენერგიის ჩადებით მუშაობენ. ჩვენ ასევე, ძალიან დიდი ყურადღებას ვაქცევთ არაფორმალურ განათლებას და სკოლის კულტურას. არის გარკვეული კატეგორია მშობლების, ვინც ამას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თუ რა ღირებულებებზე დგას სკოლა და რა კულტურა აქვს“,-აღნიშნა ქეთევან ჩოქურმა.
თბილისის 61-ე საჯარო სკოლის დირექტორის, შორენა ღუდუშაურის თქმით, 61-ე სკოლაში სხვა უბნის ბავშვებიც სწავლობენ მაგრამ ძირითადად მაინც საბურთალოს მცხოვრები არიან.
„პირველკლასელთა რეგისტრაციის დროს, რა თქმა, უნდა შეიქმნა პრობლემები და ყველა ვერ მოხვდებოდა ვინც ახლოს ცხოვრობს. ეს იყო დროის ფაქტორი, ვინც მოასწრებდა ის რეგისტრირდებოდა. ჩვენ შეძლებისდაგვარად ყველა გავითვალისწინეთ, ვინც კი ახლო ტერიტორიაზე ცხოვრობს. ისინი წერენ განცხადებას და მოწვეულების დამატებას ვაკეთებთ, ვარეგისტრირებთ და ჩავრიცხავთ სკოლაში. 61-ე სკოლაში ძირითადად ჩემი უბნის ბავშვები სწავლობენ, მაგრამ მოთხოვნა არის სხვა უბნებიდანაც. ჩვენ ყველა უბნიდან ვღებულბთ მოსწავლეებს“, - განაცხადა ღუდუშაურმა.
41-ე სკოლის დირექტორი რევაზ ჯავახიშვილის თქმით კი ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს უფლება ისწავლოს იქ, სადაც სურს.
„ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს უფლება ისწავლოს იქ, სადაც სურს, ეს არის ადამიანის უფლებათა დეკლარაციიდან. რასაკვირველია, ცუდია, როცა სკოლის გვერდზე კორპუსში მაცხოვრებელი ბავშვი ვერ ხვდება საგანმანათლებლო დაწესებულებაში და იძულებულია 10-15 კმ-ის დაშორებით იაროს სკოლაში. ალბათ, კვოტა უნდა იყოს შემოღებული იმისთვის, რომ უბნის მცხოვრებებმა მოახეროხნ ამა თუ იმ სკოლაში დარეგისტრირება“, - განაცხადა ჯავახიშვილმა.
კითხვაზე თუ რა განაპირობებს მშობლების სურვილს, რომ ბავშვებმა გარეუბნიდან ცენტრალური უბნის სკოლებში ისწავლონ, 41-ე სკოლის დირექტორი ამბობს, რომ ეს ბევრი მიზეზით შეიძლება აიხსნას.
„ალბათ, მათ მშობლებს მიაჩნიათ, რომ ხარისხია უფრო მაღალი ან მშობლები მუშაობენ ქალაქის ცენტრში და უნდათ, რომ შვილი მიიყვანონ ახლომახლო სკოლაში, სამსახურთან. ბევრი მიზეზი შეიძლება არსებობდეს“, - აღნიშნა რევაზ ჯავახიშვილმა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„მოსწავლეების მოთხოვნით ამოვიღეთ ეს ნაწარმოებები პროგრამიდან“... - პრემიერი განათლების სისტემაზე საუბრობს
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა მოსწავლეთა თვალებიდან წამოსული სითბოა, რაც მაგრძნობინებს მათ მზაობას ჩემს მოსასმენად“
სკოლაში თვითმმართველობის თავმჯდომარის აქტიურობა ახარებთ