„ჩემს მეგობარს ეტალონი მოსწავლე ჰქვია - ეს ყველაზე მაგარი შეგრძნებაა“ - სენაკში „ეტალონის“ კონკურსმა ემოციურად ჩაიარა
გუშინ, სენაკის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში „ეტალონი“ გაიმართა. ინტელექტ-ჩემპიონატის ფარგლებში „სენაკის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა. ამ მნიშვნელოვან და ყველა მოსწავლისთვის საოცნებო ტიტულს თეკლათის საჯარო სკოლის, მეათე კლასის მოსწავლე გიორგი ხურცია დაეუფლა.
გიორგი, რომელიც წელს „ეტალონში“ პირველად მონაწილეობდა, გამარჯვების შემდეგ ემოციებს ვერ მალავდა. წარმოიდგინეთ, იმ მოსწავლის ემოციები, რომელიც თავისი რაიონის 75 ნიჭიერი ახალგაზრდიდან თავად გახდება „ეტალონი-მოსწავლე“...
გიორგი: „რთულია ამ დროს ემოციების გარეშე საუბარი. ძალიან აღელვებული და ბედნიერი ვარ. დიდ მადლობას ვუხდი ბატონ გოჩას ამ პროექტისთვის. დიდი მადლობა მთელს ჯგუფს და აქ დამსწრე საზოგადოებას. ეს არის პროექტი, სადაც საკუთარი თავისა და ცოდნის გამოვლენას სწავლობ. მეტად თავდაჯერებული ხდები...“
ჩვენი სპეციალური კორესპონდენტი, რომელიც სენაკში ღონისძიებას ესწრებოდა, აღნიშნავს, რომ გიორგის გამარჯვებას დარბაზში განსაკუთრებული ემოციები მოჰყვა. მეგობრებიდან ერთ-ერთმა გოგონამ, თავი ვერ შეიკავა და გამარჯვებულის გამოცხადების შემდეგ სცენაზე ავიდა.
სესილი თალაყვა: „სენაკის ეტალონი მოსწავლე ჩემი მეგობარი გახდა. ასეთ დროს ძალიან ბედნიერი და ამაყი ხარ. თავი ვერ შევიკავე და მისი სახელის გამოცხადებისთანავე სცენაზე გავჩნდი. ჩემს მეგობარს სენაკის ეტალონი მოსწავლე ჰქვია - ეს ყველაზე მაგარი შეგრძნებაა. მართლა ყველაზე მაგარი პროექტია ეტალონი .“
ღონისძიებას ესწრებოდა გამარჯვებულის დეიდა
მზია ფოჩხუა, რომელიც დის შვილის წარმატებით ამაყი და ბედნიერი გახლდათ:
„მადლობელი ვარ დღევანდელი ღონისძიების ორგანიზატორების. აქამდე გიორგის არასოდეს მიუღია მონაწილეობა ეტალონის ჩემპიონატში. საამაყოა რომ მან პირველივე ჯერზე მიიღო „ეტალონი მოსწავლის“ ტიტული. ალბათ ნებისმიერ მშობელს გაუჭირდება ასეთ დროს სიტყვების პოვნა. ერთდროულად ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ“
სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ,
გოჩა ბაღათურიამ, რომელიც ღონისძიებას ესწრებოდა მადლობა გადაუხადა „ეტალონის“ ორგანიზატორებს და პროექტის მნიშვენლობასა და აუცილებლობაზე ისაუბრა:
„მინდა წარმატება ვუსურვო და დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ გოჩა ტყეშელაშვილსა და მთლიანად „ეტალონის“ შემოქმედებით ჯგუფს. ალბათ, ყველა დამეთანხმება, რომ პროექტს ძალიან დიდი მნიშნელობა აქვს მთელი საქართველოსთვის. ეს არის ნამდვილად ერთ-ერთი აუცილებელი გზა წარმატებისკენ . წარმატებას ვუსურვებ თითოეულ მოსწავლეს, რომლებიც ყოველწლიურად დიდი მონდომებით ემზადებიან „ეტალონის“ ჩემპიონატისთვის...“
სენაკის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი
დარეჯან ზარანდია, ერთგული მეგობარია „ეტალონის“ და ამჯერადაც სრული მხარდაჭერა გამოუცხადა პროექტს.
„ჩვენი რაიონი წლიდან-წლამდე, ტრადიციულად, დიდი მონდომებით ემზადება „ეტალონისთვის“. აღსანიშნავია მოსწავლეებისა და მასწავლებლების აქტიურობა. თქვენი პროექტი ძალიან დიდ საქმეს უწევს ჩვენს საგანმანათლებლო სისტემას, მოსწავლეებში სწავლის მიმართ ინტერესს აღვივებს და უჩენს სურვილს იყვნენ წარმატებულები. მინდა ბატონ გოჩას მადლობა გადავუხადო ამ ძალიან დიდი მამულიშვილური საქმისთვის...“