სიახლეები
საინტერესო

„აკვანი“ - გარდაცვლილ ანა ლაშხელი ონიანის მოთხრობა, რომელმაც ქართველები შეძრა
01-03-2019
-
+


32 წლის მწერალი ანა ლაშხელი ონიანი 2018 წლის ოქტომბრის თვეში გარდაიცვალა. მას კუჭის სიმსივნე დაუდგინეს. ახალგაზრდა მწერალი თურქეთში მკურნალობდა, სადაც ქიმიოთერაპიის კურსიც ჩაუტარდა, თუმცა მიუხედავად ამისა, ანა უკურნებელმა სენმა მაინც იმსხვერპლა. 

Etaloni.ge  გთავაზობთ ანა ლაშხელი ონიანის მოთხრობას „აკვანი“, რომელიც სასკოლო სახელმძღვანელოში არის შესული.

,,ბაბუას წერილი ნინიკოს:

,,დღეს ყველაზე ბედნიერი და გახარებული დავწექი დასაძინებლად…ჩემი პატარა ნატვრისთვალი დაიბადა. როგორც იქნა ღმერთმა წყალობის თვალით გადმოხედა ჩვენს ოჯახს, ამდენი ხნის ნანატრი შვილიშვილი ჩაგვისვა კალთაში… მე ბაბუა ერთი უბრალო ბერიკაცი ვარ… წესივრად შეიძლება ზღაპარიც კი ვერ მოგიყვე… სათვალეც კი არ მიშველის ჩემი დაფსობილი თვალებით წიგნი წაგიკითხო… მაგრამ მე შენთვის ახალ ზღაპრებს დავწერ ბაბუ… მოვიფიქრებ და ზეპირად მოგიყვები… შენ სანამ მიხვდები რომ ბაბუაშენს კარგად წერა კითხვაც კი არ ეხერხება, მეყოლები კალთაში და მოგიყვები ჩემს გამოგონილ ზღაპრებს… მერე კი… მერე რად გინდა ბაბუ ჩემი ზღაპრები… თვითონ ისწავლი კითხვას და დაფრთიანდები… და მანამდე მე შეგაყვარებ ჩვენს დალოცვილ სოფელს… ჩვენს ანკარა წყაროებს… ჩვენს ბებერ მურას და ჩირივითჩამომხმარ ბებოსაც კი… რომელსაც დღესაც ნინიკელასვუძახი, თითქოს ის პატარა გოგო იყოს მე რომ პირველად ვნახე… შენ შეიძლება ისეთი კარგი გოგო დადგე, დაჩაჩანაკებულ ბებრებს წყალს არ გვაკლებდე, დაკარგულ ჯოხს მოგვირბენინებდე და მურას ყეფაზე გარეთ ჩემს ნაცვლად გახედავდე სტუმარს… შეიძლება ისეთი კარგიც იყო რომ ბაბუს თუთუნიცამოურბენინო სოფლის კენკელა მაღაზიიდან… მაგრამ შეიძლება ისეც მოხდეს, რომ საერთოდ არცერთი ამ საქმეთაგანი არ დაივალო… შენ მაინც ბაბულიას გოგო იქნები… თვალხატულა და ჰაერივით სიფრიფანა…

ახლა შენს სიცხიან ქალაქში მოვდივარ ბაბუ… თან მომაქვს შენი პატარა ჩიტებით მოხატული აკვანი… ეს აკვანი საგანგებოდ შენთვის შევარჩიე… წესიერად თვლა რომ ვიცოდე დავთვლიდი კიდევ ბაბუ რამდენი აკვანი გამოვთალე და სულ რომ მეკითხებიან სოფელში ბერიკაცები ვუპასუხებდი კიდეც… მაგრამ მაგას რა მნიშვნელობა აქვს ბაბუ… რაც გამოვთალე და გავაკეთე ყველა სიყვარულით და სითბოთი მიკეთებია… სულ იავნანას დავამღერებდი ხოლმე და ასე მგონია ესმოდათ კიდეც ჩემი ამ დალოცვილებს… ანგელოზებისთვის ვაკეთებდი და ანგელოზები მეხმარებოდნენ… ისე მიხაროდა ბაბუ ჩემს ჭიშკართან რომ კაცი დაიძახებდა აკვანი უნდა შეგიკვეთოო, ეს ხომ ახალი სიცოცხლის დაბადებას ნიშნავდა… უკანასკნელი ძალა მოვიკრიბე რომ შენთვისაც ჩემი ხელით გამეკეთებინა ეს აკვანი… აბა ქალაქში ნაყიდი აკვანი ბაბუ რა იქნება… ქალაქში გაზრდილი ხეც არ ვარგა… სხვა მადლი აქვს ჩვენს ხეებს… შენს შვილიშვილებს ეყოფა ეს აკვანი ისეთი ხისგანაა გამოყვანილი… რამდენი შაირის მოყოლება ვიცი ხოლმე…

ახლა მატარებელი გუგუნით უახლოვდება დედაქალაქს… ჩემი გამოყრუებული დედაკაციც გვერდში მიზის… მეტი ჩვენ ვეღარ შევძლებთ მგონია რომ ჩამოვიდეთ ქალაქად… ესეც რომ არ იყოს მეთექვსმეტე სართულზე რა ამიყვანს კიდევ ერთხელ ბაბუ… სად შეუძლია ცაზე სიარული ჩვენს ბებერ მუხლებს… გენაცვალე შენ ბაბუ… შენ მომეცი ახლა ამის ძალა რომ ისევ დავდგომოდი ამ გრძელ და ხმაურიან გზას… ჩვენი ადესაც აქვე მიდევს და ალბათ მამაშენს ერთი სული აქვს ყელს როდის გაისველებს ჩვენებური ღვინით… კი იქნება ახლა ქეიფის ხასიათზე… ვარია შევწვით… აბა მანდ შემწვარი ქათამი რა მისართმევია სტუმრებისთვის… სულგუნიც კი გამოიყვანა თავისი მიმჭკნარი ხელებით ბებიაშენმა… და ზედ ჯვარი გამოსახა შენს სახელზე ბაბუ… შოთი პურები ვერ გამოვაცხვეთ მარა არ გეწყინოს… დაბერდა ბებიაშენი და ძალა აღარ აქვს… აპატიე ბაბუ.

ისე მიცემს გული ამ მატარებლის გუგუნშიც კი მესმის ხმა მკერდიდან… როდის გნახავ და შეგავლებ თვალს ჩემო თვალხატულა… აი გაჩერდა მატარებელი და ამ წერილის წერას თავს ვანებებ, იმდენი რამე მაქვს მოსაყოლი მაგრამ დამთავრდა გზა და არაა ჩემი ბრალი… არა უშავს ცოტას აქითობას მოგწერ ბაბუ კიდევ…“

ტკივილით და სევდით მაქვს ბაბუ გული სავსე… როგორღაც ამოვბობღდით მეთექვსმეტე სართულზე მე და ბაბებიაშენი, სული ძლივს ამოვიტანეთ… მარა რათ გინდა… ჩამაგვამწარა სიხარული დედაშენმა და მამაშენმა, მე იმ დახვედრას და მიღებას არ ვჩივი ბაბუ მაგენმა რომ იციან… რა ეშმაკი გამაჩერებს ამ ციხეში ძალიანაც რომ შემეხვეწონ… მაგრამ შენი კოცნის უფლება კი მქონდა ბაბუკელა… რამდენჯერ სიზმარში დამსიზმრებიხარ… რამდენჯერ წარმომიდგენია ეს დღე მაგრამ ამას როგორ ვიფიქრებდი… ბევრი რომ არ მოგაბეზრო თავი წუხელ შუაღამეზე დედაშენის და მამაშენის ჩხუბმა გამაღვიძა… ისეთი გაბრაზებული იყო დედაშენი თითქოს კეთროვნები ვყოლოდით სახლში, მამაშენს უჩიოდა რა უნდოდათ რომ ჩამოვიდნენ… ვერ მოესწრებოდნენ ჩვენს ჩასვლას და ნახვასო? ეს ეშმაკის მოგონილი აკვანი რომ ჩამოათრიეს სირცხვილით თავი სად გამოვყოო ახლა… რა დროს ასეთი სისულელეებია… მაგაში ჩავაწვენ ეხლა ჩემს ნანატრ შვილსო, მომაცილე თორემ ფანჯრიდან გადავაგდებ იცოდეო… მამაშენი კი ეუბნებოდა რაღაცას მაგრამ მე მეტი არაფერი გამიგონია… გული ხელით მეჭირა და გათენებას ასე დაველოდე… მოვკიდე დილას ხელი ჩემს დედაკაცს და აკვანს და უსიტყვოდ წამოვედი… ისიც კი ვერ მოვახერხე შენთვის მეკოცნა… წვერები გაგეპარსა მაინცო დედაშენმა… ვერ დავიმახსოვრე შენი სახე ბაბუ… რომ სიზმარში მაინც დამსიზმრებოდი… მე მანდ რა გამაჩერებდა… ვზივარ ახლა ამ ვაგონში და ვუსმენ ბებიაშენის ქვითინს, ვიღაცამ მკითხა შვილები არ გყავთო… დედაკაცმა იმთავითვე უპასუხა – არაო და გული ჩამწყდა… თითქოს მეხი დამეცა მკერდზე და ჩაიტანა ჩემი გულმკერდი ქვესკნელში… ამ აკვანს კი ვაჩუქებ სოფელში ვინმეს… თუ სადმე ერთი ბავშვი დაიბადება მაგრამ მე ხომ ის შენი სიყვარულით გავაკეთე… მინდოდა შენ დაგეძინა და ჩემი ლოცვა – მადლი დაგფენოდა სასთუმალთან ბაბუ… არასოდეს არ დაგავიწყდეს რომ ადამიანები მგლები არიან და ცხვრად ნუ მოაჩვენებ თავს თორემ შეგჭამენ ბაბუ… დაუნდობლად შეგჭამენ… მიყვარხარ ბაბუ… ნეტა ისეთი ქალი დადგებოდე ჩემს საფლავთან მოსული ამას ჩამომძახებდეს: „რა შვილიშვილი გაგეზარდა ამირანო…“ მაგრამ მე ორი პარასკევი მიკლია და ალბათ ორ პარასკევში ეს არ მოესწრება… უფალს ებარებოდე ჩემო მესისხლევ… გენაცვალოს შენი ბაბულია”.

ეს წერილი რომ წავიკითხე დედაჩემი მძიმედ იყო ავად, არც კი ვიცი რატომ გადმომცა 20 წლის მერე, შესაძლოა სინანულის გამო… მაგრამ მე ვიცი რომ ასეთი საქციელი ადამიანს ოდესმე ახსენებს თავს და თვითგვემაში ვარდება… სწორედ ასე იყო დედაჩემიც… უკურნებელ სენს ებრძოდა მაგრამ ეს არაფერი იყო მისთვის… ცდილობდა ამქვეყნიური ცოდვები მოენანია და სულ ლოცვაში ატარებდა დღეებს… და როცა დედა აღარ იყო, მისგან დატოვებული ასეთი წერილი მივიღე:

,,ადამიანებს მხოლოდ ცხოვრება გვასწავლის ადამიანობას… შეხედე შენს თავს სარკეში, და რაც ჩემი მსგავსი დაინახო დაასამარე… წაშალე და დაივიწყე შვილო… შენს თვალებში აუცილებლად ნახავ ბაბუას სახეს… მის ლამაზ სულს და ეცადე ამ სულით იცხოვრო… გაგიჭირდება სიკეთით ცხოვრება, მაგრამ სჯობს შენ დაგიშავონ რამე ვიდრე სხვას ატკინო… არ მისცე თავს უფლება ჩემი გენი დაგეპატრონოს… ებრძოლე ჩემს ცუდს შენში შვილო… და ილოცე ჩემი სასტიკი სულისთვის… ილოცე გთხოვ“.

მას შემდეგ წლები გავიდა… როგორც იქნა ექიმის დიპლომი ავიღე და ოჯახიც შევქმენი… ისეთი ბედნიერი ვიყავი როცა გავიგე, რომ პატარას ველოდებოდი… მეუღლე სიხარულით ცას ეწვია, სახლის სხვენი გამოაღო… გამიკვირდა იქ რას ეძებს მეთქი… სხვენიდან დიდი რახარუხით რაღაც ჩამოიტანა კიბეზე… სახტად დავრჩი… მითხრა ჩვენი შვილი აკვანში უნდა გაიზარდოს როგორც ნამდვილი ქართველიო… მეც ამ აკვანში გავიზარდე და ჩემი შვილიც ასე იქნებაო, გამეცინა… რა დროს აკვანია საიდან მოიტანე, ან სად ნახეთქო… სიტყვა ბანზე ავუგდე… ოცდაშვიდი წლის წინ მამას და დედას, რომელიც ჩემზე ორსულად ყოფილა, მატარებელში ვიღაც მოხუცებთან უმგზავრიათ და იმათ უჩუქებიათო… გავშრი… მერე დიდხანს, გაგიჟებით ვკოცნიდი დამტვერილ… დაობებულ აკვანს და დროდადრო ტირილნარევი სიცილით ავხედავდი მეუღლის გაოცებულ თვალებს…"


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცენტრის განცხადებაში განსაზღვრულია თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა 

2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ბავშვების შემოქმედებითი უნარებით დამსწრე საზოგადოება აღფრთოვანებული დარჩა

სკოლაში გააზრებული აქვთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის არა მარტო თეორიული ცოდნის გადაცემა, არამედ პრაქტიკული სწავლებაც

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს 

სასწავლო მიზნის მისაღწევად ჩატარდა დაგეგმილი აქტივობა „სასწავლო გაჩერებები“, რომელებიც ემსახურებოდა ახალი ცოდნის სტრუქტურის შექმნას 

საინტერესო

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

რატომ და როდიდან ვრთავთ ნაძვის ხეს საახალწლოდ?

სიახლეები
საზოგადოება