მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით, დეკრეტული შვებულება ორსულობის, ბავშვის გაჩენისა და მოვლის მიზეზით გაიცემა. მისი მინიმალური რაოდენობა 730 კალენდარული დღეა, რომელთაგან 183 კალენდარული დღე ანაზღაურდება. დამსაქმებლებთა ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფომ დეკრეტული შვებულების დაფინანსება საკუთარ თავზე აიღო, თუმცა სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენელს განსხვავებული პირობები აქვთ, მათ შორის პედაგოგებს, რომელთაც სახელმწიფოსგან გამოყოფილი თანხის პარალელურად ანაზღაურებადი შვებულების მიღება შეუძლიათ. მაგრამ, სამწუხაროდ, მასწავლებელთა ეს უფლება ხშირად ირღვევა. სწორედ ამ თემებზე სასაუბროდ Etaloni.ge საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტს, გიორგი ანთაძეს და საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ვიცე პრეზიდენტს საფინანსო დარგში, ნათია კორძაძეს გაესაუბრა.
როგორც გიორგი ანთაძე Etaloni.ge-სთან განმარტავს, შრომის კოდექსი დეკრეტული შვებულებისთვის დღეთა მინიმალურ რაოდენობას განსაზღვრავს, რომლის გაცემაც დამსაქმებლისთვის სავალდებულოა. თუმცა, მისი სურვილის შემთხვევაში, კანონი არ კრძალავს, რომ დეკრეტული შვებულება მეტხნიანი იყოს.
- რას ნიშნავს დეკრეტული შვებულება?
- შრომის უფლებების მიხედვით შვებულებას დეკრეტულს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო უწოდებენ. დეკრეტული შვებულება ჯამში 730 კალენდარული დღის ოდენობით შეიძლება იქნეს გაცემული. ასევე, დეკრეტული შვებულების გაცემა შესაძლებელია შვილად აყვანის დროს - 550 დღის ოდენობით. აღსანიშნავია, რომ შრომის კოდექსი მინიმალურ სტანდარტებს გასაზღვრავს და დამსაქმებელს შეუძლია მეტი დღით გაუშვას დაქირავებული დეკრეტულ შვებულებაში.
- როგორ გაიცემა ანაზღაურება დეკრეტული შვებულების დროს?
-183 კალენდარული დღე ანაზღაურდება, ხოლო დანარჩენი უხელფასოა. როცა ეს ნორმები მიიღეს, აზრთა სხვადასხვაობა იყო - ხომ არ იქნებოდა ეს დიდი ტვირთი დამსაქმებლისთვის, რომ ამდენი დღე გადაეხადა დეკრეტული შვებულების ხელფასი. ამიტომ, სახელმწიფო უზრუნველყოფს ამ ხელფასის გადახდას, რაც შრომის კოდექსის 25-ე მუხლის მიხედვით, 1000 ლარზე მეტს არ მოიცავს. ეს ეხება როგორც საჯარო სექტორს, ასევე კერძო კომპანიებსაც.
- დეკრეტული შვებულება მხოლოდ ქალბატონებს ეკუთვნით, თუ შესაძლებელია ის მამაკაცმაც მიიღოს, მას შემდეგ რაც მამა გახდება?
- ამ საკითხთან დაკავშირებით იურისტებში აზრთა სხვადასხვაობაა. კანონს პირდაპირ თუ წავიკითხვათ, გვეუბნება, რომ დეკრეტული შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის მიზეზით გაიცემა. შესაბამისად, სამივე მათგანის არსებობა აუცილებელია. აქედან გამომდინარე, მხოლოდ ქალბატონებს შეუძლიათ ამგვარი შვებულების აღება. თუმცა პრაქტიკაში ვხედავთ, რომ გარკვეული ორგანიზაციები მამაკაცებსაც აძლევენ დეკრეტულ შვებულებას, როგორც ბავშვის მოვლისთვის განკუთვნილ დროს.
- პროფესიების მიხედვით თუ არის სხვაობა დეკრეტული შვებულების დროს?
- პროფესიული კუთხით შეიძლება იყოს განსხვავება, თუმცა ეს არა საკანონმდებლო დონეზე, არამედ ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდება.
Etaloni.ge პროფესიულ და კონკრეტულად, მასწავლებლებთან დაკავშირებულ შრომით უფლებებზე საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ვიცე პრეზიდენტს საფინანსო დარგში, ნათია კორძაძეს გაესაუბრა. მისი განცხადებით, პედაგოგები დეკრეტული შვებულების დროს როგორც უპირატესობას, ასევე დისკრიმინაციას განიცდიან:
„საჯარო სკოლის მასწავლებელს აქვს განსხვავებული შვებულება, არანაკლებ 40 სამუშაო დღისა. ისინი ასევე ჯანმრთელობის დაზღვევის განსხვავებულ პაკეტს იღებენ. რაც შეეხება დეკრეტული შვებულების საკითხს, მათ ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთი შეღავათი ეძლევათ, თუმცა - პრობლემის პარალელურად. რას ვგულისხმობთ: საერთოდ, მასწავლებლის შვებულება მის ნება-სურვილზე არ არის დამოკიდებული. ის მხოლოდ ივლისი-აგვისტოს პერიოდში ისვენებს, გამომდინარე იქიდან, რომ სასწავლო პროცესი ამ დროს სკოლაში არ მიმდინარეობს. სწორედ ამიტომ, დეკრეტული შვებულების ანაზღაურების წესში პედაგოგისთვის ცალკე ჩანაწერი არსებობს, სადაც წერია, რომ დეკრეტული შვებულების დროს პედაგოგი 1000 ლართან ერთად (რომელსაც სახელმწიფო ბავშვის გაჩენისა და მოვლის გამო გასცემს), ანაზღაურებად შვებულებას სრული ოდენობით იღებს. მიუხედავად ამისა, არის შემთხვევები როცა დამსაქმებლები მასწავლებლის უფლებებს არღვევენ, ანუ შვებულების თანხას აღარ უმატებენ, რადგან დეკრეტულ შვებულებას შრომის კოდექსი არეგულირებს, სადაც ჩაწერილია, რომ დამსაქმებელს უფლება აქვს დაქირავებულს ანაზღაურებადი პერიოდი მისცეს, თუმცა ვალდებული არ არის. სწორედ ეს ჩანაწერი დამსაქმებლების 95 პროცენტს საჯარო სკოლაში აღნიშნულზე უარის თქმის უფლებას აძლევს. მაშინ როდესაც საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ნათლად არის ჩაწერილი, რომ საჯარო მოხელის შემთხვევაში დეკრეტული შვებულების ანაზღაურებად პერიოდზე შევსებას დაწესებულება სრულად გასცემს. ხოლო მასწავლებლები რადგან არ არიან საჯარო მოხელეები, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო დაწესებულებაში მუშაობენ, მათ მხოლოდ შრომის კოდექსი ეხებათ. სწორედ ამიტომ, სოციალური გარემოდან გამომდინარე, მასწავლებლები იძულებულნი არიან თუნდაც ერთი თვის ბავშვი დატოვონ სახლში, გამოვიდნენ სამსახურში და მუშაობას შეუდგნენ“.
ნათია კორძაძის განცხადებითვე, პედაგოგთა დეკრეტულ შვებულებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებზე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მუშაობა მიმდინარეობს:
„ბიულეტენთან დაკავშირებითაც 2017 წლამდე მასწავლებელთა უფლებები შელახული იყო, რადგან მასწავლებლის ხელფასი სპეციფიკიდან გამომდინარე ყველა სხვა დარგთან შედარებით რთულად ფორმულირებლია. 2017 წლის ივლისამდე მათ ბიულეტენის თანხის მხოლოდ ნაწილი უნაზღაურდებოდათ. ჩვენმა ორგანიზაციამ დიდი შრომა გასწია ამ საკითხის მოსაგვარებლად და ძირეული შესწავლის შემდეგ ბიულეტენის ანაზღაურების წესში ისეთი ცვლილება შევიდა, რომელიც მასწავლებლის შემთხვევაში გამონაკლისს მოიცავს, რაც გულისხმობს იმას, რომ მასწავლებელს ბიულეტენზე ყოფნის პერიოდში თანხა ხელფასის სრული ოდენობით უნდა აუნაზღაურდეს. ანალოგიურად, დეკრეტულ შვებულებასთან დაკავშირებით ვცდილობთ საკანონმდებლო სივრცეში მკაცრად ჩაიწეროს, რომ როგორც საჯარო მოხელემ, ასევე პედაგოგმა დეკრეტული შვებულების ანაზღაურებად პერიოდზე თანხა ხელფასის სრული ოდენობით მიიღოს. ეს საკითხი ასევე პრობლემატურია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში და მხოლოდ ერთი გამონაკლისია - თბილისი, სადაც მერიამ დაუშვა ის ფაქტი, რომ მხოლოდ დედაქალაში, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში დასაქმებულებს დეკრეტული შვებულების ანაზღაურებად პერიოდში ხელფასი სრული ოდენობით ეძლევათ“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ელექტრონული ჟურნალში სემესტრული ცვლილებების შეტანის ბოლო ვადა ცნობილია - ინფორმაცია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციისთვის
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა განწყობისა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს
როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა