მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„არ არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც სპეცმასწავლებლებს ამზადებს... შესაბამისად, სპეციალური მასწავლებლების უდიდესი დეფიციტი იქმნება“,- აღნიშნულის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამის მენეჯერმა, სალომე ჩარკვიანმა etaloni.ge - სთან საუბრისას განაცხადა.
თავის მხრივ, კადრების ნაკლებობასთან ერთად, არაკვალიფიციურ სპეციალურ მასწავლებლებზე საუბრობს არასამთავრობო ორგანიზაციის „ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ“ ხელმძღვანელი მარი კორკოტაძე და აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს ინკლუზიური განათლების განვითარების პოლიტიკური ნება არ გააჩნია.
აღსანიშნავია, რომ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ etaloni.ge -სთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, დღეის მდგომარეობით, საჯარო სკოლებში 7 800-ზე მეტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) მოსწავლე და 1 005 სპეციალური მასწავლებელია.
იმის გათვალისწინებით, რომ დაახლოებით 500-მდე სკოლას საერთოდ არ ჰყავს სპეციალური მასწავლებელი, ხოლო რომელ სკოლებსაც ჰყავთ, მათი რაოდენობა არსებულ საჭიროებაზე ნაკლებია, ნათლად ჩანს, რომ საგანმანათლებლო სფეროში სპეციალური მასწავლებლების უდიდესი დეფიციტია. აღნიშნულს ქვემოთ მოყვანილი მონაცემებიც ადასტურებს.
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით etaloni.ge გთავაზობთ იმ სკოლების მონაცემებს, სადაც ყველაზე მეტი სსსმ მოსწავლე სწავლობს.
ქალაქ თბილისი №198 საჯარო სკოლა - 167 სსსმ მოსწავლე, 3 სპეციალური მასწავლებელი;
ქალაქ თბილისის №203 საჯარო სკოლა 145 სსსმ მოსწავლე, 2 სპეციალური მასწავლებელი;
ქალაქ თბილისის №200 საჯარო სკოლა - 82 სსსმ მოსწავლე, 3 სპეციალური მასწავლებელი;
ქალაქ ბათუმის №26 საჯარო სკოლა - 60 სსსმ მოსწავლე, 4 სპეციალური მასწავლებელი;
ქალაქ თბილისის №202 საჯარო სკოლა - 44 სსსმ მოსწავლე, 1 სპეციალური მასწავლებელი.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამის მენეჯერის, სალომე ჩარკვიანის განცხადებით, სკოლა ვალდებულია ყოველ 5 სსსმ მოსწავლეზე ერთი სპეციალური მასწავლებელი ჰყავდეს.
„დღეის მდგომარეობით ასეა რომ, თუკი სკოლას ჰყავს ერთიდან ხუთამდე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე, ის ვალდებულია აიყვანოს სპეციალური მასწავლებელი. თუკი სსსმ მოსწავლეების რაოდენობა სკოლაში 5-ზე მეტია მაშინ 2 სპეციალური მასწავლებელი უნდა აიყვანოს, ანუ ერთ მასწავლებელს მაქსიმუმ 5 სსსმ მოსწავლის აყვანის უფლება აქვს, დაფინანსებაც ამ პრინციპით გაიცემა სკოლაზე“, - აცხადებს ჩარკვიანი და აღნიშნავს, რომ სპეციალური მასწავლებლების დეფიციტი კანონის ცვლილებამაც განაპირობა.
„ეს იმით არის განპირობებული, რომ კანონი შეიცვალა, მასწავლებლის სტატუსის მინიჭებასთან ერთად, სპეცმასწავლებელს ჩამოერთვა საგნების ჩატარების უფლება და საგნების სქემაში ყოფნა აეკრძალა. ამიტომ ბევრმა სპეცმასწავლებელმა აირჩია საგნის მასწავლებლობა, შესაბამისად სკოლა ან სპეცმასწავლებლის გარეშე დარჩა ან საკმარისი რაოდენობის სპეცმასწავლებელი აღარ ჰყავს.
სკოლებს დღეს უამრავი სპეცმასწავლებლის ვაკანსია აქვთ გამოცხადებული და იმედი გვაქვს, რომ ნელ-ნელა შეივსება ეს დეფიციტი. ბოლოს რაც ვიკითხეთ, 200-ზე სკოლას ჰქონდა ვაკანსია სპეციალურ მასწავლებელზე გამოცხადებული“, - გვითხრა სალომე ჩარკვიანმა.
მისივე თქმით, სპეციალური მასწავლებლის დეფიციტი იმითაც არის განპირობებული, რომ არ არსებობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც სპეცმასწავლებლებს მოამზადებს.
„ქვეყანაში დღეს არ არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც სპეცმასწავლებლებს ამზადებს. არსებობდა მაგისტრატურა, მაგრამ წელს მასაც არ აქვს მიღება. შესაბამისად, სპეციალური მასწავლებლების უდიდესი დეფიციტი იქმნება, მაგრამ მასწავლებლის სახლი ჩართულია იმაში რომ კონტიგენტის გაძლიერება მოხდეს, ამისთვის უწყვეტად მიმდინარეობს ტრენინგები სპეცმასწავლებლის განვითარების შესავალ კურსში და ვცდილობთ მაქსიმალურად დავეწიოთ საჭიროებას“,- განაცხადა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამის მენეჯერმა სალომე ჩარკვიანმა.
ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაცია „ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ“ ხელმძღვანელი მარი კორკოტაძე etaloni.ge -სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ სპეცმასწავლებლების მცირე რაოდენობასთან ერთად პრობლემას მათი კვალიფიკაციაც წარმოადგენს.
„არ არის სპეციალური მასწავლებლების საკმარის რაოდენობა, განსაკუთრებით ეს რეგიონებს ეხება, მათი უმრავლესობა არაპროფესიონალები არიან. ამასთან სპეცმასწავლებლებთან დაკავშირებით კანონის მიღებამაც გამოიწვია კადრების შემცირება. ვინაიდან სპეცმასწავლებლების ნაწილი ასწავლიდა სხვა საგნებს, ხოლო კანონის მიღების შემდგომ ისინი დადგნენ არჩევანის წინაშე ესწავლათ სხვა საგნები თუ სპეცმასწავლებლად დარჩენილიყვნენ. მათმა უმეტესობამ კი საგნის მასწავლებლობა არჩია და ეს კადრიც დაიკარგა.
იმედი მაქვს, ახალი კანონი უფრო მეტად გაუწევს სპეცმასწავლებლობის პროფესიას პოპულარობას და უფრო მეტი კადრი დასაქმდება“,- განაცხადა მარი კორკოტაძემ და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს ინკლუზიური განათლების განვითარების პოლიტიკური ნება არ გააჩნია.
„საჭიროა ინტერესი სახელმწიფოს მხრიდან, პოლიტიკური ნება და თანხების მობილიზებაა. დღეისთვის სპეცმასწავლებლის მიმართულებით განათლების მიღება ბაკალავრის საფეხურზე სოხუმის უნივერსიტეტში, ხოლო მაგისტრატურის მიმართულებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტშია შესაძლებელი, სხვა უნივერსიტეტებს მსგავსი მიმართულება არ აქვთ. და როცა პოლიტიკურ ნებაზე ვსაუბრობ, ამ მიმართულებასაც ვგულისხმობ, რომ სახელმწიფომ შექმნას საგანმანათლებლო პროგრამები და გაუწიოს პოპულარიზება.
დღეს სახელმწიფო არ ეწევა სპეციალური მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზებას, ვინაიდან ეს მათ ინტერესში არ შედის, რადგან ამისთვის თანხებია საჭირო. რასაც ინკლუზიური განათლების განვითარება ჰქვია, დიდად არაფერი კეთდება სამინისტროს ინიციატივით. ის რაც გაკეთდა ჭეშმარიტი ინკლუზიისთვის მშობლების დიდი ბრძოლის შედეგადაა გაკეთებული“,- განაცხადა მარი კორკოტაძემ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საინტერესოა, როგორ აფასებენ მშობლიური ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამის შემცირებას პროფესიონალები
„მოსწავლეების მოთხოვნით ამოვიღეთ ეს ნაწარმოებები პროგრამიდან“... - პრემიერი განათლების სისტემაზე საუბრობს
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“
„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს მოტივირებულ, ბედნიერ, ინტელექტუალურ და თვითშეფასების უნარის მქონე მოსწავლეებს“
საინტერესოა, როგორ აფასებენ მშობლიური ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამის შემცირებას პროფესიონალები
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა