მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სვეტიცხოვლის ტაძრის მოძღვარი, მამა პეტრე კვარაცხელია, რომელიც თამამი განცხადებებით და პოეტური ნიჭით გამოირჩევა, წალენჯიხაში დაიბადა და გაიზარდა. ამბობს, რომ უცნაური ბავშვი იყო. მაგალითად, ხეზე ადიოდა და წიგნებს იქ კითხულობდა, ფეხსაცმელზე წინდებს ზემოდან იცვამდა... უნდოდა, ყველასგან განსხვავებული ყოფილიყო. საბოლოო ჯამში მიზანს მიაღწია – ის ყველასგან გამორჩეული სასულიერო პირია თავისი ქმედებებითა თუ საჯარო განცხადებებით.
მამა პეტრე უფლის გზას დაოჯახების შემდეგ შეუდგა. ექვსი შვილი ჰყავს და ამბობს, რომ სხვისი შვილების აღზრდა უფრო ადვილია, ვიდრე საკუთარის. თავად სამწუხარო მაგალითი უდევს წინ – მის მშობელ დედას არ უნდოდა, შვილი სასულიერო პირი ყოფილიყო და მას მერე, რაც შვილმა არ დაუჯერა, თქვა, უფროსი შვილი აღარ მყავსო...
მამა პეტრე, რომელსაც პედაგოგიური გამოცდილებაც აქვს, „ეტალონს“ საკუთარ ბავშვობასა და მისთვის მისაღებ აღზრდის მეთოდებზე ესაუბრა.
- ბავშვობა წალენჯიხაში მაქვს გატარებული. იქ არის ერთი დასახლება, რომელსაც წალენჯიხის მეურნეობა ჰქვია. მე იქ ვცხოვრობდი ბიცოლასთან, რომელიც სკოლის პედაგოგი იყო – მათემატიკას ასწავლიდა. ძალიან განსწავლული ოჯახი ჰქონდათ და - მდიდარი ბიბლიოთეკა. სკოლაში გამორჩეული მოსწავლე ვიყავი, თუმცა უფრო მეტად ჰუმანიტარული საგნები მიყვარდა. ტექნიკურ საგნებს მხოლოდ იმიტომ ვსწავლობდი, რომ ფრიადოსანი უნდა ვყოფილიყავი. განსაკუთრებით არ მიყვარდა რუსული ენა. ჩემი ბავშვობა დაემთხვა იმ პერიოდს, როცა უკვე ხმამაღლა შეიძლებოდა თქმა, რომ რუსეთი დამპყრობელი და ჩვენი მტერია, მისი კლანჭებისგან უნდა გავთავისუფლებულიყავით და ეროვნული ღირებულებები უნდა დაგვებრუნებინა. მაშინ გააქტიურდა ეროვნული მოძრაობა და, შესაბამისად, როცა ეს ყველაფერი გვესმოდა, საბაბი გვქონდა, რუსული არ გვესწავლა, თუმცა ბოლოს მივედი იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ადამიანმა ნებისმიერი ენა უნდა იცოდეს და, მით უმეტეს, მტრის.
- ანუ მაინც ისწავლეთ რუსული?
- ისე რა... მაშინდელი განწყობა მაინც მომყვება ამ ენის მიმართ. თუმცა, იმ დროშიც ვკითხულობდი რუსულ ლიტერატურას. განსაკუთრებული აქცენტი ყოველთვის პოეზიაზე მქონდა გადატანილი და ვიზრდებოდი პუშკინის შემოქმედებაზე. მიყვარდა ბუნინი, ტოლსტოი... მაშინ ცოტა რთული მეჩვენებოდა, მაგრამ მუდამ მინდოდა, გემოვნებიანი ლიტერატურა ამეთვისებინა. უამრავი გაჭირვების მიუხედავად - უშუქობა, უგაზობა, ვისაც სწავლა უნდოდა, ჭრაქის შუქზე სწავლობდა. ჩემი თაობა გამოირჩეოდა და მაღალი შედეგები გვქონდა უმაღლესში ჩაბარებისას... პროვინციაში გასართობი ცოტა იყო და გვინდოდა თუ არა, წიგნი უნდა გვეკითხა და გვემეცადინა. ამას გაუაზრებლად ვაკეთებდით, თორემ ეს ყველაფერი რომ გაგვეაზრებინა, უფრო კარგ შედეგებს მივიღებდით. კონსტიტუციის მუხლივით მაქვს ჩემს ცნობიერებაში ჩაბეჭდილი – არც ერთმა ომმა არ შეიძლება ქვეყანას იმდენი ნგრევა მოუტანოს, რამდენიც უწიგნურობამ. ყველაზე ცუდი რამ უწიგნურობა და გაუნათლებლობაა. ყველას მოვუწოდებ, თუ უნდათ, მათი მომავალი იყოს ნათელი, ლაღი და თავისუფალი, ის უნდა იყოს აუცილებლად წიგნზე და ინტელექტზე დაფუძნებული. სხვაგვარად შეუძლებელია წარმატებას მიაღწიო.
- ბიცოლასთან რატომ ცხოვრობდით?
- იმიტომ, რომ სკოლაში, რომელიც ჩემს სახლთან ახლოს იყო, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა ცნობილი ადამიანების შვილებს. ჩემს სკოლაში სწავლობდნენ რაიკომის მდივნის თუ სხვა თანამდებობის პირთა შვილები და... მე არ ვიყავი თანამდებობის პირის შვილი. კარგად იცით, როგორი რთული და მგრძნობიარეა ბავშვობის ასაკი. ბავშვს კი არა, დიდსაც სჭირდება მოტივაცია, რომ რაც კარგად გამოსდის, უკეთესად გააკეთოს და გამოუვიდეს. ჩემს თაობაში კი ყოველთვის ხოტბას ასხამდნენ იმას, ვინც ჩემზე ნაკლებად ნიჭიერი და მომზადებული იყო, მაგრამ – ვიღაცის შვილი. ამას სულ ვაპროტესტებდი და ერთ დღეს ვუთხარი მშობლებს, აღარ წავალ სკოლაში, თუ გინდათ, რომ ვისწავლო, ამ სკოლაში არ უნდა ვიარო-მეთქი. გადამიყვანეს სოფლის სკოლაში, სადაც მომზადების დონე უფრო მაღალი იყო და ბევრად კარგი პედაგოგებიც. დღეს თუ მე რამეს წარმოვადგენ, იმ მასწავლებლების და ბიცოლაჩემის დამსახურებაა. პედაგოგი იყო ბიცოლა და თან – სასწაული აღმზრდელი, როგორც მშობელი. განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა თქვენი საშუალებით ჩემს ბიძაშვილს, დენიზა კვარაცხელიას, რომელიც ჩემზე 10 წელზე მეტით უფროსია და ისე მივლიდა, საკუთარი შვილივით გამომზარდა. დღის ბოლოს, ყველა საგანი დენიზასთვის უნდა ჩამებარებინა და ეს იყო ჩემთვის ყველაზე დიდი სტიმული – დასაძინებლად ვერ დავწვებოდი, თუ ყველა საგანი ზედმიწევნით კარგად არ ვიცოდი. ამ ყველაფერს ახლდა დაზარება, გაბრაზება, ტირილი და ჭიჭყინი, მაგრამ დღეს თუ რამე კარგი ხდება ჩემს ცხოვრებაში, სწორედ იმ წლების დამსახურებაა. დღემდე ერთ რამეზე მწყდება გული, რომ მაშინ უფრო მეტი განათლება არ მივიღე და უფრო მეტი წიგნი არ წავიკითხე.
- ცელქი ბავშვი იყავით?
- ცელქი არა, უცნაური ვიყავი. მაგალითად, ტრადიციად მქონდა, რომ ხეზე ავდიოდი და იქ ვსწავლობდი გაკვეთილებს. თან, გამოთქმით უნდა წამეკითხა ფიზიკა იქნებოდა, ქიმია თუ ქართული. ონავარი ძმა მყავდა – სწავლა არ უყვარდა. დადგებოდა იმ ხის ძირში და ქვებს მესროდა, რომ როგორმე ჩამოვეგდე. ერთხელ მართლაც გავადინე ზღართანი და თავზე დამეყარა წიგნები.
მინდოდა ხოლმე, ფეხსაცმლის გარედან წინდები ჩამეცვა და ვიცმევდი კიდეც. ამას იცით რატომ ვაკეთებდი? ყველასგან განსხვავებული რომ ვყოფილიყავი.
- გამოგივიდათ კიდეც – გამორჩეული და ხმაურიანი სასულიერო პირი ხართ... პროფესია როგორ აირჩიეთ?
- მინდოდა, თეატრალურზე ჩამებარებინა. ამაზე დედაჩემი ძალიან გაბრაზდა. ახლა არჩევანში შედარებით მეტი თავისუფლება აქვთ ბავშვებს, მაშინ სხვაგვარი ტენდენცია იყო. დედამ მითხრა, რას ამბობ, არასერიოზული ადამიანების პროფესია რად გინდაო. ალბათ არ მქონდა ბოლომდე გადაწყვეტილი, თორემ მშობლებს არასოდეს ვუჯერებდი და რაღა ამაში დავუჯერებდი... ჰოდა, ისტორიულზე ჩავაბარე. ისტორია ყოველთვის მიყვარდა. 5-6 წლის რომ ვიყავი და მეკითხებოდნენ, სად უნდა ისწავლოო, ვპასუხობდი, საისტორიოზე-მეთქი (იცინის). ჩემი ბიძაშვილები დღემდე მეუბნებიან, მართლა საისტორიო ჩამოყალიბდიო. ისტორიის ფაკულტეტი წარჩინებით, წითელ დიპლომზე დავამთავრე. მერე სასულიერო აკადემიაში ჩავაბარე. მოგვიანებით მაგისტრატურაზე თეოლოგიის განხრით გავაგრძელე სწავლა. მერე ჩავაბარე არქეოლოგიის დოქტურანტურაში, საბოლოოდ ჩავაბარე ფილოლოგიის დოქტურანტურაში და დისერტაცია დავიცავი ტერენტი გრანელის პოეზიაში.
- ბავშვობიდან გქონდთ სურვილი, რომ სასულიერო პირი ყოფილიყავით, თუ მერე მოხდა რაღაც?
- ბავშვობიდან მეამბოხე ვიყავი. შინაგანი დუღილი ყოველთვის არსებობდა ჩემში. ხშირად ეს გაუცნობიერებელიც კი იყო. ხან გაუაზრებლად წამოვიძახებდი ხოლმე, ეკლესიაში მინდა წასვლა-მეთქი და მივდიოდი ტაძარში. მოშორებით იყო ეკლესია ჩვენი სახლიდან – სულ აღმართები უნდა გევლო. სანამ ტაძრამდე მივაღწევდი, ტერენტი გრანელის სახლ-მუზეუმი უნდა გამევლო, რაც ჩემთვის მეორე ტაძარივით იყო. იმ ადგილას მუდამ ვჩერდებოდი და ტრადიციად მქონდა, რომ ტერენტის რომელიმე ლექსი მეთქვა ზეპირად. მაშინ არ არსებობდა მობილური ტელეფონები და „ფეისბუქები“, თორემ მაშინაც გადავიღებდი ლაივებს და ძალიან საინტერესოც იქნებოდა ტერენტი გრანელის სახლ-მუზეუმიდან ბავშვის თვალით დანახული მისი შემოქმედება. იმ პერიოდში, როცა სამოქალაქო დაპირისპირება მიდიოდა და საზოგადოება რამოდენიმე ნაწილად იყო დაყოფილი, ჩემს ცხოვრებაში თუ რაიმე სანუგეშო არსებობდა, ეს იყო ტერენტი გრანელის პოეზია. ბავშვობაში ძალიან მელანქოლიური ტიპი ვიყავი და დედა სულ მსაყვედურობდა, შენ ტერენტი გრანელმა დაგაავადა და არ დაგინახო, რომ წაიკითხოო. მართლაც გრანელის პოეზიით ვსუნთქავდი.
- თურმე დედათქვენს არც ის უნდოდა, რომ სასულიერო პირი გამხდარიყავით...
- დიახ, არ უნდოდა. ისტორიულზე რომ ჩავაბარე, დავიკავებდი ხოლმე ჩათვლის წიგნაკს ხელში და ჩამქონდა დედასთან, რომ მენახებინა ჩემი ჩაწიკწიკებული ხუთიანები. რეაქცია არ ჰქონდა ამაზე. ვეკითხებოდი, რატომ არაფერს ამბობ, ურთულეს გამოცდებში სულ 5-იანები რომ მივიღე-მეთქი. მპასუხობდა, შვილო, შენ სხვა დანიშნულება არ გაქვს და დიდი ამბავი, თუ სულ ხუთიანები მიიღეო. ეს მეორე უკიდურესობა იყო და, რა თქმა უნდა, გული მწყდებოდა. განა დედა არ მაფასებდა, ვიცი, ფიქრობდა, რომ შევაქო, თავში აუვარდებაო. ამ დროს კი აუცილებელია მოტივაცია და კარგია, როცა გაქებენ.
როცა გადავწყვიტე, სასულიერო პირი გავმხდარიყავი, დედას ვუთხარი, ხომ არ გინდოდა, სამსახიობოზე ჩამებარებინა, ჰოდა, სასულიეროზე ვაბარებ-მეთქი. ამაზე უარესი რეაქცია ჰქონდა. დიდხანს არ შეეგუა ამ ამბავს და დიდი ტკივილი და დარდი ჰქონდა. ეს ამბავი საშინლად განიცადა. მეუბნებოდა, არ მინდოდა, ჩემი შვილი ანაფორაში მენახა, ეს რა გამიკეთეო. იმასაც მეუბნებოდა, შენ ჩემთვის ცოცხლად მოკვდიო. დედაჩემისთვის ეს ამბავი იყო ტრაგედია უგმიროდ. ამქვეყნიდან ისე გავიდა, შეგუების პროცესი ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული.
- თქვენთვის, როგორც სასულიერო პირისთვის ეს ალბათ ბევრად უფრო მძიმე იყო...
- რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ძალიან განვიცდიდი და ვნერვიულობდი. ვლოცულობდი და სხვა არაფრის შეცვლა შემეძლო, რადგან ეს იყო მისი მდგომარეობა – მას ასე სტკიოდა, ასე განიცდიდა და ასე გრძნობდა.
- თქვენი მაგალითის გათვალისწინებით, რას ურჩევდით მშობლებს, რა შეცდომა არ უნდა დაუშვან?
- საკუთარ შვილს არც ცრუ წარმოდგენა უნდა შეუქმნა, რომ ის არის ძალიან მცოდნე და განათლებული, მაგრამ ისიც არასწორია, როცა ბავშვი სწავლობს, უჭრის გონება და მშობელი მაინც ლანძღავს და შეურაცხყოფას აყენებს – არაფერი გამოგდის, უტვინო და უწიგნური ხარო. მშობლებმა რეალურად უნდა შევაფასოთ ჩვენი შვილების შესაძლებლობები და შესაბამისი მოთხოვნები წავუყენოთ მათ. არც ის არის ტრაგედია, თუ ვინმეს უმაღლესის დამთავრება არ უნდა. მშობელმა ხელი არ უნდა შეუშალოს შვილის თავისუფალ ნებას. ცუდ ექიმს ჯობია, კარგი პურის მცხობელი იყოს.
პედაგოგიც გახლდით და წლების განმავლობაში რეპეტიტორიც ვიყავი. პედაგოგებს მოვუწოდებ, ნუ იქნებიან უხეშები, უსამართლოები და მოძალადეები. პედაგოგებს ძალიან უნდა უყვარდეთ პროფესია და მოსწავლე. მოსწავლეს უნდა ემეგობროს მასწავლებელი, რადგან მოზარდი თაობა სიტყვაზე მეტად საქმით, პრაქტიკული გაკვეთილებით სწავლობს. ერთი მეცნიერი ამბობს, პედაგოგი მანამ ხარ, სანამ თვითონ სწავლობო. ჰოდა, სულ უნდა ვისწავლოთ ჩვენ.
- 6 შვილის მამა ხართ. შვილებთან ურთიერთობა უფრო რთულია თუ მრევლთან?
- საკუთარი შვილების აღზრდა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე სხვისი შვილების. ყველას სხვადასხვაგვარი მიდგომა სჭირდება. ყველა ბავშვი თავისებური სამყაროა და ყველა სამყაროს თავისი გასაღები უნდა მოარგო. მშობლები უფრო ხშირად საკუთარ შვილებთან არიან უძლურები. როცა მრავალშვილიანი ოჯახი გაქვს და ერთის უფლებები შეილახება სხვა შვილების გამო, დაპირისპირება იჩენს თავს და შინაგანი კომპლექსები ყალიბდება. თუ მშობელი უფალს ენდობი და ლოცულობ, ღმერთი ყველაფერს დაალაგებს. მამის როლი განსაკუთრებით რთულია ოჯახში. წესით, მამას უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვს. ჩვენს ქვეყანაში კი უმეტესად დედა ზრუნავს შვილებზე. ის კი არაა მთავარი, რომ ოჯახის მატერიალური მდგომარეობა გააუმჯობესო და ლუკმა-პური შეიტანო. შვილებთან სიახლოვეა მნიშვნელოვანი, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ. მე ვმეგობრობ ჩემს შვილებთან. გამორიცხულია, აგრესიით, ჩხუბით და მრისხანებით რამეს მიაღწიო.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ელექტრონული ჟურნალში სემესტრული ცვლილებების შეტანის ბოლო ვადა ცნობილია - ინფორმაცია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციისთვის
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
აღსანიშნავია, რომ აქტივობას ხელმძღვანელობდნენ: მარიამ ვაჩეიშვილი და ნათელა ირემაძე
ღონისძიება ემოციებით სავსე და დაუვიწყარი აღმოჩნდა, რითიც სკოლის ისტორიაში კიდევ ერთი შთამბეჭდავი მოგონება ჩაიწერა
როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა