უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონის დირექტორმა თანამდებობა ომბუდსმენის კრიტიკული ანგარიშის გამო დატოვა
24-10-2018
დაკოპირებულია
-
+
თბილისის №202-ე უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონის შესახებ მომზადებული ანგარიშის შემდეგ, აღნიშნული დაწესებულების დირექტორმა თანამდებობა დატოვა. ახალი დირექტორი კი სკოლაში პირველი ნოემბრიდან დაინიშნება.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს უფროსის, ეკა დგებუაძის განცხადებით, დირექტორის თანამდებობიდან წასვლის მიზეზი სახალხო დამცველის ანგარიში გახდა.
როგორც მან საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხთან საუბრისას განაცხადა, იგი ნაწილობრივ ეთანხმება სახალხო დამცველის ანგარიშსს, თუმცა, აღნიშნავს, რომ სკოლის ერთჯერადი ორსაათიანი შემოწმება სრულყოფილი დასკვნის მოსამზადებლად საკმარისი არ არის.
დგებუაძის განცხადებით, კვების ნაწილში ანგარიშის შინაარსს არ ეთანხმებიან, რადგან სკოლაში მენიუ განახლდა და მოსწავლეები დაბალანსებულ კვებაზე გადავიდნენ, რასაც სამინისტრო პერიოდულად ამოწმებს.
რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ეკა დგებუაძის ინფორმაციით, იგეგმება რეაბილიტაცია, რომელიც აისახება სკოლის რეაბილიტაციის გეგმაში, თუმცა ვადები უცნობია.
მოსწავლეების ფიზიკურ და ვიზუალურ კონტროლთან დაკავშირებით სახალხო დამცველის მიერ გამოთქმულ შენიშვნაზე კი განაცხადა, რომ ამ მხრივ შესაძლო დარღვევებს სამინისტრო თავად სწავლობს. სახალხო დამცველის მიერ გუშინ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, თბილისის უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონის ინფრასტრუქტურა ვერ აკმაყოფილებს ბავშვთა ცხოვრების პირობების მისაწვდომობის მინიმალურ სტანდარტს და საფრთხის შემცველია მოსწავლეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის.