სიახლეები
ინტერვიუ

რატომ აირჩია ქეთევან ციხელაშვილმა შვილებისთვის გალელი ძიძა
01-11-2018
-
+


საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი ქუთაისში დაიბადა და გაიზარდა. ამბობს, რომ ამ ქალაქში დიდი ტრადიციების სკოლაში სწავლობდა, რაც მომავალში ძალიან გამოადგა.

ქეთევან ციხელაშვილი ოთხი წლის ტყუპი გოგონების დედაა. ბავშვების მამა გერმანელია. მინისტრ ქალბატონს უნდა, მისმა შვილებმა მეორე მშობლიური ენაც კარგად იცოდნენ. ამიტომაც, პატარა გოგონებმა გერმანულ საბავშვო ბაღში დაიწყეს სიარული.

– ქალბატონო ქეთევან, როგორ გახსოვთ სკოლა და რა ემოციებს იწვევს თქვენში იმ წლების გახსენება, როცა სკოლის მოსწავლე იყავით?

– ცოტა ხნის წინ ახალქალაქში, პირველ საჯარო სკოლაში ვიყავი და მერხს მივუჯექი... ეთნიკური სომხები არიან ამ სკოლის მოსწავლეები და ქართულის გაკვეთილს დავესწარი. სხვა რეალობაში დავბრუნდი და საოცარი დეჟავიუ მქონდა. ახლა თქვენ გადამაგდეთ მოგონებებში...

ქუთაისში დავამთავრე მესამე საშუალო სკოლა, რომელიც დიდი ტრადიციების მატარებელია. ერთი საუკუნის წინ  ეს იყო ქალთა სასწავლებელი და ბევრი ცნობილი ადამიანი აღიზარდა იქ. ინგლისური ენა ისწავლებოდა გაძლიერებით, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. იქ მიღებულმა განათლებამ ბევრი კარი გამიღო.

ცოტა ხნის წინ, ბევრი წლის მერე, პირველად მივედი ჩემს სკოლაში და ჩემი ზოგიერთი მასწავლებელი ისევ იქ დამხვდა. ვერ აღგიწერთ, როგორი საოცარი შეგრძნება იყო...  საპატიო სიგელიც გადმომცეს... ძალიან მიყვარდა სკოლაში ყოფნა. ჰუმანიტარული საგნები მიყვარდა განსაკუთრებით, თუმცა, ყველა საგანს კარგად  ვსწავლობდი. მაშინ ასე იყო – თუ გინდოდა, წარჩინებული ყოფილიყავი, ყველა საგანი კარგად უნდა გესწავლა და ასეთი ამბიცია მეც მქონდა. ბავშვებს სულ ვეუბნები, წარმატებულები რომ იყოთ და ხვალ ოცნებები აიხდინოთ, დღეს კარგად უნდა ისწავლოთ-მეთქი.

სწავლა გვიყვარდა, მაგრამ იშვიათად შატალოზეც დავდიოდით – მოდაში იყო შატალოზე წასვლა. ექსკურსიებიც ძალიან მიყვარდა. რომ გითხრათ, თავს ვიკლავდი მეცადინეობით, ასე არ ყოფილა. იმპროვიზაციები მიყვარდა და გამომდიოდა გაკვეთილის კარგად მოყოლა. გათამამებულიც ვიყავი... ჩემი სკოლის დასრულების დრო რთულ პერიოდს დაემთხვა – 1995 წელს დავამთავრე სკოლა. მიუხედავად რთული წლებისა, განათლების ხარისხი ძალიან მაღალი იყო. მასწავლებლების პირადი გმირობის ხარჯზე ხდებოდა ეს ყველაფერი. მაშინ ყველას უჭირდა – მასწავლებელსაც, მოსწავლესაც... ეროვნული მოძრაობა, 9 აპრილი, ომი – ყველაფერს ძალიან განვიცდიდით. იქიდან მომყვება პატრიოტიზმის სულისკვეთება, რომელიც მაშინ სწორედ მასწავლებლებმა ჩაგვინერგეს. დღესაც გვყავს თანამედროვე გმირები და მინდა, მათ შესახებ მოგიყვეთ. დღეს ძალიან უჭირთ გალში, ახალგორში და, საერთოდ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე. 25 წელია, იქ დრო მუდმივად გაჩერებულია და ბავშვებს ქართულ ენაზე სწავლას უკრძალავენ. მასწავლებლები კი,  სიცოცხლის რისკის ფასად ბავშვებს განათლებას მაინც აძლევენ და ქართულსაც ასწავლიან. რასაც ისინი აკეთებენ ნამდვილი გმირობაა და მინდა, თითოეულ მათგანს დიდი მადლობა ვუთხრა.

როგორც მშობელს, მიმაჩნია, რომ ბავშვი თავისუფალ და ლაღ გარემოში უნდა იზრდებოდეს. ამიტომაც ძალიან მტკივა, ოკუპირებულ რეგიონებში ომის თემატიკით, კომუფლაჟებით რომ სწავლობენ. ეს აბსოლუტურად დაუშვებელია. ქართველ ბავშვებს, საბავშვო ბაღში ერთმანეთთან მშობლიურ ენაზე საუბარსაც კი უკრძალავენ. ეს წარმოუდგენელი ფსიქოლოგიური ტრამვაა. როგორც ქალი, როგორც მშობელი, ამაზე ყველგან ვსაუბრობ და მანამდე ვილაპარაკებ, ვიდრე ეს პრობლემები არ მოგვარდება. ბავშვი თავისუფლად უნდა იზრდებოდეს და მათ ისე უნდა მოვექცეთ, როგორც პიროვნებებს. ყველაზე მეტი, რაც მშობელს შეუძლია თავისი შვილისთვის გააკეთოს, კარგი განათლების მიცემაა. ბავშვი რომ ჩამოყალიბდება, მერე თვითონ გააკეთებს არჩევანს. მგონია, რომ ისეთი მშობელი ვიქნები, რომელიც მომავალშიც არ შეუზღუდავს შვილებს არჩევანის უფლებას.

– თქვენს შვილებზეც გვიამბეთ, როგორი დედა ხართ და რამდენად ახერხებთ მათთან ურთიერთობას?

– ახლა შეგვყავს საბავშვო ბაღში ჩვენი ტყუპები, ანუ განათლების მიღების გზას ვადგებით და ვხვდები, რამდენად საპასუხისმგებლოა მშობლებისთვის იმ გადაწყვეტილების მიღება, თუ სად, როგორი მეთოდოლოგიის ბაღსა თუ სკოლაში შევიყვანოთ ბავშვი.

– როგორ, რის მიხედვით აკეთებთ არჩევანს?

– მე ცოტა გამარტივებული მაქვს ეს არჩევანი. გერმანელი მეუღლე მყავს. ბავშვები ქართულ გარემოში იზრდებიან  და ქართულად საუბრობენ, გალელი ძიძა გვყავს და მეგრულად მღერიან... გალელი ძიძა რომ გვყავს, ერთ-ერთი ფაქტორი ის იყო, რომ  აფხაზეთიდან არის დევნილი და მინდოდა, ერთ ოჯახს მაინც დავხმარებოდი. თან, თვითონ ტყუპების დედაა და ესეც გადამწყვეტი ფაქტორი იყო, როცა შევარჩიეთ. ახლა ძალიან მხიარულობენ ჩემი შვილები მასთან და მეც მომწონს ის მეგრული სიმღერები, რასაც ასწავლის. მე არ ვიცი მეგრული და ბავშვებმა ბევრი მეგრული სიმღერა იციან, რომლებსაც მშვენივრად ასრულებენ.

ცოტა მოვიკოჭლებთ გერმანულში. ამიტომ, გერმანულ ბაღში უნდა მივიყვანო, რათა მეორე მშობლიურ ენასაც კარგად დაეუფლონ, თორემ ძალიან გამოკვეთილი აქვთ ქართული იდენტობა. ვფიქრობ, ბავშვებმა ორივე მშობლიური ენა უნდა იცოდნენ და ამიტომაც მიმყავს გერმანულ ბაღში.

– მათ მამას გული არ სწყდება, მხოლოდ დედის ენა რომ იციან კარგად?

– სულ ვეუბნები, რომ მამამ მეტი დრო დაუთმოს თავის შვილებს. ცოტა კი ესმით გერმანული, მაგრამ, ბებია, ბაბუა და მთელი გარემო რომ ქართულია... მამა კი ესაუბრება გერმანულად და მეც მომხრე ვარ, რომ მამის ენა კარგად აითვისონ. რაც მეტი ენა ეცოდინებათ, რა თქმა უნდა, უკეთესია და უფრო მეტი სიმდიდრეა ადამიანისთვის. ძალიან გამიხარდება, თუ ჩემს შვილებს ბევრი ენის შესწავლის ინტერესი ექნებათ.

რაც შეეხება იმას, თუ რამდენად ვახერხებ ბავშვებთა ურთიერთობას, ვერ გეტყვით, რომ ბევრი დრო მაქვს მათთვის, მაგრამ ძალიან ვცდილობ, რაც დრო მაქვს, მათთან გავატარო. როდესაც ასეთი განსაკუთრებული პასუხისმგებლობის მქონე სამსახური გაქვს, ცოტა დრო გრჩება ბავშვებისა და ოჯახისთვის. მე სხვა სივრცე აღარ მაქვს – მხოლოდ სამსახური და ბავშვები. თუ რაიმე დრო მრჩება, მთლიანად ბავშვებს ვუთმობ. დეფიციტის განცდა მეც მაქვს და სულ ვფიქრობ, რამდენად გამართლებულია ის არჩევანი, რასაც მე ან სხვა ჩემნაირად დასაქმებული ადამიანები აკეთებენ. მაინც მგონია, რომ გამართლებულია, რადგან ბავშვებისთვისაც მნიშვნელოვანი, რომ მათი მშობელი იყოს წარმატებული, რეალიზებული. და ეს უფრო გამართლებულია, როდესაც მშვიდობის მშენებლობას ემსახურები. ეს უფრო მეტი არგუმენტია იმისთვის, რომ საკუთარი თავი გაამართლო, ან ის დრო გაამართლო,  რომელიც შეგეძლო შვილებზე დაგეხარჯა. რასაც დღეს მე ვაკეთებ, ეს ჩემი და სხვისი შვილებისთვის კეთდება.

– თქვენი მეუღლე გერმანიაში მუშაობს?

– დიახ და აქტიურად მოძრაობს აქეთ-იქით. ნახევარ დროს თვითმფრინავში ატარებს. სხვა გზა არ არის. თითქმის ყოველ კვირას ან ორ კვირაში ერთხელ ჩვენთან არის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახისთვის, ბავშვებისთვის... მას უწევს ამ ტვირთის აღება თავის თავზე. ასეთი მოძრავი ოჯახი გვაქვს.

– არ უნდა, რომ  მისი შვილები გერმანიაში იზრდებოდნენ?

– ჩემს მეუღლეს კარგად ესმის ჩემი არჩევანი. მე ჩემს ქვეყანას ვემსახურები და რა შესაძლებლობაც მაქვს, იმ აგურს ვდებ ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეში. ჩემს მეუღლეს შეიძლება უნდა, ბავშვები გერმანიაში იყვნენ, მაგრამ ამ არჩევანის წინაშე რომ ვერ დავდგებით, კარგად იცის.

– როგორი გოგონები არიან ტყუპები?

– ოქროს გოგონები, ვარსკვლავგოგონები და პრინცესები არიან! ალბათ ახალი თაობის მახასიათებელია, რომ ბავშვები ასეთი განვითარებულები არიან და ხშირად საკუთარ თავს სხვანაირად გვანახებენ. შეკითხვებითა და ცნობისმოყვარეობით ბევრ ისეთ რამეზე გაფიქრებენ, რაზეც ამ რუტინაში ჩვენ აღარც ფიქრობთ. ძალიან საინტერესოა და დიდი ბედნიერებაა მათი დედობა. უფრო დიდი მისია, რომ კარგი მშობელი იყო, აღარც არსებობს. ამაში კი ალბათ ისიც შედის, რომ ისეთ საქმეს აკეთებდე, რომელიც შენი შვილების მომავალს წაადგება და მე ეს განცდა ნამდვილად მაქვს დღეს.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რა შემთხვევაში მიიჩნევა სწავლის შედეგი მიღწეულად

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

განმარტებაში ვკითხულობთ, რომ დასკვნის ოფიციალურად მიღების შემდეგ, ცენტრი აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს


როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

სკოლების ავტორიზაციის საბჭოს წევრობის კონკურსი გამოცხადდა - ვადები და დეტალები

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს 

სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ

გაკვეთილი უცხო ენის ოთხივე კომპონენტს - listening, speaking, reading and writing მოიცავდა

საინტერესო

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

რატომ და როდიდან ვრთავთ ნაძვის ხეს საახალწლოდ?

ხელოვნური თოვლი და საახალწლო ვულკანი არის მარტივი, სახალისო და შემოქმედებითი ექსპერიმენტები

მიუხედავად იმისა, რომ ნაძვის ხეს სადღესასწაულო დატვირთვა აქვს, ადამიანების ნაწილს, მისი მორთვა ან ძალიან ეზარება, ან უსარგებლო დეკორაციად მიაჩნია

სიახლეები
საზოგადოება