რა ტემპერატურა უნდა იყოს ბაგა-ბაღების შენობებში და როგორ უნდა იყოს დაცული უსაფრთხოების ნორმები
03-11-2018
დაკოპირებულია
-
+
ტემპერატურის კლებასთან ერთად სააღმზრდელო დაწესებულებებში გათბობის საკითხიც აქტუალური ხდება. რა ტემპერატურაა რეკომენდირებული, რა ტიპის გათბობაა დასაშვები ბაგა-ბაღებში, რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდნენ დაწესებულებები და როგორ უნდა დაიცვან უსაფრთხოების ნორმები? - აღნიშნულ კითხვებზე პასუხს etaloni.ge ბაგა-ბაღების სააგენტოს შესაბამისი წესდების მიხედვით გთავაზობთ.
აღსანიშნავია, რომ თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს ინფორმაციით, თბილისის ყველა საბავშვო ბაღში გათბობის სისტემა თითქმის ერთი კვირაა რაც ჩართულია. მათივე ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ სააგენტო ბაღებს გათბობის ჩასართავად კონკრეტულ რიცხვს არ უწესებს და ბაღების დირექტორის გადასაწყვეტია, როდის ჩაირთვება გათბობა, არსებობს კონკრეტული რეკომენდაციები და დებულებები, რომელიც ბაგა-ბაღებში გარკვეული ტემპერატურის არსებობის აუცილებლობის პირობას აყენებს.
„ჰაერის ტემპერატურა სასწავლო და საძილე სათავსებში უნდა იყოს 20 - 24 ცელსიუს გრადუსის საზღვრებში და უნდა შეესაბამებოდეს წელიწადის დროს. სკოლამდელი განყოფილებების პირველი სართულის იატაკის ტემპერატურა წლის ცივ პერიოდში უნდა იყოს არანაკლებ 22 (იატაკის გათბობა). ბავშვთა სკოლამდელი დაწესებულებების შენობებში უნდა იყოს ცენტრალური გათბობისა და ვენტილაციის სისტემები. სოფლის ტიპის დასახლებულ პუნქტებში არა უმეტეს 50 კაცზე“, - აღნიშნულია ბაგა-ბაღების მოწყობის, აღჭურვისა და სანიტარული ნორმების შესახებ წესდებაში.
იხილეთ, რა საშუალებებით არის შესაძლებელი ბაგა - ბაღების შენობების გათბობა და როგორ უნდა იყოს დაცული უსაფრთხოების ნორმები: დასაშვებია ღუმლებით გათბობა, ოღონდ გასათბობი ღუმელი უნდა იკეტებოდეს ჰერმეტულად. გათბობა უნდა დაიწყოს ბავშვების მისვლამდე 1,5-2 საათით ადრე. წელიწადში ორჯერ მაინც უნდა ხდებოდეს სპეციალური კომისიის მიერ ღუმლების უსაფრთხოების შემოწმება. ბავშვების უსაფრთხოებისათვის სასურველია გამათბობელი მოწყობილობები შემოისაზღვროს. შენობის გათბობა უნდა უზრუნველყოს თბოელექტრო-სადგურმა რაიონული ან ადგილობრივი საქვაბიდან. დასაშვებია ავტონომიური გათბობა. დაუშვებელია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ორთქლით გათბობა. გათბობისათვის შეიძლება გამოყენებული იყოს რადიატორები. გამათბობელი უნდა დამონტაჟდეს ფანჯრების ქვემოთ, შემოისაზღვროს ხის დამცავი დაფებით და გააჩნდეს ტემპერატურის მარეგულირებელი. დაუშვებელია, დამცავად გამოყენებულ იქნეს პოლიმერული ნივთიერებებისაგან დამზადებული დაფები. გამათბობელი ხელსაწყოების ზედაპირზე საშუალო ტემპერატურული მაჩვენებელი არ უნდა აღემატებოდეს – 80 ცელსიუს გრადუსი.