რა შეიძლება გამოიწვიოს სკოლის შეცვლამ მოზარდში და როგორ დავეხმაროთ მას ამ პერიოდში
სკოლა მოზარდისთვის მეორე ოჯახია, სადაც დროის უმეტეს ნაწილს ატარებს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია თუ რა ურთიერთობა აქვს მას თანასკოლელებთან. სწორედ ამ მიზეზების გამო, მისთვის სკოლის შეცვლა შესაძლოა მიუღებელი, ან აუცილებელიც კი გახდეს. მაგალითად, თუ ბავშვი კლასელებთან მეგობრობს და მას ჩვეული გარემოს დატოვება მხოლოდ იმიტომ უწევს, რომ მშობლები საცხოვრებელ მისამართს იცვლიან, ამან მას გარკვეული ტრავმაც შეიძლება მიაყენოს. მეორე მხრივ კი, თუ ბავშვი ჩაგვრასა და უსამართლო დამოკიდებულებას განიცდის, ხოლო მშობელი და მასწავლებელი არსებულ სიტუაციას ვერაფრით ცვლიან, ბავშვისთვის სკოლის შეცვლა უპრიანიც კია. ამ ყველაფერზე დეტალურად
Etaloni.ge-ს ფსიქოლოგი ქეთი მესხიშვილი ესაუბრა.
- რა ფსიქოლოგიურ ცვლილებებს იწვევს სკოლის შეცვლა მოზარდში?- სკოლის შეცვლა დაწყებითი სასკოლო ასაკის ბავშვისთვისაც და მოზარდისთვისაც ემოციური და სტრესული შეიძლება აღმოჩნდეს. მოზარდობის ასაკში ბავშვისათვის ძალიან მნიშვნელოვანია თანატოლები და მეგობრები, რომლებთანაც უკვე აქვს ურთიერთობა და სკოლის შეცვლის პარალელურად მას არამხოლოდ ახალ სკოლასთან, არამედ ახალ კლასელებთანაც უწევს შეგუება. ის ახლიდან გადის იმ გზას, რომელიც ერთხელ, ძველ სკოლაში უკვე გაიარა. ფსიქოლოგიური სირთულეებიც სწორედ ამ გარემოებებთანაა დაკავშირებული. ერთის მხრივ, მის წინაშეა ამოცანა, რომელიც ახალ მასწავლებლებთან და თანაკლასელებთან დამეგობრებას, კლასთან მიკუთვნებულობის და ჯგუფის წევრობის განცდის გაჩენას მოიცავს, და მეორეს მხრივ - აკადემიური მოსწრება, საგნების ეფექტურად ათვისება და თვითგამოხატვა, პედაგოგების მიმართ დამოკიდებულების ჩამოყალიბება და პირიქით, პედაგოგზე შთაბეჭდილების მოხდენა. ეს ის სფეროებია, რომლებშიც ბავშვები ფსიქოლოგიურ სირთულეებს აწყდებიან და დახმარებას საჭიროებენ ხოლმე.
- თუ სკოლის შეცვლა საჭირო და გარდაუვალია, რა ასაკში და რა შემთხვევაში არის რეკომენდირებული?- სასურველი არცერთ ასაკში არ არის, მაგრამ, ზოგჯერ, გარემოებებიდან გამომდინარე, გარდაუვალი ხდება. ამიტომ კონკრეტულ ასაკს არ გამოვყოფ. დაწყებით კლასებში ბავშვისათვის პედაგოგის შეცვლა ხდება რთული, რადგან სწორედ ისაა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა, ხოლო შემდგომ პერიოდში - თანაკლასელებისა და სამეგობრო წრის. ორივე ასაკობრივ პერიოდში ბავშვი კრიზისებს გადის.
სკოლის შეცვლა ალბათ ის გადაწყვეტილებაა, რომელიც მშობელმა მას შემდეგ უნდა მიიღოს, რაც ყველა ღონეს იხმარს არსებული პრობლემის მოსაგვარებლად. მაგალითად, თუ ბავშვს აქვს რთული ქცევა, არის კონფლიქტური და ამის გამო სხვა სკოლაში გადაჰყავთ, ეს პრობლემას ვერ მოაგვარებს, რადგან იქაც იგივე განმეორდება. თუ ადგილი აქვს ბულინგს, ჩაგვრას, მაშინ მოძალადესთან მშობელმა ამაზე აუცილებლად უნდა იმუშაოს. თუ პედაგოგი უშვებს შეცდომებს ბავშვთან ურთიერთობის დროს, ამ შემთხვევაშიც ჯერ პედაგოგს უნდა ესაუბროს ამის შესახებ მშობელი, რათა პედაგოგმა ბავშვთან მიდგომა შეცვალოს - ამ მიზეზების გამო სკოლის გამოცვლა მხოლოდ უკიდურესს და გამოუვალ სიტუაციაში თუა დასაშვები. ხოლო თუ ბავშვს სკოლას საცხოვრებელი ადგილის გამო უცვლიან, ამ შემთხვევაში მშობელი უნდა შეეცადოს მას ძველ თანაკლასელებთან ურთიერთობა ჰქონდეს და ახალ ჯგუფთან შეგუების პროცესში დაეხმაროს. როდესაც ყველა ღონეს მიმართავს მშობელიც და მასწავლებელიც, რომ სასკოლო გარემოში არსებული პრობლემები მოგვარდეს და პრობლემა მაინც ვერ აღმოიფხვრება, მაშინ უკვე უნდა აირჩეს ახალი სკოლა ან კლასი, სადაც ბავშვი უსაფრთხოდ იქნება და სადაც თავს კლასის სრულფასოვან წევრად იგრძნობს.
- ვურჩიოთ მშობლებს - როგორ შეამზადონ ბავშვი, თუ სკოლის შეცვლა უწევთ?- აუცილებლად უნდა აუხსნან ბავშვს მიზეზი, თუ რატომ უწევს სკოლის შეცვლა. დაანახონ ის დადებითი მხარეები, რომელიც ამას მოჰყვება. ამასთან, ესაუბრონ იმ შესაძლო სირთულეებზე, რომელსაც შეიძლება წააწყდეს. დაეხმარონ შვილებს ურთიერთობა შეინარჩუნონ ძველ მეგობრებთან და ხელი შეუწყონ ახალი მეგობრების შეძენაში. მაგალითად, მისცენ უფლება სახლში მიიწვიოს ახალი თანაკლასელები, აქტიურად იყოს ჩართული ახალი კლასის აქტივობებში და ა.შ. მშობელმა ინფორმაცია უნდა მიაწოდოს ახალ პედაგოგს ბავშვის თავისებურებების შესახებ. პირველ ეტაპზე უმაღლეს აკადემიურ მოსწრებას და სწრაფ ადაპტაციას ნუ მოითხოვს მშობელი შვილისგან. მიეცით იმდენი დრო, რამდენიც დასჭირდებათ და გახსოვდეთ, რომ არგუმენტი - ის ბავშვია და ადვილად შეეგუება - მართებული არაა!
- თუ სკოლის შეცვლამ უარყოფითი შედეგი გამოიღო (ბავშვი ჩაიკეტა, სწავლისადმი ინტერესი დაკარგა და ა.შ.) რა უნდა მოიმოქმედოს მშობელმა?- მშობელი აუცილებლად უნდა მიუდგეს ამ ცვლილებებს სერიოზულად. ნუ იფიქრებს, რომ ეს დროთა განმავლობაში თავისით გაივლის. მიუხედავად იმისა, რომ ეს ასეც შეიძლება მოხდეს, მსგავსი მდგომარეობა უკვე სერიოზული სირთულეების არსებობას მიუთითებს. აუცილებელია დიალოგის რეჟიმში, მშვიდად, სიმკაცრისა და მოთხოვნების გარეშე, მშობელი ბავშვის მდგომარეობაში შევიდეს და გაარკვიოს, კონკრეტულად სად წააწყდა ის სირთულეებს, რომელიც დამოუკიდებლად ვერ გადალახა. შემდეგ კი მშობელმა მისი და მასწავლებლის ჩართულობით ამ პრობლემებზე უნდა იმუშაოს. თუ დამოუკიდებლად ვერ შეძლებს ამას მშობელი, დასახმარებლად აუცილებლად სპეციალისტს მიმართოს.