სიახლეები
სამასწავლებლო

განსაზღვრავს თუ არა გარე დაკვირვება მასწავლებლის პროფესიონალიზმს?! - გაეცანით დირექტორების მოსაზრებებს
07-11-2018
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად (პრაქტიკოსი, უფროსი, წამყვანი და მენტორი) იყოფიან.
 
მასწავლებელს აღნიშნული სქემა საშუალებას აძლევს კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

სქემის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი გარე დაკვირვების გაკვეთილია. ამ ეტაპამდე პედაგოგს სხვა საფეხურების გავლა უწევს, როგორიცაა: კვლევის მომზადება, შიდა დაკვირვების გავლა და სხვა. გარე დაკვირვების დროს კი, მასწავლებელი 5 კონკრეტულ თემას ირჩევს, რაზეც 5 გაკვეთილს ამზადებს. შეფასების ჯგუფი „მასწავლებლის სახლიდან“ ინიშნება და მათში სკოლის თანამშრომელი არ შედის. თუმცა, თუ თავად პედაგოგი მოისურვებს, პროცესს სკოლის ფასილიტატორი შეიძლება დაესწროს. მასწავლებელმა წინასწარ არ იცის, ჯგუფი 5 თემიდან რომელს აირჩევს, ასევე, მხოლოდ ერთი დღით ადრე იგებს, რომ მეორე დღეს მის გაკვეთილს დაესწრებიან. შესაბამისად, პედაგოგთა ნაწილი 5-ივე გაკვეთილს წინასწარ ამზადებს. პროცესი შრომატევადია. ამავდროულად, არსებობს მოსაზრება, რომ მასწავლებლები ამის გამო  მოსწავლეებს შედარებით ნაკლებ დროს უთმობენ. მეორე შეხედულების თანახმად კი, მხოლოდ ერთი, წინასწარ დადგმული გაკვეთილით პედაგოგი არ უნდა ფასდებოდეს. 

სწორედ ამიტომ, Etaloni.ge სკოლის დირექტორებს დაუკავშირდა და ჰკითხა: განსაზღვრავს თუ არა მასწავლებლის კვალიფიკაციას გარე დაკვირვება და რა მხრივ ხედავენ ამ პროცესში ხარვეზს.

ხრეითის N1 საჯარო სკოლა, დირექტორი მიხეილ ლაშხი:

მყავს მასწავლებელი, რომელიც წელს ზუსტად გარე დაკვირვებას გადის. ამ პროცესს, რა თქმა უნდა, აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეც. დადებითია ის, რომ ეს მასწავლებლის პროფესიულ ზრდას უკავშირდება, მაგრამ უარყოფითი გახლავთ ის, რომ მასწავლებელი უფრო მეტად კრედიტ ქულების დაგროვებასა და დოკუმენტაციის მოწესრიგებაზეა ორიენტირებული. დროის ამ ნაწილში კი მოსწავლეებს სცილდება.

გეჯეთის საჯარო სკოლა, დირექტორი პაატა ნინუა:

მომწონს, მაგრამ პედაგოგები ამ სიტუაციას მაინც მიუჩვევლები არიან, ვერ ეწყობიან, დისკომფორტს განიცდიან და ა.შ. შესაბამისად, გაორებული დამოკიდებულება აქვთ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ეს სისტემა უფრო დასახვეწია. ამავდროულად აღსანიშნია, რომ გარე დაკვირვების დროს ჩატარებული გაკვეთილი საჩვენებელია და რეალობას შესაძლოა ობიექტურად არ ასახავდეს.

ჩხუტელის საჯარო სკოლა, დირექტორი ირმა გუგავა:

გარე დაკვირვება მასწავლებლის კვალიფიკაციას გარკვეულწილად განსაზღვრავს. პედაგოგი, რომელიც გამოცდებს ჩააბარებს, ნიშნავს, რომ კომპეტენციას და საგნობრივ ცოდნას ადასტურებს. გარე დაკვირვებამდე მასწავლებელს სხვა საფეხურების გავლა უწევს და შესაბამისად, ამ ეტაპზე მისული, უკვე საკუთარ გამოცდილებას ამტკიცებს. შესაბამისად, ვეთანხმები ამ სისტემას. თუმცა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია გარე დაკვირვებას უკეთესი ალტერნატივა გამოუჩნდეს.

სენაკის N3 საჯარო სკოლა, დირექტორი მარინე ნანეიშვილი:

გარე დაკვირვებას მივესალმები, რადგან ამ დროს მასწავლებლის კვალიფიკაცია კარგად ჩანს, ბავშვების ჩართულობაც თვალნათელია. მასწავლებელი, რომელიც გარე დაკვირვებისთვის ემზადება, ის თავის კლასთან განსაკუთრებულად მუშაობს. რაც არ უნდა მოინდომოს მასწავლებელმა, თუ ამის კომპეტენცია არ აქვს, ერთჯერადადაც ვერ დადგამს ისეთ გაკვეთილს, როგორიც საჭიროა.

ქვიანის საჯარო სკოლა, დირექტორი ნინო მშვიდობაძე:

ძალიან კარგია და ამ სისტემას მივესალმები. მასწავლებლები ემზადებიან და მოწმდებიან. ჩვენ სკოლაში ცდილობენ კარიერულ ზრდას და ამასთან დაკავშირებით უარყოფითი დამოკიდებულება არავისგან გამიგია.

ჩეკურაანთგორის საჯარო სკოლა, დირექტორი პავლე პატურაშვილი:

ვფიქრობ, გარე დაკვირვების გაკვეთილი ბოლომდე ვერ ასახავს მასწავლებლის პროფესიონალიზმს, რადგან ამ დროს პროცესი წინასწარ დადგმულია.

ახალსოფლის საჯარო სკოლა, დირექტორი თამარ თოხაძე:

მხოლოდ გარე დაკვირვება მასწავლებლის კომპეტენციაზე სრულ წარმოდგენას ვერ შეგვიქმნის. ამ დროს მასწავლებლის ინდივიდუალურობა და შემოქმედებითობა არ ჩანს, რადგან ამ გაკვეთილისთვის წინასწარ ემზადება. შესაბამისად, უფრო დადგმული გაკვეთილი გამოდის. ჩემი გამოცდილებითაც, მასწავლებელს უკეთესი გაკვეთილი მაშინ გამოსდის, როცა ვინმეს დასწრებას არ ელის.

ჭანჭათის საჯარო სკოლა, დირექტორი ილია ვადაჭკორია:

გარე დაკვირვება ძალიან კარგია, რადგან შიდა დაკვირვება მეტ-ნაკლებად სუბიექტური შეიძლება იყოს. გარე დაკვირვებით კი უკვე ობიექტური შედეგს ვიღებთ. შესაბამისად,  ამ სისტემას მივესალმებით. თუმცა, არსებობს ერთი „მაგრამ“- სწორედ იმიტომ, რომ სხვები ესწრებიან, პედაგოგს სტრესულ ფონზე შესაძლოა  გაკვეთილი ჩაუვარდეს და შესაბამისად, ის ობიექტურად ვერ შეფასდეს.   

დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლა, დირექტორი დავით ნაჭყებია:

მასწავლებელმა ერთი გაკვეთილიც რომ მოამზადოს, ეს, ბუნებრივია, მის ცოდნას ადასტურებს. თუმცა, რა თქმა უნდა, რჩება კითხვა - ის ყოველთვის ასეთ ხარისხიან გაკვეთილს ჩაატარებს? 

ჩუნჩხის საჯარო სკოლა, დირექტორი ემზარ პაპიძე:

გარე დაკვირვებით მასწავლებლის კომპეტენცია ობიექტურად ფასდება. მხოლოდ შიდა დაკვირვება არ იქნებოდა სწორი. ერთადერთ შესწორებას შევიტანდი - სასურველია ორივე, შიდა და გარე დაკვირვებაც ხშირად ტარდებოდეს, რადგან მხოლოდ ერთჯერადი ფორმა საკმარისი არ არის.

ხევის საჯარო სკოლა, დირექტორი მერი ხადილაშვილი:

გარე დაკვირვება სასარგებლო და სამოტივაციო აქტივობაა, თუმცა მასწავლებლის კომპეტენციას ნაწილობრივ განსაზღვრავს. გარე დაკვირვების ჩატარებას თავისი ეტაპები აქვს, რომელსაც გამოცდილება და პროფესიონალიზმი სჭირდება.

მარანის საჯარო სკოლა, დირექტორი ზაზა პიტავა:

რა თქმა უნდა, ამით მასწავლებლის პროფესიონალიზმი ფასდება. თუნდაც ამ გაკვეთილისთვის წინასწარ მომზადება გარკვეულ გამოცდილებას მატებს პედაგოგს. შესაბამისად, დადებითად ვაფასებ.

ლომანაურის საჯარო სკოლა, დირექტორი იმედა მუკუტაძე:

რა თქმა უნდა, გარე დაკვირვება განსაზღვრავს მასწავლებლის პროფესიონალიზმს. ამ პროცესში რეკომენდაციები გაიცემა და საგაკვეთილო პროცესი უფრო იხვეწება.

საღრაშენის საჯარო სკოლა, დირექტორი ნუნუ გულვერდაშვილი:

მასწავლებლის დაკვირვება უნდა მიმდინარეობდეს. ეს კარგი სისტემაა. მაგრამ ადრე იყო მეთოდური გაერთიანებები, რაც სხვადასხვა სკოლის პედაგოგების გაკვეთილებზე დასწრებას გულისხმობდა. ამ დროს ერთმანეთის გამოცდილებას ვიღებდით და შემდეგ საკუთარ სკოლებში ვნერგავდით. ამ კუთხით უფრო მივესალმებოდი მასწავლებელთა კავშირს. გარე დაკვირვება კი ამ ფორმატში არ ჯდება. 
 
ჩქვალერის თემის საჯარო სკოლა, დირექტორი როენა ფიფია:

გარე დაკვირვება ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია სასკოლო ცხოვრებაში, რაც, რა თქმა უნდა, მასწავლებლის კომპეტენციასაც განსაზღვრავს. ყველა მასწავლებელი ვერ ახერხებს ამას, რადგან შრომატევადი სამუშაოა. თუმცა, შეიძლება გარე დაკვირვების უფრო მეტად დახვეწა, რაიმე მექანიზმის დამატება...

წალენჯიხის N5 საჯარო სკოლა, დირექტორი ნანა მიქავა:


ამ თემასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არსებობს და მასწავლებლებს გარე დაკვირვება სწორ გადაწყვეტილებად არ მიაჩნიათ. თუმცა  ვფიქრობ, რომ ის განსაზღვრავს პედაგოგის კომპეტენციას, მაგრამ, რა თქმა უნდა, გარანტია ნამდვილად არ არსებობს, რომ კონკრეტული პედაგოგი გაკვეთილს ყოველთვის ისე კარგად ჩაატარებს, როგორც გარე დაკვირვების დროს. ამ პროცესში ალბათ უფრო ის ფასდება, პოტენციურად შეუძლია თუ არა მასწავლებელს კარგი გაკვეთილის ჩატარება.

ეწერის საჯარო სკოლა, დირექტორი რობერტ გელოვანი:

გარე დაკვირვება, ბუნებრივია, მასწავლებლის პროფესიონალიზმს ბოლომდე ვერ ასახავს. ერთი ნახვით პედაგოგის შეფასება რთულია. ვფიქრობ, უფრო შიდა დაკვირვებას აქვს მნიშვნელობა და ასევე, სკოლა უნდა ცდილობდეს მასწავლებლის კომპეტენციის ამაღლებას გადამზადებითა თუ სხვა აქტივობებით. გარე დაკვირვებისთვის მასწავლებელი თვეობით უნდა მოემზადოს და ამიტომ, ბავშვებს დროს აკლებს.

რუფოთის საჯარო სკოლა, კოტე გოგოიაშვილი:

გარე დაკვირვებას ბევრი პლუსი აქვს. მაგალითად, ამისთვის მასწავლებელი სპეციალურად ემზადება, მისი მოტივაცია მაღლდება, მეტს მუშაობს საკუთარ თავზე და სხვ. რაც შეეხება მინუსებს, შესაძლებელია ითქვას, რომ  მხოლოდ გარე დაკვირვებით მასწავლებელი სრულყოფილად ვერ შეფასდება.

რუსთავის N23 საჯარო სკოლა, დირექტორი მზია კიწმარიშვილი:

არსებულ რეალობაში გარე დაკვირვება გაცილებით ობიექტურია და საშუალებას იძლევა, მასწავლებლის შესაძლებლობები კარგად შეფასდეს. მნიშვნელოვანია, რომ  პროცესი გარედან შემოსული სტუმრის თვალით ფასდება. რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნებოდა ყველა გაკვეთილი ამ გაკვეთილს ჰგავდეს, მაგრამ მაინც ჩანს მასწავლებლის პროფესიონალიზმი და კვალიფიკაცია, რადგან, რაც არ უნდა შეეცადოს, ხელოვნურად იმას ვერ დადგმას, რაც არ იცის.

აძვის საჯარო სკოლა, დირექტორი ნინო ბიძინაშვილი:

გარე დაკვირვებამდე მასწავლებელი მრავალ ეტაპს გადის, სწორედ ამიტომ მას ნამდვილად აქვს ობიექტური წინა პირობები. თუმცა მას შესაძლებელია სხვა ფორმაც ჰქონდეს - სკოლაზე უფრო მორგებული გახდეს, მასწავლებლებს რომ დოკუმენტაციის შეგროვებასა თუ სხვა პროცედურებზე დიდი დროის დათმობა აღარ მოუწიოთ.

არბოს საჯარო სკოლა, დირექტორი მარინა ბედოიძე:

გარე დაკვირვების გაკვეთილისთვის მასწავლებელი ემზადება, სწორედ ამიტომ, უფრო მოტივირებული ხდება. ის აზრიც, რომ ამ დროს გაკვეთილი შესაძლოა მხოლოდ ერთჯერადად იყოს კარგი ხარისხის, ვფიქრობ, მართებული არ არის. პირიქით, დაკვირვების დროს მასწავლებელი მეტ სტრესს განიცდის და უფრო რთულია ამ შემთხვევაში პროცესის ხარისხიანად წარმართვა.

გორის N6 საჯარო სკოლა, დირექტორი მარიამ ნუცუბიძე:

გარე დაკვირვება მისაღებია, თუმცა სასურველია რაიმე მექანიზმის ჩამატება, რომელიც მხოლოდ ერთჯერად პროცესზე არ იქნება ორიენტირებული. მაგალითად, მოსწავლეების შედეგები, რომლითაც მასწავლებლის მიერ ჩატარებული გაკვეთილების ხარისხი მთელი წლის განმავლობაში განისაზღვრება.

გორის N4 საჯარო სკოლა, დირექტორი მარინე აბუაშვილი:

გარე დაკვირვებით პედაგოგი ნამდვილად ობიექტურად ფასდება. თუმცა, სასურველია ამ პროცესს დირექტორიც ესწრებოდეს. თუნდაც, შეფასების უფლება არ ჰქონდეს, მაგრამ იცოდეს, მასწავლებელი რის მიხედვით მოწმდება.

გორის N3 საჯარო სკოლა, დირექტორი ვახტანგ სუხიტაშვილი:

გარე დაკვირვების გაკვეთილი მასწავლებლის მიერ ჩატარებულ სასწავლო პროცესს ნამდვილად ობიექტურად განსაზღვრავს.

არაშენდის საჯარო სკოლა, დირექტორი მზია ფატარიძე:

გარე დაკვირვება მასწავლებლის კომპეტენციას, რა თქმა უნდა, განსაზღვრავს. მასწავლებელი ამ დროს საკუთარ შესაძლებლობებს წარმოაჩენს.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ოჯახში უმცროს შვილზე დაინიშნება 50-დან 450 ლარამდე ყოველთვიური დახმარება - ბიუჯეტი

იმუშავებს თუ არა ელექტრონული ჟურნალი უქმე დღეებში, რომელიც მთავრობამ გამოაცხადა

როგორ ჩავრთოთ ბავშვები საახალწლო სამზადისში

ითვლება, რომ დამწვარი ფეხსაცმლის უსიამოვნო სუნი საშობაო გობლინებს სახლიდან აძევებს

ელექტრონული ჟურნალში სემესტრული ცვლილებების შეტანის ბოლო ვადა ცნობილია  - ინფორმაცია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციისთვის

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ასევე მოსწავლეებმა შეასრულეს ფრანგული სიმღერა კინოფილმიდან „ჩარირამა“ 

კესო, მუსიკალური ფესტივალის - „სხვა საქართველო სად არის“, ლაურეატი გახდა 

მე- 7 კლასის დამრიგებლის ზენფირა ისაევის ხელმძღვანელობით ჩატარდა და მასში მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ 

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კონკურსი საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრმა გამოაცხადა

კვირეული დაუვიწყარი ემოციებითა და შთაბეჭდილებებით აღსავსე იყო 

საინტერესო

როგორ ჩავრთოთ ბავშვები საახალწლო სამზადისში

ითვლება, რომ დამწვარი ფეხსაცმლის უსიამოვნო სუნი საშობაო გობლინებს სახლიდან აძევებს

როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

სიახლეები
საზოგადოება