მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
იუმორისტული შოუს წამყვანი ვანო ჯავახიშვილი სკოლაში სანიმუშო მოსწავლე ყოფილა. ცდილობდა, მასწავლებლები არ გაებრაზებინა, თუმცა, ერთხელ ისეთი რამ ჩაიდინა, მთელი სკოლა ფეხზე დააყენა. თანაკლასელებს იუმორით თავიდანვე ართობდა. სკოლის გამოსაშვებ საღამოზე კი მასწავლებლები მათივე პაროდიებით გააოცა და სწორედ მაშინ გადაწყვიტა, სცენას აღარ მოშორებოდა.
ვანო ჯავახიშვილი მეხუთეკლასელი ბიჭის, ნიკოლოზის მამაა. Etaloni.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ ახლა მის შვილს უცნაურად ასწავლიან და ზოგადი განათლების კუთხით წლების წინ უფრო მეტს იძლეოდა სკოლა, ვიდრე დღეს.
– თემქაზე, 142-ე საშუალო სკოლაში ვსწავლობდი. ჩემი სკოლა ძალიან ახლოს იყო ჩემი სახლიდან და ჩემი კლასელების უმეტესობა ჩემი მეზობლები და მეგობრები იყვნენ. შესაბამისად, სკოლასთან შეგუება არ გამჭირვებია. სხვა მეგობრებიც შევიძინე – სხვა უბნის ბავშვებიც მოხვდნენ ჩემს კლასში და დღემდე ყველასთან კარგი ურთიერთობა მაკავშირებს.
– კარგად სწავლობდით?
– რთულ პერიოდში მოგვიწია სწავლა. ეს იყო გასული საუკუნის 90-იანი წლები და მორიგეობით ნავთით მივდიოდით სკოლაში, რომ გათბობის საშუალება გვქონოდა. ამ ყველაფრის მიუხედავად, ფრიადებზე მაქვს დამთავრებული სკოლა, რადგან დედაჩემი ძალიან მკაცრი ქალი იყო. სულ 4–იანები და 5–იანები ეწერა ჩემს დღიურში. 2–იანი მხოლოდ დისციპლინის დარღვევის გამო დაუწერიათ. 4–იანი რომ გამომყვებოდა ხანდახან, მაგაზე ვნერვიულობდი. სტაბილურად კარგი მოსწავლე ვიყავი და სკოლის სანიმუშო მოწაფეთა დაფაზეც ვიყავი გამოკრული.
– რას ჩადიოდით ისეთს, 2–იანს რომ იმსახურებდით დისციპლინაში?
– ბევრ რამეს ჩავდიოდით და ბევრი საყვედურიც მიმიღია, მაგრამ ერთხელ ძალიან ცუდი რამ ჩავიდინე. სკოლის კართან იდგა კარისკაცი და თუ მასწავლებლის ხელმოწერილ საბუთს არ ჩაიტანდი, გარეთ არ გაგიშვებდა. ხოდა, ასეთი საბუთი დავწერე, ხელიც მოვაწერე მასწავლებლის მაგივრად და მთელი კლასი გავაპარე სკოლიდან. ეს საქმე გასკდა და გაირკვა, რომ მე ვიყავი ხელმომწერი. დედაჩემის ყურამდეც მივიდა ამბავი და ატყდა ერთი ამბავი, ასეთი რამ როგორ აკადრე მასწავლებელსო. მაშინ გვიხაროდა შატალოზე წასვლა, რადგან კლასელები ერთად კარგ დროს ვატარებდით. სხვადასხვა უბნებიდან რადგან ვიყავით, შატალოზე ერთად ვიკრიბებოდით და ვერთობოდით.
– მკაცრი დედა როგორ გსჯიდათ?
– ეზოში აღარ მიშვებდა და ეს იყო ჩემი დასჯა. გაუთავებლად ვმეცადინეობდი და დასჯა იყო, აბა რა?! ასეთ დასჯას ჩვეულებრივად ვიღებდი, რადგან ვხვდებოდი, რომ დამნაშავე ვიყავი.
– თუ გიჩხუბიათ?
– დიდ ჩხუბებში არასოდეს გავრეულვერ, არ მიყვარდა კონფლიქტი. სულ ორი შემთხვევა თუ მახსენდება მსგავსი მთელი ბავშვობის განმავლობაში და ისიც, არცთუ მნიშვნელოვანი.
– რომელი საგანი გიყვარდათ?
– გეოგრაფია მიყვარდა ძალიან, მათემატიკას მარტივად ვიგებდი. ისტორიაც მიყვარდა... ქართული ენა და ლიტერატურა არ მიყვარდა, ტექნიკური საგნები უფრო მიტაცებდა. საიდუმლოს გაგიმხელთ – ქართულში თემების დაწერა მიჭირდა და ჩემი კარის მეზობელი, ნათია ბარათელია მიწერდა. ახლაც ვმეგობრობთ მე და ნათია. მაშინ უნივერსიტეტში სწავლობდა და ვეუბნებოდი ხოლმე, უნდა მიშველო–მეთქი. შევუგდებდი თემას და გამზადებულს მაწვდიდა. მე კი ჩემი ლამაზი კალიგრაფიით გადავიწერდი რვეულში და მასწავლებლები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ. მერე, კარგად ვისწავლიდი იმ თემას და ისე ვწერდი საკონტროლოს.
– მასწავლებლები გახსოვთ?
– კი, ყველა მახსოვს. აბსოლუტურად ყველა კარგი მასწავლებელი მყავდა. იმ რთულ პერიოდში ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ბავშვებისთვის განათლება მიეცათ. ნორა აბაკუმოვა იყო ჩვენი დამრიგებელი, რომელიც ისტორიას გვასწავლიდა. დაწყებითებში გულიკო ჯაფარიძე გვყავდა, რომელიც სკოლაში დღემდე ასწავლის და ძალიან კარგი პედაგოგია.
– სკოლასთან კავშირი გააქვთ?
– დიახ, როგორ არა?! ჩემი ძმისშვილი, რომელსაც ასევე ვანო ჰქვია, ქალბატონი გულიკო ჯაფარიძის კლასში მოხვდა და გამოდის, რომ მას ორი ვანო ჯავახიშვილი ჰყავს გამოზრდილი. მას და სხვებსაც კარგად ვახსოვარ და რაიმე ღონისძიება თუ იმართება, სულ მეპატიჟებიან.
– ბავშვობაშიც იუმორით გამოირჩეოდით, ხუმრობდით გაკვეთილებზე?
– მუდამ ვუსმენდი ყველანაირ იუმორს და მეც გამომდიოდა. კლასშიც ისეთი ვიყავი, რომელსაც შეეძლო, სხვები გაეცინებინა. ბოლო ზარი მთლიანად ჩემი დადგმული იყო და მახსოვს, მასწავლებლები როგორ აღფრთოვანდნენ. მე იქ პაროდიები ვაკეთე... ბევრი იხალისეს და იცინეს. დამრიგებლის ისეთი პაროდია გავაკეთე, თვითონაც ბევრი იცინა. მერე, მოვიდა და გადამეხვია. ბოროტული ხუმრობები არ მქონია.
ეს ჩემი პირველი დადგმა იყო და მაგის მერე მივხვდი, რომ სცენა იყო ჩემზე ზედგამოჭრილი. პირველი აპლოდისმენტები მაშინ შევიგრძენი და ამას რომ იგრძნობ, აღარ გინდა, სცენიდან ჩამოხვიდე. უნივერსიტეტშიც რომ ჩავაბარე, მაშინაც სცენისკენ მიწევდა გული და დღემდე ასე ვარ. სცენაა ჩემი განუყრელი მეგობარი.
– ბავშვობაში რომელმა წიგნმა მოახდინა თქვენზე შთაბეჭდილება?
– პირველად „ბიძია თომას ქოხი“ წავიკითხე, რომელიც ძალიან მძიმე იყო ჩემთვის. ქართველი მწერლებიც მიყვარს, მაგრამ გამორჩეულად ვერავის დავასახელებ. სამსახურის გამო დრო აღარ მრჩება, რომ კითხვას დავუთმო. მთელი დღე გონებრივად ვმუშაობ და კიდევ ზედმეტი ინფორმაციის მიღება, ძალიან მტვირთავს. ვცდილობ, დავისვენო და დავიძინო, ვიდრე გადავიღალო და მეტი ინფორმაცია მივაწოდო ტვინს. ჩემი პროფესიის მთავარი სირთულე ის არის, რომ მუდამ რაღაც ახალი უნდა მოვიფიქრო. ისედაც უამრავი არასასიამოვნო ინფორმაციით მაქვს თავი გამოვსებული და ამას რომ კიდევ სხვა ინფორმაციებიც დავუმატო, ძალიან გადავიტვირთები. ბევრმა ექიმმა მირჩია, უფრო მეტი იძინე, ვიდრე ინფორმაციას მოისმენო და მეც ვუჯერებ ექიმებს.
– ამბობენ, იუმორით ცნობილი ადამიანები ცხოვრებაში სევდიანები არიანო...
– დიახ, ასეა. ყველა ადამიანს განსხვავებული ხასიათი აქვს. მთელი დღე რომ მხიარული ვიყო, ჩათვლით, რომ არ ვარ ნორმალური ფსიქიკის მქონე ადამიანი. სულ სხვანაირი ვარ ხასიათით, ვიდრე ეკრანზე ვჩანვარ.
– რომელ ფაკულტეტზე ჩააბარეთ?
– მექანიკა–მათემატიკის ფაკულტეტზე, მაგრამ ეს სპეციალობა არასოდეს გამომიყენებია და ძალიან ვნერვიულობ, რომ მავიწყდება თანდათან. რაღაც ფორმულა რომ აღარ გახსოვს, საწყენია. ისეთი არასასიამოვნო შეგრძნებაა, თითქოს არც არაფერი გისწავლია ცხოვრებაში. მე და ნიკა გრიგოლია ვიყავით თანაკურსელები და იქიდან ერთად მოვდივართ.
– რას ვერ ეგუებოდით სკოლაში და დღევანდელ განათლების სისტემაზე რა აზრის ხართ?
– ჩემ დროს საშინელება ის იყო, რომ ინფრასტრუქტურა არ ვარგოდა. ისეთ შენობებში გვიწევდა ყოფნა, სწავლის სურვილი ალბათ 10–დან 9–ს არ გაუჩნდებოდა. იმდროინდელმა განათლების სისტემამ შეძლო და მოგვცა კარგი ზოგადი განათლება, დღევანდელს კი აქვს ხარვეზები. ახლა ლოგიკურ აზროვნებას და უნარების გაუმჯობესებას აქვს მეტი დრო ეთმობა, რაც ძალიან კარგია, მაგრამ რაღაც საგნები უცნაურად ისწავლება. მე რომ მაძალებდნენ „ვეფხისტყაოსანის“ 25 სტროფის დაზეპირებას, ეს იმას ნიშნავდა, რომ ღამე უნდა გამეთენებინა სწავლაში. ახლა ნაკლებად ტვირთავენ ბავშვებს კონკრეტული დავალებებით.
– უცნაურ სწავლებაში რას გულისხმობთ?
– მაგალითად, ჩემი შვილი კერძო სკოლაში დადის და იქ რუსულში ჯერ სიტყვები ასწავლეს და, შემდეგ კლასში – ასოები. ეს ცოტა ვერ გავიგე. მგონი, ჯერ ასოები უნდა ვისწავლოთ და მერე სიტყვები. ასოებიც არეულად ისწავლეს – ა, ბ, გ, დ კი არა, – ა, ჯ, შ და ა.შ... ამიტომაც გაუჭირდა რუსულის სწავლა.
– შვილს თუ ეხმარებით გაკვეთილების მომზადებაში?
– მხოლოდ მიმართულებას ვაძლევ, როგორ ჯობს იფიქროს. არ მინდა, ჩემზე იყოს დამოკიდებული და ისე ამოხსნას ამოცანა, რადგან თუ ჩემზე იქნება დამოკიდებული, განათლებას ის კი არა, მე მივიღებ. თუმცა იშვიათად ხდება, რამეში დახმარება მთხოვოს, ძალიან ნიჭიერი ბიჭია.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ელექტრონული ჟურნალში სემესტრული ცვლილებების შეტანის ბოლო ვადა ცნობილია - ინფორმაცია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციისთვის
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
აღსანიშნავია, რომ აქტივობას ხელმძღვანელობდნენ: მარიამ ვაჩეიშვილი და ნათელა ირემაძე
როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა