მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბავშვები ფანტაზიის უნარით უფროსებს ხშირად აკვირვებენ. მათთვის ხშირ შემთხვევაში დამახასიათებელია არამხოლოდ რომელიმე ცნობილი პერსონაჟის მიბაძვა, არამედ, გამოგონილ არსებებთან „მეგობრობა“. რა ასაკამდეა ეს ბუნებრივი ქცევა და როდის ხდება ის ბავშვისთვის სახიფათო? Etaloni.ge-ს ფსიქოლოგი ქეთი მესხიშვილი ესაუბრა.
- რას ნიშნავს, როცა ბავშვები რომელიმე პერსონაჟთან აიგივებენ თავს?
- ბავშვებს საკუთარი თავის პერსონაჟებთან გაიგივება თვითგამოხატვაში ეხმარებათ, ასევე უვითარდებათ ფანტაზია. მაგალითად, მულტფილმის გმირების განსახიერებით ისინი ხშირად საკუთარ აზრს გამოხატავენ, თუმცა ისე აკეთებენ, თითქოს ამას ესა თუ ის პერსონაჟი ამბობს.
- რამდენად სახიფათოა ეს და რა სირთულეები შეიძლება მოყვეს?
- ხშირად მშობლებს ეშინიათ რომ მაგალითად „ბეთმენის“ ან „ადამიანი ობობას“ განსახიერების დროს ბავშვი რამეს დაიზიანებს. მშობელმა თავისი ამ შფოთვის გამო ბავშვს ამ გმირების როლის თამაში არ უნდა აუკრძალოს, არამედ, უსაფრთხო გარემო უნდა შეუქმნას, რომ ბავშვმა რაიმე არ დაიზიანოს. თუკი რაიმე ინციდენტს აქვს ადგილი, ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ამ გმირების გავლენით მოხდა. ყველა შემთხვევა მაინც ინდივიდუალურად განიხილება და თუკი მშობელი რაიმე საეჭვოს ამჩნევს, სასურველია სპეციალისტს მიმართოს.
- არის თუ არა ბუნებრივი, როცა ბავშვი თავისივე გამოგონილ პერსონაჟთან „მეგობრობს“?
- გარკვეულ ასაკში (3-4 წელი) ეს ნორმაა და ცუდს არაფერს არ ნიშნავს. ბავშვებს, რომ ფანტაზია უვითარდებათ და სოციალიზაციის მოთხოვნილება უჩნდებათ, ამ დროს ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. მაგრამ, თუკი ასაკის მატებასთან ერთად ფანტაზიაში არსებული მეგობრები რეალურმა მეგობრებმა არ ჩაანაცვლეს, მაშინ შესაძლოა ეს მდგომარეობა სირთულეზე მიუთითებდეს, რომელსაც ბავშვი დამოუკიდებლად ვერ უმკლავდება და დახმარება სჭირდება.
- როდის არის სახიფათო ბავშვის მიერ გამოგონილი პერსონაჟი ბავშვისთვისვე?
- პერსონაჟების დახმარებით ბავშვები საკუთარ თავს გამოხატავენ. თუკი ბავშვი პერსონაჟის მიბაძვით საფრთხეში ვარდება, მაშინ ეს შესაძლოა აღვიქვათ როგორც პრობლემა. ეს ფანტაზიები ადრეული სასკოლო ასაკის დადგომამდე (5 წლამდე) უნდა დასრულდეს. თუმცა მაინც უნდა გავითვალისწინოთ სხვადასხვა ბავშვის ფსიქო-ემოციური და ფიზიკური განვითარების ინდივიდუალურობა, მათი ცხოვრებისეული გამოცდილება და ყველა შემთხვევასთან ინდივიდუალური მიდგომა შევინარჩუნოთ.
- შესაბამისად, თუ ეს საჭირო გახდა და თავად არ დაანება თავი, როგორ გადავაჩვოთ ბავშვი პერსონაჟების გამოგონებას, სხვების მიბაძვას და დავაბრუნოთ რეალურ ცხოვრებაში?
- ამას მშობელი დამოუკიდებლად ვერ მოახერხებს და აუცილებლად უნდა მიმართოს სპეციალისტს. ამიტომ კონკრეტული რეკომენდაციის გაცემა დაუშვებელია.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საღამოს საჯარო სკოლაში ვან გოგის დაბადების დღის აღსანიშნავად მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო
სიღნაღის საჯარო სკოლაში მათემატიკის კვირეული ჩატარდა და მოსწავლეებმა რიცხვების ჯადოსნურ სამყაროში იმოგზაურეს
„მასწავლებლად ალბერტ აინშტაინს ავირჩევდი, რადგან მისი ხედვა ცოდნასა და შემოქმედებაზე შთამაგონებელია“...