მანდატურის სამსახურის დებულებაში ცვლილებები განხორციელდა - იხილეთ მინისტრის ბრძანება
05-12-2018
დაკოპირებულია
-
+
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის ბრძანებით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დებულებაში ცვლილებები განხორციელდა. ცვლილებების მიხედვით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებს დაევალათ:
ფსიქოლოგიური მომსახურების გაწევა ფსიქოლოგიური პრობლემების, ქცევითი და ემოციური დარღვევების მქონე მოსწავლეების, სტუდენტების, პროფესიული სტუდენტებისა და მათი მშობლებისათვის, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლების და/ან მასწავლებლებისათვის;
სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში ან/და საჯარო სკოლებში დასაქმებული ფსიქოლოგების საქმიანობის კოორდინაცია და საინფორმაციო მხარდაჭერის აღმოჩენა;
კატასტროფისათვის (ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა და სხვა) მზადყოფნის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის, ძალადობის საწინააღმდეგო (მათ შორის – ანტიბულინგური) საგანმანათლებლო კამპანიების და სხვა პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვაში და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის ტრენინგების საჭიროების განსაზღვრა და ორგანიზება;
საგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საკითხებზე საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მიცემა;
ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების პროცესში სკოლასთან თანამშრომლობა.
აღსანიშნავია ისიც, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსს და მის მოადგილეებს ცვლილების მიხედვით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი.
ცვლილებების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.