მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მებაღე ზურა შევარდნაძე გურიაში, ოზურგეთის რაიონის სოფელ ასკანაში გაიზარდა. ამბობს, რომ მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ბავშვობა ჰქონდა. სწავლა არ უყვარდა, მაგრამ მასწავლებლებს მაინც უყვარდათ. არც კითხვა უყვარს. მხოლოდ მათ წიგნებს თუ კითხულობს, ვისაც ახლოს გაიცნობს.
-მისაბაძი ბავშვობა მქონდა. ყველაზე ლამაზ და ჯანსაღ გარემოში, ძალიან კეთილსინდისიერი, წესიერი და ლაღი ხალხის გარემოცვაში გავიზარდე. დღევანდელ სიტუაციას რომ ვუყურებ, ვფიქრობ, ეს ყველაზე დიდი რამ არის, რაც შეიძლებოდა ჩემთვის მოეცა იქაურობას, იმიტომ, რომ ადამიანები იყვნენ ძალიან გულწრფელები, მართლები და სწორად ცხოვრობდნენ. ბევრი დრო გვქონდა ერთმანეთისთვის. ადამიანები ნახევარ ცხოვრებას ერთმანეთს უთმობდნენ.
ჩემი ბებია მეჩაიე იყო. დაღლილი ბრუნდებოდა სამუშაოდან, დაგვაპურებდა, მოგვივლიდა და ღამე მიდიოდა ავადმყოფი მეზობლის მოსავლელად, მისთვის ღამის გასათევად. სხვა ღირებულებებით ვცხოვრობდით, ვიდრე დღეს და იმიტომაც აღარ იციან დღეს ბავშვებმა, რა არის თანაგრძნობა.
- სკოლაში რა ხდებოდა?
-სკოლაში არ ვსწავლობდი კარგად, მაგრამ მასწავლებლებს მაინც ვუყვარდი და კარგ ნიშნებს მიწერდნენ სრულიად დაუმსახურებლად. სხვა ბევრი ინტერესი მქონდა - მყავდა ცხოველები, ვუვლიდი მცენარეებს. ყველასგან განსხვავებულად ვცხოვრობდი და ამას იმ დროის გურიაში, ახლა რომ ვუკვირდები, ცოტა გაბედულებაც სჭირდებოდა. არ ვიყავი სტანდარტული ბავშვი. უფრო გოგონებთან ვმეგობრობდი, ვიდრე ბიჭებთან. ყველასგან განსხვავებულად ვცხოვრობდი და ეს მომწონდა. დღესაც ისე ვცხოვრობ, როგორც მომწონს.
არაჩვეულებრივი პედაგოგები მყავდა, მათ ესმოდათ ჩემი უცნაური ახირებების და გატაცებების. მშობლებისგანაც სულ მქონდა მხარდაჭერა. ფიზკულტურის გაკვეთილს ვერ ვიტანდი. არასოდეს მითამაშია ფეხბურთი, კალათბურთი. დღესაც, ტელევიზორში რომ დავინახავ რაიმე სპორტია, გადავრთავ ხოლმე, რადგან ვერ ვიგებ.
დედაჩემი ხშირად მოდიოდა სკოლაში, უნდოდა კარგი მოსწავლე ვყოფილიყავი. მასწავლებელს შეეკითხებოდა ხოლმე, როგორია ჩემი შვილი კუკური მასწავლებელოო. კუკური მასწავლებელი კი უპასუხებდა, საყვარელია ნათელა, ძალიან საყვარელიაო. არასოდეს ეტყოდა, კარგი მოსწავლეაო. მასწავლებლებს ვუყვარდი და დღესაც ვუყვარვარ.
- რომელიმე საგანი მაინც არ გიყვარდათ?
-კი, ბიოლოგიას ვსწავლობდი კარგად. ისტორიაც შედარებით მიყვარდა და ლექსების სწავლაც. ქიმიას საერთოდ ვერ ვიგებდი. არც ფიზიკის კანონებიდან ვიცი რამე. გამრავლების ტაბულა დღესაც არ ვიცი. ხან დამსაჯა კუკური მასწავლებელმა და სამიანი დამიწერა, ხან - ოთხიანი. ბოლოს, რომ მიხვდა, დასჯით არაფერი გამოვიდოდა, მგონი, ხუთიანი გამომაყოლა.
- რით აყვარებდით მასწავლებლებს თავს?
-არ ვიყავი დაბოღმილი, ჩემი ინტერესები მქონდა. მეც პედაგოგი ვარ და ვხედავ, თუ ბავშვს რაიმე ინტერესი აქვს, თუ კეთილი და წესიერია... რა აუცილებელია, ფიზიკა და გეომეტრია ისწავლოს?! სულაც არ არის აუცილებელი! მე ჩემს შვილს არ დავავალდებულებ, ის ისწავლოს, რაც არ უნდა. იმდენი რამეა სასწავლი... მთავარია, რაღაც გაინტერესებდეს და რა იქნება ეს, მნიშვნელობა არ აქვს.
ფაქტობრივად ტყეშია ჩემი სოფელი და ყველამ ინატროს ისეთი მასწავლებლები, მე რომ მყავდა. გულწრფელად რომ ვთქვა, შეიძლება უმაღლესი რანგის სპეციალისტები არ იყვნენ, მაგრამ არაჩვეულებრივი ადამიანები გახლდნენ და, რაც მთავარია, ადამიანობას, საქციელს გვასწავლიდნენ. ეს კი ყველა პროფესიაზე მაღლა დგას. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ნებისმიერ დროს შეუძლია მივიდეს მასწავლებელთან და გაუზიაროს თავისი აზრი. კლიშეებში ცხოვრება უბედურებაა. თავისუფალი აზრია მთავარი.
- რა ცხოველები გყავდათ სახლში?
-კურდღლები, ზაზუნები, ზღვის გოჭები, კატები, თევზები... მცენარეები ხომ მიყვარდა და მიყვარდა. სულ მქონდა ჩემი ბოსტანი და სულ ვეჯიბრებოდი ბებიას - ვთესავდი, ჩითილი გამომყავდა, ვრგავდი...
- ჯობნიდით ბებიას?
-ბებია დიდი ვედროთი კრეფდა ხოლმე ხილს თუ ბოსტნეულს, მე - პატარათი. ყანაში დავყავდი ხოლმე ბაბუას. სუფსის ჭალებში აქვთ ასკანელებს ყანები და ის იყო ჩემთვის ზეიმი - სატვირთო მანქანაზე რომ ვისხედით მთელი სოფელი და ისე მივდიოდით ყანაში. ახლა სწორედ იგივე ხარისხის განცდა და ემოცია შეიძლება მომიტანოს ევროპის რომელიმე ქვეყანაში მაღალი დონის გამოფენის ნახვამ. დრეზდენის გალერეაში რომ შევედი პირველად, მაშინ ვიყავი ისე ამაღლებული, როგორც მაშინ, სატვირთო მანქანაზე ამხედრებული ყანაში რომ მივდიოდი.
-კითხვა გიყვარდათ?
-არა. დიდად არც ახლა მიყვარს. ტყუილს ხომ არ ვიტყვი?! ამორჩეულად ვკითხულობ. მაგალითად, ავიღებ წიგნს, წავიკითხავ 3 გვერდს და მერე გადავახტები. 3 გვერდზე მეტს ვერ ვკითხულობ, რადგან ძალიან დაღლილი ვარ ხოლმესაღამოობით და მეძინება. ზამთარში მაქვს ხოლმე შედარებით კითხვის დრო. მთელი წელი ვაგროვებ სტატიებს, ინტერვიუებს და მერე, დრო რომ მაქვს, ვკითხულობ. ხან, მომინდება ხოლმე, ვიცნობდე რომელიმე მწერალს. ჩემთან სტუმრად იყო თურქი მწერალი ორხან ფამუქი. რადგან პირადად გავიცანი, მინდა, მის ნაწერებს ვიცნობდე. მის მუზეუმშიც ვიყავი სტამბოლში და... გურამ დოჩანაშვილიც ძალიან მომწონს, მისაბაძი და წესიერი კაცია. არც მისი რამე მქონდა წაკითხული და ახლა გადმოვიღე და ღამღამობით ორ-ორ გვერდს ვკითხულობ.
რეზო გაბრიაძეზე ვგიჟდები, მისი სცენარები ახლოა ჩემთან და თუკი რამე დაუწერია, ყველაფერი წავიკითხე. მისი პიროვნება მაინტერესებს და იმიტომ. მხიბლავს, როცა რაღაცებში ჩემი აზრი ემთხვევა მწერლის აზრს. რეზო კი ისე მაკვარანცხად წერს და ისე იცის ჩახუჭუჭება გემრიელად, რომ თან აგეტირება, თან გაგეცინება...
-ნოდარ დუმბაძეც წაკითხული გექნებათ...
-დუმბაძე ჩვენთვის სამაგიდო წიგნია გურიაში და, რა თქმა უნდა, ვკითხულობდი. ერთი მოთხრობა აქვს დუმბაძეს, რომელსაც „ბოშები“ ჰქვია და მასზე ფილმიცაა გადაღებული. სულ ერთი გვერდი და ნახევარია. ყველა ემოცია ერთადაა. ამ გვერდ-ნახევარში ახერხებს, შეგეხოს და ყველაფერი გაგიზიაროს.
სხვათა შორის, „ვეფხისტყაოსანს“ ვსწავლობ ზეპირად. 122 სტროფი უკვე ვიცი. დღეში ერთი სტროფის სწავლას ვცდილობ. ანუ დაახლოებით 122 დღის წინ დავიწყე. საღამოს მგონია ხოლმე, რომ გავშტერდი, აღარაფერი შემიძლია და იმის დასამტკიცებლად, რომ კიდევ შემრჩა ძალა, ენერგია და ემოცია, „ვეფხისტყაოსანს“ ვსწავლობ. ვფიქრობ, რომ უნდა ვიცოდე. უბედურება ისაა, წინა დღეებში ნასწავლი რომ მავიწყდება, მაგრამ არა უშავს, ტვინს ხომ ვავარჯიშებ?!
-რა სპეციალობის ხართ?
-ბიოლოგიის ფაკულტეტზე ჩავაბარე უნივერსიტეტში.
-ქიმია რომ არ იცოდით, როგორ ჩააბარეთ?
-ქიმია ძლივს ჩავაბარე. 3-იანი მივიღე და მეყო. ბიოლოგიაში 5-იანი მივიღე, ქართულშიც კარგად დავწერე თემა და ქიმიაში, მგონი, ხათრით დამიწერეს ნიშანი იქაც (იცინის).
მებაღე რომ ვიქნებოდი, ჯერ კიდევ მაშინ ვგრძნობდი, როცა არც ვიცოდი, რომ პროფესია მებაღეობა არსებობდა.მერე გერმანიაში ვისწავლე მებაღეობა - ბონის უნივერსიტეტის ბოტანიკურ ბაღში.
- მცენარეებს ელაპარაკებით?
-არა, არ ველაპარაკები, სად მცალია მათთან სალაპარაკოდ?! ისინი მელაპარაკებიან და მე ვუსმენ. მცენარეები გკარნახობენ, როგორ იცხოვრო სწორად. მცენარეები ადამიანებზე ბევრად კორექტული წესებით ცხოვრობენ. ეხმარებიან ერთმანეთს და აძლიერებენ. ურთიერთკონკურენციის ფორმები უფრო რბილი აქვთ, ვიდრე ადამიანებს. ადამიანებს ხომ შეუძლიათ ერთმანეთი შეჭამონ ან გადაუარონ. მცენარე, როცა ხედავს, სხვა მასზე რაღაცით უპირატესია, ადვილად თმობს, იმას მიუშვებს და გაუნაწილებს მზეს, ჰაერს და თავისთვისაც მონახავს ადგილს და თავისი მიმართულებით განვითარდება.
- როგორ გგონიათ, ბავშვის აღზრდაში რა არის მთავარი?
-დოგმებით ვაცხოვრებთ ჩვენს შვილებს. ჩემს ბაღში რომ მოდიან ბავშვები, მშობლები წყვეტენ, როგორ მოიქცნენ - აბა, ახლა ტაში დაუკარით, აბა ახლა გაიღიმეთ... ბავშვები როცა შეკითხვას მისვამენ, მეც კითხვით ვპასუხობ - შენ როგორ გგონია?.. სასწაული რა არის, იცით? თვითონვე მიდიან სწორ აზრამდე. სილაღეზე, თავისუფლებაზე უფრო დიდი მასწავლებელი არაფერია.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ელექტრონული ჟურნალში სემესტრული ცვლილებების შეტანის ბოლო ვადა ცნობილია - ინფორმაცია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციისთვის
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ასევე მოსწავლეებმა შეასრულეს ფრანგული სიმღერა კინოფილმიდან „ჩარირამა“
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კონკურსი საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრმა გამოაცხადა
როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა