სიახლეები
სიახლეები, ინტერვიუ

ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული სახელმძღვანელოებით სწავლა აკრძალულია - რას სთავაზობს ქართული მხარე მოსწავლეებს და აბიტურიენტებს ?!
07-12-2018
-
+


აკრძალული ქართული სახელმძღვანელოები, 11-წლიანი ზოგადი განათლება, მოძველებული საგანმანათლებლო სტანდარტები და ხარისხიანი განათლების მიღების პრაქტიკულად ნულოვანი პერსპექტივა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის - ეს იმ პრობლემათა მცირე ჩამონათვალია, რომელზეც შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური etaloni.ge-სთან საუბრობს. 

განათლების მიღების როგორი შესაძლებლობა აქვთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსწავლეების და რა პრობლემებს ხედავთ?

- დავიწყებ იმით, რომ განათლება საუკეთესო მექანიზმია წარმატების მისაღწევად. მიუხედავად იმისა, ოკუპაციის გამყოფი ხაზის რომელ მხარეს ცხოვრობს ახალგაზრდა, მათი იმედი და მოლოდინები წარმატებულ მომავალთან დაკავშირებით ძალიან დიდია. შესაბამისად, მაღალია მოტივაცია, მიიღონ ხარისხიანი, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი განათლება და შრომით ბაზარზე გახდნენ კონკურენტუნარიანი, არის თანაბარი, თუმცა შესაძლებლობები, როგორ განათლებას იღებენ გამყოფი ხაზის იქით და აქეთ, სრულიად განსხვავებულია.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაღალი ხარისხის და თანამედროვე სტანდარტების შესაბამის  განათლებაზე ხელმისაწვდომობა დაკავშირებულია რიგ გამოწვევებსა და დაბრკოლებებთან: ზოგადი განათლება არის 11-წლიანი, რაც ჩვენ უკვე დიდი ხანია წარსულს ჩავაბარეთ და რაც არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს და არ არის ჰარმონიზებული ბოლონიის პროცესის მოთხოვნებთან. მოძველებულია საგანმანათლებლო სტანდარტები და პროგრამები, ასევე ის მეთოდოლოგია, რომლითაც სწავლება მიმდინარეობს.

სკოლებში შეზღუდულია მშობლიურ ენაზე განათლების მიღება. საბავშო ბაღებში აღმზრდელობითი მუშაობა მხოლოდ რუსულ ენაზე მიმდინარეობს.

სკოლებში იკრძალება ქართული სასკოლო სახელმძღვანელოების გამოყენება. სარგებლობენ თანამედროვე სტანდარტებთან შეუსაბამო სახელმძღვანელოებით, რომელიც  რუსეთის ფედერაციაში გამოცემული. ამასთანავე, ის საკმაოდ ძვირადღირებულია და მაშინ, როდესაც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე საჯარო სკოლების მოსწავლეები  უზრუნველყოფილნი არიან უფასო სახელმძღვანელოებით, გალელ და ახალგორელ მშობლებს საკმაოდ ძვირად უწევთ წიგნების ყიდვა, რაც ოჯახებისთვის საკმაოდ მძიმე ტვირთია.

- ცნობილია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ქართული სკოლებში სწავლება ძირითადად რუსულ ენაზე მიმდინარეობს. როგორ ფიქრობთ, რა პრობლემები შეიძლება შექმნას ამ ყველაფერმა მომავალში?

- შეიძლება ითქვას, რომ დე ფაქტო ადმინისტრაციის განათლების პოლიტიკა გალის რაიონის ტერიტორიაზე ქართული ენის განდევნას და რუსული ენით სრულ ჩანაცვლებას ემსახურება. ქართული ენის, როგორც გალის მოსახლეობის მშობლიური ენის და ეთნიკური ქართველების იდენტობის უმნიშვნელოვანესი ელემენტის შეზღუდვა შეიძლება შეფასდეს, როგორც ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია და განათლების უფლების შეზღუდვა. 2014 წლიდან ჯერ ქართული ენისა და ლიტერატურისთვის დათმობილი საათების შეზღუდვა, მომდევნო წელს კი სრულად რუსულენოვან სწავლებაზე გადაყვანის პროცესი დაიწყო. ის, რომ ახალგაზრდებს მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა არ აქვთ და ბოლო წლების განმავლობაში სკოლები, სადაც სწავლება ქართულ ენაზე მიმდინარეობდა, მოდიფიცირდა რუსულენოვან სკოლებად, მოსწავლეებს თავისი შესაძლებლობების სრულფასოვნად რეალიზების პრობლებას უქმნის. არადა, იქაურ მასწავლებელთა და მოსწავლეთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის ოჯახებში სასაუბრო ენა ქართულია. რუსული ენა უცხოა და მასზე სასწავლო პროცესის ხარისხიანად წარმართვა და მაღალი დონის საგანმანათლებლო შედეგების მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელია.

ქართული მხარე ძალიან აქტიურად მუშაობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში და არა მხოლოდ იქ. მაქსიმალურად ვცდილობთ ამ პრობლემაზე საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების მობილიზებას, რათა გამოვიყენოთ პრობლემის გადაწყვეტის ყველა შესაძლო საერთაშორისო პოლიტიკური და სამართლებრივი მექანიზმი, ასევე ვმუშაობთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომ  მაქსიმალურად დაგვიჭირონ მხარი მშობლიურ ენაზე განათლების მიღებასთან დაკავშირებით, და ეს ეხება არა  ქართულ ენას, არამედ აფხაზურისაც. წლების განმავლობაში აფხაზური ენაც დისკრიმინაციას განიცდიდა. როგორც იცით, ჩვენს ქვეყანაში აფხაზურ ენას განსაკუთრებულ პრიორიტეტს ვანიჭებთ და ის კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქმედ სკოლებშიც შეთავაზებულია, როგორც არჩევითი საგანი.

ანალოგიურად ხორციელდება რუსულენოვან სწავლებაზე გადასვლა ახალგორის რაიონის სკოლებშიც.

- რას სთავაზობს სახელმწიფო ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ახალგაზრდებს, რომლებსაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების სურვილი აქვთ?

-საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვისა და სწავლის გაგრძელების გამარტივების, ხარისხიან განათლებაზე წვდომის შესაძლებლობების განვითარების მიზნით მათთვის საშეღავათო პოლიტიკა მოქმედებს. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირები, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, და რომლებმაც აფხაზური ენა იციან, სარგებლობენ უფლებით ერთიან ეროვნული გამოცდების ჩაბარების ნაცვლად, აფხაზურ ან ოსურ ენაზე ჩააბარონ ზოგადი უნარები და გახდნენ 1+4 პროგრამის სტუდენტები. მომდევნო წლიდან კი აფხაზური ან ოსური ენისა და ლიტერატურის ჩაბარება გახდება ამ პროგრამებზე მოხვედრის წინაპირობა. პირობები შექმნილია, მთავარია მსურველი ბევრი იყოს.

აბიტურიენტებისთვის განსაკუთრებულად საინტერესო იქნება პროგრამა, რომელზეც ახლა ვისაუბრებ: საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში შემუშავებულია პროგრამა, რომლის სახელწოდებაა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. ამ პროგრამით  განსაზღვრულია ის მექანიზმები, რომელიც  ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდების, იქნება ეს აფხაზეთის თუ ცხინვალის რეგიონის ტერიტორიიდან, საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაზრდისა და გამარტივების, საუკეთესო განათლების მიღების პირობებს შექმნა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის საზღვრებს გარეთ.

პროგრამის ბენეფიციარებად მკაფიოდ განისაზღვრა სამიზნე სეგმენტი: პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებით სარგებლობს პირი, ასაკის შეუზღუდავად, რომელიც სკოლის დასრულებამდე ბოლო ორი წლის განმავლობაში სწავლობდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ასევე, პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ იმ პირებსაც, რომლებიც 2008 წლის ომამდე ერთი წელი სწავლობდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე და შემდგომ მოუწიათ გადმოსვლა კონტროლირებად ტერიტორიაზე. თუმცა, პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ზოგადი განათლების დამამთავრებელი საფეხურის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებული უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის მიერ, რაც ძალიან სწრაფად და ეფექტურად ხდება. პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარები ერთი სასწავლო წლის განმავლობაში გაივლიან ინტენსიური მომზადების სასწავლო კურსებს უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მიზნით.

ამასთან, მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ სკოლის შემდგომი განათლების მოსამზადებელი კურსის გავლის შემდგომ ახალგაზრდებს აღარ მოუწევთ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასვლა და ისინი სხვა ტიპის გამოცდებით-ტესტირების საფუძველზე ირიცხებიან, რომელსაც ასევე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ამზადებს. ეს არის მისაღები გამოცდების მოდიფიცირებული ვერსია, ტესტები ჰარმონიზებული იქნება მოსამზადებელი კურსის შინაარსთან და პროგრამის დასრულების შემდგომ, იქვე ჩააბარებენ. უმაღლეს სასწავლებლებში მათი ჩარიცხვა კი მიღებული შედეგების საფუძველზე მოხდება.

- უფრო კონკრეტულად, რას მოიცავს პროგრამა და რამდენი ხანი გრძელდება?

- პროექტი 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება. შესაბამისად, იანვარი იქნება სარეგისტრაციო პერიოდი. რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება როგორც ელექტრონულად, ისე ადგილზე მისვლით და დოკუმენტების შევსებით.

საპილოტე პროგრამა თებერვლიდან დაიწყება და ივნისში დასრულდება ტესტირებით.  სექტემბრიდან კი ახალი ნაკადისთვის ხელმისაწვდომი იქნება გახანგრძლივებული, სრულფასოვანი პროგრამა, რომელიც ერთი სასწავლო წლის განმავლობაში გაგრძელდება. აბიტურიენტები  მოემზადებიან იმ სამ ძირითად საგანში, რომელსაც ყველა აბიტურიენტი აბარებს, ვინც ეროვნულ გამოცდებზე გადის და ასევე მოემზადებიან იმ ერთ არჩევით საგანში, რომელსაც აბიტურიენტი თავად აირჩევს, იმის შესაბამისად, რომელ უმაღლეს სასწავლებელში რომელ ფაკულტეტზე სურს სწავლის გაგრძელება.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ შესაბამისი პროგრამით განსაზღვრა უმაღლესები და ამ ეტაპზე ორ სასწავლებელში განთავსდება სკოლის შემდგომი განათლების მიღების ცენტრები. ეს იქნება თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი და შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი.

დაინტერესებული პირებისთვის თითოეული უნივერსიტეტი თავის ვებ-გვერდზე განათავსებს სრულ ინფორმაციას ჩარიცხვის პირობებთან დაკავშირებით. უნივერსიტეტები თავად გაუწევენ ორგანიზებას  ბენეფიციართა ინფორმირებისა და შესაბამისი განაცხადების მიღების პროცესს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ორივე უნივერსიტეტს გააჩნია საერთო საცხოვრებელი ამ აბიტურიენტებისთვის. 

სრულად ფინანსდება როგორც სწავლება, ასევე საცხოვრებლით უზრუნველყოფა და ის ლიტერატურა, რომელიც სწავლის პროცესში დასჭირდებათ აბიტურიენტებს. პლუს, თითოეულ ჩარიცხულ აბიტურიენტს მიეცემა სტიპენდია, 150 ლარის ოდენობით.

გარდა ამისა, სახელმწიფო ასევე აფინანსებს მოსამზადებელ პროგრამაში ინტეგრირებულ უახლესი სტანდარტების სასწავლო ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კურსს. ვინაიდან, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ზოგადი განათლების მიღების პროცესში გართულებულია, როგორც ინტერნეტ რესურსებზე წვდომა, ასევე ზოგადად საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწავლება. ამიტომ ამ კურსის ერთ-ერთი პრიორიტეტი ესეც არის, რომ ყოველმხრივ სრულფასოვანი შევთავაზოთ ასეთ ახალგაზრდებს, რათა უკვე უმაღლესი განათლების მისაღებად სასტარტო პირობები თანაბარი ჰქონდეთ როგორც კონტროლირებად, ისე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ აბიტურიენტებს. კურსი პირველ ეტაპზე  100 აბიტურიენტზეა გათვლილი.

- შეგვიძლია ვთქვათ, თუ არა რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტების მხრიდან უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების სურვილი გაზრდილია?

- აბიტურიენტების მოთხოვნა და ინტერესი ყოველწლიურად იზრდება. გეტყვით, რომ 2014 წელს აფხაზეთისა და ოსეთის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჩარიცხული იყო სულ 185 აბიტურიენტი და უკვე 2017-2018 სასწავლო წლისთვის ჩაირიცხა 245. 2018 წლის მისაღებ გამოცდებზე კიდევ უფრო მაღალი იყო მისაღებ გამოცდებზე მოთხოვნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტებისგან და ჩარიცხულთა რაოდენობაც.

როგორც კი გავაჟღერეთ ახალი მოსამზადებელი პროგრამის შესახებ ინფორმაცია, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებმა ახალგაზრდებმა აქტიურად დაიწყეს გამოხმაურება. ხაზს გავუსვამ იმას, რომ ეს სიკეთეები არ ეხება მხოლოდ გალის ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართულ მოსახლეობასა და აბიტურიენტებს. ეხება ყველას, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს. პროგრამაში მონაწილეობა არავისთვის არ არის შეზღუდული.

- პროგრამის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდგომ რუსეთის მხრიდანაც გაჟღერდა ინფორმაცია ანალოგიური პროგრამის შესახებ, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ამ აბიტურიენტებს სხვადასხვა უნივერსიტეტებში შესთავაზებდნენ უფასო მოსამზადებელ კურსებს. შეიძლება გაჩნდეს კითხვა, რატომ უნდა არ უნდა წავიდნენ რუსეთის მხარეს და რატომ წამოვიდნენ აქეთ? 

- ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ ახალგაზრდების ინტერესი ძირითადად გამოიხატება იმ მიმართულებით, საითაც გარანტირებულია მაღალი ხარისხი და ხელმისაწვდომობა.  მოსამზადებელი კურსის გავლის შემდეგ, ეს ახალგაზრდები ეროვნული და საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტებით განსაზღვრული მისაღწევი შედეგების შესაბამის ცოდნას მიიღებენ და ოცდამეერთე საუკუნის ახალგაზრდებისთვის საჭირო საკომუნიკაციო უნარ-ჩვევებს განავითარებენ, მზად იქნებიან მაღალი ხარისხის უმაღლესი განათლების მისაღებად არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ამასთან, როგორც კი ჩვენი სახელმწიფოს მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარება ხდება, ახალგაზრდებს გზა ეხსნებათ წარმატებული მომავლისკენ. მათ შესაძლებლობა უჩნდებათ ჩაირიცხონ, როგორც ჩვენთან, ასევე საზღვრებს გარეთ, რასაც ისინი მხოლოდ 11 წლიანი სასკოლო განათლებით ვერ მოახერხებენ.

უმაღლესში სწავლის პერიოდში მათ შესაძლებლობა ეძლევათ ისარგებლონ სხვდასხვა  საერთაშორისო პროგრამებით. ასევე, მნიშვნელოვანია, სტიპენდია და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ განათლება მათთვის სახელმწიფოს მიერ არის დაფინანსებული, უზრუნველყოფილია საერთო საცხოვრებელში განთავსება - ეს არის ის შესაძლებლობები, რომლებსაც ჩვენ ვთავაზობთ მათ.

ეს პროგრამა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ თითოეულ ახალგაზრდისთვის არის გზა მომავალი წარმატებისკენ, უკეთესი მომავლისკენ და შესაძლებლობების სრული რეალიზებისკენ. მხარდაჭერა, რომელიც გამოიხატა სახელმწიფოს მხრიდან ამ სტუდენტებისთვის, არის იმის გარანტია, რომ ჩვენ ყველა ახალგაზრდისთვის - ცხოვრობს ის კონტროლირებად თუ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე, გვინდა შევქმნათ თანაბარი შესაძლებლობები განათლების და განვითარების კუთხით.

- ქალბატონო ლია, აღნიშნული პროგრამის შემდგომ იქნება თუ არა შენარჩუნებული უკვე არსებული შეღავათები, ვგულისხმობ როგორც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასვლის შესაძლებლობას, ისე 1+4-ის პროგრამას?

- დიახ, ახალი შესაძლებლობის პარალელურად შენარჩუნებული იქნება ორივე არსებული მიმართულება, ანუ ვისაც სურვილი აქვს, ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩაირიცხება უმაღლესში და ახალგაზრდების მეორე ნაწილს კი, ვისაც 1+4 პროგრამით სურს უმაღლესი განათლების მიღება, ეს შესაძლებლობა შეუნარჩუნდება.

ამასთან, მნიშვნელოვანია რომ აბიტურიენტები ჩააბარებენ ეროვნულ გამოცდებს თუ როგორც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, ტესტს დაწერენ ოსურ ან აფხაზურ ენაში და შემდგომ 1+4 პროგრამის საშუალებით ქართული ენის კომპეტენციებს გაიძლიერებენ, თუ ამ ახალი შესაძლებლობით - სკოლის შემდგომი განათლების პროგრამით ისარგებლებენ, ყველას თანაბრად მაღალი ხარისხის განათლება და მხარდამჭერი სერვისები შევთავაზოთ, რომ უფრო და უფრო მეტ ახალგაზრდას ოკუპირებული ტერიტორიებიდან, გაუჩნდეს უმაღლესი განათლების მიღების მოტივაცია.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

საინტერესოა, როგორ აფასებენ მშობლიური ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამის შემცირებას პროფესიონალები

ბაღების, სახელოვნებო და სპორტული სკოლების პერსონალს ანაზღაურება გაეზრდება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი ხუბუა სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფებოდა

„მოსწავლეების მოთხოვნით ამოვიღეთ ეს ნაწარმოებები პროგრამიდან“... - პრემიერი განათლების სისტემაზე საუბრობს

ეროვნული გამოცდების ტესტის ფორმატთან დაკავშირებით ინფორმაცია NAEC-მა გაავრცელა 

პიროვნება

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

„ჩემი მოტივაციაა მოსწავლეებში სწავლის სურვილის გაღვივება, მეგობრული თანამშრომლობა, სიკეთის კეთება“ 

„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს მოტივირებულ, ბედნიერ, ინტელექტუალურ და თვითშეფასების უნარის მქონე მოსწავლეებს“

„მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არიან მეგობრულები, აქვთ აქტიური კომუნიკაცია ერთმანეთთან და მასწავლებლებთან“

სკოლები

პატარებმა შემოდგომის თემაზე ლექსები წაიკითხეს და მუსიკალური ნომრები შეასრულეს
 ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღისადმი მიძღვნილი აქტივობა - „ყველა ბავშვს აქვს უფლება წიგნი იყოს მისთვის სასწაულივით“ 

აქტივობა თითოეული მოსწავლისთვის საინტერესო აღმოჩნდა

პატარებმა წვიმა მუსიკალურად აამღერეს, იმღერეს, იცეკვეს და იმხიარულეს
საინტერესო

საინტერესოა, როგორ აფასებენ მშობლიური ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამის შემცირებას პროფესიონალები

„საბაზო საფეხურის მოსწავლეები სპექტაკლს დგამენ, დაწყებითი კლასების მოსწავლეები კი, საინტერესო საახალწლო აქტივობებს გვპირდებიან“

6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა 

სიახლეები
საზოგადოება