მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ნათია ზედგინიძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე უკანასკნელ პერიოდში ზუგდიდის N6 სკოლასთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ზუგდიდის N6 სკოლის სამეურვეო საბჭო დაეთანხმა სამინისტროს მიერ შემოწმების შედეგად გამოვლენილ დარღვევებსა და გადაცდომებს, დირექტორს შეუნარჩუნა თანამდებობა და არც სამინისტრომ გაათავისუფლა დირექტორი თანამდებობიდან.
„პირველ რიგში, მწუხარებას გამოვთქვამთ ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის, ქალბატონ ია კერზაიას გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებთ ოჯახს. აქვე აღვნიშნავთ, რომ ცალკეული პოლიტიკური ძალებისგან ამ ტრაგედიის პოლიტიზირება არის კატეგორიულად მიუღებელი. 2012 წლიდან, ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი მიღწევა არის განათლების სისტემის დეპოლიტიზაცია და სამინისტრო არ დაუშვებს, რომ პოლიტიკური დღის წესრიგის საგნად იქცეს რომელიმე სასწავლო დაწესებულება.
ბოლო დღეების განმავლობაში, ჩვენ მაქსიმალურად ვიკავებდით თავს განცხადებებისგან, თუმცა, მიზანმიმართული, არასწორი ინფორმაციის გავრცელებით განვითარებულმა მოვლენებმა მიიღო ისეთი სახე, რაც აზიანებს სასწავლო პროცესს, პედაგოგების, მოსწავლეების ინტერესებს, მთლიანად განათლების სისტემას და ხელს უშლის მის სრულფასოვან ფუნქციონირებას.
ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ განათლების სამინისტრო გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, მიაწოდოს სრული დოკუმენტაცია და აქტიურად ითანამშრომლოს ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან, სახალხო დამცველთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან იმისათვის, რომ მოხდეს აღნიშნული საქმის საფუძვლიანი შესწავლა. არც ერთი კითხვა არ უნდა დარჩეს პასუხის გარეშე.
კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ სამინისტროს შესაბამისი სამსახური რეგულარულად აწარმოებს და მომავალშიც გააგრძელებს სხვადასხვა სასწავლო დაწესებულების შესწავლას სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის სრულყოფილად წარმართვისათვის. ეს ემსახურება სკოლების შეფასებას, ხარვეზების, გადაცდომების, სხვადასხვა ტიპის დარღვევის აღმოფხვრას და შესაბამის რეაგირებას. სწორედ ასეთი სამუშაო ჩატარდა ზუგდიდის მე-6 სკოლაში.
სკოლის სამეურვეო საბჭომ მიიღო და დაეთანხმა სამინისტროს მიერ მომზადებულ ანგარიშს დარღვევებისა და გადაცდომების შესახებ, თუმცა დირექტორს შეუნარჩუნა თანამდებობა. არც განათლების სამინისტროს მხრიდან მომხდარა დირექტორის გათავისუფლება.
რაც შეეხება სტატისტიკას - სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით მუდმივად ახორციელებს როგორც გეგმიურ, ისე არაგეგმიურ შემოწმებებს. მხოლოდ 2018 წელს განხორციელებული შემოწმების შედეგად, დაიწერა 98 დასკვნა, მითითება და გაფრთხილება მიეცა 49 სკოლას, გათავისუფლდა 9 სკოლის დირექტორი, ერთ სკოლაში მოხდა სამეურვეო საბჭოს დათხოვნა, ხოლო სამართალდამცავ ორგანოში გადაიგზავნა 20 კანონდარღვევის საქმე. რა თქმა უნდა, პროცესი, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მუდმივად მიმდინარეობს, საარჩევნო პერიოდში არ და ვერ შეჩერდებოდა.
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ გარკვეული პოლიტიკური ინტერესების მატარებელი მედია, უკანასკნელ პერიოდში, ყოველდღიურად ცდილობს, სხვადასხვა მეთოდით შეიჭრას საჯარო სკოლებში და ამით დააზარალოს საგაკვეთილო და სასწავლო პროცესები, რასაც წარმატებით ახერხებს. ეს არის დაუშვებელი",-განაცხადა ზედგინიძემ.
ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია 2 დღის წინ გარდაიცვალა. კერზაია ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის კლინიკაში ინსულტით რამდენიმე დღის წინ მოათავსეს. მას ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას საარჩევნოდ მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებს, რომელსაც, მისი მტკიცებით, კერზაია ხელისუფლებისგან განიცდიდა.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ზუგდიდის N6 საჯარო სკოლა მოქალაქის განცხადების საფუძველზე 9-დან 15 ნოემბრის ჩათვლით შემოწმდა. უწყების ცნობით, გამოვლინდა ადმინისტრაციული, ფინანსური და სანიტარიულ-ჰიგიენური მძიმე დარღვევები. დასკვნა კი შემდგომი რეაგირებისთვის სკოლის სამეურვეო საბჭოს გაეგზავნა. სკოლის დირექტორის, ია კერზაიას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება საბჭომ არ მიიღო.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საინტერესოა, როგორ აფასებენ მშობლიური ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამის შემცირებას პროფესიონალები
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი ხუბუა სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფებოდა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“
„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს მოტივირებულ, ბედნიერ, ინტელექტუალურ და თვითშეფასების უნარის მქონე მოსწავლეებს“
საინტერესოა, როგორ აფასებენ მშობლიური ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამის შემცირებას პროფესიონალები
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა