მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალის წლის მოახლოებასთან ერთად სასკოლო და ბაღის ზეიმების სეზონიც იწყება. წარმოგიდგენთ ქართველი მწერლების ყველაზე პოპულარულ ლექსებს, რომლებიც ბავშვებს წინასაახალწლოდ შეგიძლიათ ასწავლოთ.
ნოდარ დუმბაძე - ნაძვის ხის სიმღერა
მოვალ, როცა მთა და ბარი
თეთრ ნაბადში გაეხვევა.
პატარების საოცნებო
საახალწლო ნაძვის ხე ვარ!
ჩამოვიყვან თოვლის პაპას,
მხარზე ხურჯინგადაკიდულს,
ჩამოვიტან ნამცხვარს, ქადას,
ჩურჩხელას და შაქარყინულს.
მალხაზებო, მანანებო,
ვარსკვლავების სადარებო,
მოდით ჩემთან, საჩუქრები
დაგირიგოთ, პატარებო! -
სიმღერებით ცა მთოვარი
გაათბეთ და გაადარეთ,
ეს ახალი წელიწადიც
ბედნიერად გაატარეთ!
შიო მღვიმელი - ახალი წელი
ინათა, ახალი წელიც
გამოჩნდა თავისი ალმითა;
სუყველას ჩამოუარა
კარისკარ, ტკბილის სალმითა.
ბალღებს შესძახა: - მოვედი,
ადექით, ძილი კმარაო,
მას წელს დავატკბობ, ვინც შარშან
ამ დროს ვერ გაიხარაო.
თან მოვიტანე თქვენთვისა
სიმკვირცხლე, სიხარულიო,
ხალისი სწავლა-ცოდნისა
და ერის სიყვარულიო:
თაფლი, ჩურჩხელა, ჩამიჩი,
ბასილა, თაფლის კვერიო,
ვაშლი და თხილი მრავალი,
უხვად სხვაც ყველაფერიო;
ბურთი, ბზრიალა, ჩიკორი,
სხვადასხვა გასართობიო,
წიგნები ნაირ-ნაირი,
ერთი მეორის მჯობიო.
ადე, ჩაჰკიდეთ ხელი ხელს,
იხტუნეთ, იცქრიალეთო,
სხვა წლისთვის შესაგებებლად
ჩემი დღეები თვალეთო!
გივი ჭიჭინაძე - ფუნჯის გასაჭირი
მხიარულად დახტის
თეთრ ქაღალდზე ფუნჯი.
დააქვს საღებავი
მწვანე, თეთრი, ლურჯი.
ჯერ ნაძვის ხე დადგა,
მოუქარგა კაბა,
მხრებზე ასი ოქროს
გირჩა გამოაბა,
ჩამოკიდა ტოტზე
თევზი, ჩიტი, ციყვი
უამრავი ბავშვი
მიუხატა ირგვლივ.
არ დასჭირდა ბევრი
სირბილი და ჯაფა,
ხნის წინ თოვლის პაპაც
გამოჭიმა სწრაფად.
- ახლა თოვლის პაპას
გადავკიდებ ხურჯინს! -
თქვა და ფერად-ფერად
კოლოფს ეცა ფუნჯი.
მაგრამ შედგა უცებ,
დარდი შემოაწვა,
ყველა საღებავი
გაუთავდა მხატვარს.
ვეღარ ხატავს ხურჯინს
ტკბილეულით სავსეს.
რა პასუხი გასცეს
სტუმრად მოსულ ბავშვებს?!
ლია კობალაძე - ამინ!
წუთი-წუთზე,
წუთი-წუთზე
წაბრძანდება ძველი
და შემოდგამს კარის ზღურბლზე
ფეხს ახალი წელი...
ბედნიერი ყოფილიყოს
ის წუთი და წამი,
სიხარული დაჰყოლოდეს
ამინ!
ამინ!
ამინ!
აგვსებოდეს სასუნსულო
უხვი სასუსნავით,
გველხინოს და გვეჭიკჭიკოს
ამინ!
ამინ!
ამინ!
ქრისტეშობას დაგილოცავთ,
დაესწარით მრავალს,
გიდღეგრძელებთ მამულს, კერას,
გენს და შთამომავალს!
ათი მცნება იყოს ჩვენი
საწყის-დასაბამი,
ღვთისმშობელი
გვმფარველობდეს,
ამინ!
ამინ!
ამინ!..
გივი ჭიჭინაძე - დეკემბერი
წუხს ბებერი
დეკემბერი:
- ველი, ველი
ახალ წელსო.
რომ გვეწვევა
ნაძვის ხესთან
ერთად შევკრავთ
ლამაზ წრესო.
ლექსის თქმას და
ცეკვა-თამაშს
ვეღარავინ დამასწრებსო.
საჩუქრებიც
მე შემხვდება,
რას დავუთმობ
აბა, სხვებსო!
- ვიშ, რას ამბობ! -
იცინიან
ციმციმელა ფიფქებიო, -
იანვარი რომ დადგება,
შენ აქ სადღა იქნებიო?!
ირაკლი აბაშიძე - დილა არის ახალი წლის
თუმცა მიწას თოვლი ფარავს
და მზის სხივით აღარ იწვის,
გულში მაინც ცეცხლი ელავს,
დილა არის ახალი წლის.
გაყინულა ნაკადული,
წყლის ჩუხჩუხი აღარ ისმის;
გულს კი მაინც ზეიმი აქვს -
დილა არის ახალი წლის.
ხეზე ჩიტი დაღვრემილა,
თითქოს ფრენა აღარ იცის,
გულს კი თითქოს ფრთა შესხმია -
დილა არის ახალი წლის.
გაძარცულა ხის ტოტები,
ზედ ფოთოლი აღარ იძვრის;
გულს კი თითქოს სიო არხევს -
დილა არის ახალი წლის.
ავდგეთ ქუჩებს მოვეფინოთ,
გული სახლში აღარ იცდის;
მივულოცოთ ჩვენს სამშობლოს -
დილა არის ახალი წლის.
მუხრან მაჭავარიანი - გილოცავ!
გილოცავ!
გილოცავ!
ახალ წელს გილოცავ.
შენ -
ვისაც სამშობლო გიყვარს...
გელა ხარ!
თინა ხარ!
შოთა ხარ!
ცირა ხარ!
ეს სულერთია -
ვინ ხარ.
ახალი წელია...
თოვლიც გვესალმება...
თოვლიც გვესალმება ციდან...
- ცრემლები?!
- ცრემლებზე - ბოდიში!
- ღიმილი?!
- ღიმილი -
რამდენიც გინდა...
ბავშვებო!
თქვენსავით
მეც ვიყავ მოსწავლე...
მე დღესაც არ ვსწავლობ განა?!
ამიტომ ერთმანეთს,
ამიტომ ერთმანეთს
ვუსურვოთ ხუთებზე სწავლა...
გვიყვარდეს სამშობლო,
სიმართლე გვიყვარდეს,
გვიყვარდეს,
გვიყვარდეს წიგნი...
რაც უნდა ისურვო,
რაც უნდა ინატრო, -
ესაა ყველაზე დიდი.
გილოცავ!
გილოცავ!
ახალ წელს გილოცავ.
შენ -
ვისაც სამშობლო გიყვარს...
ზაზა ხარ!
ლაშა ხარ!
ვაჟა ხარ!
ნინო ხარ!
ეს სულერთია -
ვინ ხარ!
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცენტრის განცხადებაში განსაზღვრულია თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა
2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლაში ზღაპრული სადღესასწაულო განწყობა ტრიალებს
„არც მე გადავწყვეტდი პედაგოგობას, რომ არ მენახა, რატომ ეძებდნენ ბიჭ კადრს...“
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...