მოზარდის ცხოვრებაში ე.წ. ქუჩის აკადემია საჭირო გამოცდილებად აღიქმება - „ბიჭმა უნდა იცოდეს, რომ პოლიციაში არ უნდა დარეკოს“
მოზარდები ძალადობის შემსწრე ან მსხვერპლი ძირითადად ოჯახში, სკოლასა და უბანში ხდებიან. ამასთან გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, თითქმის ყველა ბიჭი გადის ე.წ. ქუჩის აკადემიას, რაც მოზარდის ცხოვრებაში ერთ-ერთ საჭირო გამოცდილებადაც კი აღიქმება. კვლევის მიხედვით, გოგონებთან შედარებით ბიჭები უფრო ხშირად ხდებიან „ბულინგის“ სამიზნე. 10-14 წლის ბიჭების თქმით, ბავშვები ერთმანეთის მიმართ ძალიან ხშირად ავლენენ აგრესიას სკოლაში, მათ შორის ხშირია დარტყმა, ჯაჯგური, ცემა და დაცინვა.
მშობლები და მოზარდის ცხოვრებაში მყოფი სხვა უფროსები, გავლენას ახდენენ იმაზე, თუ როგორ ესმით, რეაგირებენ და უმკლავდებიან ძალადობის მომსწრე ან მსხვერპლი მოზარდები თავიანთ ემოციებს. როდესაც მშობლები ვერ ახერხებენ მოთმინებით და მხარდაჭერით უპასუხონ მოზარდების მიერ გაზიარებულ ამბებს ძალადობაზე, შვილები აღარ უზიარებენ მათ მსგავს გამოცდილებებს, რადგან დასჯის, იგნორირების, კრიტიკისა და ეჭვის გაჩენის ეშინიათ.
მოზარდობის პერიოდში ბიჭები ე.წ. ქუჩის აკადემიას გადიან. კვლევაში მონაწილე მამები არ ავლენენ შეშფოთებას იმ სარისკო ქცევების მიმართ, რასთანაც შესაძლოა ჰქონდეთ შეხება მათ შვილებს ე.წ. ქუჩის აკადემიაში. ამასთან, ამ „სკოლის“ გავლა მოზარდის ცხოვრებაში ერთ-ერთ საჭირო გამოცდილებად აღიქმება.
„ბიჭმა „ქუჩის აკადემია“ უნდა გაიაროს და იცოდეს, რომ პოლიციაში არ უნდა დარეკოს“ (ფოკუს ჯგუფი, მოზარდების მამები; ბათუმი, საქართველო, 22 ოქტომბერი 2017). მშობელი, შესაძლოა, გაუცნობიერებლად წაახალისებდეს კიდეც აგრესიასა და ძალადობას; ასეთი მშობლები ხშირად წაახალისებენ ძალადობაზე ძალადობრივ საპასუხო ქმედებას, რადგან შიშობენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი შვილი თანატოლებში დაიჩაგრება. მამები თავიან ბიჭ მოზარდებს თავდაცვას ასწავლიან და ურჩევენ, რომ თუ საჭირო იქნება, ბრძოლის ფიზიკური მეთოდებიც გამოიყენონ.
„მამაჩემი უფრო ბედნიერი იქნებოდა, თუ ვცემდი იმას, ვინც სხვებს ჩაგრავს“ (ფოკუს ჯგუფი, 10-13 წლის ბიჭები; თელავი, საქართველო, 29 ოქტომბერი 2017). კვლევამ აჩვენა, რომ თითქმის ყველა მოზარდი, რომელიც ძალადობის შემსწრე ან მსხვერპლი ყოფილა, ძალადობაზე რეაგირების მხრივ, უფროსების, განსაკუთრებით კი, მამების, რჩევებს ითვალისწინებს; შვილები ითვისებენ და პრაქტიკაში იყენებენ იმას, რასაც მშობლები უხსნიან და ასწავლიან. მშობლების დამოკიდებულებები და ღირებულებები დიდ გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ უმკლავდებიან მოზარდები სირთულეებს. ისინი მშობლების მაგალითზე სწავლობენ. მოზარდები აცნობიერებენ, რომ მშობლების ჩართულობას და რჩევებს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ბავშვების ქცევასა და უნარზე, გაუმკლავდნენ სარისკო ქცევას.
„მშობლის ბრალია, როდესაც შვილი გარეთ დგას და ეწევა სიგარეტს. შვილები სხვა გზაზე უნდა დააყენონ. არაა აუცილებელი მათი ცემა, როდესაც რამეს დააშავებენ. თუ მათში სწორი ღირებულებები არ ჩადე ბავშვობიდან, რთულია შემდეგ ასწავლო რამე ცემის გზით“ (ფოკუს ჯგუფი, 14-17 წლის გოგოები; ბათუმი, საქართველო, 21 ნოემბერი 2017).ზოგიერთმა მოზარდმა გამოავლინა სირთულეებთან გამკლავების შინაგანი მზაობა, მათ შორის, თვითშემეცნება და კონტროლი, რაც მათ სკოლაში ძალადობასთან გამკლავებაში ეხმარებოდა. თუმცა იმავე მოზარდებმა თანატოლების მიმართ ემპათიის გრძნობის არარსებობაც გამოავლინეს, ისინი თითქმის ვერ აცნობიერებენ, თუ რას შეიძლება გრძნობდნენ გარშემომყოფები. სკოლაში „ბულინგის“ თაობაზე მშობლების, განსაკუთრებით კი, მამების მიერ მიცემული რჩევები დიდ გავლენას ახდენს იმაზე, თუ რა ტიპის ღირებულებები უყალიბდება მოზარდს თანატოლების მიმართ.