მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
,,-არ მესმის იმ მშობლების, ყოველდღე რომ სკოლის კედლებში ათენ-აღამებენ.
-ერთი მათ ჰკითხე, თუ ესმით ისეთი მშობლების, თავიანთი შვილების დამრიგებლის სახელიც რომ არ იციან“.
რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან შინ საზოგადოებრივი ტრანსორტით ვბრუნდებოდი და ამ დიალოგს ყური სწორედ მაშინ მოვკარი. მომინდა, ჩემს უკან მსხდომი ამ ორი ქალბატონის დიალოგში ჩავრთულიყავი და ერთ-ერთი მათგანის მოსაზრებისთვის მხარი დამეჭირა, თუმცა შემდეგ თავი არამკითხე მაცნედ ვიგრძენი და გადავწყვიტე ბოლომდე პასიურ მსმენელად დავრჩენილიყავი. ქალბატონები, რომლებიც სოფელში სავარაუდოდ სტუმრად მობრძანდებოდნენ, საგანმანათლებლო სფეროს თითქმის ყველა ასპექტს შეეხნენ. გულისტკივილით გაუსვეს ხაზი სკოლებში სწავლების დონის დაბალ მაჩვენებელს და ტრადიციულად ხელი პედაგოგებისკენ გაიშვირეს. გააკრიტიკეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, თუმცა მიზეზი, რამაც ეს ორი ქალბატონი ამ უწყებისადმი ასე სკეპტიკურად განაწყო, საუბარში ბოლომდე არ გამოიკვეთა. შესაბამისად კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ ადამიანები მოწოდებულნი ვართ ვიღაც ან რაღაც, თუნდაც გაუზრებლად უსასრულოდ ვაკრიტიკოთ, რადგან ეს ის არის, რაც მარტივად გამოგვდის. ქალბატონები არ ცხრებოდნენ და მათი საუბარი ისევ უფრო აქტიურ ფაზაში მას შემდეგ შევიდა, რაც მათ გვერდით მჯდომი, ხანშიშესული ქალბატონი საუბარში ჩერთო.
- რა ხანია ახლა გისმენთ და მინდა რაღაც გითხრათ. თქვენ არც არავინ გეკითხებათ რაიმეს და ვერც ვერაფერს შეცვლით. სკოლაში იარეთ და თქვენი შვილები აკონტროლეთ, მასწავლებლებს დაელაპარაკეთ. დაანებეთ ამ კანონებით საუბარს თავი და ის გააკეთეთ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ.
მომინდა ამ ქალბატონისთვის გულთბილი მადლობა გადამეხადა იმ სიმამაცისთვის, რომელიც მოცემულ მომენტში მე არ აღმომაჩნდა, თუმცა მივხვდი, რომ ამით ორი ახალგაზრდა ქალბატონის გულისწყრომას გამოვიწვევდი და ისევ გაჩუმება ვარჩიე. ცხადია საუბარი გამწვავდა, თუმცა ხანშიშესული ქალბატონი საკუთარ მოსაზრებას არგუმენტირებულად ასაბუთებდა. ამასობაში სოფლის ცენტრსაც მივუახლოვდი და ავტობუსიდან ფეხაკრეფით, ჩუმად ჩამოვედი. გზად სახლისაკენ, ფრაგმენტებად ვიხსენებდი ავტობუსში მოსმენილს და ავტომატურად თვალი საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკასაც გადავავლე. ჩემდა სამწუხაროდ მივედი იმ დასკვნამდე, რომ მასწავლებელსა და მშობელს შორის თანამშრომლური კულტურის მაღალი მაჩვენებლით არც ჩემი სკოლა გამოირჩევა. იმ დღიდან მოყოლებული, ხშირად ვიხსენებ იმ ხანშიშესული ქალბატონის შეგონებას და ვგრძნობ პასუხისმგებლობას, რომ მე, როგორც ერთ-ერთმა რიგითმა პედაგოგმა, დამრიგებელმა და უბრალოდ, სკოლის, როგორც ცოცხალი ორგანიზმის ერთ-ერთმა ნაწილმა, აუცილებლად უნდა ვიზრუნო მშობელსა და სკოლას შორის თანამშრომლური კულტურის ჩამოყალიბაზე, რათა ნებისმიერ სიტუაციაში, ჩემი რომელიმე მოსწავლის მშობელი დაუფიქრებლად იხსენებდეს ჩემს სახელს.
დამრიგებლობის ოთხწლიანმა გამოცდილებამ მიმაყვანა იმ დასკვნამდე, რომ მოსწავლემ ეს სტატუსი ღირსეულად ატაროს, ამის ერთერთი მნიშვნელოვანი გარანტია, მშობელთა სასკოლო ცხოვრებაში აქტიური ჩართულობაა, რაც ჩემივე დაკვირვებით, დღემდე საკმაოდ პრობლემურ საკითხად რჩება. პედაგოგიური საქმიანობის ამ მცირე ხნის მანძილზე, შემექმნა წარმოდგენა, რომ მშობელთა გარკვეულ ნაწილს არ აქვს გააზრებული, რომ სკოლასთან მათი აქტიური თანამშრომლობა, უდიდესი აღმზრდელობითი ძალაა და მოსწავლის განვითარება პირველ რიგში ოჯახიდან იწყება და სკოლაში გრძელდება. სწორედ ამიტომაც, ჩემი საქმიანობის ერთერთ მთავარ მიზნად დავისახე, ამ ორ აუცილებელ რგოლს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობის ჩამოყალიბებისა და განვითარებისთვის ხელშეწყობა. სანამ კონკრეტულად იმ აქტივობებზე ვისაუბრებ, რომლებსაც აღნიშნული საკითხის ეფექტურად წარმართვისთვის გამოვიყენებ, მინდა ხაზი გავუსვა მშობელთა სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის მნიშვნელობასა და აუცილებლობას.
მოსწავლეები, რომელთა მშობლებიც აქტიურად მონაწილეობენ საგანმანათლებლო პროცესში, განსაკუთრებით მაღალი აკადემიური მიღწევებით გამოირჩევიან. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემი სადამრიგებლო კლასის იმ სამ მოსწავლეს, რომელთა მშობლებიც ძალიან აქტიურად თანამშრომლობენ სკოლასთან, შემდეგი კითხვით მივმართე „როგორ ფიქრობთ რატომ აისახება თქვენი მშობლების აქტიურობა დადებითად თქვენს შედეგებზე?“. არ გამკვირვებია, როცა მათი ცალსახა პასუხები მოვისმინე. განაცხადეს, რომ მათი მშობლების აქტიურობა მათ შედეგებზე დადებითად აისახება იმიტომ, რომ მათი მშობელი ყოველთვის ხვდებიან მასწავლებლებს და იღებენ ინფორმაციას მათი წარმატებისა თუ წარუმატებლობის შესახებ. ვფიქრობ სწორი მიდგომაა და მოსწავლეებმაც სწორი შეფასებები გააკეთეს. როცა მოსწავლე ხვდება, რომ მშობლის მხრიდან რეგულარულად კონტროლირდება, ის ცდილობს მუდამ მზადყოფნაში იყოს.
რა თქმა უნდა, არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ჩემი ძალისხმევა თავიდანვე ეფექტური იქნება და შედეგებით კმაყოფილი დავრჩები, თუმცა იმაში, რომ ცვლილებები უნდა დაიწყოს, ეჭვი არ მეპარება. ზოგადად, ადამიანები აღმზრდელობით საქმიანობაში, მხოლოდ მოსწავლეებთან მუშაობას მოვიაზრებთ, თუმცა გვავიწყდება, რომ ზრდასრულთა სწავლებაც საღად მოაზროვნე და განვითარებაზე ორიენტირებული საზოგადოების პრიორიტეტი უნდა იყოს. ვფიქრობ, რომ აუცილებელია მშობელთა ცნობიერების ამაღლება, მათთან ინტენსიური კომუნიკაცია და თანამშრომლობა, რათა მათ სრულყოფილად გაიაზრონ ის პასუხისმგებლობა, რაც აკისრიათ თავიანთი შვილებისა და სკოლის წინაშე. ცხადია ეს საკმაოდ რთული და შრომატევადი პროცესია, განსაკუთრებით იმ სოციალური სიდუხჭირის ფონზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს, თუმცა თუკი სწორი ფორმითა და საინტერესო კუთხით მივაწვდით მათ საჭირო ინფორმაციას და დავარწმუნებთ იმაში, რომ ისინი სასკოლო საზოგადოების განუყოფელი ნაწილი არიან, პირველი ნაბიჯები დადებითი შედეგისკენ თვალშისაცემი გახდება.
ცხადია, მშობლებთან მუშაობა გაცილებით რთულია, ვიდრე მოსწავლეებთან, რადგან ისინი მსჯელობისას უმეტესად პირად გამოცდილებასა და მაგალითებს ეყრდნობიან. შესაბამისად არ არის ადვილი მშობელი, რომელიც არ თვლის თავს ვალდებულად სკოლაში იაროს იმ მოტივით, რომ მის შვილთან დაკავშირებულ ნებისმიერ ამბავს ტელეფონითაც გაიგებს, დაარწმუნო იმაში, რომ სკოლაში ხშირი ვიზიტი აუცილებელია, თუმცა სწორი მიდგომა და მამოტივირებელი აქტივობები შედეგს აუცილებლად გამოიღებს.
პედაგოგად მუშაობის ამ ხუთი წლის მანძილზე, მშობლებთან ურთიერთობაში პრობლემები არ შემქმნია, თუმცა დღითიდღე ვრწმუნდები იმაში, რომ მათთან კეთილმეგობრული ურთიერთობა სულაც არ ნიშნავს მათ აქტიურ ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში. ერთია ადამიანური ღირებულებები და პიროვნული დამოკიდებულებები, ხოლო მეორე საქმისადმი დამოკიდებულება. შესაბამისად, ვაპირებ მათთან ურთიერთობისას გაცილებით მეტი დრო დავუთმო სასკოლო და აღმზრდელობით საკითხებს. შევეცდები გავხადო ისინი სასკოლო ცხოვრების აქტიური მონაწილეები. მაქვს დაგეგმილი მთელი რიგი აქტივობები, რომელთა განხორციელებასაც მათი ცნობიერების ამაღლების მიზნით ვაპირებ. გთავაზობთ ამ აქტივობათა მოკლე ჩამონათვალს:
●მოსწავლეთა საჭიროებებზე საუბარი. აქტივობა ,,რას ითხოვს თქვენი შვილი?“
●კითხვარები ,, შენი შვილის ფსიქოპორტრეტი“ (კითხვარებზე პასუხები ცხადჰყოფენ იმას, თუ რამდენად კარგად იცნობენ მშობლები თავიანთი შვილების სურვილებს, ინტერესებსა და მისწრაფებებს. აქტივობას ექნება სახალისო ხასიათი. მშობელს დავუსვამ კითხვას. მაგ: რომელი საჭმელი უყვარს თქვენს შვილს? ის გამცემს სავარაუდო პასუხს. მე კი ეკრანზე ჩავრთავ ვიდეოს, სადაც მისი შვილი საუბრობს მის საყვარელ საჭმელზე. აქტივობა ცხადჰყობს, თუ რამდენად თანხვედრაშია მშობლის პასუხი შვილის პასუხთან.
● საუბრები ოჯახურ ძალადობაზე (ვიდეოს ჩვენება) მოსაზრებები, ინტერვენციები.
● საუბრები. ,,მე რომ მასწავლებელი ვიყო“ ,,მე რომ მოსწავლე ვიყო“
●ბულინგის საკითხებზე საუბარი. ვიდეოს ჩვენება, საინფორმაციო ბუკლეტების დარიგება. საუბარი კიბერ ბულინგზეც.
●საუბრები ნაადრევ ქორწინებაზე. ვიდეოს ჩვენება
● ბლიც ინტერვიუები
● ინტერვიუები სასკოლო ცხოვრების საკითხებზე
● ღონისძიებების, ექსკურსიების და სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა.
ეს იმ აქტივობების არასრული ჩამონათვალია, რომელთა განხორციელებასაც მშობლებთან ვაპირებ. დარწმუნებული ვარ, რომ ინტენსიური შეხვედრები, საუბრები სასკოლო საკითხებზე, მოსწავლეთა საჭიროებების ერთობლივად კვლევა და სასკოლო ცხოვრებასთან თანაზიარობა, სრულყოფილი საგანმანათლებლო და თანამშრომლური კულტურის ჩამოყალიბების გარანტია იქნება, რაც დადებითად აისახება მოსწავლეთა აკადემიურ შედგებზე, თუ ქცევის სტილზე. მართალია საკმაოდ შრომატევადი საქმეა და პარალელურად მათი მოტივაციის ამაღლებაზეც უნდა ვიზრუნო, თუმცა კეთილგანწყობილი დამოკიდებულება, თბილი გარემო და ფინჯანი ყავა, მათთან თანამშრომლური ურთიერთობის გაღრმავების გარანტია იქნება, რაც კიდევ უფრო აამაღლებს სკოლასა და მშობელს შორის ათწლეულების განმავლობაში უგულვებელყოფილ თანამშრომლურ კულტურას.
ავტორი: სეფიეთის სკოლის ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ბიჭიკო ოჩიგავა
23 წლის ასაკში დაწყებული მასწავლებლობა - ბიჭიკო ოჩიგავა, მასწავლებელი სეფიეთის საჯარო სკოლიდან
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე...
ანაზღაურება 2640 ლარია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ცნობილია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნისთვის ბოლო ვადა დღეს არის
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
პროგრამაში მონაწილეობისათვის პედაგოგ ირმა რიონიძეს გადაეცა სერტიფიკატი
როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე...