სიახლეები
რჩევები, ინტერვიუ

ნაადრევი სექსუალური ცხოვრება, ავტორიტარული აღზრდა და მონასტერს მიბარებული შვილები - ფსიქოლოგი „უნისეფის“ კვლევას განმარტავს
26-12-2018
-
+


გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის მიხედვით, საქართველოში მშობლებსა და შვილების ურთიერთობაში რიგი ხარვეზები გამოიკვეთა. კერძოდ, აღმოჩნდა, რომ უფროსების ნაწილი ავტორიტარული აღზრდის მეთოდს იყენებს, მოზარდები კი მათგან მეტ ნდობას მოითხოვენ. ფსიქოლოგი ქეთი მესხიშვილი Etaloni.ge-სთან კვლევის ყველა საკვანძო საკითხს განიხილავს.

- კვლევის მიხედვით, მოზარდების ნაწილი სახლში პრობლემებზე ვერ საუბრობს, რადგან ისევ მათ ადანაშაულებენ. როგორ უნდა მიუდგეს მშობელი მოზარდის პრობლემებს?

- მშობლებს ხშირად ჰგონიათ, რომ შვილის დადანაშაულებით მათ ქცევას შეცვლიან. ისიც ჰგონიათ, რომ რაც უფრო მკაცრები იქნებიან, მით ეფექტური იქნება მათი აღზრდის სტილი. ეს დამოკიდებულება ბავშვში შიშს ბადებს და სწორედ ამიტომ შვილები პრობლემებზე აღარ საუბრობენ. რა სირთულეც არ უნდა ჰქონდეს შვილს, მშობელმა უნდა აჩვენოს, რომ ბავშვი მას უპირობოდ უყვარს, არ აკრიტიკებს და უგებს. მსგავსი დამოკიდებულების არსებობა არამხოლოდ შვილებთან სიახლოვეს ზრდის, არამედ სერიოზული პრობლემების არსებობასაც  ძალიან ამცირებს.

- კვლევის მიხედვით, რეგიონებში „გენდერული დაყოფა და შრომის განაწილება“ კვლავ აქტუალურია, რაც გულისხმობს იმას, რომ განისაზღვრება რა არის ბიჭის საქმე და რა - გოგოს. ქალაქში კი ეს დამოკიდებულება თანდათან სუსტდება.  როგორ უნდა აღზარდოს მშობელმა ორივე სქესის შვილი ისე, რომ  ამ მავნე სტერეოტიპისგან გათავისუფლდეს?

- მიმაჩნია, რომ მშობელმა შვილს, სქესის განურჩევლად, ზოგადად, საკუთარი თავისა და ადამიანების პატივისცემა და სიყვარული უნდა ასწავლოს. როდესაც პიროვნება იაზრებს მის როლსა და ადგილს საზოგადოებაში, როდესაც უფრთხილდება საკუთარ თავს და ამით სხვაზეც ზრუნავს, სქესის მიხედვით დისკრიმინაციით არასდროს დაკავდება. გენდერული განსხვავებები არსებობდა და გარკვეული დოზით ყოველთვის იარსებებს. შვილებმა ერთმანეთის პატივისცემა უნდა იცოდნენ. კაცს პატივი იმიტომ კი არ უნდა სცენ, რომ კაცია, არამედ იმიტომ, რომ პიროვნებაა. იგივეა ქალთან მიმართებაში. 

- „საქართველოში მშობლების უმრავლესობა ავტორიტარულ სტილს ირჩევს, რომელიც საკუთარი ავტორიტეტის გასამყარებლად, ფიზიკური და ფსიქოლოგიური დასჯის მეთოდებს იშველიებს. თუმცა ბუნდოვანია მათი მიზანი.“- ნათქვამია კვლევაში. რა პრობლემას ვხედავთ ამ დასკვნაში და რა ალტერნატივა შეგვიძლია შევთავაზოთ მშობლებს ავტორიტარული აღზრდის ნაცვლად?

- ავტორიტარული აღზრდის სტილი  აღსაზრდელის მაქსიმალურად გაკონტროლებას და ბავშვისაგან უსიტყვო მორჩილებას გულისხმობს. ეს აღზრდის ძალიან მკაცრი სტილია და შედეგად ბავშვის შესაძლებლობების განუვითარებლობას ვიღებთ. ისინი პირად ინიციატივას ვერ ავლენენ  და მათი პიროვნული შეხედულებები უგულებელყოფილია. დიდი შანსია ამ ყველაფრის შედეგი თავდაჯერებულობის ნაკლებობა, იმედგაცრუების შიში, დაბალი თვითშეფასება და წარმატების მიღწევის დაბალი მოტივაცია გახდეს. ასევე, სხვა ადამიანებზე დამოკიდებულება და ძლიერი მენტალური გალიის არსებობა.

ამის საპირისპიროდ, თუკი მშობელი უფრო დემოკრატიულია, ბავშვის პოზიციასა და სურვილებს მეტად ითვალისწინებს და სანდო ურთიერთობას აყალიბებს, საბოლოოდ ვიღებთ მოზარდს, რომელიც ზრდასთან ერთად თავის პასუხისმგებლობას აცნობიერებს, დამოუკიდებელია, საკუთარი ქცევის მართვა შეუძლია, აქვს მაღალი თვითგამოხატვისა და მიმღებლობის დონე, წარმატების მიღწევის მოტივაცია და შინაგანი თავისუფლება.

- კვლევაში აღნიშნულია, რომ შვილებთან კონფლიქტს რეგიონსა და თბილისში განსხვავებულად უდგებიან: რეგიონები ყვირილს, მუქარას მიმართავენ, თბილისში კი მამების გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ მონასტერი და სასულიერო პირები დაეხმარებათ. რომელი მიდგომაა სწორი და საერთოდ, შვილებთან კონფლიქტი როგორ შეიძლება დარეგულირდეს? 

- არც ყვირილი და არც ბავშვის სადმე გაგზავნა სწორად არ მიმაჩნია. ურთიერთობის სტილი მშობლებსა და შვილებს შორის ბავშვის მუცლადყოფნის პერიოდიდან ყალიბდება და შემდგომში მათ ურთიერთობასა და იმაზე, თუ რამდენად „პრობლემური“ იქნება შვილი, დიდ გავლენას ახდენს. რა თქმა უნდა, აუცილებელია მშობელი  შვილისთვის ავტორიტეტი იყოს, მაგრამ ამას ის ყვირილითა და შეურაცხყოფის მიყენებით ვერ მიაღწევს.

- კვლევის მიხედვით, „მოზარდებს არ სურთ, რომ მშობლებს მოუთხრონ ყველაფერი, რაც მათ ცხოვრებაში ხდება, არა იმიტომ, რომ რამეს მალავენ, არამედ იმიტომ, რომ ამით საკუთარ დამოუკიდებლობას უსვამენ ხაზს“. როგორ მიხვდეს მშობელი სად იწყება მისი შვილის პირადი სივრცე, რომელიც არ უნდა დაარღვიოს?

- მშობელმა უნდა იცხოვროს თავისი ცხოვრებით, ჰქონდეს საკუთარი პირადი ცხოვრება, პატივი სცეს საკუთარ სივრცეს და იგივე გააკეთოს შვილებთან მიმართებაში. მშობლის მანიაკალური დამოკიდებულება, რომ  ყველაფერი გააკონტროლოს, რაც მისი შვილის ცხოვრებაში ხდება, კარგის მომტანი არ არის. ასეთ დროს მშობლის ცნობისმოყვარეობა მხოლოდ ზრდის შეცდომების დაშვების ალბათობას. შვილს მშობელი ყოველთვის გვერდით უნდა ეგულებოდეს, რაც მთავარია, ემოციურად გაწონასწორებული დამოკიდებულებით.

- გარეგნობის კონტროლი გარდატეხის ასაკში - „დედას შეუძლია მომაბრუნოს სახლში და შემაცვლევინოს ვარცხნილობა, თუ არ მოსწონს“- ეს არის ერთ-ერთი მოზარდის კომენტარი კვლევიდან. როგორ უნდა ჩაერიოს მშობელი  შვილის გარეგნობაში?

- საუბარი ისე უნდა შედგეს, რომ მშობელმა მოზარდს შეურაცხყოფა არ მიაყენოს. რაც შეეხება მსგავს აკრძალვებს, მშობელმა უნდა გაითავლისწინოს, რომ ამ ასაკში არსებული შეზღუდვები ბუმერანგივით ბრუნდება უკან. არ ვამბობ, რომ მოზარდებს ყველაფრის უფლება უნდა მივცეთ, მაგრამ ის ქცევა, რომელიც მათ ზიანს არ მიაყენებს და სხვასაც არ დააზარალებს, არ უნდა აიკრძალოს. ამ ასაკში აუცილებელია ექსპერიმენტები,  მოზღვავებული ენერგიისაგან გათავისუფლება, რომ შეკავება უკან დამანგრეველი ეფექტით არ დაბრუნდეს.


- კვლევის მიხედვით, მშობლები  მოზარდ გოგონებთან სექსის შესახებ საუბარს ერიდებიან, რადგან ფიქრობენ, რომ ეს მათ მიერ ნაადრევ ინტერესს გამოიწვევს. რაც შეეხება ბიჭებს, მამები მზად არიან მათი სექსუალური მოთხოვნების დაკმაყოფილებას ხელი ფინანსურადაც შეუწყონ, თუმცა უსაფრთხო სექსის შესახებ არ ესაუბრებიან. როგორ უნდა ვესაუბროთ მოზარდს ამ თემის შესახებ ისე, რომ არც ნაადრევი დაინტერესება გამოვიწვიოთ და უსაფრთხო სექსის შესახებაც ინფორმაცია მივაწოდოთ?

- როდესაც მოზარდი  სექსუალური ცხოვრების დასაწყებად ემზადება, მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს ინფორმაცია არა მხოლოდ უსაფრთხო სექსუალური კონტაქტის, არამედ, ზოგადად, სექსუალური ცხოვრების შესახებ. სასურველია ეს ინფორმაცია მშობლებმა მიაწოდონ,  მაგრამ, ზოგჯერ, არსებობს შემთხვევები, როდესაც მათთვის ეს უკიდურესად რთულია. ასეთ დროს სასურველია  სპეციალისტს მიმართონ, რომელიც ჯერ მშობელს დაეხმარება ამ კომპლექსის გადალახვაში, რომ შემდეგ მოზარდამდე სწორი ინფორმაცია მივიდეს.

ნაადრევი ინტერესის განვითარებას კი სწორედ ინფორმაციის დეფიციტი და აკრძალვის დაწესება იწვევს. როცა მოზარდი ინფორმირებულია და გრძნობს, რომ არჩევანი მისი პასუხისმგებლობაა, ის ამ ნაბიჯს სწორედ მაშინ გადადგამს, როდესაც მზად იქნება.  

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ელექტრონული ჟურნალში სემესტრული ცვლილებების შეტანის ბოლო ვადა ცნობილია  - ინფორმაცია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციისთვის

მოსალოდნელია ნალექი, ძლიერი თოვა და ქარბუქი - გაფრთხილება გარემოს ეროვნული სააგენტოსგან

მინისტრის ბრძანებით უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესში ცვლილება შევიდა 

2025 წლიდან ბაღებში პერსონალს ხელფასი თითქმის 20%-ით გაეზრდება

როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ასევე მოსწავლეებმა შეასრულეს ფრანგული სიმღერა კინოფილმიდან „ჩარირამა“ 

კესო, მუსიკალური ფესტივალის - „სხვა საქართველო სად არის“, ლაურეატი გახდა 

მე- 7 კლასის დამრიგებლის ზენფირა ისაევის ხელმძღვანელობით ჩატარდა და მასში მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ 

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კონკურსი საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრმა გამოაცხადა

კვირეული დაუვიწყარი ემოციებითა და შთაბეჭდილებებით აღსავსე იყო 

საინტერესო

როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

სიახლეები
საზოგადოება