მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დღეს, თბილისში, პარლამენტის რუსთაველის დარბაზში საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონისა“ და მისი პროექტების - ინტელექტ-ჩემპიონატის და IZRUNE.GE -ს საქმიანობის მიმდინარე წლის შემაჯამებელი და ახალი წლისთვის დაგეგმილი სიახლეების პრეზენტაცია გაიმართა.
შეხვედრა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის ორგანიზებით გაიმართა, ღონისძიებას პარლამენტარები, გურამ მაჭარაშვილი, გენადი მარგველაშვილი, გიორგი კოპაძე, მერაბ ქვარაია, კობა ლურსმანაშვილი, საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელები და საქართველოს გამორჩეული სკოლების დირექტორები დაესწრნენ.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ პარლამენტარები მარიამ ჯაში და გენადი მარგველაშვილი
შეხვედრა საინტერესოდ გაგრძელდა „ეტალონის“ პროექტების მნიშვნელობის შესახებ მაჟორიტარმა დეპუტატებმა და სკოლის დირექტორებმა ისაუბრეს:
კობა ლურსმანაშვილი - რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრი, ხარაგაულის მაჟორიტარი: „ეტალონი“ ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია განათლების სისტემაში, ორიენტირებული ბავშვზე, მშობელსა და სკოლაზე, ამიტომ მას განსაკუთრებული მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს. თუმცა მხარდაჭერის ფორმატში რას ვგულისხმობთ აღარ ვიცით, ვინაიდან პარლამენტის იმ რაოდენობის დეპუტატთა პოზიცია, რომლებმაც მხარი დაუჭირეს „ეტალონის“ დაბრუნებას „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ თითქმის საკონსტიტუციო უმრავლესობა იყო. აქედან გამომდინარე, ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს მხარდაჭერას ასეთი პროექტების მიმართ. მიუხედავად იმისა რომ მხარდაჭერა არ გაკლიათ და ტელევიზიის გარეშეც დიდი პოპულარობით სარგებლობთ - ეს ყველაფერი ჩვენი თვალით ვნახეთ ჩვენს სამაჟორიტარო ოლქებში, სადაც „ეტალონის“ პროექტები ჩატარდა. ამიტომ ვისურვებდი ეს განსაკუთრებული პროექტი კვლავ იყოს წარმოდგენილი ტელევიზიაში.
მერაბ ქვარაია - რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრი, ზუგდიდის მაჟორიტარი: პედაგოგებო, ნამდვილად ვერ გავუშვებ ამ შესაძლებლობას ხელიდან რომ მადლობა არ გითხრათ იმ ყველაფრისთვის, რასაც ყოველდღე აკეთებთ. მე ვარ პედაგოგის შვილი, შვილიშვილი და ვიცი რასაც ნიშნავს პედაგოგიური საქმიანობა. გისურვებთ წარმატებებს, რადგან განათლებული თაობა და განათლებული ქვეყანა არის ჩვენი გადარჩენისა და წარმატებული მომავლის საწინდარი. რაც შეეხება ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს, არაჩვეულებრივი ადამიანია რომელიც სიტყვიდან საქმეზე გადასვლის მაგალითს გვაძლევს. წარმატებები „ეტალონს“, IZRUNE.GE -ს, მადლობა მარიამს და მის კომიტეტს, რომელიც ყოველთვის აქტიური და ყურადღებიანია ნებისმიერი მსგავსი საკითხის მიმართ. მე წარმოვადგენ რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს და ასევე ვიტყვი რომ ჩვენ ვართ ბატონი გოჩას და მისი პროექტის პარტნიორები. ჩვენ მემორანდუმით დავაფიქსირეთ ჩვენი თანამშრომლობა და მომავალში ეს კიდევ უფრო აქტუალური იქნება. ასევე პირადად ვესაუბრე განათლების მინისტრს და ძალიან მიხარია, რომ მიხეილ ბატიაშვილისგან არის 100%-იანი მხარდაჭერა და ეს ალბათ საწინდარია რომ IZRUNE.GE , რომელიც არაჩვეულებრივი პროექტია, იქნება წარმატებული. ასევე ვფიქრობ გადაცემა „ეტალონი“, რომელიც ყველას მოგვენატრა, ისევ დაბრუნდება ეთერში, რადგან „ეტალონი“ მოსწონს ჩვენს პატარებს, მშობლებს...
თბილისის N103 სკოლა, დირექტორი არჩილ ჩხაიძე:
თითოეულ სკოლას მოვუწოდებ, ჩაერთოს რომ IZRUNE.GE -ში. ჩემი სკოლის მოსწავლეები ძალიან კმაყოფილები არიან. სკოლა მარტო დაფა და ცარცი, ან გაკვეთილი და მოსწავლე არ არის. სკოლა ყოველმხრივ აქტიური უნდა იყოს. ეს არის სწორედ საფუძველი იმისა, რომ მოსწავლეები მაღალი ხარისხის განათლებას მიიღებენ. ამ პროექტის მიმართ ჩემი მხარდაჭერა და ინტერესი მინდა დავაფიქსირო. აღვნიშნავ, რომ ჩემი შვილიშვილი ამერიკაში სწავლობს და იქიდან არის ჩართული IZRUNE.GE -ში.
თბილისის N71 სკოლა, დირექტორი პაატა ჩორგოლაშვილი:
IZRUNE.GE წარმატებულია იმიტომ, რომ შინაარსობრივად ყველაზე აქტუალურ საკითხს - მშობელთა ჩართულობას შეეხო. ეს არის კარგი საშუალება, რომ განვითარდეს ბავშვის ინტელექტუალური უნარები და მშობელმა და ბავშვმა სასწავლო პროცესი ერთად წარმართოს. ასევე, სკოლის, ოჯახისა და საზოგადოების ერთობას ეხმარება. ის, ასევე, უზრუნველყოფს იმას, რომ ბავშვები უსაფრთხო გარემოში იყვნენ არა მარტო სკოლაში, არამედ - საკუთარ ოჯახებშიც. აღვნიშნავ, რომ სკოლაში დამრიგებლებს ჯანსაღი ამბიცია და კონკურენცია გაუჩნდათ - ერთმანეთს ეჯიბრებიან, რომ მეტი ბავშვი ჩართონ და მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწიონ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გრიგოლიშის საჯარო სკოლა, დირექტორი ნუკრი ბერიშვილი:
ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს ამ ლამაზი პროექტისთვის უღრმეს მადლობას ვუხდი. IZRUNE.GE სრულიად სახალხო პროექტია. რაიონში ინტერნეტის პრობლემაა და ამიტომ თვეში ერთხელ მოსწავლეები სკოლის სასწავლო ლაბორატორიაში იკრიბებიან და IZRUNE.GE -ს ტესტებს გადიან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და კიდევ ერთხელ წარმატებას ვუსურვებ.
წყალტუბოს N1 საჯარო სკოლა, დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე-კუჭავა:
ყველა განხორციელებული და მიმდინარე პროექტი, რომელიც საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში იყო, მასშტაბურობით „ეტალონს“ ვერ შეეჯიბრება. ის თვალსა და ხელს შუა გაიზარდა და ამას მის მიმართ მაღალმა მოლოდინმაც შეუწყო ხელი. ბატონი გოჩა ტყეშელაშვილის რწმენა იშვიათია, მას ისე სჯერა ამ პროექტის, რომ მისი წარმატებაც ბუნებრივია.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მაღლაკის საჯარო სკოლა, დირექტორი მარინა ფხაკაძე:
IZRUNE.GE -ში სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებიც არიან ჩართულნი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მათთან ერთად მშობლებიც, რომლებიც ასევე დიდ ინტერესს გამოხატავენ. ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს ამ ყველაფრისთვის მადლობას ვუხდით და მეტ წარმატებას ვუსურვებთ.
იხილეთ ასევე:
პარლამენტში „ეტალონის“ პროექტების წლის შემაჯამებელი და დაგეგმილი სიახლეების პრეზენტაცია გაიმართა20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეების ნამუშევრები მრავალფეროვანი და საინტერესო გახლდათ, მნახველთა დიდი მოწონებაც დაიმსახურა და რეალიზებაც წარმატებით მოხერხდა
აღსანიშნავია, რომ მსგავსი გასვლითი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს
დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...