ახალციხის N5 საჯარო სკოლაში პროფესიული უნარების განვითარების პროგრამა წარმატებით დასრულდა
31-12-2018
დაკოპირებულია
-
+
ახალციხის N5 საჯარო სკოლასა და სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ „ოპიზართან“ სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების ქვეპროგრამის ფარგლებში გაფორმებულ იქნა მემორანდუმი, სადაც მაღალ დონეზე ისწავლებოდა სამი სპეციალობა: კერვა, ხის დამუშავება და სერვისი და სერვირება.
ამ ჯგუფებში ჩართული მოსწავლეები (სულ 43 მოსწავლე) დიდი მონდომებით ეუფლებოდნენ აღნიშნულ პროფესიებს.
პროგრამა საგანმანათლებლო დაწესებულებებს გაერთიანების საშუალებას აძლევს, რათა თანამშრომლობის გზით, მოსწავლეების სასკოლო ცხოვრება უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახადოს. პროექტი ემსახურება სკოლის მოსწავლეებში პროფესიული პროგრამების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდასა და პროფესიული განათლების პოპულარიზაციას.
პროექტში ჩართულნი იყვნენ საჯარო სკოლების VIII და IX კლასის მოსწავლეები. მათ საშუალება ჰქონდათ მოესინჯათ თავიანთი შესაძლებლობები სხვადასხვა პროფესიაში, დაუფლებოდნენ და განევითარებინათ საჭირო საბაზო უნარები.
პროექტი სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროექტის დასასრულს ამ თემასთან დაკავშირებით შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, სადაც მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევრები.
ღონისძიება მრავალფეროვანი და საინტერესო იყო, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა.
„მოსწავლეები დიდ იმედს იტოვებენ, რომ პროექტი კიდევ გაგრძელდება. მადლობას ვუხდით ჩვენი სკოლის დირექტორს, ინგა ვარდიძეს იმისათვის, რომ მოსწავლეებს მიეცათ ამ პროგრამაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა. ასევე, სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ „ოპიზარის“ დირექტორს ბელა ავალიშვილს ჩვენს სკოლასთან თანამშრომლობისთვის. კურსის ნაყოფიერად და საინტერესოდ წარმართვისათვის დიდ მადლობას ვუხდით ჭრა-კერვის მასწავლებელს ნათელა კუნკულაძეს, ხის დამუშავების მასწავლებელს - გიორგი კოსტანიშვილს, სერვისი და სერვირების მასწავლებელს - ხათუნა ჩიტაშვილს და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროექტის დაფინანსებისათვის“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.