მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქართული საახალწლო სუფრა მუდამ გადატვირთულია ნიგვზიანი თუ ხორციანი კერძებით და სხვადასხვა ტკბილეულით, რომელთა ერთბაშად დიდი რაოდენობით მიღება, სხვადასხვა დაავადების მაპროვოცირებელი ხდება. როგორ „გადავიტანოთ“ ახალი წელი ისე, რომ მრავალფეროვანმა სუფრამ ჯანმრთელობის პრობლემა არ შეგვიქმნას და ბედნიერი ახალი წელიც დაგვებედოს? ამ კითხვაზე „ეტალონს“ ენდოკრინოლოგმა-დიეტოლოგმა,ლაშა უჩავამ უპასუხა.
- საახალწლო სუფრა, თავისი გადატვირთული კერძებით, როგორ მოქმედებს ბავშვების, მოზარდების ჯანმრთელობაზე?
- ახალი წელი და მისი სუფრის ტრადიცია საქართველოში მოქმედებს არამარტო ბავშვებისა და მოზარდების, არამედ ზრდასრულების ჯანმრთელობაზეც. ქართული ტრადიციული სუფრა საკმაოდ გადატვირთულია ცხიმიანი, ნიგვზით გამდიდრებული და შემწვარი პროდუქტებით, რაც უარყოფითად მოქმედებს, პირველ რიგში, ჩვენი კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე, მით უმეტეს, ბავშვთა ასაკში, ანუ მაშინ, როდესაც გამართულად ვერ მუშაობს ნაღვლის ბუშტი და ინტესტინალურ ტრაქტს უჭირს აღნიშნული პროდუქტების გადამუშავება, რაც, ხშირ შემთხვევაში, აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზეც.
- ძირითადად რა პრობლემები იჩენს ხოლმე თავს ახალი წლის „გადატანის“ შემდეგ?
- როგორც აღვნიშნეთ, ძირითადად ჩივილები იწყება კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე, რასაც მოჰყვება კანზე გამონაყარი და სტრუქტურის ცვლილება, დისკომფორტი მუცლის არეში, ღებინების შეგრძნება, თავის ტკივილი, გაბრუება, გულის აჩქარება და გულის ფრიალი, რიგ შემთხვევებში კი, შესაძლებელია იყოს ისეთი მწვავე ტკივილი მუცლის არეში ან ინტოქსიკაცია, რომ საჭირო გახდეს სტაციონარში მოთავსება, რისი შემთხვევებიც ახალი წლის დღეებში სტატისტიკურად ყოველთვის უფრო მაღალია.
- ქართულ საახალწლო სუფრაზე რომელი კერძი თუ ტკბილეულია, რომელსაც ბავშვები განსაკუთრებით უნდა მოვარიდოთ?
- საახალწლო სუფრაზე ჩვენ შეგვიძლია მივირთვათ, უფრო სწორედ, დავაგემოვნოთ ყველაფერი, მაგრამ ზომიერების ფარგლებში, თუმცა პატარა ასაკის ბავშვები უნდა მოვარიდოთ განსაკუთრებით ნიგვზიან კერძებს, რაც, ხშირ შემთხვევაში, იწვევს დისკომფორტს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და ასევე ალერგიულ რეაქციებსაც. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ აუცილებელია შევზღუდოთ ტკბილი გაზიანი სასმელებიც.
- შობამდე მარხვაა, რომელიც საკმაოდ დიდხანს გრძელდება. რამდენად ხშირია, როცა ბავშვები მარხულობენ და რა სირთულეს აწყდებიან მარხვის მერე? რას ურჩევდით ბავშვებს, მოზარდებს, რომელი წლიდანაა დასაშვები სრულად მარხვის დაცვა და რა არის გასათვალისწინებელი?
-შობის მარხვა ნამდვილად საკმაოდ დიდხანს გრძელდება, რაც ერთგვარი განტვირთვაა ჩვენ ორგანიზმისთვისაც. მარხვის პერიოდში ჩვენ ვზრუნავთ როგორც ჩვენ სულიერებაზე, ასევე ფიზიკურ სიჯანსაღეზე. ამიტომ, მნიშვნელოვანია, შობა დღეს არ გადავტვირთოთ ჩვენი ორგანიზმი მძიმე საკვებით. მარხვის შემდგომ რეკომენდებულია ნელ-ნელა ჩავრთოთ სხვადასხვა პროდუქტები იმისათვის, რომ არ მოხდეს ორგანიზმის გადატვირთვა. პირველ ეტაპზე უნდა მივიღოთ რძის პროდუქტები და შემდგომ დავამატოთ ხორცის პროდუქტები. რაც შეეხება ასაკს, სრული მარხვის შენახვა რეკომენდებულია ზრდის დამთავრების, ანუ გარდატეხის პერიოდის შემდგომ. ეს გახლავთ 17-18 წელი. თუმცა, ასევე მინდა აღვნიშნო, რომ მარხვის დაცვა არ არის მხოლოდ საკვების შეზღუდვა და უარყოფა, ეს არის ქცევის წესები, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ. სწორედ ნაყროვანება-მაძღრობა არის რელიგიური კუთხით ცოდვა. ასე რომ, რელიგიაც გვასწავლის, რომ ზომერება ყოველთვის და ყველაფერში მნიშვნელოვანია.
- ახალ წელთან დაკავშირებული რამდენიმე კურიოზული შემთხვევა რომ გაიხსენოთ...
- საკმაოდ ბევრი შემთხვევაა, თუმცა ყველაზე მეტად მაინც მაშინ ვხალისობ, როდესაც ახალ წელს პაციენტები მიგზავნიან სუფრის ფოტოებს და მწერენ, მედგრად ვდგავარ ლაშა ექიმო და ნახეთ, რა სუფრაზე ვამბობ უარსო, ხოლო ზოგი მწერს, აბა, გადახედეთ სუფრას, როგორ ვთქვა უარი და იქნებ თქვენ დამეხმაროთ არჩევანში რა მივირთვაო. რა თქმა უნდა, ვცდილობ სადღესასწაულო განწყობა არ გავუფუჭო ამ დროს პაციენტს და საკმაოდ ლმობიერი ვარ, თუმცა ვაფრთხილებ, რომ ზომიერება არ უნდა დაგვავიწყდეს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
14 წლის გოგოს მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტზე, 40 წლის მამაკაცი დააკავეს
ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა თავიანთი ნაშრომები წარმოადგინეს პროექტის პრეზენტაციაზე