„ბავშვი შეიძლება უნიჭო ეგონოთ, მაგრამ ამ დროს ის სიმპტომი იყოს, რაც აინშტაინს ჰქონდა“ - ლოგოპედის რჩევები
ცნობილი ფაქტია, რომ როცა ბავშვი სკოლაში იწყებს სიარულს, სტრესს განიცდის. სტრესმა, რომელსაც ისედაც მრავალი პრობლემის გამოწვევა შეუძლია, შეიძლება ბავშვებში ისეთი პრობლემები გაამძაფროს, როგორიც მაგალითად, კითხვისა და წერის უნარის დარღვევაა. ხშირად, როცა ბავშვი ნორმალურად წაკითხვას ვერ ახერხებს, მშობელი და ხშირად მასწავლებელიც, თვლიან, რომ ბავშვი უნიჭოა და „მისგან არაფერი გამოვა“, მაგრამ სინამდვილეში, მას შეიძლება სწორედ ის სიმპტომი ჰქონდეს, რომელიც თავის დროზე ალბერტ აინშტაინს, ნიკოლა ტესლას, ბილ გეითსს, სტივ ჯობსს, ენტონი ჰოპკინსს და სხვა უამრავ ცნობილ და წარმატებულ ადამიანს აწუხებდა.
ლოგოპედი თამარ ლუხუმაიძე „ეტალონს“ მოუყვა, როგორ მივხვდეთ, რომ ბავშვს მეტყველების, კითხვის თუ წერის პრობლემა აქვს და როგორ დავეხმაროთ მას.
– გამართულია მეტყველება, როდესაც ბავშვი რთულ წინადადებებს სწორად წარმოსთქვამს და ადვილად წარმართავს საუბარს. მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ აღიქვამს თანამოსაუბრის საუბარს და როგორ იაზრებს და იგებს მოწოდებულ ინფორმაციას. ბგერები უნდა იყოს მკაფიო და გარჩევადი.
– თუ არსებობს სტანდარტი, მაგალითად, რომელი კლასის ბავშვს რამდენი სიტყვის წაკითხვა უნდა შეეძლოს?
– როდესაც ბავშვის განვითარება ფასდება, მოცემულია გარკვეული სტანდარტები, რომლის მიხედვითაც, კონკრეტულ ასაკში უნდა შეძლოს ამა თუ იმ ინდიკატორის ჩვენება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს სტანდარტები აუცილებლად უნდა იქნას დაცული. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ მხედველობაში გვქონდეს განვითარების ყველა სფერო და მრავალმხრივ განვითარებაში დავეხმაროთ ბავშვს. ყველა ბავშვი ინდივიდუალურია. სტანდარტის მიხედვით, ბავშვი პირველი კლასის პირველ სემესტრში უნდა კითხულობდეს წუთში 20–25 სიტყვას, მეორე სემესტრში – 30–40 სიტყვას, მეორე კლასის პირველ სემესტრში – 40–50 და მეორე სემესტრში უკვე 60 სიტყვის წაკითხვა უნდა შეეძლოს. განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები კი ერთ კონკრეტულ ინდიკატორს უფრო ხანგრძლივი დროის შემდეგ აღწევენ.
მეტყველების დარღვევების დიაგნოსტირება ახლა უფრო ადრეულ ასაკში ხდება. თუ ბავშვს მეტყველების პრობლემა აქვს, მშობელმა არ უნდა მიაყურადოს, აუცილებლად უნდა მიაკითხოს სპეციალისტს და დიაგნოზი დაისვას, თუ რატომ აგვიანებს მეტყველების დაწყებას. 2 წლის ბავშვმა 100–150 სიტყვა მაინც უნდა იცოდეს და ორსიტყვიანი წინადადებების თქმას ცდილობდეს. თუ ბავშვი 2 წლის ასაკში არ ცდილობს რაიმე თქვას, აუცილებელია, მშობელმა მიმართოს სპეციალისტს. შეიძლება დახმარებას არც საჭიროებდეს და მეტყველება დაგვიანებით დაიწყოს, მაგრამ თუ პრობლემაა, 2 წლიდან უკვე აუცილებელია ჩარევა და მეტყველების თერაპიის დაწყება. 3 წლის ასაკში უკვე უნდა წარმოსთქვამდეს ბ, მ, ქ, პ, ფ, ვ ბგერებს. 4 წლის ასაკში სისინა ბგერებს – ს, ძ, ც, ზ, წ – უნდა თქვას. 5 წლისამ კი უკვე შიშინა ბგერებიც, შ, ჩ, ჟ, ჯ, ჭ უნდა წარმოსთქვას. 6 წლის ასაკში ბავშვს ყველა ბგერის წარმოთქმა უნდა შეეძლოს და გრამატიკულადაც გამართულ წინადადებებს უნდა აგებდეს.
– თუ მშობელმა ვერ შეამჩნია მეტყველების პრობლემა და ბავშვი უკვე სკოლაში მივიდა, რთულია პრობლემის გამოსწორება?
– რთულია, მაგრამ გამოსწორებადია. რაც უფრო ადრე იქნება თერაპია დაწყებული, მით უფრო სწრაფად და ეფექტურად ხდება გამოსწორება. დაგვიანების შემთხვევაში კი, დროში იწელება და ხანგრძლივდება შედეგის დადგომა. ამ დროს ბავშვს უნდა ასწავლო, რა პოზიცია უნდა მისცეს ენას, რომ ესა თუ ის ბგერა წარმოსთქვას სწორად და ავარჯიშო. ზოგი ბავშვი ადვილად ითვისებს, ზოგი – გვიან.
– მეტყველება და ინტელექტი რამდენად კავშირშია ერთმანეთთან?
– შეიძლება ადამიანი ვერ მეტყველებდეს გამართულად, მაგრამ ინტელექტის მხრივ, პირიქით, ზედმეტადაც იყოს განვითარებული. მთავარია, მეტყველების დარღვევა ფსიქიკურ პრობლემას არ უკავშირდებოდეს.
– ხმამაღლა კითხვა რამდენად ეხმარება ბავშვს სწორი მეტყველების ჩამოყალიბებაში?
– ხმამაღლა კითხვა ბავშვს ძალიან ეხმარება კარგი მეტყველების ჩამოყალიბებაში. ეს ერთგვარი ვარჯიშია, რომ სწორად გადმოსცეს საკუთარი აზრი, უფრო მელოდიური იყოს მეტყველება, სიტყვათა მარაგიც გაუმდიდრდეს და დიქცია, ინტონაცია გაუუმჯობესდეს. უფროსებსაც, ვისაც უნდა გამართული მეტყველება ჰქონდეს, ვურჩევ, ხმამაღლა იკითხონ. როცა კარგად მეტყველებ, უფრო თავდაჯერებული ხარ. კარგი მეტყველება ასევე კარგი კომუნიკაციის საწინდარია და თვითწარმოჩენასაც უკეთესად ახერხებს ადამიანი.
სკოლის ასაკში დარღვევები თავს იჩენს დისლექსიისა და დისგრაფიის სახით. დისლექსია – კითხვის უნარის, დისგრაფია კი წერის უნარის დარღვევაა. ბავშვი სკოლაში რომ მიდის, ეს მისთვის დიდი სტრესია და შეიძლება სწორედ ამ პრობლემებმა იჩინოს თავი. როგორც დიაგნოზი, დისლექსია იშვიათად გვხვდება, მაგრამ ზოგჯერ ამ პრობლემას მშობლები ბავშვის უნიჭობას მიაწერენ. სინამდვილეში კი, ეს ინტელექტთან არ არის კავშირში. პირიქით, ბევრი წარმატებული და გენიოსი ადამიანი ბავშვობაში დისლექსიკი იყო. მაგალითად, ალბერტ აინშტაინი, ნიკოლა ტესლა, ბილ გეითსი, სტივ ჯობსი ბავშვობაში დისლექსიკები ყოფილან. ასევე, მსახიობი ენტონი ჰოპკინსი...
– რა სიმპტომები ახასიათებს ამ დარღვევას?
– კითხვა უჭირდათ. ამ დროს ბავშვი ვერ აღიქვამს გრაფიკულად ასოს და უჭირს ამოცნობა. ეს კი იწვევს სიტყვის არასწორად წარმოთქმას. ხშირად ეშლებათ კიდეც დიაგნოზი და შეიძლება სულაც არ იყოს დისლექსია, თუ ბავშვი ასოს ვერ სცნობს. 5–6 წლის ასაკში სწავლობს ბავშვი ასოების ცნობას და შეიძლება ისედაც შეეშალოს, მაგრამ 7 წლამდე ხდება ტვინში ამაზე პასუხიმგებელი უბნების ჩამოყალიბება და მერე თავისით სწორდება. თუ დისლექსიის დიაგნოზი დაისვა, ლოგოპედთან ერთად, ფსიქოლოგის დახმარებაც აუცილებელია. რაც შეეხება დისგრაფიას, სიტყვაში ასოებს ტოვებენ. ესეც, ნელ–ნელა უნდა გამოსწორდეს. დისლექსიაც და დისგრაფიაც გამოსწორებადია და არავითარ შემთხვევაში არ არის უნიჭობა. თუ სპეციალისტს არ მივმართავთ დასახმარებლად, შეიძლება ბავშვი დაითრგუნოს, დაკომპლექსდეს, ჩაიკეტოს თავის თავში ან, პირიქით, აგრესიული გახდეს. სრულყოფილად თუ ვერ აღდგა ეს დეფექტი, მაგრამ ნიჭიერი ხარ, მერე სხვა კუთხით ახდენ რეალიზებას და ამის ცოცხალი მაგალითია აინშტაინი. გენიოსებს ხომ, როგორც წესი, რაღაც პრობლემა აქვთ და თავისი თავის რეალიზებას სხვა მხრივ ახდენენ. თუმცა, ვიმეორებ, სპეციალისტის დახმარების შემთხვევაში, სხვებზე უკეთესიც შეიძლება გახდეს აღქმის უნარი.
მშობლება ვურჩევ, როცა დისლექსია–დისგრაფიასთან დაკავშირებულ პრობლემას შეამჩნევენ, ბავშვი მიაჩვიონ დაგეგმარებას. მაგალითად, დავგეგმოთ დღე როგორ დავიწყოთ, მერე წავიდეთ იქ, იქიდან წავიდეთ იქ... თანმიმდევრობითი მოქმედებები უნდა გავაკეთებინოთ და მივაჩვიოთ მოქმედებების თანამიმდევრობას. ეს ბავშვის ყურადღებას და კონცენტრაციას ავითარებს, რაც დაეხმარება აღქმა–გაგება–გააზრებაში. უნდა ვასწავლოთ ორიენტაციაც, მაგალითად, შენგან მარცხნივ, შენგან მარჯვცნივ, უკან, წინ... მშობელს შეუძლია თამაშის ან დავალების სახით ასწავლონ ბავშვებს ეს ყველაფერი. ასეთი ქმედებები ბავშვებს სიამოვნებთ კიდეც – თავს უფრო დიდად გრძნობენ და ამით დავეხმარებით. იმას, რომ დროულად მიხვდეს მშობელი და დროულად ჩართოს სპეციალისტი, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
– მასწავლებლებიც უნიჭობას ხომ არ მიაწერენ ხოლმე დისლექსია–დისგრაფიის სიმპტომს?
– დიახ, ალბათ ასეც ხდება, თუმცა ეს დიაგნოზია, რომელიც სპეციალისტმა უნდა დასვას და შეიძლება მასწავლებელი ვერც მიხვდეს. პედაგოგი, წესით, გაკვეთილზე ასრულებს ლოგოპედის სამუშაოს, მაგრამ ბევრი ბავშვია კლასში და მხოლოდ ერთს ვერ დაუჯდება. როდესაც ბავშვი წერას და კითხვას იწყებს, პრობლემა აქვს და ეს მშობელმა ვერ შენიშნა, მასწავლებელი უნდა დააკვირდეს და მერე ეს მშობელთან და სპეციალისტთან ერთად მოგვარდეს. მასწავლებელზე ხშირად მშობლები ამჩნევენ ამ პრობლემას. ყველა მასწავლებლებს ვურჩევ, ბავშვს თუ რამე კარგად არ გამოსდის, ამაზე ყურადღება არ გაამახვილონ, უფრო მეტად წაახალისოს და შეაქოს, რომ ბავშვს თავდაჯერებულობა მოემატოს და უფრო მეტი სტიმული ჰქონდეს. ეს ბავშვისთვის ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია და როცა დისლექსია–დისგრაფიის პრობლემაა, მით უმეტეს. შექების მერე კი, ბავშვმა შეიძლება შეუძლებელიც შეძლოს.