სიახლეები
საინტერესო

ცნობილი მასწავლებლები და მოსწავლეები ჩვენი და მსოფლიო ისტორიიდან
02-02-2019
-
+


მასწავლებლობა რთული პროფესიაა. ასწავლო და აღზარდო სხვა ადამიანი დიდი პასუხისმგებლობაა, რომელსაც შემდგომ დაფასება და პატივისცემა სჭირდება. მსოფლიო ისტორიას თუ გადავხედავთ, ძალიან ბევრ პედაგოგს აღმოვაჩენთ, რომლებმაც დროს გაუძლეს და დღესაც აქტუალურები არიან, მათი იდეოლოგია და მსოფლმხედველობა კი უკვე ჩვენი ისტორიის ნაწილია. 

etaloni.ge ამჯერად ცნობილი პედაგოგებისა და მათი ცნობილი მოსწავლეების შესახებ მოგითხრობთ, რომლებსაც ყველას ერთად მოვუყარეთ თავი. 

სოკრატე  და პლატონი - ბერძენი სატირიკოსის, სოკრატეს შესახებ პირდაპირი ისტორიული წყაროები არ გაგვაჩნია. თუ მას ოდესმე რამე დაუწერია, ჩვენამდე არ მოუღწევია და მასზე ჩვენი წარმოდგენები ძირითადად მეორეულ წყაროებს ეყრდნობა. ერთ-ერთი ასეთი წყაროს ავტორი მისი მოსწავლე და თანამოაზრე, ასევე ბერძენი ფილოსოფოსი, პლატონია. „ფილოსოფიური დიალოგების“ ავტორი სოკრატეს მოსწავლე ახალგაზრდობაშივე გახდა. პლატონი თავის წერილებში აღნიშნავს, რომ ის საკუთარი მასწავლებლის სასამართლოს დაესწრო და ამან მასზე მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა. ქალაქის მიერ სოკრატეს გაწირვამ პლატონს გადააწყვეტინა თავისი ადრეული ნამუშევრები მისთვის მიეძღვნა და მასზე მოგონებების წერას შეუდგა. პლატონის „დიალოგების“ მთავარი პერსონაჟი სოკრატეა, თუმცა ამ ნაშრომში რომელი ნაწილი ეკუთვნის პლატონს და რომელი სოკრატეს, დიდი კამათის საგანია. მიუხედავად ამისა, უდავოა, რომ პლატონი მასწავლებლის დიდ გავლენას განიცდიდა და მრავალი იდეა მის ადრეულ ნამუშევრებში სოკრატესგან ნასესხები უნდა იყოს. 



პლატონი და არისტოტელე - სოკრატეს სიკვდილის შემდეგ პლატონმა ცოდნის გასაღრმავებლად იტალიაში, ეგვიპტესა და სიცილიაში იმოგზაურა. სამშობლოში დაბრუნებისას მან ათენში, აკადემოსის ჭალაში, დასავლურ სამყაროში დღემდე ცნობილი ორგანიზებული სკოლა, ათენის აკადემია დააარსა. აკადემია 529 წლამდე ფუნქციონირებდა, სანამ იუსტინიანე I ბიზანტიელმა არ დახურა, ვინაიდან მისი წარმოდგენით ეს დაწესებულება ქრისტიანობის გავრცელების საშიშროებას წარმოადგენდა. ათენის აკადემიაში იმ დროის მრავალი მოაზროვნე სწავლობდა, მათ შორის იყო არისტოტელეც. 



არისტოტელე და ალექსანდრე მაკედონელი - არისტოტელე პლატონთან და სოკრატესთან ერთად თანამედროვე ფილოსოფიის დასავლური სკოლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი დამფუძნებელია. ის 18 წლის იყო, როცა ათენის აკადემიაში მივიდა სასწავლებლად და თითქმის 20 წლის მანძილზე დარჩა სკოლაში. აკადემიიდან წასვლის შემდგომ არისტოტელე დიდხანს მოგზაურობდა და სხვადასხვა საგანი შეისწავლა. ძვ.წ 343 წელს ის ფილიპე მეორემ, თავის შვილის, ალექსანდრეს აღმზრდელად მიიწვია. არისტოტელე მაკედონიის სამეფო აკადემიის უფროსად დანიშნეს. ამ დროის განმავლობაში ის არა მარტო ალექსანდრეს, არამედ ორ სხვა მომავალ მეფესაც: პტოლემეს და კასანდრეს ასწავლიდა. ისტორიული ცნობების მიხედვით, სწორედ არისტოტელემ წაახალისა ალექსანდრე აღმოსავლური დაპყრობებისკენ. იმ დროისთვის არისტოტელემ შეისწავლა თითქმის ყველა დარგი და დისციპლინა, ამიტომ ის სამართლიანად მიიჩნევა, რომ იყო პიროვნება, რომელმაც იცოდა ყველაფერი, რაც შეიძლება ადამიანს სცოდნოდა თავისი თანამედროვე მეცნიერების შესახებ. 



გიორგი ჭყონდიდელი და დავით აღმაშენებელი - დავით IV აღმაშენებლის აღმზრდელი და მასწავლებელი, XI საუკუნის პირველ ნახევარში დაიბადა. როგორც ვარაუდობენ, გიორგი სამეგრელოს მთავართა გვარიდან იყო. ისტორიული ცნობები მოგვითხრობენ, რომ გიორგი ჭყონდიდელის ხელმძღვანელობითა და გამჭრიახობით დაიბრუნეს ქართველებმა თურქების მიერ დაპყრობილი ქალაქი სამშვილდე, ხოლო 1115 წელს გაათავისუფლეს რუსთავი, რასაც უდიდესი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა ჰქონდა. მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის თანამდებობა დავით მეფემ ქვეყნის ცენტრალიზაციის გაძლიერების მიზნით შემოიღო. ის მეფის შემდეგ მეორე პირი იყო სახელმწიფოში, რომლის ხელშიც, როგორც საერო, ისე სასულიერო ხელისუფლება იყო თავმოყრილი. მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელად დავითმა თავისი ერთგული თანამებრძოლი და აღმზრდელი განაწესა. გიორგი მეფის ყველა წამოწყების თანამონაწილე იყო. მატიანეს ცნობით, მეფე არა მარტო აფასებდა გიორგი ჭყონდიდელს, არამედ ყველაზე დიდ დასაყრდენად მიიჩნევდა. იგი თან ახლდა დავითს ჩრდილო კავკასიაში, ყივჩაღთა გადმოყვანისას, სადაც გარდაიცვალა კიდეც. მეფემ საკუთარ მამასავით იგლოვა გიორგი მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი და დიდი პატივით დაკრძალა გელათის მონასტერში. 



სულხან-საბა ორბელიანი და ვახტანგ მეექვსე - „სიბრძნე-სიცრუისას“ და „სიტყვის კონას“ ავტორი, ქართველი მეცნიერი, მწერალი და პოლიტიკური მოღვაწე სულხან-საბა ორბელიანი მრავალმხრივი ნიჭისა და განათლების მქონე პიროვნება იყო. მან კარგი ცოდნა მიიღო, როგორც საერო, ისე სასულიერო დისციპლინებში. სულხან-საბა შთამომავლობით დიდგვაროვანთა ოჯახს მიეკუთვნებოდა და სამეფო კარზე ბავშვობიდანვე იცნობდნენ. ის ახალგაზრდა იყო, როცა  სახელმწიფოებრივ, სამწერლო და სამეცნიერო საქმიანობაში ჩაება და სწორედ ამიტომ მას დაევალა უფლისწული ვახტანგის აღზრდა. მან ამ საქმეს ენერგიულად მოჰკიდა ხელი, ხოლო ვახტანგ VI-ის კულტურულ-შემოქმედებითი საქმიანობა ცხადყოფს, რომ სულხანმა ეს დავალება პირნათლად შეასრულა, რითაც კიდევ უფრო მეტი სახელი და ავტორიტეტი მოიპოვა. ორბელიანი არა მარტო პირადად ასწავლიდა ვახტანგს, არამედ ხელმძღვანელობდა კიდეც მის აღზრდა-განათლებასა და შეძლებისდაგვარად, ყოველი დისციპლინის შესწავლას თვალს ადევნებდა. მისი ყურადღების გარეშე არ დარჩენილა ისეთი დარგიც კი, როგორიცაა ასტრონომია (ჩვენამდე მოაღწია ვახტანგისათვის განკუთვნილმა კოსმოგრაფიის სახელმძღვანელომ აღმზრდელის მინაწერებით, შენიშვნებითა და განმარტებებით). ალბათ, ამიტომაც იყო გამორჩეული ვახტანგ VI-ის მეფობის ხანა, რომლის დროსაც საქართველოს ლიტერატურული და ინტელექტუალური აღორძინება დაიწყო. ვახტანგ VI თავის აღმზრდელთან და ანტონ I კათალიკოსთან ერთად ახალი ქართული ლიტერატურის სულისჩამდგმელად მიიჩნევა. 



კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცენტრის განცხადებაში განსაზღვრულია თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა 

2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ბავშვების შემოქმედებითი უნარებით დამსწრე საზოგადოება აღფრთოვანებული დარჩა

სკოლაში გააზრებული აქვთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის არა მარტო თეორიული ცოდნის გადაცემა, არამედ პრაქტიკული სწავლებაც

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს 

სასწავლო მიზნის მისაღწევად ჩატარდა დაგეგმილი აქტივობა „სასწავლო გაჩერებები“, რომელებიც ემსახურებოდა ახალი ცოდნის სტრუქტურის შექმნას 

საინტერესო

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

რატომ და როდიდან ვრთავთ ნაძვის ხეს საახალწლოდ?

სიახლეები
საზოგადოება