მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მათ ორი უმთავრესი პროფესია აქვთ, გამორჩეულად უყვართ ბავშვები და ყოველდღიურად განათლებულ მომავალ თაობაზე ზრუნვით, თითოეულის წარმატების ისტორიასა და ქვეყნის ბედნიერებას აშენებენ...
მასწავლებელი და მშობელი - Etaloni.ge გამორჩეულ მრავალშვილიან პედაგოგებზე მოგიყვებათ...
ეთერ ოქრუაშვილი 5 შვილის მშობელი და ისტორიის პედაგოგია. წლებია, რუსთავის N21 საჯარო სკოლაში ასწავლის და პროფესიასა და დედობას წარმატებით უთავსებს ერთმანეთს.
ამბობს, რომ მისი საიდუმლო ზომიერებისა და ოქროს შუალედის დაცვაა. დიდი სიყვარულითა და პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარ და სხვის შვილებთან ურთიერთობას და არა სააღმზრდელო საქმიანობისა და ჩატარებული გაკვეთილების ოდენობას, არამედ ხარისხს ანიჭებს გადამწყვეტ მნიშვნელობას:
„დედისერთობას ყოველთვის განვიცდიდი, სწორედ ამიტომ ბავშვობიდან ვიცოდი, რომ ბევრი შვილი უნდა მყოლოდა. მიუხედავად იმისა, რომ ერთ ოჯახში იზრდებიან, ხუთივე ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული პიროვნებაა, მათთან ურთიერთობა დიდი გამოცდილებაა ჩემთვის და ჩემი მეუღლისთვის. ჩვენ ვითვალისწინებთ შვილების აზრს და ინდივიდუალურ მიდგომებს ვიყენებთ აღზრდაში. ფაქტობრივად, მათთან ურთიერთობით ვიზრდებით ჩვენც. 3 გოგო გვყავს და 2 ბიჭი, უფროსი გოგო მეათე კლასშია, უმცროსი ბიჭი კი 3 წლისაა. უფროსები ჩვენს სკოლაში სწავლობენ, თუმცა მათი პედაგოგი არ ვარ. საშინაო დავალებებშიც ნაკლებად ვეხმარები, ასეთი მიდგომა მაქვს, ჯერ თავად უნდა იფიქრონ და მივიდნენ დასკვნებამდე და თუ განსაკუთრებით დასჭირდებათ რაიმეს ახსნა, მაშინ ვერევი მე. ამ გზით, მინდა, თავიანთი ასაკისათვის შესაბამისი სირთულეების გადალახვასა და დამოუკიდებლობას მიეჩვიონ.“
თბილისის N158 საჯარო სკოლის მათემატიკის პედაგოგი ხათუნა გოგოჭური 3 ბიჭისა და ერთი გოგონას დედაა. ამბობს, რომ დიდი ოჯახი მეტი ბედნიერების მომტანია, ბავშვები შინ და სკოლაში კი განსაკუთრებულ სიყვარულსა და მზრუნველობას მოითხოვენ:
„3 შვილი ყოველთვის მინდოდა, მეოთხე კი პატრიარქის კურთხევით გავაჩინე, მას რომ მოენათლა. ვეცადე, ერთმანეთის სიყვარულითა და ზრუნვით გამეზარდა, ვფიქრობ, ბევრი დედმამიშვილის ყოლა გავიწყებს ეგოიზმს და სხვისთვის გაზიარებას გასწავლის. სიმართლე გითხრათ, დაბალ ასაკში უფრო მეხმარებოდნენ და ართობდნენ ერთმანეთს, ახლა კი ოთხივეს თავისი საქმე, სასწავლი აქვს და დრო ნაკლებად რჩებათ. ერთერთ შვილი ჩემი მოსწვალეცაა და კლასში ობიექტურობის დასაცავად მას ისე აღვიქვამ, როგორც ყველა სხვა დანარჩენ მოსწავლეს. თანაბარი ზრუნვითა და მოთხოვნებით.“
4 შვილის დედა ინგა კვირიკაშვილი ქუთაისის N35 საჯარო სკოლაში ისტორიის მასწავლებელია, თავადაც მრავალშვილიან ოჯახში გაიზარდა და სახლში ბევრი ბავშვის ჟრიამული უცხო არ ყოფილა მისთვის. იმდენი შვილი გააჩინა, რამდენიც ღმერთმა მისცა და ახლა ძალას არ იშურებს რომ პედაგოგისა და დედის პროფესიას წარმატებით გაართვას თავი:
„ორივე შემთხვევაში უმთავრესი ბავშვების სიყვარული და მათ აღზრდაში დიდი ენერგიისა და ემოციის ჩაქსოვაა. ამას მოითხოვს კლასიც და ოჯახიც. 3 ბიჭი და 1 გოგო მყავს, უფროსი მეთერთმეტეკლასელია, უმცროსი მეორე კლასშია. ვფიქრობ, დედმამიშვილების ყოლა ბავშვების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. მეტად მზრუნველები არიან, იციან გაყოფა. მაგალითად, არ შეჭამენ ტკბილეულს ისე, რომ ერთმანეთს არ გაუნაწილონ, არასდროს იძახიან მიყიდე, მიყიდეს... ერთმანეთის მიბაძვით ბევრ რამეს სწავლობენ. სკოლაში მე მათ არ ვასწავლი და სახლშიც ხშირად ვერ ვახერხებ ყოველ ნაბიჯზე მიყოლას. არადა, პატარას რომ მიქებენ მასწავლებლები მიკვირს, ამ მხრივ ხომ არ მისწავლებია ან მისაუბრია მასთან-მეთქი, მაგრამ, როგორც ჩანს, გარემო დიდ გავლენას ახდენს და უფროსი და- ძმისგან თავისთავად ბევრ რამეს იგებს.“
დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლაში ინგლისურ ენის 4 შვილის დედა ქეთევან ყაჭაშვილი ასწავლის. 3 გოგოსა და ერთი ბიჭის პატრონს ყოველთვის უნდოდა ბევრი შვილი ჰყოლოდა, ეს ოცნება კი სკოლაშიც აისრულა და სახლშიც:
„ბევრი შვილი დიდი ძალა და სიმდიდრეა, მრავალშვილიან ოჯახში მეტად თბილი და მოსიყვარულე გარემოა. ბავშვებიც უფრო ზრუნავენ ერთმანეთზე, რამდენჯერ აუხსნია უფროსს საშინაო დავალება პატარებისთვის... ვცდილობ, სამართლიანი ვიყო მოსწავლეებთან, ამდენად, საკუთარ შვილს უფრო მეტს ვთხოვ გაკვეთილზე და მასთან უფრო მკაცრი ვარ. მიყვარს ჩემი კლასი და თითოეულ მოსწავლეში საკუთარ შვილს ვხედავ. როდესაც რაიმე პრობლემას ვაწყდები მათთან, ვცდილობ, ისე გადავჭრა საკითხი, როგორც ჩემს შვილებთან მოვაგვარებდი. სახლშიც და სკოლაშიც ბავშვების სიყვარული ყველანაირი სირთულის დაძლევაში მეხმარება.“
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცენტრის განცხადებაში განსაზღვრულია თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა
2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს
„არც მე გადავწყვეტდი პედაგოგობას, რომ არ მენახა, რატომ ეძებდნენ ბიჭ კადრს...“
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...