სიახლეები
სკოლები

გაეცანით თბილისის N62 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის, ლიზი ნიჟარაძის სტატიას „გზა იდეის ამოცნობისკენ“
05-03-2019
-
+


თბილისის N62 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანმა მასწავლებელმა, ლიზი ნიჟარაძემ მთავარი სათქმელის ამოცნობის პრობლემის შესახებ სტატია „გზა იდეის ამოცნობისკენ“ მოამზადა. 

მასწავლებელმა სტატიაში გზა იდეის ამოცნობისკენ ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსის „ფიქრნი მტკვრის პირზედ" მიხედვით მიმოიხილა. 

პედაგოგის სტატიას უცვლელად გთავაზობთ: 

„ელემენტარულს, ტექსტის სათქმელის ამოცნობას, ვერ ახერხებენ“ - ალბათ, ხშირად   გაგიგონიათ აღშფოთებით ნათქვამი ამ ტიპის შეფასება, დამნაშავე, ამავე საზოგადოების  მოსაზრებით, რა თქმა უნდა, მასწავლებელია. არის კი ასე ადვილი იდეის წვდომა? ვფიქრობ, მხოლოდ სხვა საფეხურების გავლის შემდგომ არის შესაძლებელი მთავარ სათქმელზე მსჯელობა. შემაჯამებელი გაკვეთილის უმთავრეს ფუნქციად სწორედ იდეის ამოცნობა მიმაჩნია. 

შეჯამება - მიღებული ცოდნის ჯამი. რა უნდა შევაჯამოთ? რა საკითხებზე უნდა დავგეგმოთ შემაჯამებელი გაკვეთილი?

მოგეხსენებათ, ლიტერატურის სწავლებისას ტექსტობრივი ცოდნა არ განაპირობებს მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას, ის საფეხურია, რომელზეც უნდა დაშენდეს გაგება-გააზრების, შემოქმედებითობის, შეფასება-სინთეზის უნარები, ამიტომ შემაჯამებელი გაკვეთილი, ისევე, როგორც ნებისმიერი ტიპის სწავლება, მიმართული უნდა იყოს სიღრმისეული წვდომისა და, შესაბამისად, ზემოთ ჩამოთვლილი უნარების  განვითარებისკენ. ამის გათვალისწინებით, შემაჯამებელი გაკვეთილი უნდა დაიგეგმოს  შესაბამისი აქტივობებით, აუცილებელია აქცენტები გაკეთდეს კულტურული,  ფსიქოლოგიური, მხატვრული სტილის კოდების ამოცნობის კუთხით. სიღრმისეული  წვდომა კიდევ უფრო მეტ ძალისხმევას საჭიროებს და მხოლოდ ნაწარმოების თემა,  ეპოქალური გავლენები, პერსონაჟთა ხასიათი, მხატვრული ხერხების ამოცნობა არ იქნება  საკმარისი, რადგან თითოეული ამ კოდის გახსნა უნდა ემსახურებოდეს უმთავრესს - იდეის, ავტორის სათქმელის ამოცნობას. ამასთან, მნიშვნელოვანია საკითხის ფართო ჭრილში განხილვა, რაც თავისთავად გულისხმობს ზოგადი განათლების გამოყენებას, შედარება-პარალელი საგრძნობლად ამაღლებს სააზროვნო უნარებს, ზრდის ტრანსფერის  შესაძლებლობას. ამ მსჯელობიდან შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა, შემაჯამებელ   გაკვეთილამდე ნაწარმოები კარგად დამუშავებული უნდა იყოს:

1. ავტორი, ბიოგრაფია;

2. ჟანრი, მიმდინარეობა;

3. სათაური;

4. ნაწარმოების თემა;

5. კულტურულ-ისტორიული კოდი;

6. ფსიქოლოგიური კოდი;

7. მხატვრული საშუალებები, სტილი;

8. იდეა, მთავარი სათქმელი;

9. ზოგადი განათლება (შედარება-პარალელი, სინთეზი).

ცხადია, შეუძლებელია ერთ გაკვეთილში ყველა საკითხის ამოწურვა, ამიტომ ეს შეიძლება საფეხურეობრივად განვახორციელოთ, თუ პირველ გაკვეთილზე მოსწავლეს გავაცნობთ მწერალს, მოღვაწეობის პერიოდს, ეპოქას, ჟანრს, მიმდინარეობას და ვისაუბრებთ სათაურზე, მეორე გაკვეთილი უნდა დაეთმოს ტექსტის დამუშავებას  ინფორმაციულ, თემატურ, ეპოქალურ ჭრილში. მესამე გაკვეთილზე შეიძლება პერსონაჟთა ხასიათის, ფსიქოლოგიური კოდის გახსნა, ხოლო მეოთხე გაკვეთილზე ავტორისეულ სტილსა და მხატვრულ ხერხებზე მუშაობა. ვფიქრობ, მხოლოდ ამ ეტაპების გავლის შემდგომ შეიძლება შეჯამდეს მიღებული ცოდნა, გაგებულ-გააზრებული მასალა და, შესაბამისად, მომდევნო ეტაპის დაძლევა - მთავარი სათქმელის ამოცნობა, შედარება სხვა ნააზრევთან, შემოქმედების ნიმუშთან. მაგალითად შედარებით მცირე ზომის ნაწარმოები, ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსი - „ფიქრნი მტკვრის პირზედ“, ავიღოთ. ვფიქრობ, თითოეული სტროფის დეტალური მიმოხილვა მოსწავლეს შეაძლებინებს უკეთ გაიაზროს ავტორის ფიქრები, განცდები, ემოციები და სათქმელი, აქედან გამომდინარე, სწორად ამოიცნოს.

 - „წარვედ წყალის პირს სევდიანი“ - ამბობს ბარათაშვილი. რატომ წყლის პირს? რომელი ნაწარმოები შეგიძლიათ გაიხსენოთ, სადაც პერსონაჟი სწორედ წყალს უზიარებს ფიქრებს? რა იცით წყალზე, მის ძალაზე?

„ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟი -  ტარიელი, რა თქმა უნდა, ამ ეპიზოდში თავად პოეტს  ემსგავსება, წყალი, როგორც სევდიან ფიქრთა განსაქარვებელი ადგილი, ორივე შემთხვევაში ფიგურირებს.

აქვე შეიძლება გავიხსენოთ, რომ სამყაროში გვხვდება ოთხი ძირითადი ელემენტი. ესენია: ცეცხლი, წყალი, მიწა და ჰაერი. ეს ოთხი ელემენტი, ძველი ფილოსოფიური მოძღვრების თანახმად, სამყაროს შექმნის პირველსაწყისად მიაჩნდათ, ისინი ერთმანეთზე ზემოქმედებენ წრიულად, მაგ: ცეცხლი შთანთქავს ჰაერს, ჰაერი დაატარებს მიწას, მიწა შეიწოვს წყალს, წყალი აქრობს ცეცხლს. ეს წრებრუნვა და მისი ზემოქმედება გარემოზე არის სამყაროს მამოძრავებელი ძალა.ამიტომ, როცა წუთისოფელი თავისი ბუნებისამებრ ცეცხლში გხვევს, წყალი აქრობს, ანელებს, ამსუბუქებს ამ ტკივილს, იძლევა მამოძრავებელ ძალას. იქნებ, სწორედ ეს არის სევდიანი პოეტის არჩევანის მიზეზი.

თალესი ყოველივეს საწყისად მიიჩნევდა წყალს. არისტოტელე წერს, რომ თალესი, ალბათ, იმიტომ მიიჩნევდა წყალს საწყისად, რაკი მიწის ირგვლივ წყალია, ყოველი თესლი, საიდანაც ხდება რაიმეს წარმოშობა - წყლის შემცველია, ასეთივეა საზრდოც. გარდა ამისა, წყალს შეუძლია სხვადასხვა ფორმით არსებობა (თხიერად, ყინულად, ორთქლად), თვითონ უფორმოს შეუძლია სხვადასხვა ფორმის მიღება (მაგ. იმ ფორმის, რა ფორმის ‘ჭურჭელშიც’ მოხვდება).

- შოპენჰაუერი რომანტიკოსებს პასიურ და აქტიურ ტიპებად ყოფს. როგორ ფიქრობთ, რა არის ფიქრი? როდის იწყებს ადამიანი ფიქრს? მაშინ, როცა დანებებულია, შეგუებულია, თუ მაშინ, როცა იბრძვის ან გამოსავალს ეძებს? „ადამიანი ლერწამია, უმწეო ლერწამი, მაგრამ ეს ლერწამი აზროვნებს, მის გასასრესად სულაც არაა საჭირო სამყაროს რისხვა, საკმარისია ქარის შემობერვა ან უბრალო წვიმის წვეთი, მაგრამ ადამიანი, გასრესილი თუნდაც სამყაროს მიერ, მაინც უფრო ღირებულია, ვინაიდან გრძნობს თავის აღსასრულსაც და თავის უმწეობასაც სამყაროსთან შედარებით. მაშასადამე, მთელი ჩვენი ღირსება აზროვნებაა. სწორედ აზრი გვამაღლებს ჩვენ და არა დრო და სივრცე, რომელშიც ჩვენ ჩაკარგულნი ვართ.“ - ამბობს ბლეზ პასკალი. ვფიქრობ, მოცემული ამონარიდი მოსწავლეებს მისცემს საშუალებას უკეთ დაფიქრდნენ ფიქრის, აზროვნების ფუნქციასა და მნიშვნელობაზე.

- „აქ ვეძიებდი ნაცნობს ადგილს განსასვენებლად;

აქ ლბილს მდელოზედ სანუგეშოდ ვინამე ცრემლით,

აქაც ყოველი არემარე იყო მოწყენით.”

ამ სტრიქონების განხილვისას ხაზგასასმელია, რომ ბარათაშვილისთვის ეს ადგილები  „ნაცნობია“, აქ არაერთხელ უღვრია ცრემლი, ამასთან, საინტერესოა პოეტური ლიცენცია - „აქ ლბილს მდელოზედ“, უნებურად მახვილდება ყურადღება რბილ (ლბილ) მდელოზე,  რატომ დასჭირდა პოეტს ამის ხაზგასმა? ან რატომ არის მდელო რბილი? იქნებ იმიტომ, რომ მას, როგორც დედის კალთას, პოეტი თავს აყრდნობს, დარდს უზიარებს? მერწმუნეთ, მსგავსი ტიპის კითხვები, დეტალური ანალიზი, მოსწავლეებში ზრდის მოტივაციას, მათ ეძლევათ შესაძლებლობა, განივითარონ არგუმენტირებული, დამოუკიდებელი აზროვნება. ამ ვერსიას შეგვიძლია დავამატოთ ინფორმაცია: ძველი წელთაღრიცხვით III ათასწლეულში შუმერი მოაზროვნეები ფიქრობდნენ სამყაროს შექმნასა და აგებულებაზე, ისინი საბოლოოდ ასეთ დასკვნამდე მივიდნენ, რომ სამყაროს მთავარი ელემენტები იყო მიწა და ცა. ამიტომ უწოდებდნენ ისინი სამყაროს „ანოქის“, რაც ცა-მიწას ნიშნავს. მიწაზე მდგარი პოეტის ფიქრები კი უდავოდ ზეცისკენ მიემართება, რასაც ცხადყოფს შემდეგი ტაეპი:

„ნელად მოღელავს მოდუდუნე მტკვარი ანკარა

და მის ზვირთებში კრთის ლაჟვარდი ცისა კამარა.

იდაყვ-დაყრდნობილ ყურს უგდებ მე მისსა ჩხრიალსა

და თვალნი რბიან შორად, შორად, ცის დასავალსა!“

მიწისა და ზეცის ერთგვარი დამაკავშირებელი რგოლი მდინარეა, წყალი, რომელიც მიწაზე მოედინება და ირეკლავს ცას. სამყაროს ეს ელემენტი ყველაზე მეტად ემსგავსება ადამიანს, გაპიროვნებაც სწორედ მას მიემართება: „ვინ იცის, მტკვარო, რას ბუტბუტებ...“ თავად ბარათაშვილის ფიქრებიც ცისკენ მიდის: „და თვალნი რბიან შორად, შორად, ცის დასავალსა!“ თალესისთვის დაუცინიათ, წინ ვერაფერს ხედავს და ორმოში ვარდება, მნათობების მოძრაობის გაგებას როგორ შეძლებსო. თალესს პასუხად უთქვამს მოცინართათვის, რომ თავად შეუძლიათ მშვიდად იყვნენ, ორმოში არ ჩაცვივდებიან, რადგანაც მთელი ცხოვრება ორმოში წვანან და ზევით არ იყურებიან.

„არ ვიცი, ამ დროს ჩემს წინაშე ჩვენი ცხოვრება

რად იყო ფუჭი და მხოლოდღა ამაოება?..“

რომანტიზმის ერთ-ერთი ნიშანი -  მსოფლიო სევდა, ამ სტრიქონებში ნათლად აისახა.  მოსწავლეებთან ერთად ამაოებაზე მსჯელობისას კარგი იქნება თუ ტრანსფერის  საშუალებით, საკუთარი გამოცდილების გაზიარებით, გავალთ გააზრებაზე, უგრძვნიათ თუ არა, რომ ყოველი ქმედება ფუჭია ან როდის განუცდიათ მსგავსი ნაღველი? ამასთან,  საინტერესოა სხვათა მოსაზრებების დაკავშირება, მაგალითად: ალექსანდრე ჭავჭავაძის „ვაჰ, დრონი, დრონი“ საშუალებას მოგვცემს დროის წარმავლობის სევდა, ამოება დავინახოთ, ასევე ვისაუბროთ ადამიანზე, რომელიც ტკივილის, უძლურების მიუხედავად, ინარჩუნებს საკუთარ თავს: „მე იგივე ვარ მარად და მარად...“ მსოფლმხედველობის ზოგადი მიზანი ადამიანის ცხოვრების საზრისის გარკვევაა, ბარათაშვილი სწორედ ამისთვის იყენებს რიტორიკულ კითხვას, შემდეგ კი ადამიანის ბუნების ორგვარ გამოხატულებაზე იწყებს მსჯელობას: ერთნი თავიანთი გაუმაძღრობით წარმოდგებიან, ხოლო მეორენი სახელზე ზრუნვით: მისი ფიქრია, თუ ვით უკეთ მან უპატრონოს / თავისს მამულსა, თვისთა შვილთა, რომ შემდგომსა დროს/არ მისცეს წყევით თვისი სახელი შთამომავლობას!..

- რა არის სამყარო?

-  რა არის ადამიანი? ანუ ვინ ვარ მე?

- როგორია ჩემი დამოკიდებულება სამყაროსადმი?

- რა უნდა გავაკეთო?

- რისი იმედი უნდა მქონდეს?

- აქვს კი, თუნდაც კეთილ ზრახვას, საზრისი თუ ყველაფერი წარიხოცება?

ეს ის კითხვებია, რომლებიც უნდა გაჩნდეს მკითხველში, რომელმაც მოსწავლეს უნდა  ამოაცნობინოს პოეტის მთავარი სათქმელი, მსოფლმხედველობა ხომ ორ ძირითად ელემენტს შეიცავს: ცოდნას (სამყაროს სურათს) და იდეალს. ცოდნა კი საშუალებაა იდეალის განსაზღვრისთვის. მთავარი კითხვა სათქმელის ამოცნობისას არის არა რა დაწერა? არამედ, რისთვის? თავად პოეტი აშკარად გვაგრძნობინებს, რომ კარგად იცნობს სამყაროს, ადამიანს, თუმცა მიუხედავად ამისა, არ ღალატობს საკუთარ იდეალს: „მაგრამ რადგანაც კაცნი გვქვიან შვილნი სოფლისა, უნდა კიდეცა მივდიოთ მას, გვესმას მშობლისა. არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნვოს!

ფრიდრიხ ნიცშე (1844-1900წწ) წერდა: „ადამიანი არის ხიდი და არა მიზანი... ადამიანი არის რაღაც, რაც უნდა გადაილახოს“, დიახ, ადამიანად ყოფნა გულისხმობს ზრდას,  განვითარებას, სამყაროს შემოთავაზებებისადმი საკუთარი მიგნებების ერთობას და მას  სჭირდება იდეალები, რისთვისაც იცოცხლებს, თავს გასწირავს, ეს არის მისი ცხოვრების  საზრისი. ის თუ რას მიიჩნევს ადამიანი საკუთარი სიცოცხლის საზრისად, დამოკიდებულია მისივე მსოფლმხედველობაზე. ბარათაშვილის ხედვა, მისი იდეალი, საზრისი კი ასეთია -  სოფლისთვის ზრუნვა. ვფიქრობ, თუ სწავლებისას მასწავლებელი ზემოთ აღნიშნული თანმიმდევრობით შესთავაზებს მოსწავლეს პოეტის შედევრს, მოსწავლე იდეასა და სათქმელს შეძლებს ღრმად ჩასწვდეს, რაც მას დაეხმარება სამყაროს შემეცნებასა და საკუთარი იდეალების მიგნებაში. მიმაჩნია, რომ თანმიმდევრული სწავლება, დეტალების ამოცნობა, ტრანსფერი და ზოგადი განათლება არის გზა, რომელიც მასწავლებელს დაეხმარება დაძლიოს გაუაზრებელი ბრალდება, მოსწავლეები კი შეძლებენ „ელემენტარულს“ - იდეის გააზრებას.  


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

როგორ განისაზღვრება მითითებული საგანმანათლებლო პროგრამებიდან რომელზე უნდა მოიპოვოს სწავლის გაგრძელების უფლება აბიტურიენტმა?

ახალი სასწავლო წლის საათობრივი ბადე მე-12 კლასისა და საშუალო საფეხურისთვის

როდის უნდა დაბრუნდნენ სკოლაში პედაგოგები და სხვა თანამშრომლები - სამინისტრო განმარტავს

რა შემთხვევაში მიიღებენ ოჯახები 350-500 და 800-ლარიან დახმარებას - ბიუჯეტი

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს შაუმიანის N3 საჯარო სკოლის დირექტორი აიდა აზატინი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



სიახლეები
საზოგადოება