მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სკოლის წარმატებულ მოსწავლეებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სხვადასხვა ჯილდოსა და პრიზს გადასცემს. მათ შორისაა, ოქროსა და ვერცხლის მედლები, რომლითაც მე-12 კლასის წარჩინებული მოსწავლეები ჯილდოვდებიან.
რა მოტივიაცას აძლევს მედლები მოსწავლეებს და უნდა ჰქონდეთ თუ არა დამატებითი პრივილეგიები მედალოსან მოსწავლეებს - ამ კითხვებით etaloni.ge-მ საქართველოს საჯარო სკოლების დირექტორებს მიმართა:
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლის დირექტორი აკაკი კორძაძე:
„წინა წლებისგან განსხვავებით, წელს ოქროს მედალოსანი მოსწავლე არ გვყავს. ზოგადად, ეს მედლები მოსწავლეებს სწავლისთვის მეტ სტიმულს აძლევს და მოტივაციას უძლიერებს. რა თქმა უნდა, შესაბამისად მოსწავლეების მხრიდან დაინტერესება ძალიან დიდია. რაც შეეხება პრივილეგიას, ჩემი აზრით, მედალოსანი მოსწავლეები სხვებთან შედარებით მეტად დაფასებულები უნდა იყვნენ და გარკვეულ პირობებში ეს სტატუსი მათ ხელს უნდა უწყობდეს“.
ბაღდათის N1 საჯარო სკოლის დირექტორი მერაბ ფურცელაძე:
„წელს სამი მედალოსანი მოსწავლე გვყავს და ჩემი შეფასებით, წლიდან წლამდე იზრდება მოსწავლეების უკეთ სწავლის სურვილი, რათა შემდგომ მათ ეს დაუფასდეთ. ახლანდელი მდგომარეობით, მედლები მოსწავლეებს მხოლოდ სახელს აძლევს და სხვა არავითარ პრივილეგიას არ ანიჭებს, რაც ერთი მხრივ, ცუდია. ვფიქრობ, რომ მოსწავლეები უკეთ ისწავლიან, როცა ეცოდინებათ, რომ მედლები გარკვეულ შეღავათს მისცემს მათ“.
ბაღდათის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ლალი აბჟანდაძე:
„როგორც ვიცი, მხოლოდ რამდენიმე უნივერსიტეტს აქვს გარკვეული შეთავაზება მედალოსანი მოსწავლეებისთვის და მედლების პრივილეგია ამით შემოიფარგლება. მიმაჩნია, რომ მედალოსნებს მართლაც უნდა ჰქონდეთ გარკვეული შეღავათი, თუ, რა თქმა უნდა, მათ ეს სტატუსი დამსახურებულად მიიღეს. ჩვენს სკოლაში, მაგალითად, გვყავს მედალოსანი მოსწავლეები (შარშანწინ 6, შარშან 5) და ისინი თავიანთ კომპეტენციას ეროვნულ გამოცდებზე ადასტურებენ, 100 პროცენტიანი გრანტით. აქედან გამომდინარე, ოქროსა და ვერცხლის მედლები თუ დამატებით შეუწყობს მათ ხელს გამოცდების ჩაბარებაში ან სხვა რაიმე საქმეში, მოსწავლეები უფრო მოტივირებულები იქნებიან და მეტი სტიმულიც ექნებათ განათლების მისაღებად“.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი ობჩის საჯარო სკოლის დირექტორი ტარიელ სირბილაძე:
„ჩემი სკოლა საბაზო სკოლაა და ჩვენი მოსწავლეები მედლებს არ იღებენ, მიუხედავად ამისა, ამ საკითხზე ჩემს აზრს მაინც მოგახსენებთ. ზოგადად, ვფიქრობ, რომ ის მოსწავლეები, რომლებიც მედლების პრეტენდენტები არიან, გარკვეული შეღავათებით უნდა სარგებლობდნენ. შედეგად კი, სწავლის ხარისხი გაუმჯობესდება, მოსწავლეებს უფრო მეტი მოტივაცია ექნებათ და უფრო მეტად მოინდომებენ მედლების მიღებას“.
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ვანის საჯარო სკოლის დირექტორი ლიანა ნოზაძე:
„აუცილებლად, აუცილებლად უნდა ჰქონდეს მედალოსან მოსწავლეს გარკვეული პრივილეგია. მხოლოდ ეს თუ შეუწყობს მოსწავლეს ხელს, რომ კარგად ისწავლოს, სხვანაირად, მათ სწავლის მოტივაცია დაკარგული აქვთ. ჩვენს დროს, მაგალითად, თუ მოსწავლე ოქროს მედალოსანი იყო, მას მხოლოდ ერთი გამოცდის ჩაბარება უწევდა, ეს კი, თავისთავად, მოსწავლეებს აძლევდა სტიმულს უკეთ ესწავლათ. ახლა კი ასე არ ხდება, უფრო მეტიც, დაგვიანებითაც კი აძლევენ მოსწავლეებს კუთვნილ ჯილდოს და შესაბამისად, მათ არ აქვთ სურვილი ზედმეტი იმეცადინონ“.
ხაშურის N7 საჯარო სკოლის დირექტორი მანანა ლაცაბიძე:
„ისევე, როგორც წინა წლებში, წელსაც ტრადიციულად გვყავს მედალოსანი მოსწავლეები. რა თქმა უნდა, ეს მედლები არის გარკვეული სტიმული და მოტივაცია მათთვის. თუმცა, უმჯობესი იქნებოდა, რომ მათ მაინც ჰქონდეთ გარკვეული პრივილეგია. მაგალითად, მედალოსნებმა ჩააბარონ არა ოთხი ან ხუთი, არამედ ერთი, კომბინირებული გამოცდა. ამით სხვა მოსწავლეებიც უფრო დაინტერესდებიან ამ სტატუსით და მეტსაც ისწავლიან. რა თქმა უნდა, ცალსახად მნიშვნელოვანია ის, რომ მოსწავლეებმა მედლები ობიექტურად და დამსახურებულად მიიღონ“.
ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N2 საჯარო სკოლის დირექტორი დალი ბროლიძე:
„პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ ჩვენ თითქმის ყოველ წელს გვყავს მედალოსანი მოსწავლეები და წელსაც ხუთი ასეთი მოსწავლე გვყავს. დავამატებ იმასაც, რომ ეს მოსწავლეები არა მხოლოდ სწავლით არიან პირველები, არამედ, საზოგადოებრივ და სასკოლო ცხოვრებაში აქტიურად არიან ჩართულები და სხვადასხვა პროექტში მონაწილეობენ. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს მოსწავლეები სხვებთან შედარებით გარკვეულ უპირატესობას იმსახურებენ, თუნდაც გამოცდების ჩაბარების მხრივ. მათ ისედაც არ გაუჭირდებათ გამოცდების ჩაბარება, მაგრამ ცოტა პრივილეგია სასურველი იქნებოდა“.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის კალაურის საჯარო სკოლის დირექტორი ეთერ ქევხიშვილი:
„რა თქმა უნდა, ეს მედლები ხელს უწყობს იმას, რომ მოსწავლეებმა უკეთ და წარჩინებით ისწავლონ, თუმცა, თუ ეს სტატუსი მათ გარკვეულ პრივილეგიასაც მისცემს, ისინი უფრო მოტივირებულები იქნებიან. როგორც ჩემთვის ცნობილია, დღეს მხოლოდ რამდენიმე უნივერსიტეტს აქვს პროგრამა, სადაც ჩაბარების შემთხვევაში, მედალოსანი მოსწავლეები შეღავათებით სარგებლობენ“.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი შახალ ისმაილოვი:
„ჩემი სკოლა საბაზოა და მედლების საკითხი დიდად არ მეხება, თუმცა ჩემს მოსაზრებას მაინც დავაფიქსირებ თქვენთან. რა თქმა უნდა, მედლები მოსწავლეებს გარკვეულ მოტივაციას აძლევენ და ეს მათთვის სტიმულია, თუმცა უკეთესი იქნება, თუ მედალოსნები დამატებითი პრივილეგიებითაც ისარგებლებენ“.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისის საჯარო სკოლის დირექტორი ლელა ჩერქეზიშვილი:
„ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, ვიტყვი, რომ ეს მედლები მოსწავლეებს და საზოგადოებას ცოტათი აკომპლექსებს . თუ მოსწავლე მედალოსანია, ყველას აქვს მოლოდინი, რომ მან აბსოლუტურად ყველა გამოცდაზე მაღალი შედეგი უნდა დააფიქსიროს, რეალურად კი, გამოცდები ერთგვარი ლატარეაა. ერთი მხრივ, მედლები ჯილდოა და ის მოსწავლეს მოტივაციას უმაღლებს, თუმცა, მეორე მხრივ, ის გარკვეულ ბარიერებსა და წინაღობებს წარმოქმნის. რაც შეეხება, პრივილეგიებს, მიმაჩნია, რომ მედალოსანი მოსწავლეები ისედაც გამორჩეულები არიან და მათ დამატებითი შეღავათები არ სჭირდებათ. ჯობია, ეს რესურსი და დრო სხვა მოსწავლეებს მოვახმაროთ, თუ იქნება ამის საშუალება, რა თქმა უნდა, მაგალითად, იმათ, ვინც ვერ ესწრებიან გაკვეთილებს, არ აქვთ პირობები სწავლისთვის, სპორტსმენებს, რომლებიც ვერ აქცევენ სწავლას დიდ ყურადღებას და ასე შემდეგ“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ოჯახში უმცროს შვილზე დაინიშნება 50-დან 450 ლარამდე ყოველთვიური დახმარება - ბიუჯეტი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ასევე მოსწავლეებმა შეასრულეს ფრანგული სიმღერა კინოფილმიდან „ჩარირამა“
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კონკურსი საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრმა გამოაცხადა
როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა