სიახლეები
ინტერვიუ

მე-6 და მე-10 კლასებში გამოცდებს ორგანიზებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გაუწევს - ინტერვიუ სოფო გორგოძესთან
01-04-2019
-
+


განათლების სფეროში არაერთი სიახლე დაანონსდა, როგორც ზოგადი, ასევე უმაღლესი განათლების მიმართულებით, მათ შორის სიახლეები ერთიან ეროვნულ გამოცდებსაც შეეხო.

დაანონსებული ცვლილებების შესახებ etaloni.ge შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, სოფო გორგოძეს ესაუბრა.

როგორ გორგოძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მოდელზე მუშაობა მიმდინარეობს, 2019 წლის მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდის ფორმატის მიმართულებით კი სიახლეები არ იგეგმება. რაც შეეხება მე-6 და მე-10 კლასებში გამოცდების ჩატარების საკითხს, აღნიშნულს ორგანიზებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გაუწევს.

- იმის გათვალისწინებით, რომ 2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების გაზრდილი რაოდენობის მოლოდინია, იგეგმება თუ არა საგამოცდო ცენტრების დამატება?

- საგამოცდო ცენტრები ისევ დიდ ქალაქებში იქნება განთავსებული. კერძოდ კი ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, თბილისში, რუსთავსა და თელავში. ამ ეტაპზე საგამოცდო ცენტრების რაოდენობის მხრივ ცვლილება არ იგეგმება, თუმცა, აბიტურიენტების რაოდენობიდან გამომდინარე, უშუალოდ ქალაქში შესაძლებელია, დამატებითი ცენტრი გავხსნათ. ვთქვათ, ბათუმში დავამატოთ მეორე ცენტრი. ამის შესახებ უფრო ზუსტი ინფორმაცია ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის დასრულების შემდგომ გვექნება.

- 2018 წელს საგამოცდო ცენტრებში პირველად იყო კონდიციონერები, წელსაც ექნებათ თუ არა აბიტურიენტებს კონდიციონერები და თუ ახალი საგამოცდო ცენტრები დაემატება, ამ შემთხვევაში როგორ მოგვარდება პრობლემა?

- განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ ამ საკითხს, რომ ჩვენმა აბიტურიენტებმა კომფორტულად იგრძნონ თავი ტესტირების პროცესში. იმ შემთხვევაში თუ ახალი ცენტრები დაემატება, მოეწყობა იმისთვის, რომ აბიტურიენტებს  შესაბამისი გარემო დახვდეთ.

- აბიტურიენტებისთვის 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არაერთი ცვლილება იგეგმება, საინტერესოა შეეხებათ თუ არა ცვლილებები მაგისტრანტობის მსურველებს, თუნდაც, ზოგადი უნარების ტესტებთან დაკავშირებით. რამდენად მოსალოდნელია, რომ მათთვისაც შეიცვალოს ჩასაბარებელი სავალდებულო საგანი?

- როგორი იქნება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მოდელი, ამაზე მუშაობა ახლაც მიმდინარეობს. ერთ-ერთი შემოთავაზებული მოდელი, რომელიც სამინისტროსთან ერთად გავაჟღერეთ არის ის, რომ აბიტურიენტებს სამი სავალდებულო გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. ამასთან, ზოგადი უნარების გამოცდა იქნება არჩევითი და არა სავალდებულო.  რაც შეეხება სამაგისტრო გამოცდებს, ამ შემთხვევაში სრულიად განსხვავებულია ზოგადი უნარები ტესტი იმისგან, რასაც აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბარებენ. ამაზე ჩვენ არ გვქონია საუბარი. ითვლება, რომ ეს გამოცდა კარგად მუშაობს ამ ეტაპზე. უნივერსიტეტების მხრიდანაც არ ყოფილა გამოცდის ფორმატის ცვლილებასთან დაკავშირებით რაიმე სახის საუბარი.

- 2020 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტები ზოგადი უნარების ნაცვლად, მესამე სავალდებულო გამოცდას მათემატიკაში (ტექნიკური მიმართულების შემთხვევაში) ან ისტორიაში (ჰუმანიტარული მიმართულების შემთხვევაში) ჩააბარებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით საზოგადოების ნაწილს უარყოფითი რეაქცია აქვს. მათი თქმით, საბუნებისმეტყველო მიმართულებით მათემატიკის გამოცდის ჩაბარება  არასწორია..

- ზოგადად, იმ ქვეყნებში, სადაც შეზღუდული საგნების რაოდენობას ითხოვენ, იმისთვის, რომ უმაღლესში გააგრძელონ სწავლა, მშობლიური ენა, უცხოური ენა და მათემატიკა არის სავალდებულო. ამაზე ფაქტობრივად, კითხვას არავინ არ სვამს. რადგან მშობლიური ენა და მათემატიკა არის ყველა სხვა დისციპლინის საფუძველი. უცხო ენასთან დაკავშირებითაც  არ არის კითხვები, რადგან ამის გარეშე თანამედროვე სამყაროში შეუძლებელია იფუნქციონირო. შესაბამისად, ამ გამოცდებით ჩვენ ვამოწმებთ აბიტურიენტების მზაობას უნივერსიტეტებისთვის და არა იმას, რამდენად კარად შეუძლიათ დაძლიონ საბუნებისმეტყველო მიმართულებები.

რაც შეეხება ისტორიის გამოცდას, თუ აბიტურიენტი ნაკლებად ტექნიკური მიმართულებით მიდის, სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ ეს საგანი არის პრიორიტეტი, ამიტომ თუ მათემატიკას არ აბარებს აბიტურიენტი, მაშინ ისტორია უნდა ჩააბაროს. მესამე სავალდებულო საგნად მხოლოდ მათემატიკა რომ ყოფილიყო ჩასაბარებელი იმ აბიტურიენტებისთვისაც, ვისაც ჰუმანიტარული მიმართულებით სურთ სწავლის გაგრძელება და მათთვისაც ვისაც ტექნიკური, მაშინ შესაძლოა, უფრო უსამართლოდ მოჩვენებოდათ ეს ცვლილება.

- რაც შეეხება მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდებს, როგორც უკვე გავიგეთ, რეგისტრაციის ვადებმა გარკვეული დროით გადაიწია, უშუალოდ გამოცდის ფორმატში თუ იგეგმება ცვლილებები?

- ეს გამოცდები არ შეიცვლება, იქნება ისევ საგნობრივი გამოცდა და პროფესიული უნარების გამოცდა. გამოქვეყნებული გვაქვს უკვე პროგრამები და ამ გამოცდაში ცვლილება არ იქნება. რაც შეეხება იმ ტიპის ტესტს, რომელზეც მინისტრმა განაცხადა, რომ მასწავლებლებს სტატუსის შესაცვლელად გამოცდის ჩაბარება მოუწევდათ, ამაზე დეტალურ ინსტრუქციას ჩვენ მივიღებთ უახლოეს პერიოდში მასწავლებლის სახლისგან და შემდგომ შევუდგებით მასზე მუშაობს.

- საატესტატო გამოცდების გაუქმების შემდეგ დააანონსეთ, რომ გამოცდები მე-6 და მე-10 კლასებში ჩატარდება და ამგვარად შეფასდება მოსწავლეების ცოდნა. ვინ იქნება ამ გამოცდების ორგანიზატორი, სად ჩატარდება და როგორი ტიპის იქნება?

- ტესტებს უშუალოდ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მოამზადებს. ჩვენ გავაკეთებთ გამოცდების ორგანიზებას და სკოლას მივაწოდებთ მაქსიმალურად ობიექტურ და სანდო ინფორმაციას იმის შესახებ თუ როგორი მიღწევები აქვთ მოსწავლეებს სტანდარტებთან მიმართებით. საორგანიზაციო საკითხებზე ლაპარაკი ალბათ, ადრეა, მაგრამ ყველაზე კომფორტული ქნება მასშტაბურობიდან გამომდინარე, თუ გამოცდები სკოლებში ჩატარდება. ამ გამოცდებით ჩვენ დავეხმარებით, სკოლას მიიღოს ობიექტური მონაცემები თუ რა დონეზე არიან მოსწავლეები.

- და ბოლოს, რას გვეტყვით 2023-2024 წლისთვის დაანონსებულ სიახლეზე, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმატს ეხება და აბიტურიენტებს შესაძლებლობას მისცემს უმაღლესში  ერთი კომბინირებული გამოცდის ჩაბარებით მოხვდნენ. როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალურია 2024 წლისთვის აღნიშნულის განხორციელება?

- მართალი გითხრათ, მიჭირს იმის წარმოდგენა, რომ 2024 წლისთვის ერთი გამოცდა იყოს და ამ გზით წავიდეთ. უფრო მიადვილდება იმის წარმოდგენა, რომ დამამთავრებელი და მისაღები გამოცდები გაერთიანდეს. ანუ ერთი გამოცდა კი არა მაგალითად, 3-4 გამოცდა იყოს ჩასაბარებელი, რომელიც იქნება როგორც სკოლის დამამთავრებელი, ისე უმაღლესში მოსახვედრად განკუთვნილი. ეს უფრო წარმოსადგენია ჩვენთვის, ვიდრე ის, რომ საერთოდ ერთი გამოცდა იყოს და მეტი არაფერი.

საუბარი იყო იმაზე, რომ თუ უნივერსიტეტები თავად დაგეგმავდნენ და ექნებოდათ მიღება, მაშინ, როცა უნივერსიტეტები სრულიად დეცენტრალიზებულნი იქნებიან და უმაღლესები თავად განაგებენ მიღების პროცესებს, მაშინ შეიძლება საუბარი მხოლოდ ერთ გამოცდაზე. თუმცა, ვფიქრობ, ეს ცოტათი ადრეა, ამისთვის მზად არ ვართ და 2024 წლისთვისაც კი მსგავსი ცვლილება არარეალისტურად მეჩვენება. თუმცა, ვარიანტად შეიძლება საზოგადოებამ ეს საკითხი განიხილოს.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სპეციალურ მასწავლებლებს სერტიფიკატები გადაეცათ

ქულას მუშაობის დასრულებისთანავე დაინახავთ - NAEC ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“

„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“

სპორტული შეჯიბრებები, რადგან ამ დროს იქმნებოდა საუკეთესო, პოზიტიური თანამშრომლობითი გარემო და მიყალიბდებოდა ემპათიის უნარი თანატოლის მიმართ 

ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი მიზანდასახულნი, შრომისმოყვარენი და შემოქმედებითნი არიან
სკოლები

მათ იცეკვეს, იმღერეს, სიტყვა წარმოთქვეს და შემოდგომაზე ვრცლად ისაუბრეს

არმატებულ სპორტსმენებს სკოლაში მოსწავლეებმა და პედაგოგებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

 ღონისძიებას მასწავლებლები:  ლალი წულაია და ელენე სიხარულიძე, ხელმძღვანელობდნენ 

საინტერესო

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა 

ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე

AI განმარტებით, მასწავლებლის ჩაცმულობა მაინც დამოკიდებულია სკოლის კულტურასა და პოლიტიკაზე 

დისგრაფია სწავლის უნარის სპეციფიკური დარღვევაა - რა უნდა იცოდნენ მასწავლებლებმა და მშობლებმა

სიახლეები
საზოგადოება