მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატი გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით, დუშეთის N1 საჯარო სკოლაში ჩატარდა, სადაც "დუშეთის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.
ღონისძიებას დუშეთის, თიანეთის, მცხეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი, მერის მოადგილე თამაზ უნდილაშვილი, მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ქეთი წიკლაური, რესურსცენტრის უფროსი დავით ოსეფაშვილი, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.
ჩემპიონატის მსვლელობისას აუდიტორიას სატელეფონო ჩართვით შატილის სკოლის დირექტორი მაყვალა დაიაური მიესალმა. საგზაო შეფერხების გამო მისი მოსწავლეები დღევანდელ „ეტალონში“ ვერ მონაწილეობდნენ, თუმცა თანატოლებს შორიდან გულშემატკივრობდნენ.
სახელმწიფო რწმუნებულის, შალვა კერესელიძის ინიციატივით, პირველ სამ ადგილზე გასული მოსწავლე ერთი დღით სახელმწიფო რწმუნებულის როლს მოირგებს და წინსვლის ახალგაზრდულ გეგმებს დასახავს. მან Etaloni.ge -სთან საუბრისას პროექტის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე გააკეთა აქცენტი:
„ეტალონი“ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, განსაკუთრებით ისეთი მუნიციპალიტეტისთვის, რომლის ძირითად ნაწილს მაღალმთიანი რეგიონი წარმოადგენს და პრაქტიკულად ამ ბავშვებს არ აქვთ ის კომფორტი, რაც შეიძლება მათ თანატოლებს ჰქონდეთ საქართველოს სხვა რეგიონებსა და დედაქალაქში. მიუხედავად ამისა, თქვენ თვითონვე ნახეთ, როგორი მაღალი შედეგები დაფიქსირდა. დღევანდელი ღონისძიება იყო ძალიან ემოციური და ჩემპიონატის მსვლელობისას მეც ისევე ვღელავდი და ვნერვიულობდი, როგორც კონკურსანტი. დღევანდელი ჩემპიონატის პირველ სამ მონაწილეს მათ მიერ არჩეულ დღეს საშუალება ექნება დაიკავოს სახელმწიფო რწმუნებულის ადგილი, გაეცნოს სამუშაო პირობებს, გაგვაცნოს მისი ახალგაზრდული იდეები და მიიღოს მონაწილეობა მუნიციპალიტეტის მასშტაბით მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრაში. ვფიქრობ, ეს მათთვის იქნება ძალიან საინტერესო. მინდა ამ ხერხით ჩვენმა წარმატებულმა მოსწავლეებმა წინასწარ ნახონ საკუთარი მომავალი. რადგან სწორედ ისინი არიან მომავალი მერები, სახელმწიფო რწმუნებულები, პრეზიდენტებიც და ა.შ. მინდა, კიდევ ერთხელ ვუსურვო ჩვენს ბავშვებს ბევრი წარმატება, რომელსაც ისინი ნამდვილად აღწევენ ამ არაჩვეულებრივი პროექტის წყალობით. აქვე მინდა გამოვთქვა იმედი, რომ 15 ივნისს დაგეგმილ „ეტალონის“ ფინალზე, სწორედ ჩვენი რეგიონიდან გამოვლინდება გამარჯვებული“.
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ზურაბ სეხნიაშვილმა დუშეთის მუნიციპალიტეტის მოსწავლეების განათლების ხარისხი ხაზგასმით აღნიშნა და „ეტალონის“ ავტორს მამოტივირებელი პროექტისთვის მადლობა გადაუხადა:
„პირველ რიგში, მინდა ბატონ გოჩას უღრმესი მადლობა გადავუხადო ამ უაღრესად მნიშვნელოვანი ქართული საქმისთვის. „ეტალონი“ არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენი მოსწავლეების მოტივაციას სწავლის და განათლების მიმართ. ვამაყობ იმით, რომ შარშან დუშეთს 32 მედალოსანი ჰყავდა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენთან განათლება არის პრიორიტეტი. რადგან მთაში, სადაც ზამთრის რთული პირობების გამო ხშირად ჩვენს მოსწავლეებს სკოლაში სიარულიც უჭირთ, სწავლას თავს არ ანებებენ. ამას ამტკიცებს ის შედეგებიც, რაც დღევანდელ ჩემპიონატზე ბავშვებმა აჩვენეს“.
მერის მოადგილემ, თამაზ უნდილაშვილმა ჩემპიონატი დადებითად შეაფასა და მუნიციპალიტეტის მასშტაბით მაღალ ჩართულობას გაუსვა ხაზი:
„დღევანდელი ღონისძიება იყო ნამდვილად ძალიან ემოციური და სასიამოვნო. დაინტერესება, მუნიციპალიტეტის მასშტაბით ძალიან მაღალია. ჩვენი მოსწავლეები ემზადებიან ამ პროექტისთვის და ცდილობენ წარმატების მოპოვებას. მე მივულოცავ ჩვენს „ეტალონ მოსწავლეს“, ჩვენს პატარა მეგობარს ამ გამარჯვებას და ვუსურვებ წარმატება მოიპოვოს ჩემპიონატის ფინალშიც“.
მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა, ქეთი წიკლაურმა აღნიშნა, რომ პროექტი ყოველდღიურად ზრუნავს მოსწავლეების განვითარებაზე. მისი თქმით, დუშეთის მუნიციპალიტეტში „ეტალონით“ დაინტერესებული მოსწავლეების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება:
„ეტალონთან“ დაკავშირებით მაქვს ძალიან პოზიტიური დამოკიდებულება. ეს არის ძალიან წარმატებული პროექტი, რომელიც ზრდის ჩვენი მოსწავლეების მოტივაციას. ის ეხმარება ბავშვებს მეტად იყვნენ მობილიზებული სწავლაზე და იზრუნონ ყოველდღიურ განვითარებაზე. ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ჩართულობა ყოველწლიურად იზრდება და ამ ჩართულობასთან ერთად იზრდება ხარისხიც. მოსწავლეები ძალიან არიან მონდომებული, მეცადინეობენ და ჩემპიონატზე ძალიან მაღალ შეფასებებს ღებულობენ“.
რესურსცენტრის უფროსმა, დავით ოსეფაშვილმა „ეტალონთან“ მრავალწლიან მეგობრობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოსწავლეებში ჩართულობა და მომზადების დონე წლიდან- წლამდე საგრძნობლად იზრდება:
„ეტალონზე“, ალბათ, დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბრო. ეს არის პროექტი, რომელთანაც მე უკვე რამდენიმე წელია ვთანამშრომლობ და ვხედავ წლიდან- წლამდე როგორ იზრდება მისი პოპულარობა მოსწავლეებში, ასევე იზრდება ჩართულობისა და მზაობის ხარისხი. მუნიციპალიტეტის მასშტაბით ბავშვები განსაკუთრებით ემზადებიან და მაღალი შედეგებით აღწევენ წარმატებებს „ეტალონის“ ინტელექტ- ჩემპიონატებში. ვუსურვებ ჩვენს გამარჯვებულს ამ დიდ წარმატებას და გამოვთქვამ იმედს, რომ დუშეთი გახდება „საქართველოს ეტალონი“.
გამარჯვებული სკოლის დირექტორმა, თინა ზაქაიძემ „დუშეთის ეტალონი მოსწავლე“ რამდენიმე სიტყვით დაახასიათა და ჩემპიონატის ფინალზე წარმატებები უსურვა:
„პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რომ იოსებ გელიაშვილი ძალიან ჭკვიანი მოსწავლეა. ბუნებით, კულტურით და განათლებით გამორჩეული. ძალიან მქონდა მისი იმედი. მჯერა, რომ ის მიაღწევს ძალიან დიდ წარმატებებს ცხოვრებაში და მჯერა რომ ეტალონის ფინალიდანაც გამარჯვებულები დავბრუნდებით, სხვანაირად არ შეიძლება“.
„დუშეთის ეტალონი მოსწავლის" ტიტული ჭოპორტის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლემ იოსებ გელიაშვილმა მოიპოვა:
„ძალიან გახარებული ვარ. განსაკუთრებული სიხარულია „ეტალონში“ წარმატების მოპოვება. ამ ტურისთვის განსაკუთრებით არ მოვმზადებულვარ, თუმცა ფინალისთვის აუცილებლად მოვემზადები და ვიმეცადინებ. დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ დღისთვის“.
დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულმა „დუშეთის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული და საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“
„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა