სიახლეები
სამასწავლებლო

რა ცვლილებების განხორციელებაა სასურველი სასკოლო პროგრამაში - დირექტორები აზრს გვიზიარებენ
01-04-2019
-
+


რომელი საგნის დამატებაა სასურველი სასკოლო პროგრამაში- გაიგეთ, რა ცვლილებებს განახორციელებდნენ დირექტორები.

სასკოლო პროგრამა დროთა განმავლობაში ცვლილებებს განიცდის. Etaloni.ge დირექტორებს დაუკავშირდა და გაარკვია რა ცვლილებებს შეიტანდნენ ისინი სასკოლო პროგრამაში, რომელ საგნებს დაამატებდნენ და რომელს გააუქმებდნენ.

გთავაზობთ სკოლების დირექტორების კომენტარებს:

ზესტაფონის N2 საჯარო სკოლის დირექტორი გოჩა ღონღაძე:

„არ მიფიქრია იმაზე, რა საგანი უნდა ამოვიღოთ სასწავლო პროგრამიდან, თუმცა, პედაგოგების აზრის გათვალისწინებით გეტყვით იმას, რომ კონკრეტული ესთეტიური საგნების საათების ნაცვლად თუ გაიზრდებოდა უცხო ენის სწავლების საათები ბევრად უკეთესი იქნებოდა. მოგეხსენებათ პირველივე კლასიდან ისწავლება ხელოვნება, მუსიკა და ა.შ. ამ თემაზე პედაგოგებსაც უსაუბრიათ და ბავშვებსაც აქვს სურვილი მეტი დრო დაეთმოს უცხო ენას. რაც შეეხება საგნის დამატებას, ხშირად მომისმენია აზრი, რომ ძალიან კარგი იქნებოდა სკოლაში ისწავლებოდეს ზოგადი უნარები“.

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგაზეულის საჯარო სკოლის დირექტორი შაქრო ხიმშიაშვილი:

„ადრე ისწავლებოდა და ერთი საათი ეთმობოდა საგანს „მხარემცოდნეობა“. ნამდვილად ძალიან კარგი იქნებოდა თუ ეს საგანი სასკოლო პროგრამას დაემატებოდა. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი საგანია, რომელიც დიდ ცოდნას მისცემდა ბავშვს. მაგალითად კახეთში ისწავლებოდა კახეთის შესახებ, აჭარაში- აჭარის შესახებ და ა.შ. სასკოლო პროგრამაში არსებული ყველა საგანი ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის ზოგადი განათლებისთვის. ამდენად, ამოღებით ნამდვილად არ უნდა ამოვიღოთ, თუმცა, შესაძლებელია ალბათ ვიზრუნოთ ამ პროგრამების დახვეწასა და განვითარებაზე“.

თბილისის N36 საჯარო სკოლის დირექტორი მაია კვინიკაძე:

„არ ვფიქრობ, რომ სასკოლო პროგრამაში რაიმე ზედმეტი საგანი არსებობს, თუმცა ამ მხრივ ცვლილების შეტანა შესაძლებელია, ალბათ, რაღაც კონკრეტული საგნების საათების შემცირების კუთხით. მუსიკასა და ხელოვნებაზე საათების შემცირების ხარჯზე შეგვიძლია დავამატოთ შრომა. რომელიც ადრე ისწავლებოდა და ახლა აღარ ისწავლება“.

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის საჯარო სკოლის დირექტორი ზურაბ ქანთარია:

„ალბათ შესაძლებელი იქნებოდა რაიმე საგნის დამატება, თუ ბავშვების სასკოლო პროგრამა არ იქნებოდა იმდენად დატვირთული, როგორც არის ახლა. ძალიან რთულია მათთვის ახლა კიდევ რამე საგნის ჩასმა. თუმცა არც იმის მომხრე ვარ, რაიმე საგანი ამოვიღოთ პროგრამიდან. რადგან რაც უფრო მეტ განათლებას მიიღებს ბავშვი, მით უკეთესია“.

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ტბეთის საჯარო სკოლის დირექტორი ბესიკ დავითაძე:

„სასკოლო პროგრამაში შევიტანდი ცვლილებას და მეშვიდე კლასში არსებულ გაერთიანებულ ქიმიას, ფიზიკას და ბიოლოგიას დავშლიდი. ამაზე საუბრობენ, როგორც პედაგოგები, ისე ბავშვები. შეუძლებელია ერთ საგანში იყოს შეტანილი ეს სამი საგანი. ასევე სასურველი იქნებოდა ქართულში ენის საკითხების ცალკე გამოყოფა და ამის ცალკე წიგნით სწავლება“.

აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N53 საჯარო სკოლის დირექტორი ეკატერინე გახარია:

„ვფიქრობ, სასკოლო პროგრამაში ნამდვილად არ მოიძებნება საგანი, რომელიც შეგვიძლია გავაუქმოთ. ყველა ის ძირითადი საგანი ისწავლება, რაც უნდა ისწავლებოდეს სკოლაში. მუსიკაც, ხელოვნებაც იმ ზოგადი განათლების მიღებისთვის სჭირდება ბავშვს, რასაც სკოლა უნდა აძლევდეს მას. იგივე შემიძლია ვთქვა საგნის დამატებაზე. ალბათ აღარ არის საჭირო რაიმე საგნის დამატება, თუმცა ვფიქრობ შესაძლებელია სამოქალაქო განათლების ჩამოყალიბება შეითავსოს ქართულმა“.

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერის საჯარო სკოლის დირექტორი ნატო სუბარი:

„სასურველი იქნებოდა სკოლაში დაბრუნებულიყო რელიგიის ისტორია. ეს საგანი ადრე ისწავლებოდა სკოლებში, სამწუხაროა, რომ დღეს პროგრამაში აღარ არის. ასევე, პროფესიული ორიენტირება. ეს საგანი მნიშვნელოვნად დაეხმარებოდა ჩვენს მოსწავლეებს სამომავლოდ პროფესიის სწორად არჩევაში“.

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფაჩხის საჯარო სკოლის დირექტორი როლანდ ბოლქვაძე:

„მოგეხსენებათ, ამ საკითხზე ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს და ახერხებენ ამ კუთხით სწორი გადაწყვეტილებების მიღებას. ვფიქრობთ, ამჯერად არც რომელიმე საგნის ამოღებაა სასურველი და არც დამატება. ერთადერთი რა ცვლილებასაც შევიტანდი სასკოლო პროგრამაში, ვფიქრობ, ძალიან კარგი იქნებოდა თუ მათემატიკაში გაიყოფოდა ალგებრა და გეომეტრია და ცალკ-ცალკე წიგნებით ისწავლებოდა“.

გიორგი ლომაძის სახელობის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესის საჯარო სკოლის დირექტორი ნანა თავდიშვილი:

„ვფიქრობ, სკოლაში არ არის ისეთი საგანი, რომელიც შეგვიძლია არასაჭიროდ და ზედმეტად მივიჩნიოთ. თუმცა ვფიქრობ, დამამთავრებელ კლასებში, როდესაც ბავშვის პროგრამა ისედაც გადატვირთულია, აღარ უნდა იყოს არჩევითი საგანი, რომელიც პირველ რიგში კიდევ უფრო ტვირთავს მოსწავლის გრაფიკს და ასევე ხშირად სკოლისთვის წარმოადგენს პრობლემას, რადგან , შესაძლებელია სკოლა ვერ სთავაზობდეს ბავშვს მისთვის სასურველ საგანს. მახსოვს, ადრე ისწავლებოდა საგანი სახელად „რელიგიის ისტორია“. ვფიქრობ, ძალიან კარგი იქნებოდა სასკოლო პროგრამაში ამ საგნის დაბრუნება“.

ბადრი ბასილაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის საჯარო სკოლის დირექტორი ამირან ელიავა:

„ვფიქრობ ყველა საგანი, რომლებიც ახლა ისწავლება სასურველი ადა მისაღები. თუმცა, უკეთესი იქნებოდა თუ საქართველოს ისტორიას მეტი დრო დაეთმობოდა. ვფიქრობ, „მე და საზოგადოება“ არის ის საგანი, რომლის თითოეულ მოსწავლეს სჭირდება და არ უნდა იყოს ამ საგნის სწავლაზე მშობლის ნებართვა“.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებელთა მათემატიკის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები  გამოქვეყნდა

ისტორიის გამოცდის სამივე ვარიანტის ტესტები ცნობილია - ნახეთ, რა წერეს აბიტურიენტებმა

ადგილების რაოდენობა და უმაღლესების მოთხოვნა პროგრამაზე ჩასარიცხად

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს კორტოხის საჯარო სკოლის დირექტორი არჩილ პაქსაძე პასუხობს

სკოლები

ვახტანგისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის 2023-2024 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა

საინტერესო

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

იმ საგამოცდო ცენტრებთან, სადაც აბიტურიენტები აბარებენ, უცხო თვალიც კი შეამჩნევს მარაოებითა და ქოლგებით „შეიარაღებულ“ გულშემატკივრებს

„აბიტურიენტებს ვეტყვი, რომ არ მომბაძონ, არ ინერვიულონ, კარგად გამოიძინონ და ისე გავიდნენ გამოცდაზე“

საკუთარი კალმის, როგორც შეტანა, ასევე გამოტანა შესაძლებელია 

სიახლეები
საზოგადოება