მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ადიგენის მუნიციპალიტეტის გომაროს საჯარო სკოლის მასწავლებელი მალხაზ ფუტკარაძე 2019 წლის „მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზეა“ წარდგენილი.
etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ ადიგენის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, გომაროს საჯარო სკოლის დირექტორის, გომაროს საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და მშობლების დახასიათებას მალხაზ ფუტკარაძის შესახებ:
მალხაზ ფუტკარაძე: „შრომისმოყვარეობამ შემაძლებინა ყველა ჩემი წარმატება, არასოდეს ვზოგავ თავს მიზნის მისაღწევად. მასწავლებლობა ჯერ კიდევ ბავშვობის ასაკში მინდოდა, თუმცა მაშინ ეს არ მოხდა. სხლა კი მასწავლებლობის ექვსწლიანი მოღვაწეობის გადმოსახედიდან ვხვდები, რომ ჩემს მოსწავლეებთან ურთიერთობა და ყოველდღიური საქმიანობა მეხმარება მიზნის მიღწევაში. ჩემი მთავარი მიზანია ცნობიერების ამაღლება მოსწავლეებში. საგნის სიღრმისეული შესწავლის გარდა ღირებულებებზე დაფუძნებული სწავლებაა, რომელიც ამაღლებს სწავლა-სწავლების მოტივაციას და რთავს სკოლის თემის ყველა კატეგორიას: მოსწავლეს-მასწავლებელს და მშობელს. წარმატების ყველაზე მთავარი მიზეზია – ბავშვები. როცა ვხედავ, რომ მათ რაღაც ახარებთ, შემიძლია, ყველაფერი გვერდზე გადავდო, ბავშვების ბედნიერებით აციმციმებული თვალები ყველაფერს მავიწყებს“.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ინგა ბოჭორიშვილი: „მალხაზ ფუტკარაძე - ხასიათდება სხვადასხვა საინტერესო თვისებებით და უნარებით, რომელიც თანამედროვე მასწავლებლისთვის აიოლებს ამ მეტად რთულ პროფესიაში გზის გაკვალვას. მას აქვს მასწავლებლის პროფესიაში არსებულ პრობლემატიკაში სწრაფი ორიენტაციის უნარი, არის მიზანდასახული და პასუხისმგებლობით ეკიდება მასზე დაკისრებულ მოვალეობას, არის კომუნიკაბელური ყველა ასაკობრივ ჯგუფთან, რაც უადვილებს კოლეგებთან და მშობლებთან დაამყაროს მეგობრული და პროფესიული ურთიერთობები. არასოდეს არ ცდილობს გვერდზე გაწიოს ის მასწავლებელი, ვისაც დახმარება სჭირდება, როგორც ვიცი იგი არის პროფესიით საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სპეციალისტი და პრაქტიკაში ამას აქტიურად იყენებს. ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს, რომელშიც აქტიურად ჰყავს მოსწავლეები ჩართული, არაფორმალურ სწავლებას დიდ უპირატესობას ანიჭებს და მუდმივად იღებს მონაწილეობას სხვადახვა კონკურსებში, საიდანაც ხშირ შემთხვევაში გამარჯვებული ბრუნდება. არის უფროსი მასწავლებელი და მას ახასიათებენ დადებითად როგორც სკოლის ხელმძღვანელობა, ასევე მთლიან რეგიონში. ეს გახლავთ ადამიანი, რომელიც მუდმივად ახლის ძიებაშია, ამ კონკურსში მონაწილეობის მიღება მისთვის გახდება კიდევ ერთი გამოცდილების შეძენა, რომელსაც გადასცემს მის კოლეგებს, შესძენს გაბედულებას იმ მასწავლებლებს, რომლებსაც მორიდებულობის კომპლექსი აქვთ და ვერ ბედავენ წარმოაჩინონ თავიანთი შესაძლებლობები, მიდგომები და უნარები. წარმატებები მალხაზ მასწავლებელს“.
გომაროს საჯარო სკოლის დირექტორი მერაბ შავაძე: „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ არის ძალიან კარგი მოფიქრება მოტივაციის ამაღლების კუთხით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კონკურსში იღებს მონაწილეობას ბატონი მალხაზი. მას აქვს შორეული ხედვა თანამედროვე სკოლის ჩამოყალიბებაში, აქვს საინტერესო გეგმები და პროექტები, რომელიც სრულიად სხვა კუთხით დაგვანახებს თანამედროვე მასწავლებელს, რაც დადებითად იმოქმედებს მოსწავლეთა წარმატებაზე. სიკეთე გადამდებია და ვიცი რომ მალხაზ მასწავლებლის ინიციატივით გაკეთებული ღონისძიებები, რომლებიც ემსახურება მხოლოდ ბავშვის კეთილდღეობას აუცილებლად გადაედება სხვა მასწავლებლებს. დარწმუნებით ვიტყვი, რომ ამ კონკურსში მონაწილეობა და შესაძლებელია გამარჯვებაც, საშუალებას მისცემს მას რომ უფრო მეტი აკეთოს, რაც ჯამში მოგვცემს თანამედროვე ტიპის ევროპული დონის საგანმანათლებლო დაწესებულებას. საკუთარ შესაძლებლობებს გაუზიარებს საკუთარ კოლეგებს როგორც სკოლის მასშტაბით, ასევე რეგიონის მასშტაბით. წარმატებები მინდა ვუსურვო მალხაზ მასწავლებელს და წინსვლა საკუთარ პროფესიაში“.
გომაროს საჯარო სკოლის მოსწავლეები და მშობლები (გომაროს საჯარო სკოლის თვითმართველობის თავმჯდომარე ბექა ხმალაძე, მშობელთა სახელით მელანია მიქელაძე): „ძალიან გვიხარია, რომ მოგვეცა საშუალება რეკომენდაცია გავუწიოთ ჩვენს საყვარელ მალხაზ მასწავლებელს, რომელმაც ჩვენი დაჟინებული მოთხოვნით დაგვეთანხმა, რომ მონაწილეობა მიიღოს „მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოს“ კონკურსში, რომელსაც დარწმუნებული ვართ, რომ სრულად იმსახურებს ამ ჯილდოს. 2013 წლის სექტემბერში მალხაზ მასწავლებელი, როცა პირველად ეწვია ჩვენ სკოლას, სკოლის სტუმარი გვეგონა, თუმცა შემდეგ როცა ზარი დაირეკა და კლასში შემოვიდა დირექტორთან ერთად და წარმოგვიდგინა, როგორც ჩვენი სკოლაში უნდა ემუშავა, ძალიან გაგვეხარდა, რადგან ვიცოდით, რომ რაღაც სიახლეს შემოიტანდა სკოლაში. ჩვენს სკოლაში 60-მე მოსწავლეა და ყველა დაადასტურებს, რომ მალხაზ მასწავლებელი სულ სხვანაირი მასწავლებელია, ყველა მისი გაკვეთილი ხალისიანი აქტივობებით არის სავსე, ისეთ პროექტებს ვახორციელებთ, რომელში მონაწილეობისასაც ვერცერთი მოსწავლე ვერ დარჩება გულგრილი. გავიხსენებთ ერთ-ერთ აქტივობას, რომლიც თავისუფალი გაკვეთილების ფარგლებში განახორციელა. მალხაზ მასწავლებელს უნდოდა პოპულარიზაცია ხალხური რეწვისთვის გაეწია, რომელიც გამოუვიდა კიდეც. ამ გაკვეთილების დასრულება არცერთ ჩვენგანს არ გვინდოდა, თუმცა დაგვპირდა, რომ პროექტებით სწავლება მუდმივად გაგრძელდებოდა.
ჩვენი მალხაზ მასწავლებლის მიდგომები სწავლებასთან სულ სხვანაირია და არ ჰგავს სხვა გაკვეთილებს, იგი იუმორით გაჯერებული და სახალისო თამაშებითაა დახუნძლული და ასე გვაზიარებს ბუნებისმეტყველების საფუძვლებს. ჩვენს წარმატებაზე თვითონ მალხაზ მასწავლებელს შეუძლია ისაუბროს, თუმცა, ყველა ვგრძნობთ იმას, სწავლა გაგვიადვილდა, ურთიერთობები ერთმანეთთან გაუმჯობესდა, თანამშრომლობითი და გუნდური მუშაობა საინტერესო გახდა. არაფორმალურ გარემოშიც კი ახერხებს დაუკავშიროს ბუნებისმეტყველების საგანი და გვაფიქრებინებს იმაზე, თუ როგორ უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენი გარემო იმისთვის, რომ ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრებით, ვისწავლოთ ბევრი და აუცილებლად გავუზიაროთ სხვასაც. მალხაზ მასწავლებელმა ახლა წამოიწყო ახალი და ძალიან საინტერესო პროექტი, რომელიც მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას ემსახურება და ჩვენ მოსწავლეები აქტიურად ჩავერთეთ ამ პროექტში. ჩვენ ვსწავლობთ სხვადასხვა მეთოდებს, თუ როგორ მიუდგეთ სხვადასხვა ხასიათის მოსწავლეს, თუ როგორი უნდა იყოს თანამედროვე გაკვეთილი. ჩვენ მომავალი წლიდან გვიწევს სხვა სოფლის სკოლაში გადასვლა სწავლის გასაგრძელებლად, თუმცა ვაღიარებთ რომ მალხაზ მასწავლებელთან განშორება ძალიან გვიჭირს, რადგან ჩვენი დამრიგებელი და მზრუნველი მახო მასწავლებელი ჩვენი კლასის კარს აღარ შემოგვიღებს. ეს სარეკომენდაციო წერილი თუ სამადლობელი წერილი საბოლოო საჩუქარი იქნება ჩვენგან“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ETALONI.GE გილოცავთ 2025 წელს !
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
დღემ ძალიან სასიამოვნოდ ჩაიარა და ახალგაზრდებისთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცა
გაგაცნობთ იმ ცვლილებებს, რომლებსაც მომავალ წელს უნდა ველოდეთ