მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აღდგომა უმთავრესი დღესასწაულია, რომელსაც ქრისტიანები ზეიმობენ. ქრისტე მკვდრეთით აღსდგა და ადამიანები პირველქმნილი ცოდვისგან დაიხსნა. ქრისტიანები აღდგომა დღეს ერთმანეთს სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვებას ულოცავენ სიტყვებით „ქრისტე აღდგა! — ჭეშმარიტად აღდგა!“
აღდგომა დღეს, რომელიც მუდამ კვირას დგება, თითქმის ყველა ოჯახში სადღესასწაულო სუფრა იშლება. მომდევნო დღეს, ორშაბათს, საფლავებზე გასვლა, გარდაცვლილების მოხსენიება და საფლავზე წითელი კვერცხების გადაგორებაა მიღებული.
სააღდგომო სუფრის მთავარი ატრიბუტი მწვანე ჯეჯილზე დალაგებული წითელი კვერცხი და პასკაა. კვერცხებს წითელ პარასკევს ღებავენ, უფლის ჯვარზე გაკვრის დღეს. პასკას წლების წინ ძირითადად ოჯახებში აცხობდნენ. ახლა კი, უამრავი საცხობების გამოჩენამ, სადაც უხვად ნახავთ სხვადასხვა რეცეპტით მომზადებულ პასკებს, ეს საკმაოდ რთული საქმე ბევრ ქალს ჩამოაშორა.
როგორ ხვდებიან ცნობილი ქართველი ქალები აღდგომას, რა ტრადიციას იცავენ და აცხობენ თუ არა პასკას? „ეტალონმა“ ამ კითხვებით რამდენიმე მათგანს მიმართა.
თამრიკო ჭოხონელიძე - მომღერალი:
– აღდგომასთან დაკავშირებული მთავარი ტრადიცია მარხვაა და მერე დანარჩენი. ამ ტრადიციას, რა თქმა უნდა, ვიცავ. წითელ პარასკევს, როგორც ყველა ოჯახში, ჩვენც კვერცხს ვღებვავთ.რაიმე განსაკუთრებული ტრადიცია არ გვაქვს. დედაჩემი აკეთებს ფანტასტიკურ კერძებს და, განსაკუთრებით, ჩაქაფულს. ჩაქაფულს მე კი არ გეახლებით, ვეგეტარიანელი ვარ, მაგრამ ჩვენს ოჯახში ყველა მოლოდინშია, როდის დადგება აღდგომა, რომ დედაჩემის მიერ ბატკნის ხორცით მომზადებული ჩაქაფული მიირთვან.
- ჯეჯილს თესავთ?
- ამ საკითხსაც დედაჩემი აგვარებს და სათითაოდ ყველა შვილს გვირიგებს.
- ცნობილია, რომ კარგი კულინარი ხართ. პასკას ალბათ თავად აცხობთ.
- სამწუხაროდ, არ ვაცხობ და ძალიან მინდა, ვინმე ძალიან გამოცდილს მივებარო, ვინც მასწავლის. პასკას ვყიდულობ. არც დედაჩემი აცხობს. მითხრეს, რომ რთულია და დიდი დრო სჭირდება. გავიგე, რომ ცოტა იოლი ხერხიც არსებობს, რომელსაც დიდი ძალისხმევა არ სჭირდება. ასე რომ, აუცილებლად ვისწავლი სამომავლოდ.
- ბავშვებსაც ძალიან უყვართ აღდგომის დღესასწაული. ორი საოცარი გოგონას ბებია ხართ. როგორია ხოლმე მათი განწყობა?
- ჩემი შვილიშვილები საკმაოდ ცელქები არიან და სხვა დღეებში თუ დარბიან, კინკლაობენ, წითელ პარასკევს არ ვიცი, რა ხდება მათ თავს, მაგრამ გარინდულები არიან ხოლმე, რაღაცნაირი საოცარი სიჩუმე ისადგურებს სახლში და ამ განწყობით იღებება კვერცხებიც. აღდგომა დღეს კი სიხარული სუფევს სახლში. კვერცხის გატეხვის პროცესი მოსწონთ ბავშვებს განსაკუთრებით.
- განსაკუთრებული საუფლო დღესასწაულები თქვენთვის სხვა მხრივაც არის გამორჩეული - საკათედრო ტაძარში გალობთ ქალიშვილთან, მარიამთან და ახლა უკვე შვილიშვილ ელენესთან ერთად.
- დიახ, ასეთი ნდობა გამოგვიცხადეს... ჩვენმა პატარა ელენემ უკვე იცის, რა დღესასწაულია აღდგომა და ეს განცდა, რა თქმა უნდა, ახლა უფრო მძაფრია, ვიდრე მაშინ, როცა არ იცოდა, მაგრამ მაინც იყო ხოლმე ტაძარში ჩვენთან ერთად. ენით აღუწერელი შეგრძნებაა, როცა მთელი ტაძარი გარინდულია და შენ გისმენს. უფრო მეტად ახლოს ხარ ღმერთთან და ეს ნამდვილად უფლის ჯილდოა. ეს შემთხვევით არ ხდება, მაგრამ არც ვიცი, რითი დავიმსახურე ეს, სწორედაც რომ უფლის ჯილდო.
- პირველ რიგში, ვის საფლავზე მიგიწევთ გული?
- რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მამის საფლავზე გავდივარ. მერე - ბებია-ბაბუის და ჩემი უახლოესი მეგობრის, ქეთი ფირცხალავას მივულოცავ ხოლმე აღდგომას საფლავზე. სამწუხაროდ, უკვე ბევრი მეგობარი მყავს გარდაცვლილი და მათ საფლავებზეც მივდივარ და წითელ კვერცხს ვაგორებ.
ნანა ფაჩუაშვილი- მსახიობი:
– სანამ მეუღლე გარდამეცვლებოდა, მანამ უფრო მეტად ვიცავდი სააღდგომო ტრადიციებს - კვერცხების ღებვაში და კერძების მზადებაში ვიყავი, რომ ლამაზი სუფრა გამეშალა. ჩემი მეუღლის მოთხოვნა იყო ასეთი, რადგან განსაკუთრებულად უყვარდა აღდგომა. ის კარგა ხანია, აღარაა ამ ქვეყნად. მას მერე, კი ვცდილობ, ისევ ლამაზად შევხვდე ამ დღეს, მაგრამ ის ხიბლი მაინც არ აქვს, რაც ჩემი ქმრის სიცოცხლეში ჰქონდა. ჩემი შვილები დაოჯახებულები არიან და ცალკე ცხოვრობენ. უკვე დიდი ბებია ვარ და ჩემი შვილიშვილი დამპირდა, რომ წელს, აღდგომას ჩემთან იქნება თავისი პატარებით. ამიტომ, უნდა მოვემზადო. ასე რომ, წელს უფრო ლამაზი იქნება აღდგომა ჩემს სახლში. აღდგომისთვის ყველაფერი მაქვს - სუფრა, შანდლები, ლამაზი ბუტაფორიული კვერცხები, რომელიც საბერძნეთშია ნაყიდი... ვცდილობ, წითელი და მწვანე ფერები ჭარბობდეს სუფრაზე. ბევრ კვერცხს ვღებავ და ვურიგებ ჩემს შვილებს, საფლავზეც ბევრი კვერცხები მიმაქვს.
- ჯეჯილსაც თესავთ?
- არა, ჯეჯილს ვყიდულობ. სულ თეატრში ვარ. ახლა სპექტაკლზე, - „საქართველოს უკანასკნელი დედფალი“ - ვმუშაობთ და დარეჯან ცბიერს ვთამაშობ. მთელი დრო და ძალა იქეთ მაქვს მიპყრობილი. ბევრ ჯეჯილს ვყიდულობ და გრძლად, ლამაზად ვაწყობ ხოლმე.
- პასკის ცხობა იცით?
- დიახ, ვიცი, მაგრამ როგორც გითხარით, დღე და ღამე თეატრში ვარ და ვერ ვიცლი მის გამოსაცხობად. ამიტომ, ვყიდულობ პასკას. ადრე კი ვაცხობდი, მაგრამ რეცეპტი არ მთხოვოთ. ერთხელ, მედეა ჩახავას დაბადების დღეზე მივიტანე რაღაც გამომცხვარი და ლიანა ასათიანმა მითხრა, ჩამაწერინე ამის რეცეპტიო. დავიწყე ჩვეულებრივი „კექსის“ რეცეპტის თქმა. ლიანა მიხვდა, რომ ვატყუებდი. მას მერე, ტყუილი არ მითქვამს და ვერც თქვენ მოგატყუებთ.
წელს კვერცხებს შევღებავ და რადგან შვილიშვილს ველოდები, იქნებ რამეც გამოვაცხო. გარკვეული ინგრედიენტები მაქვს სახლში და რის გამოსაცხობადაც მეყოფა დრო, გავაკეთებ. დიდი მნიშვნელობაც აქვს და მიყვარს კიდეც, როცა სახლში ცხობის სურნელი ტრიალებს.
ნანუკა ხუსკივაძე - მსახიობი:
– ვცდილობ, აღდგომას ტაძარში შევხვდე. როგორც ყველა ნორმალურ ოჯახში, წითელ პარასკევს ვღებავთ კვერცხებს და აღდგომას ჩაქაფულს ვაკეთებთ. ჩაქაფულს აუცილებლად მე თვითონ ვაკეთებ. სუფრას ვშლით და აღვნიშნავთ. სხვა განსაკუთრებული ტრადიცია არ გვაქვს ოჯახში.
- პასკის ცხობა იცით?
- არა. არ მგონია, რომ პასკის გამოცხობა შევძლო ოდესმე. ამიტომ, არც ვეჭიდები და გამომცხვარს ვყიდულობ.
მედეა ლორთქიფანიძე – მსახიობი:
– პასკის ცხობა კი არა, ცომის საერთოდ არაფერი გამეგება. ცომში ხელი არასოდეს ჩამიყვია. დედაჩემი, ბებიაჩემი კი აცხობდნენ, მოსამსახურეც გვყავდა. რომ გავთხოვდი, ქალი მყავდა, რომელიც მიცხობდა... კვერცხებს კი ვღებავ. ისე, ძალიან მიყვარს პასკაც და მოხარშული კვერცხიც. ვერასოდეს გამოვაცხობ პასკას – აქამდე არ გამომიცხვია და რაღა დროს სწავლაა, ცალი ფეხი იქეთ მაქვს. არ მასწავლეს და რა ვქნა?! აბა, კერძების კეთებაში შემედაროს ვინმე!
– კარგი კულინარია და კარგი პასკის რეცეპტი ეცოდინებაო, ვიფიქრეთ.
– ძალიან გემრიელ საჭმელებს ვაკეთებ. ხანდახან ისეთ რამეებს ვიგონებ, მე თვითონ მიკვირს. არადა, რომ გავთხოვდი, კვერცხის შეწვაც არ ვიცოდი. ცხოვრება ყველაფერს გასწავლის, მაგრამ ცომი არასოდეს მიზიდავდა. ბოლო დროს ჭამის მადა აღარ მაქვს, ვეღარ ვჭამ. 114 კილო ვიყავი და უჭმელობისგან 84 კილოზე ჩამოვედი. აღარც საჭმელებს ვაკეთებ ბოლო დროს, მაგრამ სააღდგომოდ მაინც გავაკეთებ – ქათამს ჩავდებ ბაჟეში. კუპატის გაკეთებაც მიყვარს სააღდგომოდ.
სააღდგომოდ კვერცხებს მხოლოდ წითლად ვღებავ. არ მიყვარს, სხვადასხვაფრად რომ ღებავენ, ხან ოხრახუშს დააკრავენ და ხან რას. ეს არაა აღდგომის ტრადიცია. ჩვენ არ გვქონდა ასეთი წესი და საზღვარგარეთიდან შემოიღეს. აღდგომას კვერცხი წითელი უნდა იყოს! რაც შეეხება პასკას, საზღვარგარეთიდან შემოსულს ვყიდულოობ, რადგან ძალიან გემრიელია. ჩვენები ხან ქიშმიშს აკლებენ, ხან – სიტკბოს... თუ შეუკვეთავ, იცოცხლე, კარგს გაგიკეთებენ, მაგრამ ისეთ ფასს დაგიდებენ, ჭამაც აღარ მოგინდება. ჩემმა გოგონამაც კარგი ცხობა იცის და ისიც აცხობს ხოლმე პასკებს. ძალიან მიყვარს რძე და პასკა.
– აღდგომას ტაძარში ხვდებით?
– იცით რა დღეში მაქვს ფეხები?! დავგორდი კიბეზე. სულ ზემოთ ვიყურები, ქვემოთ – არა. მეგონა, გათავდა კიბის საფერხურები, დავგორდი და ორივე მუხლი ვიტკინე, მხოლოდ ერთხელ ვარ ნამყოფი სააღდგომო ღამისთევაზე. ღმერთი კი მწამს, მაგრამ ეკლესიური არ ვარ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“
„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა