აქვს თუ არა მასწავლებლის ასისტენტს სასერტიფიკაციო გამოცდების ჩაბარების უფლება
08-07-2017
დაკოპირებულია
-
+
მასწავლებლის ასისტენტი არის უმაღლეს დამთავრებული, სათანადო პედაგოგიური ცენზის არმქონე პირი (რომელსაც უმაღლეს სასწავლებელში არ აქვს გავლილი პედაგოგიური ციკლის საგნები), რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვალდებულია, გაიაროს სკოლაში პრაქტიკა, რათა უფლება მიეცეს, ჩააბაროს სასერტიფიკაციო გამოცდები.
მასწავლებელთა სერტიფიცირება გულისხმობს მასწავლებლის პროფესიის რეგულირებას, მასწავლებლის პროფესიონალიზმის ამაღლებას, კერძოდ, პედაგოგის ავტორიტეტის გაზრდას და ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის, როგორც საზოგადოებრივი ინსტიტუტის უმნიშვნელოვანესი რგოლის წარმატებულ განვითარებას.
მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდა პირველად 2010 წლის ზაფხულში ჩატარდა, გამოცდებში მონაწილეობის საშუალება ჰქონდათ: მატემატიკის, ქართულისა და უცხოური ენების პედაგოგებს. 2011 წელს საგნების ჩამონათვალს დაემატა: ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება, ბიოლოგია, ფიზიკა, ქიმია და დაწყებითი კლასები. 2012 წელს კი: ხელოვნება, მუსიკა, ფიზიკური აღზრდა და მულტილინგვური განათლება.
ყოველ წელს, პედაგოგები საგნობრივი გამოცდის გარდა პროფესიულ უნარებსაც აბარებენ.
სასერტიფიკაციო გამოცდაზე მასწავლებლის პროფესიული უნარების შეფასება იმის წინაპირობაა, რომ სკოლებში იმუშავებენ მაღალი კვალიფიკაციის პედაგოგები, რომელთაც არა მარტო შესაბამისი საგნის საფუძვლიანი ცოდნა ექნებათ, არამედ ეცოდინებათ, როგორ წარმართონ სწავლების პროცესი ეფექტურად, როგორ შეუწყონ ხელი მოსწავლეთა სწავლით დაინტერესებასა და სასწავლო პროცესში აქტიურად ჩართვას, მოსწავლეებს შორის ჯანსაღი ურთიერთობებისა და კლასში ეთიკური ღირებულებების დამკვიდრებას.