ადიგენის რესურსცენტრის უფროსის 22-წლიანი პედაგოგიური გამოცდილება: „რასაც ბავშვებისთვის გასცემ, იმას ხუთმაგად მიიღებ უკან“
ადიგენის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, ინგა ბოჭორიშვილი სოფელ კახარეთში ცხოვრობს და, სამსახურის მერე, სოფლის საქმით არის დაკავებული. 22 წელი სკოლაში იმუშავა. გათხოვილია და შვილი არ ჰყავს, მაგრამ მთელი ადიგენის მიუნიციპალიტეტის ბავშვებს საკუთარ შვილებად მიიჩნევს. ამბობს, რომ ის დრო ენატრება, რომელსაც სკოლაში, ბავშვების ჟივილ–ხივილის თანხლებით ატარებდა.– სტალინმა რომ გაასახლა ამ რეგიონიდან თურქი მესხები და იმერლები ჩამოასახლა, მაშინ ჩამოვიდნენ ჩემი წინაპრები აქ. წარმოშობით ტყიბულიდან ვარ, თუმცა, მე აქ, ადიგენის რაიონის სოფელ კახარეთში დავიბადე. დღესაც ამ სოფელში ვცხოვრობ. ჩვენი სოფელი იმითაა ცნობილი, რომ აქ ერთ–ერთი უძველესი ჰიდროელექტროსადგური მდებარეობს – კახარეთჰესი.
რვა კლასი კახარეთის სკოლაში დავამთავრე. მერე, კომაროვის სახელობის მათემატიკურ სკოლა-ინტერნატში გავაგრძელე სწავლა, მერე ცხინვალის პედაგოგიურ ინსტიტუტში ჩავირიცხე. მე–3 კურსის სტუდენტი ვიყავი, ცხინვალიდან ლტოლვილებად რომ ვიქეცით. გორში მდებარე ეკონომიკურ ინსტიტუტს დამხმარე კორპუსი ჰქონდა და იქ გავაგრძელე სწავლა. დაწყებითი პედაგოგიკისა და მათემატიკის სპეციალისტი ვარ.
1993 წელს გრაფიკული სწავლება შემოვიდა ჩვენს ინსტიტუტში და ამ დროს ჩემი სოფლის სკოლაში საათებიც გამოთავისუფლდა. მუშაობა დავიწყე – თან ვსწავლობდი და თან – ვმუშაობდი. ჩემი ოცნება არასოდეს ყოფილა მასწავლებლობა. მამა ეკონომისტი მყავდა და ძალიან მინდოდა, მეც მის პროფესიას გავყოლოდი, მაგრამ სკოლაში რომ შეადგამ ფეხს, იქიდან უკან ვეღარ გამოხვალ. ეს ისეთი ცოცხალი ორგანიზმია, თავს ვეღარაფრით რომ დაანებებ. თავიდან, მუსიკის მასწავლებლად ვმუშაობდი, 4 საათი მქონდა. თანდათან კი, როგორც ხდება ხოლმე, სხვა საგნებიც შემომემატა. დაწყებით კლასებში ვასწავლიდი მათემატიკას, ქართულს და სხვა საგნებს.
2003 წელს, სკოლაში დირექტორის ადგილი გათავისუფლდა. მაშინ პროფკავშირის თავმჯდომარე ვიყავი და, სრულიად მოულოდნელად, სკოლის დირექტორი მე გავხდი. 12 წელი ვიყავი დირექტორი და ჩემს ყველაზე დიდ მიღწევად იმას ვთვლი, რომ კვალიფიციური კადრებით დავაკომპლექტე სკოლის პერსონალი და 2007 წელს ახალი სკოლის შენობაც აშენდა ჩვენს სოფელში. ძველი სკოლის შენობა ძალიან ავარიული იყო, ხანძრისგან იყო დამწვარი... სკამების ნაცვლად ბავშვები ხის მორებზე ისხდნენ და ისე მეცადინეობდნენ. მთელი მოსახლეობა გვერდით მედგა და ასე ავაშენეთ ახალი შენობა, რომელიც ასევე ახალი ინვენტარით აღიჭურვა. რაც უნდა გავაკეთო, ალბათ ეს მაინც ყველაზე დიდ მიღწევად დარჩება ჩემს ცხოვრებაში.
კახარეთის სკოლაში 1993 წლიდან 2015 წლამდე ვიმუშავე, სულ 22 წელი.
– 2015 წელში დაინიშნეთ რესურსცენტრის უფროსად?– დიახ, ვაკანტური იყო ეს პოზიცია, ყველა ეტაპი გავიარე, რაც საჭირო იყო, დავინიშნე და მას მერე ვმუშაობ. რაც სკოლიდან წამოვედი, მასწავლებლობას დღემდე მივტირი. მიწვეს სკოლებში მისვლა. ისედაც, გარე დაკვირვების გაკვეთილებზე დასწრების უფლება მაქვს. ვესწრები და საშინელი მონატრების შეგრძნება მეუფლება.
–რა შეგრძნებაა ასეთი, შეგიძლიათ აღწეროთ?–ჟივილ–ხივილი, სიცოცხლე, ხალისი... ბავშვები უზომოდ მოსიყვარულეები არიან. რასაც მათთვის გასცემ, იმას ხუთმაგად მიიღებ უკან. აღარ იციან, როგორ ჩაგეხუტონ და ჩაგიხუტონ. თვალნათლივ ხედავ შენს გაკეთებულ საქმეს. ყველაფერი ჩანს, თუნდაც იმ წარმატებების მიხედვით, რასაც მერე ბავშვი აღწევს. რამდენიმე დღის წინ ოქროს მედლები გავეცი რესურსცენტრში და ერთი ჩემი ნამოწაფარი იყო მედლის კანდიდატი. ამაზე მეტი რა უნდა ინატრო მასწავლებელმა?! შენზე, მასწავლებელზეა დამოკიდებული – იშრომე და გამოჩნდა შედეგი.
–როგორი მუნიციპალიტეტია ადიგენი, რა უჭირთ და ულხინთ ადამიანებს?–ძალიან მშვიდი მუნიციპალიტეტია. სხვადასხვა აღმსარებლობის და წარმომავლობის, საქართველოს ყველა კუთხის ადამიანები ცხოვრობენ. ერთმანეთის გვერდით დგომა გვიყვარს ძალიან – ერთმანეთის ჭირიც გვაწუხებს და სიხარულიც გვიხარია.
ბავშვები ძალიან მონდომებულები არიან და სხვადასხვა ოლიმპიადებში იღებენ მონაწილეობას. ბევრი მიღწევაც გვაქვს. ძალიან მიყვარს თქვენი, „ეტალონის“ პროექტი და თქვენი ხელმძღვანელი გოჩა ტყეშელაშვილი. ისეთი ყურადღებიანია, დაბადების დღესაც კი მილოცავს ხოლმე. ყველა სკოლა მონაწილეობს ინტელექტ-ჩემპიონატში და დიდი ზეიმი იმართება. ბავშვები ერთმანეთს ეცნობიან – სხვადასხვა სკოლების მოსწავლეები ხვდებიან ერთმანეთის გვერდით. თან, ბავშვებს უხარიათ იმ ადამიანთან შეხვედრა, რომელსაც ეკრანზე ხედავდნენ. ყოველ წელს დიდი სიხარულით ველით „ეტალონს“. განათლების ფესტივალისთვისაც ვემზადებით, რომელიც ბატონმა გოჩამ დაგეგმა და, როგორც კი დაგვიძახებს, იქ გავჩნდებით.
მუნიციპალიტეტში ისეთი სკოლაც გვაქვს, სადაც ყველას უფროსი მასწავლებლის წოდება აქვს. წამყვანი მასწავლებლებიც გვყავს. სკოლების ინფრასტრუქტურა თითქმის ყველგან მოვაწესრიგეთ. აქტიურად ვთანამშრომლობთ განათლების სამინისტროსთან. წელს სამი ახალი სკოლა შენდება, ზოგს სრული რეაბილიტაცია უტარდება. ადგილობრივი თვითმმართველობა აკეთებს ამ ყველაფერს და წინ და წინ მივდივართ. ასეთი აქტიურობა და დაინტერესება ჩვენი კუთხით, მთავრობის მხრიდან, არასოდეს მახსოვს – არც ჩემს ბავშვობაში და არც შემდგომ წლებში. ოქტომბერში ორი სკოლა გავხსენით – სოფელ არალსა და შოლავერში. ავარიული სკოლები იყო იქაც.
სხვათა შორის, არც ერთ სკოლაში არასოდეს მდგარა პრობლემა, ძალადობის თუ ბულინგის კუთხით ჩვენს რეგიონში და მომავალშიც დაგვიფაროს ღმერთმა! მაწუხებს ის, რომ ჩვენთანაც მაღალია მიგრაცია – იცლება სოფლები, ქალაქისკენ მიდიან და მოსახლეობა მცირდება, მაგრამ საგანგაშო მდგომარეობა ნამდვილად არ გვაქვს. სახელმწიფოს მხრიდან იმხელა ხელშეწყობაა მაღალმთიანი რეგიონებისთვის... ბავშვებს ტრანსპორტი ემსახურება უფასოდ – სკოლაში მიჰყავს და მოჰყავს. სახელმძღვანელოები უფასოა, წარმატებულ მოსწავლეებს კომპიუტერებსაც აძლევენ... მოტივაცია მაღალია. ჩვენი რაიონის ბავშვები განსაკუთრებული ნიჭიერებით, ზრდილობითა და კულტურით გამოირჩევიან.
ძალიან მიხარია, როცა სასკოლო ექსკურსიებისას მეპატიჟებიან. დრო თუ მაქვს, აუცილებლად მივყვები. თუ ახლოს არ იქნები, ვერ გაიგებ მათი საჭიროებების შესახებ. მუდმივად შეიმჩნევა და უცხოებიც აღნიშნავენ, რომ ჩვენი ბავშვები არასოდეს უზრდელობენ, მოკრძალებულად იქცევიან. ეს მასწავლებლებზე და ოჯახებზეა დამოკიდებული. ოჯახებიც საოცარი გვყავს. თითქმის არ არსებობს ოჯახი, რომელიც თავისი შვილის მომავლით არ არის დაინტერესებული და ყურადღებას არ აქცევს ბავშვს. მესხეთში ყველამ იცის სწავლის ფასი და შესაბამისი აქტიურობაა მშობლების მხრიდანაც. პრობლემური მოსწავლეც არ მახსენდება – მაგალითად, სხვები რომ ამბობენ ხოლმე, მშობელს ვერ ვპოულობ, ბავშვი სკოლაში არ დადის და ა.შ.
–თავად გაქვთ ოჯახი?– ქმარი მყავს, შვილი არა. დედასთან ერთად ვცხოვრობთ. ახალგაზრდა ძმა გარდამეცვალა და მას მერე დედასთან დავბრუნდი ქმართან ერთად. 48 წელი შემისრულდა უკვე დეკემბერში და ბავშვის გაჩენის ასაკმაც ჩაიარა...
–როგორია თქვენი დღის რეჟიმი, სამსახურის გარდა ალბათ სოფლის საქმესაც აკეთებთ...–რა თქმა უნდა! სოფელში ვცხოვრობ და საქმეს როგორ არ გავაკეთებ?! დილის 9 საათზე სამსახურში ვარ. სოფლიდან, ტრანსპორტით, დაახლოებით 15 წუთში მივდივარ რესურსცენტრამდე. გზების პრობლემაც აღარ გვაქვს – ყველა სოფელი მოასფალტებულია. სამსახურის შემდეგ, მიწაზეც ვმუშაობ, ძროხასაც ვუვლი, ფრინველებსაც. ყველაფერს ვაკეთებ, რა საქმეც შეიძლება იყოს ოჯახში. ძალიან მიყვარს ხელსაქმე. თავისუფალი დრო თუ გამოვნახე, წიგნებს ვკითხულობ, ან ვქსოვ. სტუდენტობისას ვისწავლე ქსოვა და ადრე უფრო ინტენსიურად ვქსოვდი. მიყვარს ლამაზი ეზო. ყვავილები მიყვარს როგორც ოთახის, ისე ეზოსი. ვცდილობ, განსაკუთრებულად გამოიყურებოდეს ჩემი ოთახი თუ ეზო და უამრავი ყვავილი მაქვს ოთახშიც და ეზოშიც. სილამაზეს ვეტრფი და ამიტომაც. შემოდგომაზე, როცა სოკო შემოდის, ტყეშიც დავდივარ მეზობლებთან ერთად სოკოს საკრეფად. მოგზაურობა და ექსკურსიებიც მიყვარს ძალიან.
ჩემი მშობლებიც ასე იყვნენ – სამსახურის მერე სოფლის საქმეს აკეთებდნენ. სულ პატარა ვიყავი, ყანაში სამუშაოდ რომ მივყავდი დედაჩემს და მამაჩემს. ბავშვი თავიდანვე უნდა მიეჩვიოს შრომას. მშობელი შვილს არასოდეს დაავალებს იმ საქმეს, რომელსაც ვერ მოერევა, მაგრამ დღეს ასე აღარ ხდება, აღარაფერს აკეთებენ ბავშვბი. გული მწყდება, ბავშვები დღე და ღამე ტელეფონებსა და კომპიუტერში რომ არიან ჩაფლულები. ჩემი სკოლის ასაკის პერიოდში, მთელი უბნის ბავშვები ერთად ვგროვდებოდით, ვმხიარულობდით, ვსეირნობდით და ვმეგობრობდით. ახლა, სამწუხაროდ, ასე აღარ ხდება. ჩვენ ფეხით დავდიოდით სკოლაში, ერთმანეთს ველოდებოდით დილით და მერე ვაცილებდით.... გაცივდა ურთიერთობა და ეს ამბავი კი მაწუხებს ძალიან. ახლანდელი ახალგაზრდები კი იმით მომწონს, რომ არ უჭირთ თავიანთი აზრის გამოხატვა, არ არიან შებოჭილები და შეუძლიათ საზოგადოებაში თავიანთი თავი წარმოაჩინონ. ჩვენ უფრო მორიდებული და ჩარჩოებში მოქცეული ბავშვები ვიყავით.