„მთავარი არა გამარჯვება, არამედ თქვენ გვერდით ყოფნაა“ - „ისნის ეტალონი“ კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს
16-05-2019
დაკოპირებულია
-
+
„ეტალონი“ ინტელექტ-ჩემპიონატის თბილისის ღონისძიებებს იწყებს. ამჯერად, „ისნის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.
ამ წუთებში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით მიმდინარეობს და მას პროექტის ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვება.
მონაწილეებს მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი, ისანი-სამგორის რესურსცენტრის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი მაია შალიკაშვილი, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მშობლები და მეგობრები ამხნევებენ.
„ეტალონი“ კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს. ჩემპიონატის ისტორიაში პირველად პროექტს უსინათლო მონაწილე ჰყავს. თბილისის N202 საჯარო სკოლის მოსწავლე ანა სიხაშვილი საკუთარ ემოციებსა და ხედვებს გვიზიარებს:
„ბედნიერი ვარ, რომ „ეტალონში“ ვმონაწილეობ. ჩემთვის და ჩემი სკოლისთვის მთავარი არა გამარჯვება, არამედ თქვენ გვერდით ყოფნაა. მაქსიმალურად ვეცდები ცოდნის ეფექტურ გამოვლენას და ჩემი თანატოლების წარმატებას გულწრფელად გავიზიარებ.“
შეგახსენებთ, რომ დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულს „ისნის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მიენიჭება და საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
„ეტალონი“ 2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრა და „ეტალონი მოსწავლეები“ ადგილზევე გამოავლინა.
„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“